განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 611210017001810675
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/6843-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - ჯ------- ა-–----
წარმომადგენელი - ო---- მ-----------–----
მოწინააღმდეგე მხარე - ფ--- ა-–----
წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–-
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ფ--- ა-–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა და შეწყდა მოსარჩელე - ფ--- ა-–---ს (დაბ. 1----–-–------------, პ/ნ: 2-----------) და მოპასუხე - ჯ------- ა-–----ს (დაბ. 1----–-–--------------, პ/ნ: 2----------) შორის 2015 წლის 5 ოქტომბერს, №3---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. მოსარჩელე - ფ--- ა-–---- და მოპასუხე ჯ------- ა-–---- 2015 წლის 5 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა;
2.1.2. ქორწინების განმავლობაში მხარეებს არ შეძენიათ შვილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
2.1.3. მხარეების თანაცხოვრება გაგრძელდა 2016 წლის დეკემბრამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. სასამართლომ მიუთითა, რომ დასადგენ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, შესაძლებელია თუ არა მხარეებს შორის არსებული ქორწინების გაგრძელება.
უდაოდ დადგენილი ფაქტია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. სასამართლომ განმარტა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ერთ ოჯახად ცხოვრება წარმოადგენს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარის ნებათა შერწყმის პროცესს. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე, ხოლო თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოცემულ შემთხვევაში მხარეები თითქმის ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე კატეგორიულად გამორიცხავს მოპასუხესთან ქორწინების გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ მხარეებს სასამართლოს მიერ განესაზღვრათ შესარიგებლად 6 თვიანი ვადა, მაგრამ აღნიშნულ ვადაში მხარეები ვერ შერიგდნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეების შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლო განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შეწყვეტილი აქვთ ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა. მხარეები სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შერიგდნენ, ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განქორწინება წარმოდგენს შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ სწორ გამოსავალს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მხარეებს დაუნიშნა შესარიგებელი ვადა, ჯ------- ა-–----ს არ სურს ფ--- ა-–---თან განქორწინება. ჯ------- ა-–----ს იმედი აქვს, რომ ფ--- ა-–---- მას შეურიგდება და ისინი კვლავ ერთად იქნებიან და ოჯახი აღდგება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დასაბუთებლობის შესახებ. შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს მათზე.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
4.1.2. აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ არ სურს მოწინააღმდეგე მხარესთან განქორწინება და იმედი აქვს მათი ოჯახის აღდგენის. ამასთან, აპელანტი სადაოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს.
წინამდებარე სააპელაციო საჩივართან მიმართებაში სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ქორწინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს და კანონით დადგენილ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მისი ნებაყოფლობითი ხასიათი, შესაბამისად დაუშვებელია აღნიშნული კავშირის რომელიმე მხარის, მისი ნების საწინააღმდეგოდ ქორწინებაში დატოვება. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სსკ-ის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად და განქორწინებას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა (სსკ-ის 1127-ე მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტობრივი გარემოებები, რომ ფ--- ა-–---- და ჯ------- ა-–---- 2015 წლის 5 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, მათ ქორწინების განმავლობაში არ შეძენიათ შვილი და რომ 2016 წლის დეკემბრიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის შესარიგებლად მიცემული ექვსთვიანი ვადა უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები მხარეთა შესარიგებლად, ამასთან პალატა ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო შესაგებელსა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას ქორწინების შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მართებულად იქნა დადგენილი, რომ მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რის შედეგადაც მიღებულ იქნა მართებული გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი, გადახდილ იქნა წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ------- ა-–----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ვანო წიკლაური /