განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080311217002237218 (3/ბ-60-18 წ)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქალაქ ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
საჩივრის ავტორი - შპს ,,ო---------2----ის” დირექტორი გ---- ქ--------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებულია − ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანება;
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის, შპს ,,ო-------- 2----ის” აღიარებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
საგადასახადო ორგანოს აღნიშვნით, შპს ,,ო-------- 2---” რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 2--------. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 34 325.93 ლარს, მათ შორის ძირითადი - 25 832.87 ლარი, საურავი - 8 493.06 ლარი. საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის გამო, 2017 წლის 0--------------ს გამოიცა №0------- ბრძანება გადამხდელის ქონების დაყადაღების შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ აღიწერა მოვალის ქონება, რაზეც შედგა ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ო-------- 2----ის” ყადაღადადებული ქონება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,ო-------- 2----ის” დირეტორმა გ---- ქ--------–--ემ, რომელიც არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. საჩივრის ავტორის განმარტებით, ბრძანების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ თითქოს შპს-ს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რაც არასწორია, რადგან მათ არ იცოდნენ სხდომის დღის შესახებ, ამასთან განცხადება აქვთ შეტანილი შემოსავლების სამსახურში, რომ შპს ვერ მუშაობს და აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია დეკლარირების შედეგად.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,ო-------- 2----ის” საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------, იურიდიული მისამართი - ქუთაისი, ა-----------ის ქუჩა №-- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად რეგისტრირებულია 2--- წლის 06 მაისიდან (ს.ფ. 22).
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 0-------------ის №0------- ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ო-------- 2---”, ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს).
ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტში ჩამოთვლილია შემდეგი ქონება: - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1-----.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 1----------ის №0-------- დასკვნის თანახმად, დაყადაღებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1----- ლიცენზიის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 2017 წლის მდგომარეობით შეადგინა 11 000 ლარი (ს.ფ. 24-26).
საქმეში დაცული შედარების აქტით, 2017 წლის 01 იანვრიდან - 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,ო-------- 2----ის”, ს/კ. 2--------, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა: ძირითადი თანხა - 25 832.87 ლარი, საურავი - 8 493.06 ლარი, ზედმეტობა - 6 706.75 ლარი.
ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც გააქარწყლებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. მეტიც, საჩივრის ავტორი აღიარებს არსებულ დავალიანებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რაც შუამდგომლობის შეტანის დროისთვის შეადგენდა - 34 325.93 ლარს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიშვება გადამხდელის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ამდენად, საქალაქო სასამართლოს ბრძანება, მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, კანონიერია და მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო სასამართლო უარყოფს შპს ,,ო-------- 2----ის” დირექტორის გ---- ქ--------–--ის საჩივარს და უცვლელი ტოვებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. შპს ,,ო-------- 2----ის” დირექტორის გ---- ქ--------–--ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე