განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2018
საქმის ნომერი
330210115001338980
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
01.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210115001338980

საქმე №2ბ/6423-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - რ----- ჯ--------ა

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-----“

წარმომადგენელი - ნ----------------ა, ბ---------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „მ-----ს“ სარჩელი რ----- ჯ--------ას მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს რ----- ჯ--------ას მოსარჩელის შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 20 ოქტომბრის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის-2469 ლარის, სარგებლის-372,71 ლარის და პირგასამტეხლოს-209,48 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს რ----- ჯ--------ას მოსარჩელის შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის მიუღებელი შემოსავლის სახით 1262 ლარი. მოპასუხეს რ----- ჯ--------ას მოსარჩელის შპს „მ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 279,38 ლარი, ხოლო სხვა საპროცესო ხარჯის სახით 60 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2014 წლის 20 ოქტომბერს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისთვის მესამე პირისგან შეიძინა ავტომანქანა 6000 ლარად, სიადანაც მოპასუხის თანამონაწილეობამ შეადგინა 2170 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3830 ლარის ოდენობით, თვეში 4,26 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა-2019 წლის 20 ოქტომბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე პირგასამტეხლოზე შეთანხმებას ერთჯერადად ვადაგადაცილებაზე 20 ლარს და 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2 მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ 2015 წლის 28 იანვრის გადახდით ვალდებულება შეწყდა მხარეებს შორის, რომ 2015 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შეიცვალა ძველი ხელშეკრულების პირობები და შემცირდა გადასახდელი თანხა.

 

მოპასუხემ ბოლო გადახდა აწარმოა 2015 წლის 28 იანვარს 1562,11 ლარის ოდენობით და გადახდის დანიშნულებაში თავად მითითებული აქვს თავდაპირველი ხელშეკრულების ნომერი. რაც შეეხება ცნობას, რომელიც გაიცა 28 იანვარს მოსარჩელის თანამშრომლის მიერ, იგი მოწმის სახით დაიკითხა და განმარტა, რომ პროგრამული ხარვეზის გამო შეცდომით გაიცა ცნობა, რომ არ ერიცხებოდა მოპასუხეს დავალიანება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება, გადარიცხვის ქვითარი.

 

2.3 მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3050,6 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 2469 ლარს, სარგებელი-372,71 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო-209,48 ლარს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები განაწილდა შემდეგნაირად 1290,7 ლარი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში, 484,26 ლარი-სარგებლის ანგარიშში და 72, 35 ლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4 სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო თანხის სრულად გადახდას და შესაბამისად ვალდებულების შესრულებით შეწყვეტას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია ვალდებულება 2014 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით. მან ვერ დაადასტურა ვალდებულების შეწყვეტა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენით, რომლითაც დადასტურდებოდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით რომ შემცირებულიყო სახელშეკრულებო თანხა და ვადა, ან მომხდარიყო მოსარჩელის მიერ ვალის პატიება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა გაცემული მოსარჩელის თანამშრომლის მიერ დავალიანების არარსებობის თაობაზე არ შეესაბამებოდა საქმის რეალურ ვითარებას. აღნიშნული ცნობა არ იყო იმ შინაარსის, რომ შეიძლებოდეს დასკვნის გამოტანა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალის პატიების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ცნობის გამცემმა პირმა განმარტა, რომ მხოლოდ პროგრამული ხარვეზის შედეგად გაიცა ამგვარი ცნობა, ვინაიდან პროგრამა არ იძლეოდა დავალიანების შესახებ ინფორმაციას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხემ გადააცილა ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადას იგი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის საქმიანობიდან გამომდინარე შეეძლო ევარაუდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1 აპელანტის განმარტებით, მან სასამართლოში წარმოადგინა 29.01.2015წ. ცნობა №01------, რომლის თანახმადაც ნაკისრი ვალდებულება მის მიერ შესრულებული იყო სრულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადახდილი იყო სრული მოცულობით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსამართლე უსაფუძვლოდ დაეთანხმა მოწმედ დაკითხულ მოპასუხის თანამშრომლის ზეპირ განცხადებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ცნობა გაცემული იყო შეცდომით, პროგრამული ხარვეზის საფუძველზე.

 

აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 20 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს სრულად აუნაზღაურდა 2014 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მთლიანი ღირებულება ჯამში. ხოლო 20.01.2015წ. ხელშეკრულების ასლს მოპასუხე მხარე განზრახ არ აძლევს, რადგანაც მათ არ აწყობთ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

 

აპელანტის განცხადებით, თუ არ არსებობდა მათ შორის ახლად დადებული 20.01.2015წ. ხელშეკრულება, მაშინ რატომ 9 (ცხრა) დღის შემდეგ, როდესაც მან სრულად გადაუხადა მოპასუხეს ახალი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული თანხა, 2015 წლის 29 იანვარს მოპასუხე მხარე, მისცა ცნობა №01------, რომლის თანახმადაც „რ----- ჯ--------ას (პირადი №6----------) დღევანდელი დღის მდგომარეობით შპს „მ-----“-ს წინაშე დავალიანება არ ერიცხება“. აპელანტის მითითებით, ამ ფაქტით მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ახალი ხელშეკრულება დაიდო და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ, მას არანაირი ვალდებულება მათ წინაშე აღარ გააჩნდა.

 

აპელანტის განმარტებით, 2014 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება გადასახდელი თანხის შემცირების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება (20.01.2015წ.) თან დაერთვებოდა წინარე ხელშეკრულებას (20.10.2014წ.) და მას შესაბამისად იგივე ნომერი ექნებოდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ იგი სწორედ ამის თაობაზე უთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომ მოპასუხე მხარე მალავდა მის ხელთ არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდებოდა მათი უკანონო მოქმედებები და უსაფუძვლო მოთხოვნები.

 

აპელანტის განმარტებით, სარჩელის ფასი რეალურად შეადგენდა 4313,19 ლარს, ხოლო მოპასუხეს გამოანგარიშებული აქვს 4312,76 ლარი. აპელანტის განმარტებით, მართალია ეს მათ სასარგებლოდ არის გამოანგარიშება არასწორად გაკეთებული, მაგრამ მხარე აპელირებს, რომ ასე ზერელედ, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების უხეში უგულებელყოფით, მოსამართლეს არ უნდა განეხილა აღნიშნული საქმე, ამით კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მოსამართლის დაინტერესება საქმეზე არაობიექტური გადაწყვეტილების გამოტანაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ რ----- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რ----- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 2014 წლის 20 ოქტომბერს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისთვის მესამე პირისგან შეიძინა ავტომანქანა 6000 ლარად, სიადანაც მოპასუხის თანამონაწილეობამ შეადგინა 2170 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3830 ლარის ოდენობით, თვეში 4,26 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა-2019 წლის 20 ოქტომბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე პირგასამტეხლოზე შეთანხმებას ერთჯერადად ვადაგადაცილებაზე 20 ლარს და 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

- მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ 2015 წლის 28 იანვრის გადახდით ვალდებულება შეწყდა მხარეებს შორის, რომ 2015 წლის 20 იანვარს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შეიცვალა ძველი ხელშეკრულების პირობები და შემცირდა გადასახდელი თანხა.

 

- მოპასუხემ ბოლო გადახდა აწარმოა 2015 წლის 28 იანვარს 1562,11 ლარის ოდენობით და გადახდის დანიშნულებაში თავად მითითებული აქვს თავდაპირველი ხელშეკრულების ნომერი.

- 2015 წლის 28 იანვარს პროგრამული ხარვეზის გამო შეცდომით გაიცა ცნობა, რომ მოპასუხეს არ ერიცხება დავალიანება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

- მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3050,6 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 2469 ლარს, სარგებელი-372,71 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო-209,48 ლარს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები განაწილდა შემდეგნაირად 1290,7 ლარი ძირითადი ვალდებულების ანგარიშში, 484,26 ლარი-სარგებლის ანგარიშში და 72, 35 ლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში.

 

4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებად უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის 2014 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებულ იქნა ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც რ----- ჯ--------ამ აიღო ვალდებულება, გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ლიზინგის თანხა - 3830 ლარი, თვეში 4.26% დარიცხვით, პირგასამტეხლო ერთჯერადად ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის მითითებით, რ----- ჯ--------ამ ხელშეკრულება დაარღვია 2015 წლის 20 იანვარს. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, დაეკისროს რ----- ჯ--------ას დავალიანების თანხა - 3050,60 ლარის ოდენობით, ასევე მიუღებელი სარგებელი - სარჩელის აღძვრიდან 12 თვის ვადაში, ყოველთვიურად 105.18 ლარი.

 

მოცემული დავის ფარგლებში, აპელანტი ამტკიცებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც შემცირდა თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მის მიერ ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია შპს „მ-----ს“ ცნობა, სადაც მითითებულია, რომ რ----- ჯ--------ას შპს „მ-----ში“ 2015 წლის 29 იანვრის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ცნობას ხელს აწერს კლიენტთა მომსახურების ოფიცერი ელისო გორგოძე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და მის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. პალატა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იკვლევს და აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „მ-----ს“ ორი ცნობა. ერთი წარმოდგენილია მოპასუხე რ----- ჯ--------ას მიერ, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 29 იანვრით, რომლითაც ირკვევა, რომ რ----- ჯ--------ას შპს „მ-----ში“ დავალიანება არ გააჩნია, ხოლო მეორე ცნობა წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რომლითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 7 მაისის მდგომარეობით რ----- ჯ--------ას დავალიანებას შეადგენს დარჩენილი ძირი თანხა - 2469 ლარი, დარიცხული პროცენტი - 372,712 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 209,48 ლარი, ჯამში - 3050,6 ლარი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულება. მათი სისწორის შეფასებისას მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება, ერთ-ერთი მტკიცებულების მხედველობაში მიღება.

 

პალატა აღნიშნავს, რომ რ----- ჯ--------ას დავალიანების არსებობა დასტურდება კიდევ ერთი მტკიცებულებით. მოწმე ელენე გორგოძის ჩვენების თანახმად, რომელიც 2015 წლის 29 იანვრის ცნობაზე ხელმომწერი პირია, აღნიშნული ცნობა გაიცა შეცდომით, პროგრამული ხარვეზის გამო და მასში ასახული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ამდენად, მოწმის მიერ დადასტურებული იქნა, რომ რ----- ჯ--------ას 2015 წლის 29 იანვრისთვის შპს „მ-----ში“ დავალიანება ერიცხებოდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მართალია აპელანტი უთითებს მხარეთა შორის გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებაზე, თუმცა საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება. მხარე უთითებს ასევე, რომ ხელშეკრულების ასლი ინახება მოსარჩელესთან, რომელსაც, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ უგზავნის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტს, რადგან, როგორც წესი, ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის ფორმდება, დგება ორ ეგზემპლიარად, რომლებიც რჩება ხელშეკრულების ხელმომწერ პირებთან. ამდენად, ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე ეგზემპლიარი მოსარჩელესთან დარჩა, პალატას საეჭვოდ მიაჩნია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შუამდგომლობა შპს „მ-----დან“ ხელშეკრულების ასლის გამოთხოვის თაობაზე სასამართლოში არ დაუყენებია.

 

აღნიშნულთან დაკავშრებით მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, მას მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა არა 3839 ლარს, არამედ 2170 ლარი (იხ. სხდომის ოქმი). აღნიშნული მოსაზრება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია მის მიერვე სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებაც, რომლის მიხედვითაც აპელანტის ვალდებულება 2014 წლის 20 ნოემბრისათვის შეადგენს 1500 ლარს. მითითებული თანხა არ გამომდინარეობს არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან და არც რაიმე სხვა მტკიცებულებებიდან. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა იმდენი თანხა, რომ მითითებული დროისათვის შეემცირებინა (ფაქტიურად ერთ თვეში) ვალდებულება და გადეხადა ნახევარზე მეტი, მას აღარ ექნებოდა მითითებული თანხის აღების საჭიროება და იგი ლიზინგს გამოიყენებდა უფრო დაბალი თანხის ფარგლებში. აღნიშნული მტკიცებულება კიდევ უფრო საცნაურს ხდის მისი პოზიციის უმართებულობას.

 

ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის თანხა 3830 ლარის ოდენობით, თვეში 4,26 %-ის დარიცხვით, კრედიტის ვადა-2019 წლის 20 ოქტომბრამდე, აქედან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მის მიერ გადახდილი იქნა შპს „მ-----ს“ მიმართ არსებული ვალდებულება, რის გამოც რ----- ჯ--------ას უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3 050,6 ლარის გადახდა.

 

4.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 20 ოქტომბრის ლიზინგის ხელშეკრულების მე-8 პუნქტით გათვალისწინებულია პროცენტის დარიცხვა, რაც განსაზღვრულია 4.26% თვეში. ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, პროცენტების დარიცხვა ხდება წელიწადში 360 დღიანი დაშვებით.

 

ამდენად, მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება მიუღებელი სარგებლის დარიცხვაზე, რომლის ოდენობაც აპელანტის მიერ სადავოდ არაა გამხდარი. რადგანაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რ----- ჯ--------ას დავალიანების არსებობა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის თანხაც, რაც ჯამში შეადგენს 1262 ლარს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 172,52 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ჯ--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი