განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014627948
საქმე №2ბ/996-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - თ---------- ტ-------–---–ი
წარმომადგენელი - თ---------- ა-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ---- მ-------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის სარგებლობის უფლების აკრძალვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ---------- ტ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ნ---- მ-------–---–ისგან, პ--------------, მის უკანონოდ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ყ--------------------------–-----–--საკადასტრო კოდი №------------ გამოთხოვისა და მოპასუხისთვის უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ---------- ტ-------–---–ი წარმოადგენს მესაკუთრეს, მდებარე ყ--------------------------–-----–-, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-ის, აღნიშნული ქონება შეიძინა ე-–---- მ-------–---–ისაგან.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 10,14)
2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე თ---–---------------------, 103,09 კვ.მ. ფართი.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 12)
2.3. 2007 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნ---- მ-------–---–ს ყ-----------------------------–-----–-ში ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტის №152 -ის საფუძველზე მიწის ნაკვეთი ფართით 615,45 კვ.მ., საერთო საკუთრებაში, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ,,ლ------ ა’’ ო--------, ფართი 21,87 კვ.მ., ო--------, ფართი 6,2 კვ.მ., ო---------ფართი 1,89 კვ.მ.
2014 წლის 4 ნოემბერს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ნ---- მ-------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე შენობა -ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, სადაც მითითებულია ასევე თანამესაკუთრე.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 31,41)
2.4. ე-–---- მ-------–---–მა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განაწილების სიით №2-ით დაარეგისტრირა სოფელ ა--–-ში 2010 წლის 11 ოქტომბერს დაზუსტებულ ფართები 1015,00 კვ.მ. და შენობა -ნაგებობის ჩამონათვალი №1, რომელიც შემდეგ მიჰყიდა მოსარჩელე თ. ტ-------–---–ს.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 102,105)
2.5. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხით 2009 წლის 9 ოქტომბერს ნ---- მ-------–---–ს ეცნობა, რომ ე-–---- მ-------–---–სა და ნ---- მ-------–---–ის ფართებს შორის რეგისტრაციის დროს დაფიქსირდა გადაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, უძრავი ქონება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
(მტკიცებულება: წერილი, ს.ფ. 130,131)
2.6. მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, კომლის გაყოფის ხელწერილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ნ---- მ-------–---–ის შენობა -ნაგებობის კუთვნილების ფაქტი, მოწმეების თამაზ მ-------–---–ის და ზურა მ-------–---–ის განმარტებით, ასევე დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ სადავო ფართში ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, ეზო იყო საერთო თანასაკუთრებაში და სახლი იყო გაყოფილი სამ ნაწილად, ნ---- მ-------–---–ი ახლაც აგრძელებს იქ ცხოვრებას, ეზო კვლავ საერთო საკუთრებაშია.
(მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გაყოფის შეთანხმება, მოწმეთა განმარტებები, ს.ფ. 136-144, 157)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ---------- ტ-------–---–ი წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, კანონის ეს ნორმა სამ ელემენტს შეიცავს, პირველი,- მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მეორე,- მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მესამე,- მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ნ---- მ-------–---–ი ნივთს ფლობს მართლზომიერად. მოპასუხეს გააჩნია სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მას სადავო ბინა დაკავებული არა აქვს თვითნებურად და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ის წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ---------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თ---------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ---------- ტ-------–---–ი წარმოადგენს მესაკუთრეს, მდებარე ყ--------------------------–-----–-, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-ის, აღნიშნული ქონება შეიძინა ე-–---- მ-------–---–ისაგან.
- საჯარო რეესტრის ამონაწერით მოპასუხე ნ---- მ-------–---–ს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, მდებარე თ---–---------------------, 103,09 კვ.მ. ფართი.
- 2007 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნ---- მ-------–---–ს ყ-----------------------------–-----–-ში ჰქონდა მიღება -ჩაბარების აქტის №152 -ის საფუძველზე მიწის ნაკვეთი ფართით 615,45 კვ.მ., საერთო საკუთრებაში, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ,,ლ------ ა’’ ო--------, ფართი 21,87 კვ.მ., ო--------, ფართი 6,2 კვ.მ., ო---------ფართი 1,89 კვ.მ.
2014 წლის 4 ნოემბერს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ნ---- მ-------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე შენობა -ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, სადაც მითითებულია ასევე თანამესაკუთრე.
- ე-–---- მ-------–---–მა, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განაწილების სიით №2 დაარეგისტრირა სოფელ ა--–-ში 2010 წლის 11 ოქტომბერს დაზუსტებულ ფართები 1015,00 კვ.მ. და შენობა -ნაგებობის ჩამონათვალს №1, რომელიც შემდეგ მიჰყიდა მოსარჩელე თ. ტ-------–---–ს.
- საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხით 2009 წლის 9 ოქტომბერს ნ---- მ-------–---–ს ეცნობა, რომ ე-–---- მ-------–---–სა და ნ---- მ-------–---–ის ფართებს შორის რეგისტრაციის დროს დაფიქსირდა გადაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, უძრავი ქონება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
- გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია (მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, კომლის გაყოფის ხელწერილით) ნ---- მ-------–---–ის შენობა -ნაგებობის კუთვნილების ფაქტი, მოწმეების თამაზ მ-------–---–ის და ზურა მ-------–---–ის განმარტებით, ასევე დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ სადავო ფართში ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, ეზო იყო საერთო თანასაკუთრებაში და სახლი იყო გაყოფილი სამ ნაწილად, ნ---- მ-------–---–ი ახლაც აგრძელებს იქ ცხოვრებას, ეზო კვლავ საერთო საკუთრებაშია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---------- ტ-------–---–ი წარმოადგენს ყ----------------–-, სოფელი ა--–-ში, საკადასტრო კოდი: 7----------- უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
პალატა აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ---- მ-------–---–ის მიერ უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იგი წარმოადგენს საჯარო რეესტრის (2007 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით) ამონაწერის თანახმად ყ-----------------------------–-----–-ში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის რეკვიზიტებია: მიწის ნაკვეთი ფართით 615,45 კვ.მ., საერთო საკუთრებაში, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა ,,ლ------ ა’’ ო--------, ფართი 21,87 კვ.მ., ო--------, ფართი 6,2 კვ.მ., ო---------ფართი 1,89 კვ.მ. 2014 წლის 4 ნოემბრის მოანცემებით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ნ---- მ-------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე აღნიშნული შენობა -ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, სადაც მითითებულია ასევე თანამესაკუთრედ.(ს/კ N------------)
საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 19 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით (სფ286,ტ2) ასევე საქმეში არსებული საჯარო რეესტრის წერილიდან დგინდება, რომ თ---------- ტ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა ს/კ 7----------- და ნ---- მ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ს/კ N------------ შორის არსებობს გადაფარვა, რომელიც დაფიქსირდა 2009 წლის 9 ოქტომბერს.
პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების ზედდების გარკვევის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 იანვარს დაკითხული იქნა ექსპერტი გიორგი მამასახლისი, რომლის ჩვენებით დადგინდა ის ფაქტი, რომ ნაკვეთებს შორის მოხდა თანხვედრა, თუმცა მისი ოდენობა დაუდგენელია.
ამდენად, იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს სარჩელი უნდა დადასტურდეს ნ---- მ-------–---–ის არამართლზომიერი მფლობელობა თ---------- ტ-------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების. ზემოთ მითითებული გარემობებიდან კი არ დგინდება მითითებული ფაქტი. ნ---- მ-------–---–ი საჯარო რეესტრის მონაცემებით ისეთივე მესაკუთრეა, როგორც მოსარჩელე. ასეთ დროს შეუძლებელია იმის თქმა, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს ფართს. საწინააღმდეგო გარემოების დადასტურების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეზეა, რაც ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ.
პალატა აღნიშნავს, რომ ვინდიკაციურ სარჩელებთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ „მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორცილებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხვონის მართლზომიერება“ (იხ. სუსგ N ას-1326-1252-2012, 25.03.2013წ.).
განსახილველი დავის ფარლგებში, მოსარჩელე თ---------- ტ-------–---–ის მიერ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, რომ ნ---- მ-------–---–ი არამართლზომიერად ფლობს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. იმ პირობებში, როდესაც დავაში მონაწილე ორივე მხარეს გააჩნია საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, შეუძლებელია, რომელიმე მათგანის მიერ განხორციელებული ფლობა არამართლზომიერად ჩაითვალოს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემობაც, საქმეში არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სადავო ქონების რომელ ნაწილს ფლობს მოპასუხე არამართლზომიერად. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ---- მ-------–---–ის სადავო უძრავი ქონებიდან გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამრიგად, ნ---- მ-------–---–ი უკანონო მფლობელობა ვერ დგინდება, რის გამოც თ---------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი