განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
330210015001104927
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001104927

საქმე №2ბ/6424-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - ვა-–-----------ი

წარმომადგენელი - ნა----------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ხა--------------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ხა--------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, გადაწყვეტილება შეცვალა ბაჟისა და იურიდიული მომსახურების დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით გუ---ის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა თითო ბავშვზე 100 ლარის ოდენობით

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხა--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ვა-–-----------ს (პირადი №0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2012 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული მა-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორასოცი) ლარის გადახდა 2015 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე; მოპასუხე ვა-–-----------ს (პირადი №0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2014 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ან--------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 220 (ორასოცი) ლარის გადახდა 2015 წლის 28 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე; ვა-–------------ს მოსარჩელე ხა--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 (ოთხასი) ლარის გადახდა; ვა-–-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 158.4 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ხა--------------ე და ვა-–-----------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2012 წლის 13 იანვრიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2012 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული მა-----------ი და 2014 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ან--------ა (ტ. І, ს.ფ. 14-16).

 

2.2. მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 3 წელია, მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოსარჩელესთან ერთად. ამჟამად ვა-–-----------ი იმყოფება პორტუგალიაში.

 

2.3. მოსარჩელე ხა--------------ე არ არის დასაქმებული და არ აქვს ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.

 

2.4. მოპასუხე ვა-–-----------ი მუშაობდა შპს „ჯო---------------–------------ში“ - რე----------–----------ში ინჟინერის პოზიციაზე, 2009 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 11 ივლისამდე. შპს ჯო---------------–------------ის სასტუმრო „რე-----------–---------ას“ მთავარი ინჟინრის მიერ 2016 წლის 10 იანვარს გაცემული დახასიათების მიხედვით, ვა-–-----------ი მუშაობდა ელექტროტექნიკოსის თანამდებობაზე. იგი არის ერუდირებული, გააჩნია მრავალმხრივი ცოდნა, ახალი იდეების გენერირებისა და ერთ გუნდში მუშაობის კარგი უნარი(ტ. І, ს.ფ. 92, 237).

 

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, ვა-–-----------ს ხა--------------ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების: 2012 წლის 15 ოქტომბერს, დაბადებული მა-----------ის და 2014 წლის 23 აგვისტოს დაბადებულ ან--------ის, რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად თითოეულის მიმართ 200 -200 (ორას - ორასი), სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან, 2015 წლის 28 სექტემბრიდან, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ვა-–-----------ის მიერ 2017 წლის მაისის ჩათვლით სრულდება განჩინებით დადგენილი განკარგულება და მას არ გააჩნია საალიმენტო დავალიანება.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.6. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ვა-–-----------ი სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არის დასაქმებული და მის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

2.7. ხა--------------ის და ვა-–-----------ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 3 წელია, მათ შორის არის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვა-–-----------ი იმყოფება საზღვარგარეთ. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.8. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2012 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული მა-----------ი და 2014 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ან--------ა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ან--------ა და მა-----------ი ცხოვრობენ დედასთან, ხა--------------ესთან ერთად. მხარეებიდან, მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი, სარჩელის განხილვის დროისათვის არ დგინდება არც ვა-–-----------ის დასაქმების ფაქტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო -სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება . მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი მა-----------ისა და ან--------ას უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლისთანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე ვა-–-----------ის დასაქმებას და შემოსავალს დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მშობლის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ვა-–-----------ი წარმოადგენს პროფესიისა და გამოცდილების მქონე ინჟინერს, ელექტროტექნიკოსს, არის შრომისუნარიანი პირი, აგრეთვე იგი იმყოფება საზღვარგარეთ, პორტუგალიაში, რაც ქმნის იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს ყოველთვიური შემოსავალი. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების მცირეწლოვან ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, იმ ფაქტს, რომ დედა უმუშევარია, არ გააჩნია სამუშაო გამოცდილება. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე ვა-–-----------ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80-80 (ოთხმო-ოთხმოცი) ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამასთან, სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, მ----- და ან--------ებისა, სხვა პირი არ ჰყავს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, მოპასუხის კმაყოფაზე მყოფ პირთა, ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის განისაზღვრა ყოველთვიურად 220-220 (ორას ოც-ორას ოცი) ლარით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულების შესაბამისად სარჩელის აღძვრის დროს (ერთ წელზე მეტი ხნის უკან) ვ. გუ---ს ჰქონდა სამსახური, დასაქმებული იყო სასტუმრო „რე----------–----------ში“ და მისი ხელფასი შეადგენდა 1000 ლარს, თუმცა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების დროს ვ. გუ---ს შეწყვეტილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება, რაც დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი ცნობით. ერთი მხრივ სასამართლომ დაადგინა, რომ ალიმენტის დაკისრების დროს ვ. გუ---ი დასაქმებული აღარ იყო, რადგან ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ამგვარი გარემოება არ იკვეთება, თუმცა სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს თვითდასაქმებულ პირს, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება თითოეულ ბავშვზე გადასახდელად დაკისრებოდა 220-220 ლარი.

 

აპელანტისთვის გაუგებარია კონკრეტულად რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ ვ. გუ---ი იყო თვითდასაქმებული, ან რა არარეგულარული შემოსავალი ჰქონდა. სასამართლოს, ასევე, არ დაუდგენია რამდენი შეიძლება ყოფილიყო ეს შემოსავალი და რამდენად აძლევდა მას საშუალებას ყოველთვიურად 440 ლარის მოცულობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობას. ამის შესახებ არცერთ მხარეს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია და არც რაიმე მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი, შესაბამისად არც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებშია მითითებული. ამდენად, გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ვ. გუ---ს გადაწყვეტილების მიღების დროს არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი, თუმცა იმავე გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ მას შემოსავლები აქვს. ანუ შემაჯამებელ დასკვნაში სასამართლო უთითებს იმგვარ გარემოებებზე, რომელიც დადგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა. ამგვარი დაკვნები ერთმანეთს გამორიცხავს, რის გამოც აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურდიულად დაუსაბუთებელია.

 

ამჟამად ვ. გუ---ის საზღვარგარეთ ყოფნა არ ადასტურებს მისი შემოსავლის არსებობას. ინფორმაცია ამის შესახებ სასამართლოს მოპასუხე მხარემ მიაწოდა, თუმცა იქვე განმარტა თუ რა მიზნებით იმყოფებოდა ეს უკანასკნელი პორტუგალიაში. იგი მიწვეულ იქნა ნათესავის მიერ, რომელიც არის ხანდაზმული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება ზრუნვა. ვ. გუ---ის პორტუგალიაში ვიზიტი არ არის დაკავშირებული ანაზღაურებად საქმიანობასთან.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ვ. გუ---ს არ გააჩნია დავალიანება დროებითი განკაგულების შესრულებისას. მას დაკისრებული ჰქონდა 400 ლარის გადახდა ორივე შვილის სასარგებლოდ. ვ. გუ---ი 2017 წლის ივლისის თვემდე იყო დასაქმებული, მას ჰქონდა რეგულარული შემოსავალი 1000 ლარის მოცულობით, საიდანაც ხდებოდა ალიმენტის გადახდა, შესაბამისად, არ გააჩნია დავალიანება. თუმცა გადაწყვეტილების მიღების დროს იგი უკვე აღარ იყო დასაქმებული, შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი ჰქონდა, და ამ მხრივაც აღნიშნულზე აპელირება საფუძველს მოკლებულია.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ უთითებს, თუმცა არსებობს მოქმედი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც შესაძლებელია ორიენტაცია, თუ რა მოცულობით უნდა იქნას განსაზღვრული ალიმენტის მოცულობა, როდესაც არსებობს ფიქსირებული შემოსავალი და როგორ უნდა იქნას იგი დაკისრებული, როცა ვალდებული პირი უმუშევარია.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს სწორად უნდა დაედგინა საქმეში არსებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, რომ ვ. გუ---ი იყო უმუშევარი, და არ გააჩნდა შემოსავალი ისევე, როგორც ეს მითითებული აქვს ხა--------------ეზე, რომელიც ცხოვრობს სოფელში, სადაც ეწევა მეურნეობას და ამგვარად განესაზღვრა ალიმენტის ოდენობა. დაკისრებული ალიმენტი აშკარად შეუსაბამოა და მის გადახდას ვ. გუ---ი რეალურად ვერ მოახერხებს.

 

მხარეს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტის შემოსავლების შესახებ მსჯელობა სასამართლოს მხრიდან აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მატერიალურ შესაძლებლობას ამ მოცულობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობების შესახებ.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის საკითხი და იგი მთლიანად დააკისრა მოპასუხე ვა-–-----------ს მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი სარჩელის მოსამზადებელი ეტაპიდანვე ალიმენტს ნაწილობრივ ცნობდა. გადაწყვეტილებაშიც მითითებულია, რომ იგი დაეთანხმა 80-80 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე ალიმენტის დაკისრებას, შესაბამისად ბაჟის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ამ პოზიციის შესაბამისად და გუ---ს არ უნდა დაკისრებოდა სახ. ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაბამისად მთლიანი მოცულობით. სსკ-ის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად იგი განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

ასევე, სადაოდ მიიჩნევს აპელანტი ადვოკატის ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილებას, რადგან დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობაა - 5280 ლარი, შესაბამისად, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა განსაზღვრულიყო 211 ლარით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

 

4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მასზე, მის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით ალიმენტის დაკისრება განხორციელდა იმ ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით, რომ ის იყო თვითდასაქმებული.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსი ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია, არამედ იმ მოცემულობების გათვალისწინებით, რომ ვა-–-----------ი წარმოადგენს პროფესიისა და გამოცდილების მქონე ინჟინერს, ელექტროტექნიკოსს, არის შრომისუნარიანი პირი, ამასთან იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ კი პორტუგალიაში, სასამართლომ დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ აპელანტს გააჩნდა თვითდასაქმების და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების უნარი და სწორედ აქედან გამომდინარე განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას, რომ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. ამასთან, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

4.3. სააპელაციო პალატს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა თითოეული მცირეწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ 220 ლარის ოდენობით, პალატის მოსაზრებით, სამართლიანი და გონივრულია იმ საჭიროებების გათვალისწინებით რაც საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მცირეწლოვან ბავშვს გააჩნია. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტი მიუხედავად უმუშევრობისა, ახერხებდა თავისი არასრულწლოვანი შვილებისთვის დროებითი განკარგულებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას 200-200 ლარის ოდენობით და მას განკარგულებით დაკისრებული ალიმენტის დავალიანება არ გააჩნია.

 

4.4. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მოსარჩელის მიერ წარმომადგენილის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა მთლიანობაში 440 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელი წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენს 211.2 ლარს (440*12*4%).

 

4.5. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასთან დაკავშირებით იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე ნაწილობრივ სცნო სარჩელი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე, სადაც ვა-–-----------ი მთლიანად არ ცნობს სარჩელს (ტ. І, ს.ფ. 32-33).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვა-–-----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ვა-–------------ს მოსარჩელე ხა--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 211.2 ლარის ანაზღაურება.

 

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა