განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001913820
საქმე №3ბ/2948-17
განჩინება
საქართველოს სახელით
16 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - ც-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------- ჭ---------–-ა
წარმომადგენელი - გ---–--–----ვა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უარის თქმა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ------- ჭ---------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------- ჭ---------–-ას მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 16 მარტის №---- ცნობის თანახმად, დგინდება, რომ გ------- ჭ---------–-ამ ნამდვილად დაამთავრა სწავლა პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში და აიღო დიპლომი, სერია - B---------- 03.11.2016 წ. მიმართულება - სამართლისმცოდნეობა, სპეციალიზაცია - საერთაშორის კომერციული სამართალი, სასწავლო საათების რაოდენობა - 7128; სესიების გრაფიკი: 01.09.2012-15.09.2012; 01.03.2013-15.03.2013; 01.09.2013-15.09.2013; 01.03.2014-15.03.2014; 01.09.2014-15.09.2014; 01.03.2015-15.03.2015; 01.09.2015-15.09.2015; 01.03.2016-15.03.2016; საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონე: ბაკალავრის ხარისხი.
გ------- ჭ---------–-ას სახელზე კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ 03.11.2016 წ. გაცემულია B--------- დიპლომი, ასევე დიპლომის დანართი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულია აპოსტილით.
კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1--- ცნობის თანახმად, დგინდება, რომ გ------- ჭ---------–-ას განათლება მიღებული აქვს დისტანციური სწავლის ფორმით.
კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 11 ოქტომბრის №---9 ცნობის თანახმად, დგინდება, რომ ქ. თბილისში, მიმდინარეობდა სახელმწიფო ატესტაცია, საგამოცდო კომისიის სხდომის მიერ დამტკიცებული განრიგის თანახმად: - სახელმწიფოსა და სამართლის თეორია (ოქმი №---, 13 სექტემბერი, 2016 წელი); - კომპლექსური გამოცდა სპეციალობაში (ოქმი №---, 16 სექტემბერი, 2016 წელი).
კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 6 ოქტომბრის №2--- ცნობის თანახმად, დგინდება, რომ სასწავლო გეგმის თანახმად, სასწავლო საათების რაოდენობა: 7128, რაც შეადგენს 285 კრედიტს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიის ცნობა (ს.ფ. 21-22);
- B--------- დიპლომი, დიპლომის დანართი (ს.ფ. 143-156);
- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 19 სექტემბრის №1--- ცნობა (ს.ფ. 157-158);
- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 6 ოქტომბრის №2--- ცნობა (ს.ფ. 162-163);
- კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 11 ოქტომბრის №---9 ცნობა (ს.ფ. 160-161);
3.2. გ------- ჭ---------–-ას 2017 წლის 9 მარტის განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 30.03.2017 წლის №M---------------- წერილით გ------- ჭ---------–-ასაგან მოთხოვნილ იქნა სწავლის პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გ------- ჭ---------–-ას 05.04.2017 წლის განცხადებით ცენტრს ეცნობა, რომ სასწავლო პროცესი გავლილი ჰქონდა დისტანციურად, რის გამოც მოთხოვნილ დოკუმენტაციას ცენტრში ვერ წარადგენდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.03.2017 წლის №M---------------- წერილით დგინდება, რომ 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 27 მარტამდე გ------- ჭ---------–-ას მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 30.03.2017 წ. №M---------------- წერილი (ს.ფ. 84);
- გ------- ჭ---------–-ას 05.04.2017 წ. განცხადება (ს.ფ. 118);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 29.03.2017 წ. №M---------------- წერილი (ს.ფ. 116);
3.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილებით გ------- ჭ---------–-ას უარი ეთქვა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-30);
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
მოცემული დავის ფარგლებში უდავოა, რომ გ------- ჭ---------–-ამ 2012-2016 წლებში დისტანციური სწავლების ფორმით მიიღო უმაღლესი განათლება. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მაია მიქაიამ დაადასტურა, რომ დასაქმებულია შპს გ---- მე-------ნში. იგი, როგორც აღნიშნული საწარმოს თანამშრომელი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შპს-სა და კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიას შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, დისტანციური სწავლების პროცესისათვის. სწავლების პროცესი მოიცავდა სასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული სალექციო კურსის ელექტროენულ ფორმატში სტუდენტებისათვის გადაცემას, საგამოცდო პროცესის ზედამხედველობას და მიღებული ნამუშევრების გადაცემას სასწავლებლისათვის, როგორც ელექტრონული, ისე დოკუმენტური ფორმით ფოსტის მეშვეობით. მოწმემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო გამოცდის ორგანიზება მას არ დავალებია, ვინაიდან სახელმწიფო საგამოცდო კომისია თავად იყო ჩამოსული უკრაინიდან და ჩაიბარა შესაბამისი გამოცდები. მოწმემ დაადასტურა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მას გ------- ჭ---------–-ა დაამახსოვრდა გარეგნობით, ასევე კურსი იყო მცირერიცხოვანი (იხ. 31.10.2017 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). შპს ,,გ----------------" და მართვის რეგიონთაშორისი აკადემიას შორის არსებული უფრთიერთობის ფაქტი დასტურდება ასევე შპს ,,გ---- მე-------ნის" 20.09.2017 წ. №-------- ცნობით (ს.ფ. 159).
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილებით, გ------- ჭ---------–-ას მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს. აღნიშნული ნორმის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ" ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის ,,ო" ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.
კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის 2017 წლის 16 მარტის №---- ცნობის თანახმად, დგინდება, რომ გ------- ჭ---------–-ამ ნამდვილად დაამთავრა სწავლა პერსონალის მართვის რეგიონთაშორის აკადემიაში და აიღო დიპლომი, სერია B---------- 03.11.2016 წ. მიმართულება - სამართლისმცოდნეობა, სპეციალიზაცია - საერთაშორის კომერციული სამართალი, სასწავლო საათების რაოდენობა - 7128; სესიების გრაფიკი: 01.09.2012-15.09.2012; 01.03.2013-15.03.2013; 01.09.2013-15.09.2013; 01.03.2014-15.03.2014; 01.09.2014-15.09.2014; 01.03.2015-15.03.2015; 01.09.2015-15.09.2015; 01.03.2016-15.03.2016; საგანმანათლებლო-საკვალიფიკაციო დონე - ბაკალავრის ხარისხი. გ------- ჭ---------–-ას სახელზე კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ 03.11.2016 წ. გაცემულია B--------- დიპლომი, ასევე დიპლომის დანართი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებულია აპოსტილით.
განსახილველ შემთხვევაში, გ------- ჭ---------–-ას მიერ სწავლების დასრულების მომენტში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
სასამართლომ ასევე მიუთითა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძვანელო პრინციპებში ასახულ პრინციპებზე, კერძოდ, უმაღლეს განათლებაში სტუდენტთა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვება უნდა დაეფუძნოს და შენარჩნულებული იქნას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური ღონისძიებების საშუალებით, რომლებიც იძლევიან იმის გარანტიას, რომ პროგრამები კარგად იქნება შექმნილი, რეგულარულად მოხდება მათი მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება. პროგრამებისა და დიპლომების ხარისხის უზრუნველყოფა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: § სწავლების დაგეგმილი შედეგების შემუშავება და გამოქვეყნება § კურიკულუმებისა და პროგრამების შედგენისა და მათი შინაარსის მიმართ ყურადღებით მოპყრობა § სხვადასხვა სახის მიწოდების სპეციფიკური საჭიროებანი (მაგ. სრული დრო, ნახევარი დრო, დისტანციური სწავლება, ელექტორნული სწავლება) და უმაღლესი განათლების ტიპები (მაგ. აკადემიური, პროფესიული, პროფესიულ-ტექნიკური); § სასწავლო რესურსების მისაწვდომობა § პროგრამების ოფიციალურად დამტკიცების პროცედურები იმ ორგანოს მიერ, რომელიც განსხვავდება იმისგან, ვინც ამ პროგრამით ასწავლის; § სტუდენტების პროგრესისა და მიღწევების მონიტორინგი § პროგრამების პერიოდული შემოწმება (გარეშე წევრების გუნდის ჩათვლით) § დამსაქმებელთა, შრომის ბაზრის წარმომადგენელთა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან რეგულარული რეაგირება. ცალკე ინიციატივა იქნა შემუშავებული ერთობლივად OECD-ს და UNUNESCO-ს მიერ. მათ შეიმუშავეს ხარისხის შეთავაზების სახელმძღვანელო პრინციპები საზღვრის იქითა უმაღლეს განათლებაში. ეს პრინციპები საბოლოო სახეს მიიღებს 2005 წელს, თუმცა მისი შექმნის პროცესში გამოიკვეთა სხვაობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის დარეგულირების საჭიროებისა იმ ფაქტთან, რომ არსებული ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფა აქცენტირებულია მხოლოდ შიდა მიწოდებაზე შიდა ინსტიტუტების მიერ. ამდენად, არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომ განავითარონ შესაფერისი მეთოდოლოგიები და მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ მომწოდებლებსა და პროგრამებთან ერთად მოიცავს უცხოელ მომწოდებლებს და უცხოურ პროგრამებს იმ მიზნით, რომ მოხდეს სარგებლიანობის მაქსიმალიზაცია და შეიზღუდოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციით მიღებული პოტენციური ზარალი. OECD-UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპები ითვალისწინებენ, რომ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა უზრუნველყონ, რომ მათი ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობა ითვალისწინებდეს უცხოურ და სარგებელზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს/მომწოდებლებს, და აგრეთვე დისტანციურ სწავლებას და განათლების მიწოდების სხვა არატრადიციულ მოდელებს. თუმცა, სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის პროცესი აცნობიერებს, რომ უცხოელი მომწოდებლების მონაწილეობა, ნაციონალური სააგენტოების დასუსტების თავიდან ასაცილებლად, უმრავლეს შემთხვევაში მოითხოვს ეროვნულ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ცვლილებებს.
აქვე, სასამართლომ mutatis mutandis მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
გარდა ყოველივე აღნიშნულისა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიც (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) აღიარებს განათლების უფლებას; კერძოდ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „C“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის თითოეულის ნიჭის საფუძველზე, ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელების, და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით.
გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კომიტეტის აღნიშნული მუხლის 1999 წლის ზოგადი კომენტარის თანახმად, განათლების უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა დანარჩენი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს სამი სახის ვალდებულებას: ვალდებულებას - პატივი სცეს, ვალდებულებას - დაიცვას და ვალდებულებას - განახორციელოს განათლების უფლება. განხორციელების ვალდებულება კი, თავის მხრივ, მოიცავს ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის ვალდებულებებს.
პატივისცემის ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ იმ ღონისძიებებისაგან თავის შეკავებას, რომლებიც ხელს უშლის ან აბრკოლებს განათლების უფლების რეალიზაციას. დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელიც ხელს უშლის მესამე პირების მიერ უფლების დარღვევას. განხორციელების (ხელშეწყობის) ვალდებულების ძალით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, რათა ინდივიდებმა და საზოგადოებამ შეძლონ და გაუადვილდეთ განათლების უფლების რეალიზაცია. განხორციელების (უზრუნველყოფის) ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს განათლების უფლების რეალიზაცია მაშინ, როცა, მათი ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცალკეულ ინდივიდებსა თუ საზოგადოებას არ შეუძლია განათლების უფლების თავად რეალიზაცია მათ ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით.
ამდენად, უდავოა, რომ გ------- ჭ---------–-ას მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებულია უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. თუმცა უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძვანელო პრინციპები ასევე ითვალისწინებენ გარე მომწოდებლისათვის გარკვეული ნორმატიული ჩარჩოების დადგენას, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. გ------- ჭ---------–-ას არ შეეძლო ევარაუდა სასწავლო კურსის დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ განსახორციელებელი ნორმატიული ცვლილებების შინაარსი, რაც გამორიცხავდა არჩეული სწავლების ფორმით განათლების მიღების შეუსაბამობის ვარაუდს. ამდენად, ალბათობა იმისა, რომ გ------- ჭ---------–-ას მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო, განათლების მიღების პროცესში არ არსებობდა. შესაბამისად, უკვე განხორციელებულ უფლებაზე - განათლების მიღების უფლებაზე, დღეს მოქმედი ნორმატიული დანაწესის გავრცელება, რაც ფაქტობრივად მიღებული განათლების უფლების შეზღუდვას (საქართველოს ფარგლებში) იწვევს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგად წესს, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის დანაწესს.
4.3. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დისტანციური სწავლება არის სწავლების ფორმატი, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლოა იყოს სწავლების ძირითადი ფორმა. დისტანციური სწავლება შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან. ამასთან, დისტანციური სწავლებისათვის სივრცის რაიმე სახით შეზღუდვა დაუშვებელია, ვინაიდან სწავლების ეს ფორმა სწორედ სწავლების ადგილისაგან მოშორებით სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ამავე კანონის 474-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
ამდენად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იცნობს ელექტრონული სწავლების ფორმას, რომელიც სტუდენტისა და მასწავლებლის დისტანცირების პირობებში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. უდავოა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას სტუდენტი ღებულობს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ეს დაწესებულება არის ავტორიზებული და გავლილი აქვს პროგრამული აკრედიტაცია. სასამართლომ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ სასწავლო დაწესებულების ქვეყნის გარეთ მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში (ამ ქვეყანაში) მიღებულ განათლებად, ვინაიდან განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც სასწავლო პროგრამის დაძლევის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭებას გულისხმობს. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მაგალითისათვის, სასამართლო პარალელს გაავლებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ელექტრონული სწავლების ფორმასთან. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიერ ელექტრონული სწავლების ფორმით განათლების მიღების ადგილად ჩაითვლება სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირების ადგილი და არა განათლების მიმღები პირის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №126/ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტი).
4.4. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული §1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, ისე მინისტრის ბრძანება ერთხმად ადგენს, რომ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება უნდა განხორციელდეს ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, არც მინისტრის ბრძანება და არც კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას.
ევროპის რეგიონებში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით (ლისაბონი 1997წ) აღიარებულია, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყოველი ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას. კონვენციის მიზანია, რომ მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაამთავრონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში, თვლიან რა , რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში მიღებული სასწავლო კურსების, მოწმობების, დიპლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილურობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ.
კონვენციის თანახმად, უმაღლესი განათლება არის სწავლების კურსების ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც თავისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს. ამავე კონვენციის VI.1 კარის თანახმად, რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის მეხუთე შეხვედრაზე მიღებული უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ რეკომენდაციებით განიმარტა თუ როგორ უნდა იქნეს გამოვლენილი შესადარისი კვალიფიკაცია, ასევე როგორ უნდა დადგინდეს საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის. ხსენებული რეკომენდაციების თანახმად, უცხოური კვალიფიკაციების აღიარებისას იმ ქვეყნის განათლების სისტემაში, სადაც ხდება აღიარების ძიება უნდა მოხდეს ისეთი კვალიფიკაციის იდენტიფიცირება, რომლიც არის უცხოური კვალიფიკაციის შესადარი და იმ მიზნის გათვალისწინებით რისთვისაც ხდება აღიარების ძიება. განათლების უცხოურ სისტემას მიკუთვნებულ კვალიფიკაციასთან მიმართებაში კი შეფასებამ უნდა გაითვალისწინოს მისი ადგილი და ფუნქცია იმავე სისტემის კვალიფიკაციებს შორის. იქ სადაც შესაძლებელია, აღიარების უფლებამოსილი ორგანომ, როგორც შეფასების პროცესის ნაწილი, ასევე უნდა დაიმოწმოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოები და სხვა მსგავსი კვალიფიკაციების ჩარჩოები. დაახლოებით თანაბარი დონის კვალიფიკაციებმა შეიძლება დაგვანახოს განსხვავებები შინაარსთან, პროფილთან, ხარისხთან და სწავლის შედეგებთან მიმართებაში. უცხოური კვალიფიკაციების შეფასებისას ეს განსხვავებები უნდა განვიხილოთ მოქნილი მიდგომით და მხოლოდ აღიარების მიზნებისათვის არსებულმა საფუძვლიანმა განსხვავებამ შეიძლება მიგვიყვანოს ნაწილობრივ აღიარებამდე (მაგ., აკადემიური ან დეფაქტო პროფესიული აღიარება) ან უცხოური კვალიფიკაციის არ-აღიარებამდე. უცხოური კვალიფიკაციების აღიარება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების ჩვენება აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის სადაც ხდება აღიარების ძიება. ამ პრინციპების გამოყენებით შეფასებამ უნდა დაადგინოს: ა) არის თუ არა აღიარების მაძიებელ უცხოურ კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტურ კვალიფიკაციის სწავლის შედეგებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების შესაძლებლობას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (ბ) არის თუ არა აღიარების მაძიებელი უცხოური კვალიფიკაციისა და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის შემდგომ საქმიანობაზე დაშვების (როგორიცაა, შემდგომი სწავლა, კვლევითი საქმიანობა და ხელსაყრელი დასაქმება) პირობებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. (გ) არის თუ არა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის განსხვავება იმდენად საფუძვლიანი, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა. პროგრამის ელემენტების შესადარობა უნდა გაანალიზდეს მხოლოდ სწავლის შედეგების შესადარობისა და განათლების შემდგომი საქმიანობაზე დაშვების თვალსაზრისით და არა როგორც აუცილებელი პირობა მისი საკუთარი უფლებებით აღიარებისათვის. (დ) უფლებამოსილმა ორგანომ შეძლო თუ არა იმის დოკუმენტირება, რომ კვალიფიკაციის გამცემი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ინსტიტუციის ხარისხი იმდენად საფუძვლიანად განსხვავდება მიმღები ქვეყნის (სადაც ხდება აღიარების ძიება) მსგავსი კვალიფიკაციის გამცემი პროგრამისა ან/და ინსტიტუციის ხარისხიგან, რომ ის არ იძლევა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისი აღიარების საშუალებას. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, მაშინ შეფასებამ უნდა დაადგინოს შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული, ნაწილობრივი ან/და პირობითი აღიარების გაცემა.
4.5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის/(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრმის(ების) ძირითად ელემენტებს შორის ''საფუძვლიანი განსხვავება'', როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, მოპასუხეს არ შეუფასებია. ამგვარად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. საქმეში დაცულია გ------- ჭ---------–-ას სახელზე კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი სასწავლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთაშორისი აკადემიის მიერ გაცემული დიპლომი და დანართი. მასში ასახული კვალიფკაცია, გავლილი საგნები, სწავლების საათობრივი დატვირთვა და სწავლების შედეგი შეესაბამება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მე-4 დანართით დადგენილ სპეციალობას სამართალმცოდნეობას (კოდი 0---). ამასთან, გ------- ჭ---------–-ას მიერ სწავლის პერიოდში გავლილი პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნებისა და სწავლის შედეგის მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის აღმწერის სათანადო დონით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------- ჭ---------–-ას მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის 3-------- გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2017 წლის 5 აპრილის №------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა გ------- ჭ---------–-ას მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პერსონალის მართვის რეგიონთსაშორისო აკადემიაში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აპელანტი მიუთითებს, რომ უცხოური კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენისას, ცენტრი მხედველობაში იღებს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას და მის შედეგად მიღწეული სწავლის შედეგებს. ცენტრი მიიჩნევს, რომ თავსებადობის დადგენისათვის შესაძლებელი უნდა იყოს სტუდენტის მიერ უცხოეთის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარება.
გ------- ჭ---------–-ას მიერ უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად, განხორციელებული სასწავლო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შედარებისას, იკვეთება ლისაბონის კონვენციით გათვალისწინებული არსებითი განსხვავება. კერძოდ, გ------- ჭ---------–-ა განათლებას იღებდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების ადგილსამყოფელი ქვეყნის გარეთ. მან საგანმანათლებლო პროგრამა აითვისა დამოუკიდებლად. სწავლის სრული პერიოდის განმავლობაში იგი არ იმყოფებოდა დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანების პირველი პრიმა მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სტუდენტის სასწავლო დატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს როგორც დამოუკიდებელ, ისე საკონტაქტო საათებსაც. შესაბამისად, ცენტრმა დაადგინა გ------- ჭ---------–-ას მიერ მიღებული განათლების კვალიფიკაციის საფუძვლიანი განსხვავება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემით აღიარებულ კვალიფიკაციასთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება გ------- ჭ---------–-ას მიერ სრულად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისად, წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მის მიერ მიღებული განათლება არ ექცევა აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებულ უცხოეთში მიღებული განათლების სფეროში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ'' ქვეპუნქტისა და წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, გ------- ჭ---------–-ას მიერ მიღებული განათლება ეღიარებინა, როგორც უცხოეთში მიღებული განათლება.
განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს გ------- ჭურღლიას სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.
ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ცენტრს უნდა დაედგინა კვალიფიკაციის გამცემი პროგრამის(ების) და მიმღები ქვეყნის რელევანტური კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის(ების) ძირითად ელემენტებს შორის „საფუძვლიანი განსხვავება“, როგორც საკითხის გადაწყვეტის აუცილებელი პირობა, თითქოს არ შეუფასებია. თუმცა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------- ჭ---------–-ას მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა ის, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის უგულვებელყოფის ტოლფასია.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
6.1. პალატა გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
ფაქტობრივი დასაბუთება:
6.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება:
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლოს პოზიცია განათლების საკითხებთან მიმართებაში ცალსახაა, პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.
ამავე კანონის 474-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და მასწავლებელთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული §1 დანართის მე-6 მუხლის მე-2-მე-5 მუხლების თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა). 4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. აღნიშნული ნორმა დღეს მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის №147/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე.
პალატა მიუთითებს, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ გ------- ჭ---------–-ას მიერ სწავლის დასრულების მომენტში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას ადგენდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ამავე საკითხზე მოგვიანებით დადგენილი შეზღუდვები უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.
პალატა ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არც მინისტრის ბრძანება და არც კანონი არ ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების აუცილებელ პირობად განათლების მიღების პერიოდში სტუდენტის შესაბამის ტერიტორიაზე ყოფნის აუცილებლობას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 5 აპრილის №ME--------------- გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების, როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ კრიტერიუმებს. პალატის დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მართებულად იქნა ცნობილი ბათილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სწორად დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ------- ჭ---------–-ას მიერ უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტმა - ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
7.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
8. სასამართლო ხარჯები:
8.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი