განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002294686
საქმე №3/ბ-107-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ვერა დოლიძე (მომხსენებელი)
მარინა სირაძე, მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი – ლევან ტაბიძე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ------–--- გ--–------–---ი
წარმომადგენელი – ზ---– გ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი – გ------- გ--------
მესამე პირი – გ---- ბ---------
წარმომადგენელი – ლ--–- ბ-----–--ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2018 წლის 07 თებერვალს მ------–--- გ--–------–---მა, წარმომადგენლის მეშვეობით, სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და მესამე პირის – გ---- ბ--------ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ------- გ-------ის მიერ 2018 წლის 06 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მ------–--- გ--–------–---მა 2005 წლის 1 აგვისტოს იქორწინა გ-------– ბ---------სთან, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი – ს------ ბ---------, დაბადებული 2016 წლის 5 აპრილს. მოსარჩელესა და გ-------– ბ---------ს შორის ბოლო პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა, ამ უკანასკნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტებს. 2017 წლის 25 ივნისიდან მოსარჩელე და მისი მეუღლე აღარ ცხოვრობენ ერთად. გ-------– ბ--------ის მხრიდან განქორწინების შემდეგაც სისტემატიურად გრძელდებოდა ძალადობის ფაქტები. 2018 წლის 3 იანვარს გ-------– ბ--------- ოჯახში მიუვარდა მ------–--- გ--–------–---ს, რა დროსაც ცემა ის და მამამისი დ-------- გ--–------–---ი. ამ ფაქტის გამო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ იმავე დღეს გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 6 თებერვალს კი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მ------–--- გ--–------–---ი აღიარებულია მოძალადედ, ხოლო მისი ყოფილი მამამთილი გ---- ბ--------- _ მსხვერპლად. აღნიშნული შემაკავებელ ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მ------–--- გ--–------–---ის მიერ სოციალურ ქსელ ,,ფეიქსბუქში’’ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც, თითქოსდა, შეიცავდა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი პირდაპირ ლახავს მ------–--- გ--–------–---ის ინტერესებს, რადგან მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი არ შეიცავს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს. მოსარჩელის განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ძალადობის ფარული ფორმა, მსხვერპლს დაუკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხის – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არ დაეთანხმა მ------–--- გ--–------–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
მესამე პირი – გ---- ბ--------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ--–- ბ-----–--ე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ასევე არ დაეთანხმნენ მ------–--- გ--–------–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ მოსარჩელე გ---- ბ---------ზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც მისი მხრიდან ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, შესაბამისად, არ არსებობდა შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით მ------–--- გ--–------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1 დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლი მ------–--- გ--–------–---ი და მსხვერპლი დ-------- გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გ-------– ბ---------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------– ბ---------ს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია. ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გ-------– ბ---------მ. ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ-------– ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა მოძალადე გ-------– ბ--------ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, ხოლო გ-------– ბ--------ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას, რომლითაც გ-------– ბ---------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე გ-------– ბ---------ს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 05 თებერვალს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.
2018 წლის 06 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა გ---- ბ---------ს, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი და რძალი თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ ცალკე, შესაბამისად, მას ყოფილ რძალთან არ ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა. 2018 წლის 5 თებერვალს სოციალური ქსელით სარგებლობისას ნახა თავისი ყოფილი რძლის _ მ------–--- გ--–------–---ის პოსტი, სადაც იგი ბრალს სდებდა პაციენტის წამებაში, თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში და ოჯახის წევრებზე ძალადობაში. აღნიშნული პოსტის წაკითხვის შედეგად მიიღო ძლიერი სულიერი, ემოციური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 06 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა შეადგინა ტელეფონზე გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, მ------–--- გ--–------–---მა განმარტა, რომ D-- G-----------i-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ---- ბ--------- ძალადობდა ოჯახის წევრებზე, ასევე გონივრული ეჭვით აწამებდა პაციენტებს, თაღლითობდა და ათეთრებდა ფულს, მის მიერ იყო დაწერილი. მ------–--- გ--–------–---ს პატრულ-ინსპექტორის მიერ განემარტა, რომ აღნიშნულის გამო მის მიმართ შედგებოდა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, აეკრძალებოდა მსგავსი პატივისა და ღირსების შემლახველი პოსტის დადება ან მიწერა 30 დღის ვადით, ასევე განემარტა შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა 2018 წლის 06 თებერვალს გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლი გ---- ბ--------- მ------–--- გ--–------–---ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. კერძოდ, მოძალადე მ------–--- გ--–------–---მა ,,ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბრალს სდებს გ---- ბ---------ს ძალადობაში და ცილს სწამებდა გონივრული ეჭვით პაციენტების წამებაში, თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში. მ------–--- გ--–------–---ს აეკრძალა პატივისა და ღირსების შემლახველი სტატუსების გამოქვეყნება ან მიწერა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მ------–--- გ--–------–---ის სოციალური ქსელიდან ამონარიდი და მასმედიის საშუალებით გავრცელებული სტატიების ასლები, სადაც მ------–--- გ--–------–---ი საუბრობს როგორც პირად ცხოვრებაში კონფლიქტის არსებობის თაობაზე, ასევე გ---- ბ--------ის პირადი და საქმიანი ცხოვრების შესახებ.
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მ------–--- გ--–------–---ის სარჩელში მითითებული გარემოებანი და მისი მოთხოვნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე, ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-4, მე-10 და მე-17 მუხლებზე, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-2, მე-3, 50-ე მუხლებზე მითითებით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა ისეთი სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაადასტურებდა შემაკავებელი ორდერის უკანონობას, მ------–--- გ--–------–---ის კანონით გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული უფლების შეზღუდვას და მის მიმართ პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობას.
3. საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მ------–--- გ--–------–---ის წარმომადგენლმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მეუღლის მშობლებზე, თუმცა სავარაუდო მსხვერპლი, გ---- ბ--------- ამჟამად არ არის სავარაუდო მოძალადის, მ------–--- გ--–------–---ის მეუღლის მშობელი. ის არის მისი ყოფილი მეუღლის მშობელი. სასამართლომ არ გააკეთა აღნიშნულის სწორი ინტერპრეტირება. 2017 წლის 25 ივნისიდან დ-- გ--–------–---ი და გ-------– ბ--------- არიან ყოფილი მეუღლეები.
საჩივრის ავტორის განმარტებით, ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. მ------–--- გ--–------–---ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი კი ნამდვილად არ შეიცავდა ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ძალადობის ფარული ფორმა, მსხვერპლს დაუკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში. შემაკავებელი ორდერის გამოცემისას სწორად უნდა იქნეს შეფასებული თითოეული ფაქტი და გარემოება, უნდა დადგინდეს, რამდენად შეიცავს ქმედება ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს და სწორედ ამ შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ------–--- გ--–------–---ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ------–--- გ--–------–---ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევას _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების გარეშე, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.
ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ მ------–--- გ--–------–---ს და მის ყოფილ მეუღლეს _ გ-------– ბ---------ს შორის არსებობს ოჯახური კონფლიქტი.
2018 წლის 05 თებერვალს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების ინიციატორმა _ გ---- ბ---------მ მიუთითა, რომ მისმა ყოფილმა რძალმა ”ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ეწერა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია, რომელიც არ შეეფერებოდა სიმართლეს და ვნებდა მის რეპუტაციას.
გ---- ბ--------ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად, მისი შვილი გ-------– ბ--------- და მ------–--- გ--–------–---ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ისინი ცხოვრობდნენ ცალკე, შესაბამისად, რძალთან არ ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა. რამდენიმე ხნის წინ მის შვილს და მ------–--- გ--–------–---ს ერთმანეთთან მოუვიდათ კონფლიქტი. 2018 წლის 5 თებერვალს, სოციალური ქსელით სარგებლობისას ნახა თავისი ყოფილი რძლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც იგი ბრალს სდებდა პაციენტის წამებაში, თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში, რაც იწვევს მისი პატივისა და ღირსების შელახვას, რადგან არის თანამდებობის პირი და მ------–--- გ--–------–---ი უსაფუძვლოდ სწამებს ცილს. აღნიშნული პოსტის წაკითხვის შედეგად განიცადა ძლიერი სულიერი, ემოციური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2018 წლის 06 თებერვალს შედგენილი ტელეფონზე გასაუბრების ოქმის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი გ------- გ-------- ტელეფონის საშუალებით ესაუბრა მ------–--- გ--–------–---ს, რათა დაედგინა იყო თუ არა მის მიერ დაწერილი ფეისბუქ მომხმარებლის _ D-- G-----------i-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ---- ბ--------- ძალადობდა ოჯახის წევრებზე, ასევე გონივრული ეჭვით _ აწამებდა პატიმრებს, თაღლითობდა და ათეთრებდა ფულს, რაზედაც მ------–--- გ--–------–---მა განმარტა, რომ აღნიშნული პოსტი ნამდვილად მის მიერ იყო დაწერილი.
2018 წლის 06 თებერვალს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ------- გ-------ის მიერ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მ------–--- გ--–------–---ი ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა გ---- ბ--------ის მიმართ.
შემაკავებელი ორდერის ოქმის მიხედვით, მოძალადე მ------–--- გ--–------–---მა ”ფეისბუქზე”, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბრალს სდებს გ---- ბ---------ს ძალადობაში და ცილს სწამებდა გონივრული ეჭვით პაციენტების წამებაში, თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში, რამაც მსხვერპლს _ გ---- ბ---------ს განაცდევინა ძლიერი სულიერი ტანჯვა და ფსიქოლოგიური სტრესი, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება. ამავე ოქმის მიხედვით, მსხვერპლმა მოითხოვა, მოძალადეს შეეწყვიტა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
2018 წლის 06 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერით მოძალადეს _ მ------–--- გ--–------–---ს აეკრძალა პატივისა და ღირსების შემლახველი სტატუსების გამოქვეყნება ან მიწერა. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ხსენებული კანონის მე-4 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა..., ხოლო „ვ1“ პუნქტის მიხედვით, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს. იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------–--- გ--–------–---ი 2005 წლის 1 აგვისტოდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ-------– ბ---------სთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი, ს------ ბ---------. ბოლო პერიოდში მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და 2017 წლის 25 ივნისიდან ისინი აღარ ცხოვრობენ ერთად. ასევე დადგენილია, რომ გ---- ბ--------- არის მ------–--- გ--–------–---ის ყოფილი მეუღლის _ გ-------– ბ--------ის მამა, შესაბამისად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად, თანახმად ამავე კანონის მე-4 მუხლის ”ზ” ქვეპუნქტისა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. მითითებული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ მოსარჩელე მ------–--- გ--–------–---ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმება, რომლის მიხედვით, მ------–--- გ--–------–---მა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა გ---- ბ--------ის მიმართ, რის გამოც მას 30 დღით აეკრძალა პატივისა და ღირსების შემლახველი სტატუსების გამოქვეყნება ან მიწერა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ძალადობის ფორმების ლეგალურ დეფინიციას შეიცავს მითითებული კანონის მე-4 მუხლი, რომლის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
პალატა მიუთითებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის მავნე შედეგები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფო ნეგატიურადაა ვალდებული თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უგულებელყოფას, ხოლო ამავე დროს პოზიტიურადაა ვალდებული შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სწორედ ამ მიზნით 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას (სტამბოლის კონვენცია), რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის აღკვეთას, მსხვერპლთა დაცვასა და მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემას და უზრუნველყოფს მსხვერპლ ქალთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ყოველთვის იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ხდება დაუყოვნებელი მკაცრი რეაგირება ამგვარ ფაქტებზე. სახელმწიფო სისტემატიურად ქმნის ახალ მექანიზმებს და აუმჯობესებს კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამოყალიბდა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმები და დეტალურად განისაზღვრა მითითებულ ღონისძიებათა განხორციელების სპეციალური წესები. მითითებული კანონი ადგენს რეგულირებას, რაც დამახასიათებელია ოჯახში ძალადობისათვის, ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის, აგრეთვე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მსხვერპლი მ------–--- გ--–------–---ი და მსხვერპლი დ-------- გ--–------–---ი მოძალადე გ-------– ბ--------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. აღნიშნული შემაკავებელი ორდერით გ-------– ბ---------ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია.
მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოება ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მ------–--- გ--–------–---ს ყოფილი მეუღლის _ გ-------– ბ--------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო განსაზღვრული აქვს მსხვერპლის სტატუსი.
სადავო შემაკავებელი ორდერის მიხედვით კი, მ------–--- გ--–------–---ი მიჩნეულია მოძალადედ, ხოლო მისი ყოფილი მეუღლის, გ-------– ბ--------ის მამა _ გ---- ბ--------- მსხვერპლად. აღნიშნული ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მ------–--- გ--–------–---ის მიერ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ მ------–--- გ--–------–---ის მხრიდან გ---- ბ--------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობად შეფასდა. წარმოდგენილი საჩივრის ძირითადი პრეტენზიაც ამ პოსტის არასწორ სამართლებრივ შეფასებაში მდგომარეობს, კერძოდ, აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ იგი არ შეიცავს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს.
როგორც შემაკავებელი ორდერიდან და შემაკავებელი ორდერის ოქმიდან ირკვევა, გ---- ბ--------ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობად მიჩნეული იქნა მ------–--- გ--–------–---ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში მითითებული შემდეგი გამონათქვამები: ”იმედი მაქვს კანონი არ აპატიებს გ---- ბ---------ს, ჩემს ყოფილ მამათილს ჩემი მეორე შვილის სიძულვილს; თავისი შვილისთვის მიცემულ წამლებს, რომლებიც ჩემთვის უნდა დაელევნებინათ (სავარაუდოდ ფსიქოტროპულებს)!!! საკუთარი მეუღლის შეურაცხყოფას (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თვალწინ!!!) ჩემს გინებას, თავისი შვილის განწყობას ჩემს წინააღმდეგ! გონივრული ეჭვით პაციენტების წამებას, გონივრული ეჭვით თაღლითობას, გონივრული ეჭვით ფულის გათეთრებას!!! (რაეგირებას და შემოწმებას საჭიროებს)”, რაც გ---- ბ--------ის განმარტებით, ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
სააპელაციო პალატამ შეაფასა რა მ------–--- გ--–------–---ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი, თვლის, რომ არ არსებობდა აღნიშნულის გამო მისი მოძალადედ მიჩნევისა და შესაბამისად, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. კერძოდ:
პალატა აღნიშნავს, რომ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ინფორმაციისა და იდეათა მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას ნებისმიერი მედია საშუალების გამოყენებით, ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებაა, რომელიც ყველა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტით არის განმტკიცებული.
პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-10 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ამასთან, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დეკლარირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მის იძულებას გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში გამოთქმულია მხოლოდ მ------–--- გ--–------–---ის სუბიექტური მოსაზრებები ყოფილი მამამთილის _ გ---- ბ--------ის პიროვნებასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშული პოსტი, მართალია, ასახავს მ------–--- გ--–------–---ის არაპოზიტიურ დამოკიდებულებას გ---- ბ--------ის მიმართ, მაგრამ იგი არ შეიცავს ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რის გამოც არ არსებობს ამ კანონის შესაბამისად, გ---- ბ--------ის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევისა და მისი დაცვის დროებითი ღონისძიების სახით, მ------–--- გ--–------–---ისათვის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, კერძოდ, მისთვის სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნებისა და მიმოწერის აკრძალვის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო მ------–--- გ--–------–---ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები, რაც წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებისა და სადავო შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველია.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამდენად, თუ გ---- ბ--------- მიიჩნევს, რომ მ------–--- გ--–------–---ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია მისი პატივისა და ღირსების შელახვა, იგი უფლებამოსილია შესაბამისი სარჩელით მიმართოს სასამართლოს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------–--- გ--–------–---ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება, მ------–--- გ--–------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 2112-ე და 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.მ------–--- გ--–------–---ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება;
3.მ------–--- გ--–------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4.გაუქმდეს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;
5.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვერა დოლიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
მაკა გორგოძე