განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002128025 (3/ბ-669-2017 წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - მ-----–- ბ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2017 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----–- ბ-----ემ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ფულადი კომპენსაციის გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ადრესატს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა მოსარჩელე მ-----–- ბ-----ის შვილს, ზ------ ბ-----ეს - 2017 წლის 02 ნოემბერს.
2017 წლის 10 ნოემბერს მ-----–- ბ-----ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 07 (შვიდი) გაგრძელება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს სარჩელზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 07 (შვიდი) დღით აღნიშნული განჩინების გადაცემიდან.
განჩინების ასლი ადრესატს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და მ-----–- ბ-----ეზე გადასაცემად ჩაბარდა ოჯახის წევრს, შვილს, ზ------ ბ-----ეს - 2017 წლის 20 ნოემბერს.
2017 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ-----–- ბ-----ემ და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მისი მამამთილის, მ------ ა--–--ის ძე ბ-----ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე ფულადი კომპენსაციის გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.
მ-----–- ბ-----ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი მეუღლის ა------ მ------ის ძე ბ-----ის, რომელიც გარდაიცვალა 1-----2010 წ, პირველი რიგის მემკვიდრეა ის - მ-----–- ბ-----ე და შვილები. მართალია, მის მამამთილს, მ------ ბ-----ეს დარჩა სხვა შვილებიც, მაგრამ მათ უარი თქვენს კომპენსაციის მიღებაზე მის (მ.ბ-----ის) სასარგებლოდ, რაც წარდგენილ იქნა სასამართლოში. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად - სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. 1336-ე მუხლის თანახმად კი კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ზემოაღნიშულ შემთხვევაში კი მისი (მ-----–- ბ-----ის) მეუღლე ისე გარდაიცვალა, რომ მას არ მიუღია კომპენსაცია, როგორც მამის პირველი რიგის მემკვიდრეს. ა------ ბ-----ის გარდაცვალების შემდეგ კი ეს უფლება გადავიდა მ-----–- ბ-----ეზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზე. ამდენად საჩივრის ავტორის განმარტებით მას უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და მისი გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ მ-----–- ბ-----ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
2017 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ-----–- ბ-----ემ, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ფულადი კომპენსაციის გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტება. ხარვეზის გამოსწორების ვადა, ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, გაგრძელდა კიდევ 07 (შვიდი) დღით.
2017 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე მ-----–- ბ-----ემ და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მისი მამათილის მ------ ა--–--ის ძე ბ-----ის პოლიტიკური რეპრესირიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე ფულადი კომპენსაციის გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ-----–- ბ-----ეს სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს. შესაბამისად რეპრესიიდან გამომდინარე ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ თავად იმ პირს ვინც განიცადა რეპრესია ან მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, სხვა პირების კანონი მოთხოვნის უფლებას არ ანიჭებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ფულადი კომპენსაციის გაცემას მისი მეუღლის მამის - მ------ ა--–--ის ძე ბ-----ის რეპრესიის მსხვერპლად აღიარებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლით კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
ამდენად, მოსარჩელე მ-----–- ბ-----ე არ წარმოადგენს რეპრესირებული პირის - მ------ ა--–--ის ძე ბ-----ის პირველი რიგის მემკვიდრეს, ამდენად მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ფულადი კომპენსაციის გაცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2127 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული, რომ თუ სარჩელი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ პირს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა დაუბრუნდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ-----–- ბ-----ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, მ-----–- ბ-----ისათვის სასარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-----–- ბ-----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე