განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
330210117001709673
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001709673

საქმე №2ბ/5094-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

გოდერძი გიორგიშვილი

ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - პ----- ბ----–---–ი

 

აპელანტის წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------- კ------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით პ----- ბ----–---–ის სარჩელი ზ------- კ------–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. პ----- ბ----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზ------- კ------–ს პ----- ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1750 აშშ დოლარისა და 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 1750 აშშ დოლარის წლიური 8%-ის - 1312.50 აშშ დოლარის, ჯამში, 3062.50 გადახდა.

 

2.2 ზ------- კ------–მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 3062.50 აშშ დოლარი გადაიხადა 2016 წლის 7 დეკემბერს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3 სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, მიადგა თუ არა პ----- ბ----–---–ს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით , რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ მიუთითეა შემდეგი:

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ 3062.50 აშშ დოლარის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, პ----- ბ----–---–ი ამ თანხას განათავსებდა საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე და მიიღებდა შემოსავალს, ყოველთვიურ 3%-ს. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს. პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფდა, რომ ანაზღაურდებოდა მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ბ----–---–ს სადავო თანხის ზ------- კ------–ისათვის დაკისრების უფლება, თუნდაც იძულებითი აღსრულების განხორციელების გზით წარმოეშვა 2011 წლის 11 მაისიდან (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი, რომელზედაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელირებდა მოსარჩელე, პრაქტიკულად დადგა მისივე უმოქმედობის შედეგად, უკეთუ, მთელი ამ წლების მანძილზე ადგილი არ ჰქონია თანხის მიღების მიზნით კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელებას (იძულებითი აღსრულება). შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავალი, რომელზედაც მიუთითებდა მოსარჩელე და რომელიც მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს, სახეზე არ იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის მითითებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად მისი ზ------- კ------–ი სულ პირდებოდა, რომ ოღონდაც აუქციონზე არ გაეტანა დაყადაღებული ქონება და თანხას უახლოეს მომავალში გადაუხდიდა სრულად.

 

აპელანტი უთითებს, რომ მოპასუხის მიერ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დროულად გადახდის შემთხვევაში, საშუალება ექნებოდა აღნიშნული თანხის გამოყენების შედეგად მიეღო დამატებითი შემოსავალი. კერძოდ, მოეხდინა აღნიშნული თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსება და მიეღო დამატებითი სარგებელი, ბაზარზე არსებული საბანკო კრედიტის განაკვეთის - ყოველთვიური 3%-ის ოდენობით. აპელანტის განმარტებით, ფულადი თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსება წარმოადგენს ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ფულადი თანხიდან მიღებულ სარგებელს. აღნიშნული შემოსავალი ვერ მივიღე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ზ------- კ------–მა დროულად არ დაუბრუნა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

 

აპელანტი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუხედავად ამისა, სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენა სუსგ-ის 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინება №ას-459-438-2015 მაშინ, როცა სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სუსგ-ის 2015 წლის 23 ივლისის №ას-1301-1239-2014 განჩინებით და მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ჩემი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ პ----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პ----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ზ------- კ------–ს პ----- ბ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1750 აშშ დოლარისა და 2001 წლის 15 ოქტომბრიდან 2010 წლის 6 დეკემბრამდე 1750 აშშ დოლარის წლიური 8%-ის - 1312.50 აშშ დოლარის, ჯამში, 3062.50 გადახდა.

 

- ზ------- კ------–მა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული 3062.50 აშშ დოლარი გადაიხადა 2016 წლის 7 დეკემბერს.

 

4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისთვის, რომ პირს მიუღებელი სარგებლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, აუცილებელია დადგინდეს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კრედიტორმა ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც სესხის დაბრუნების შედეგად მიიღებდა, ამასთანავე უნდა დადგინდეს, რომ შემოსავლის მიუღებლობით პირს მიადგა ზიანი. ამდენად, ამ წინაპირობების არსებობის დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია მოვალეს დამატებით დაეკისროს მიუღებელი შემოსავლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

 

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები ვალდებულნი არიან ამტკიცონ იმ გარემოებების სისწორე, რაზეც თავად უთითებენ. მოცემულ შემთხვევაში, პ----- ბ----–---–ი ამტკიცებს, რომ ზინიადა კ------–ის მხრიდან ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში, იგი მიღებულ თანხას განათავსებდა საბანკო დაწესებულებაში, საიდანაც მიიღებდა ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით სარგებელს. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად მოსარჩელის მიერ არაა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. ის, რომ პ----- ბ----–---–ი მიღებული თანხიდან მიიღებდა შემოსავალს, უნდა დასტურდებოდეს რაიმე გარემოებით, ეს შესაძლოა იყოს მისი მხრიდან წარსულში განხორციელებული ქმედებები (საბანო ანაბარზე თანხის განთავსება), სამეწარმეო საქმიანობაში თანხის გამოუყენებლობა, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი სარგებლის გადახდა ან სხვა რაიმე გარემოება, რაც დაადასტურდება, რომ თანხის მიღებით შესაძლოა მოსარჩელეს დამატებითი შემოსავალი გასჩენოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ვერ აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული.

 

მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ასევე ზიანის ფაქტის დადასტურებაც. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ დროულად არ აღასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობა, არ შეიძლება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებად შეფასდეს. თანხის დაუბრუნებლობა თავისთავად ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ზიანის ფაქტის დასადგენად მასზე მითითება საკმარისი არაა. მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გულისხმობს, რომ მოსარჩელემ განიცადა ზარალი, რაც დაკავშირებულია დიდ მატერიალურ დანაკარგთან, ამასთანავე აღნიშნული ზიანი პირდაპირ დაკავშირებული უნდა იყოს ვალდებულების შეუსრულებლობასთან.

 

პალატა იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე Nას-469-438-2015) მითითებულ განმარტებებს და მიაჩნია, რომ დასახელებული წინაპირობების არაარსებობის შემთხვევაში, მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება დაუშვებელია, რადგანაც აღნიშნული კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს.

 

პალატა იზიარებს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ შემოსავლის მიუღებლობა გამოწვეულია კრედიტორის ბრალითაც, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კრედიტორს შეეძლო მოეთხოვა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ორგანო დაიწყებდა იძულებით აღსრულებას, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. ზ------- კ------–მა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ნებაყოფლობით გადაიხადა 2016 წლის 24 ნოემბერს. დადგენილია, რომ ამ დროის განმავლობაში პ----- ბ----–---–ს არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა იძულებითი აღსრულების მეშვეობით მიეღო კუთვნილი თანხა, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ პ----- ბ----–---–ი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებით მიიღებდა დამატებით შემოსავალს, ამასთან არ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც პ----- ბ----–---–ის სარჩელი, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 645 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ბ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი