განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
330310016001270809
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001270809

საქმე №3ბ/923-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 სექტემბერი, 2017 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი

აპელანტი - ამ--------------ძე

წარმომადგენელი - ნოდარ დეისაძე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მარიამ კერესელიძე

დავის საგანი - თანხის დაკისრების შესახებ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ამ--------------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 73-78).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უფროსის 2002 წლის 21 ივლისის N72 ბრძანების თანახმად, შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების უბნის ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ამ--------------ძე და ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ლავრენტი კაპანაძე მივლინებულ იქნენ ქ. თბილისში, ფსიქიურად დაავადებულის გადასაყვანად.

 

2.1.2. ჭიათურის პოლიციის პოლკოვნიკის მიერ 2003 წლის 29 ივლისს დამტკიცებულ იქნა N1/1298 აქტი სამსახურში მიღებული უბედური შემხთვევის შესახებ. აქტში აღინიშნა, რომ 2002 წლის 22 ივლისს, ამ--------------ძე ბრუნდებოდა ქ. ჭიათურაში, ქ. თბილისის გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც გადაიყვანა ფსიქიურად დაავადებული მურთაზ იაკობიძე. ქ. გორის შემოსასვლელთან თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზაზე ა/მანქანა, რომლითაც მგზავრობდა, მოყვა ავტოავარიაში. ა/მანქანის მძღოლი დაიღუპა, ხოლო ამ--------------ძემ მიიღო მძიმე დაზიანება.

 

2.1.3. საქართველოს შს სამინისტროს ქარელის შს რაიგანყოფილების უფროსის 2005 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით ამ--------------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად N3805831 სისხლის სამართლის საქმეზე.

 

2.1.4. 2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ გაცემული N2360 დაავადების მოწმობის თანახმად, დადგინდა ამ--------------ძის დიაგნოზი, კერძოდ: ქალა ტვინის დახურული ტრავმის (2002წ.) მყარი ნარჩენი მოვლენები. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხშირი კრიზებით. ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის), ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ამ--------------ძე არ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის.

 

2.1.5. მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის 2003 წლის 2 სექტემბრის N572 ბრძანებით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ამ--------------ძე დაითხოვეს პირადი შემადგენლობიდან, ავადმყოფობის გამო.

 

2.1.6. შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების მიერ 2004 წლის 26 ნოემბერს გაცემული N1/3326 ცნობით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი _ ამ--------------ძე მუშაობდა ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უბნის ინსპექტორად და მისი საშუალო ხელფასი, ბოლო ერთი წლის მანძილზე შეადგენდა 115 (ას თხუთმეტ) ლარს და 64 თეთრს.

 

2.1.7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 2 დეკემბრის N7-3418 წერილის თანახმად, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით: 1) 2002 წლის სექტემბრის 1000 (ათასი) ლარი შეადგენს 2033,02 ლარს; 2)2003 წლის სექტემბრის 1000 (ათასი) ლარი შეადგენს 1933,19 ლარს.

 

2.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 23 სექტემბრის N2104375 წერილით, ამ--------------ძის ინტერესების დამცველს _ ნოდარ დეისაძეს მისსავე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ამ--------------ძეს ჯანმრთელობის დაზიანება მიღებული აქვს 2002 წლის 21 ივლისს, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა 2015 წელს, ე.ი. ჯანმრთელობის დაზიანებიდან მე-13 წელს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილისა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია.

2.1.9. ხაშურის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის N13/22-4241 წერილით ამ--------------ძის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნოდარ დეისაძეს მისსავე მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა გამოძიების შეწყვეტის დადგენილება სისხლის სამართლის N3805831 საქმეზე.

 

2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N027100139 საქმეზე შეწყდა გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ შსს სამინისტროსთვის თანხის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

2.2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების უბნის ინსპექტორი ამ--------------ძე და უმცროსი ინსპექტორი ლავრენტი კაპანაძე ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების მიერ მივლინებულ იქნენ თბილისში, ფსიქიურად დაავადებული პირის გადასაყვანად 2002 წლის 21 ივლისს.

 

ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2002 წლის 22 ივლისს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად ლავრენტი კაპანაძე გარდაიცვალა, ხოლო ამ--------------ძემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ამირან ტაბატაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი 2003 წლის 2 სექტემბერს, დაითხოვეს სამსახურიდან.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 1993 წლის 27 ივლისის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებოს დროს ჯანმრთელობის დაზიანების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ფულადი თანხის კომპენსაციის დაკისრება, მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიუთითა საქართველოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს.

 

,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტით ვერ განხორციელდება სადავო ურთიერთობის დარეგულირება, იგი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. ვინაიდან მოსარჩელე ამ--------------ძე ითხოვს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას, იგი უნდა ეფუძნებოდეს მოცემულ მომენტში მოქმედ კანონმდებლობას. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს არსებულ კანონმდებლობასთან და არა ძალადაკარგულის საფუძველზე იმოქმედოს. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 1993 წლის 27 ივლისის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების შესახებ.

 

2.2.3. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამ--------------ძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 2002 წელს, ხოლო ავადმყოფობის გამო იგი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2003 წელს. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის თანხების გაცემის დაკისრება.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2016 წელს, რაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადის დარღვევაზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ--------------ძის მოთხოვნა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანების საფუძველზე თანხის გაცემის თაობაზე, წარმოადგენს ხანდაზმულს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიაჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემობები, შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიჩნია, რომ არასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ 2013 წლის 4 ოქტომბრის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონი და უსაუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად დაკმაყოფილება, რადგან ავტოავარია მოხდა 2013 წლის 4 ოქტომბრის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

 

ასევე არასწორია სასამართლოს მითითება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან 2014 წლის 22 ოქტომბრის სისხლის სამართლის N027100139 საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2005 წლის მაისში, ამ--------------ძე დაზარალებულად იქნა ცნობილი 2005 წლის 2 ნოემბერს, ხოლო გამოძიების შეწყვეტის დადგენილება ჩაბარდა 2016 წლის 25 იანვარს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის სსკ-ის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ამ--------------ძემ და მოითხოვა:

 

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ამ--------------ძის სასარგებლოდ 17 597 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ს.ფ. 1-16).

 

4.1.2. პალატას საქმის მასალებით დადგენილას მიაჩნია, რომ ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უფროსის 2002 წლის 21 ივლისის N72 ბრძანების თანახმად, შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების უბნის ინსპექტორი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი _ ამ--------------ძე და ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ლავრენტი კაპანაძე მივლინებულ იქნენ ქ. თბილისში, ფსიქიურად დაავადებულის გადასაყვანად (ტ-1; ს.ფ. 17).

 

4.1.3. ჭიათურის პოლიციის პოლკოვნიკის მიერ 2003 წლის 29 ივლისს დამტკიცებულ იქნა N1/1298 აქტი სამსახურში მიღებული უბედური შემხთვევის შესახებ. აქტში აღინიშნა, რომ 2002 წლის 22 ივლისს ამ--------------ძე ბრუნდებოდა ქ. ჭიათურაში ქ. თბილისის გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც გადაიყვანა ფსიქიურად დაავადებული მურთაზ იაკობიძე. ქ. გორის შემოსასვლელთან თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზაზე ა/მანქანა, რომლითაც მგზავრობდა, მოყვა ავტო ავარიაში. ა/მანქანის მძღოლი დაიღუპა, ხოლო ამ--------------ძემ მიიღო მძიმე დაზიანება (ტ-1; ს.ფ. 21).

 

4.1.4. საქართველოს შს სამინისტროს ქარელის შს რაიგანყოფილების უფროსის 2005 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით ამ--------------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად N3805831 სისხლის სამართლის საქმეზე (ტ-1; ს.ფ. 18).

 

4.1.5. 2003 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შსს სს კომისიის მიერ გაცემული N2360 დაავადების მოწმობის თანახმად, დადგინდა ამ--------------ძის დიაგნოზი, კერძოდ: ქალა ტვინის დახურული ტრავმის (2002წ.) მყარი ნარჩენი მოვლენები. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, ხშირი კრიზებით. ანგიოპათია (ტრავმული წარმოშობის), ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ ამ--------------ძე არ იყო ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის (ტ-1; ს.ფ. 22).

 

4.1.6. მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკის 2003 წლის 2 სექტემბრის N572 ბრძანებით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ამ--------------ძე დათხოვნილ იქნა პირადი შემადგენლობისადმი, ავადმყოფობის გამო (ტ-1; ს.ფ. 24).

 

4.1.7. შს ჭიათურის საქალაქო განყოფილების მიერ 2004 წლის 26 ნოემბერს გაცემული N1/3326 ცნობის თანახმად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ამირან ტაბატაძე მუშაობდა ჭიათურის შს საქალაქო განყოფილების უბნის ინსექტორად და მისი საშუალო ხელფასი ბოლო ერთი წლის მანძილზე შეადგენდა 115 (ას თხუთმეტ) ლარს და 64 თეთრს (ტ-1; ს.ფ. 27).

 

4.1.8. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 2 დეკემბრის N7-3418 წერილის თანახმად, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით: 1) 2002 წლის სექტემბრის 1000 (ათასი) ლარი შეადგენს 2033,02 ლარს; 2) 2003 წლის სექტემბრის 1000 (ათასი) ლარი შეადგენს 1933,19 ლარს (ტ-1; ს.ფ. 28).

 

4.1.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2015 წლის 23 სექტემბრის N2104375 წერილით ამ--------------ძის ინტერესების დამცველს ნოდარ დეისაძეს მისსავე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ამ--------------ძეს ჯანმრთელობის დაზიანება მიღებული აქვს 2002 წლის 21 ივლისს, ხოლო სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა 2015 წელს, ე.ი. ჯანმრთელობის დაზიანებიდან მე-13 წელს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის და 128-ე მუხლის მე-3 ნაწილისა მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია (ტ-1; ს.ფ. 29).

 

4.1.10. ხაშურის რაიონული პროკურატურის 2016 წლის 25 იანვრის N13/22-4241 წერილით ამ--------------ძის ინტერესების დამცველ ადვოკატს ნოდარ დეისაძეს მისსავე მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა გამოძიების შეწყვეტის დადგენილება სისხლის სამართლის N3805831 საქმეზე.

 

2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N027100139 საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (ტ-1; ს.ფ. 30; ს.ფ. 31-33).

4.1.11. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილით, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით, 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით:

2002 წლის სექტმბრის 1000 ლარი შეადგენს 2033,02 ლარს;

2003 წლის სექტემბრის 1000 ლარი შეადგენს 1 933,19 ლარს (ს.ფ. 28).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

ამ--------------ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ამ--------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ--------------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 550 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიების დადგენა მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო; ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ ამა თუ იმ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განსაზღვრისას; ეს პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მიზნისა და პრინციპების უგულვებელყოფით ეთქვა მოსარჩელეს უარი სახელმწიფო კომპენსაციაზე, რაც ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუცის 21-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებულ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს გააჩნია სახელმწიფო კომპენსაციის მოთხოვნის მატარიალურ-სამართლებრივი საფუძველი; კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის მოთხოვნის უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ,„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით, კანონი ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლისათვის, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალოების შესრულების დროს, სხეულის დაზიანების, სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას იწვევს მხოლოდ ის გარემოება ექცევა თუ არა კონკრეტული დავა “პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პირობებში, როდესაც სადაო არ არის მოსარჩელის სხეულის დაზიანება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს;

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი.

მოსარჩელე მიუთითებს სხეულის დაზიანების პერიოდისათვის მოქმედი კანონის რედაქციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით.

დადგენილია, რომ ამ--------------ძემ, სხეულის დაზიანება, რომელიც შეფასებულია ნაკლებად მძიმედ, მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ნიშანდობლივია, რომ სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სწორედ რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი შემთხვევის შედეგად გაუარესდა (ს.ფ. 24).

საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია შეფასდეს, დაარღვია თუ არა ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელემ. იმ პირობებში, როცა საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 31), პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ეს ვადა არ გაუშვია.

რაც შეეხება იმ საკითხს, უნდა გავრცელდეს თუ არა, დაზიანების მიყენების დროისათვის მოქმედი კანონის რედაქცია კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტის მოწინააღდეგე მხარემაც დაადასტურა, რომ არა სარჩელის ხანდაზმულობა, სასამართლოს უნდა გაევრცელებინა სწორედ ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა პოლიციის თანამშრომლისათვის, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემას, ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით (იხ სხდომის ოქმი _ 15:32:14 სთ).

პალატა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31ე მუხლით, კომპენსაციის ოდენობა განსაზღვროს სამ წლამდე მისაღები ხელფასის ოდენობით, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 2 დეკემბრის წერილით, საბოლოოდ _ 5550 ლარის ოდენობით.

6. სასამართლო ხარჯები:

6.1. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლითა და მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ამ--------------ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ამ--------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ--------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 5 550 ლარის ანაზღაურება;

 

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე