განაჩენი

სისხლის სამართლის 23.02.2018
საქმის ნომერი
010141318700053250
ინსტანცია
თარიღი
23.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053250

საქმე №1აგ/155-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ კ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ-------------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - კ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.

 

კ--------------------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 9 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა კ--------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-------------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა; ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე კ--------------------ის მიმართ გამოტანილი 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ კ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ-------------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,,მარიხუანის“ განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ კ--------------------ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ოდენობით(რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს სრულად) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ-------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და კ--------------------ი უნდა გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ასევე უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ვინაიდან უფლებების ჩამორთმევის საფუძველია პირის მიმართ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი. შესაბამისად ზემოხსენებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯავრდებულის მიერ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით დადგენილი ქმედება აღარ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ქმედების გამო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ კ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ-------------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ-------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

კ--------------------ი გათავისუფლდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

კ--------------------ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი