განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001250440
საქმე №2ბ/6271-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - სა---------–-----------–---------–-----------------–---------------ო
წარმომადგენელი - ნი----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ზუ--------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სა---------–-----------–---------–-----------------–---------------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 1 იანვრიდან, ზუ--------------ე დაინიშნა საქ--------–-----------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------ოს სა-----–---------–--------------------ის №-- დაწესებულებაში საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექთნის თანამდებობაზე, თავდაპირველად ხელშეკრულებით, ხოლო შემდეგ საშტატო ნუსხით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.2. 2013 წლის 7 აგვისტოს, სა---------–-----------–---------–-------------–--------------------–-----------------------------------ის №--- ბრძანების საფუძველზე საქ--------–-----------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------ოს სა-----–---------–--------------------ის №-- დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანს ზუ--------------ეს, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება. 2014 წლის აგვისტოში გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 7 აგვისტოს ბრძანება (ტ. І, ს.ფ.18);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმში).
2.3. 2013 წლის აგვისტოს თვიდან 2014 წლის აგვისტოს თვემდე ზუ--------------ეს ხელფასის სახით სულ დაერიცხა 8100 ლარი (ყოველთვიურად 675 ლარი) და ერთჯერადად პრემიის სახით 180 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ტ. І, ს.ფ. 45-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის 2-ე ნაწილით, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
ზოგადად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი გარიგებაა, რომლის ყველაზე გავრცელებულ სახეს ხელშეკრულება წარმოადგენს. ხელშეკრულება მხარეთა შორის ნებაყოფლობით დადებული ნებისმიერი შეთანხმებაა, რომლის მონაწილეებსაც ერთმანეთის მიმართ წარმოეშვებათ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები. პირი, რომელიც კისრულობს ვალდებულებების შესრულებას ვალდებულია, რომ შესრულება განახორციელოს.
ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის და ზიანის ანაზღაურების საფუძველს. გარიგებების გარდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი ზოგ შემთხვევაში კანონითაა გათვალისწინებული და მათ კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი კანონისმიერი ვალდებულებების ერთ-ერთი სახეა.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების უსაფუძვლო გამდიდრებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორე პირის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში ისპობა. ამდენად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა განაპირობებს განსახილველ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რამდენადაც სა-----–---------–--------------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია იმ ფაქტობრივ გარემობაზე, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა შეუსრულებელი სამსახურებრივი ვალდებულებისათვის მიღებული ხელფასით.
დადგენილია, რომ ზუ--------------ეს და სა---------–-----------–---------–-----------------–---------------ოს შორის წარმოშობილია შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა: ზუ--------------ე მუშაობდა საქ--------–-----------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------ოს სა-----–---------–--------------------ის №-- დაწესებულებაში საექიმო-სამედიცინო პუნქტში ექთნის თანამდებობაზე, ჯერ ხელშეკრულებით, ხოლო შემდგომ საშტატო ნუსხის მიხედვით. ანუ მხარეები იმყოფებოდნენ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რა დროსაც ზუ--------------ე სარგებლობდა ხელფასის მიღების უფლებით.
დადგენილია, რომ 2013 წლის 7 აგვისტოს სა---------–-----------–---------–-------------–--------------------–-----------------------------------ის №--- ბრძანების საფუძველზე, ზუ--------------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ზუ--------------ისათვის დისციპლინური სახდელის ზომად გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ინფორმირების ფაქტი. ასევე საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება ზუ--------------ისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ასევე დადგენილია, რომ ზუ--------------ე სამსახურიდან განთავისუფლებულ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე. ასეთ პირობებში დამაჯერებლობას მოკლებული არაა ზუ--------------ის მტკიცება, რომ მას ბრალი არ მიუძღვის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის მიმართ.
დადგენილია, რომ 2014 წლის აგვისტოს თვიდან ზუ--------------ე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო პერიოდში არსებობდა მისთვის კუთვნილი ხელფასის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუ--------------ე არ წარმოადგენს პირს, რომელმაც სა---------–-----------–---------–-----------------–---------------ოს მიაყენა მატერიალური ზიანი და ამასთანავე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მის ხარჯზე, რის გამოც სარჩელი მოპასუხისათვის უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საკმარისად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა სარჩელი, აპელანტი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მითითებული იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, აგრეთვე მოცემული უნდა იყოს მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული შემაჯამებელი დასკვნები და მოსაზრებები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რაც გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
სამართლებრივი საფუძვლები:
3.2. მხარის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია რომ ზუ--------------ის საქმეზე, სა-----–---------–-----------------–---------------ოს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 976-ე და 991-ე მუხლები.
აპელანტის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმრებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ემყარება მხოლოდ ერთ გარემოებას, რომლის მიხედვით გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, ზუ--------------ისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, ასევე დადგენილია რომ ზუ--------------ე გათავისუფლებულ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე. ასეთ პირობებში დამაჯერებლობას მოკლებული არაა ზუ--------------ის მტკიცება, რომ მას ბრალი არ მიუძღვის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის მიმართ“. შესაბამისად მხოლოდ ამ არგუმენტაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილების დაყრდნობა, მხარეს მიაჩნია, რომ წარმოადგენს კანონის დარღვევას, რადგან სასამართლომ არ იმსჯელა და არ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი, იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო არ იყო ის ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც მოპასუხე მხარე პირდაპირ აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდში როდესაც მან მიიღო ანაზღაურება სამსახურში არ უვლია და არ შეუსრულებია მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობანი. კერძოდ: აპელანტის მოსაზრებით, ზუ--------------ემ პროცესზე და მანამდე სამინისტროსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში განმარტა, რომ 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აგვისტომდე მას სამსახურში არ უვლია, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო ერთხელ 2013 წლის ოქტომბერში ჩაერიცხა პრემია 180 (ასთხმოცი) ლარის ოდენობით, საერთო ჯამში ზუ--------------ეს ჩაერიცხა 8280 (რვაათას ასი) ლარი. მან განაცხადა, რომ მისთვის არავის უცნობებია გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 2014 წლის 22 აგვისტოს ზუ--------------ე სამსახურში დაიბარა სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ნა------–-----ამ და განუმარტა, რომ ის იყო სამსახურში ჩვეულებრივად გაფორმებული და ამ დროის განმავლობაში უსაფუძვლოდ ერიცხებოდა ხელფასი. ზუ--------------ემ იმ დღესვე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.4. პუნქტები)
4.2. სააპელაციო პალატას მხარეთა განმარტებების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ ზუ--------------ეს 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში არ უვლია სამსახურში და არ შეუსრულებია სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები, თუმცა მხარეთა შორის დავას იწვევს ის, თუ რომელი მხარის მიზეზით იყო განპირობებული მოპასუხის მხრიდან სამსახურის გაცდენა.
4.3. სააპელაციო პალატა იზირებს მოპასუხის განმატებას, რომ მას სადავო პერიოდში სამსახურში სიარულის და მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულების საშუალებას მოსარჩელე არ აძლევდა.
აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს სააპელაციო პალატას აძლევს შემდეგი გარემოებები: ზუ--------------ეს სამსახურებრივი მოვალეობების არასაპატიოდ შეუსრულებლობის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია; ზუ--------------ე სამსახურიდან განთავისუფლებულ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე 2014 წლის აგვისტოში; მანამდე ზ.ქუ------ე ჩვეულებრივ იღებდა ხელფასს და 2013 წლის ოქტომბერში მიღებული აქვს ასევე პრემიაც, აღნიშნული კი დამაჯერებელს ხდის ზუ--------------ის მტკიცებას, რომ მას ბრალი არ მიუძღვის სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის მიმართ.
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ზუ--------------ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მიღებული ხელფასით 8100 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. იმავე კოდექსის 991-ე მუხლი შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ მითითებულ პერიოდში მოპასუხე სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს ვერ ასრულებდა აპელანტის მიზეზით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიღებული ხელფასით ზუ--------------ე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა და მისი დაბრუნების ვალდებულება მას არ გააჩნია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სა---------–-----------–---------–-----------------–---------------ოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა