განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017001948193
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1079 26 იანვარი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე/შეგებებული მოსარჩელე): თ----–- წ------–---–ი
წარმომადგენელი: დ----- ბ------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე/მოპასუხე): ვ-–-------- მ-------–---–ი
წარმომადგენლები: გ------- ო----–--ე და მ---- ჩ-------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის ვ-–-------- მ-------–---–ის განმარტებით, 2015 წლის 25 ივლისს იქორწინა თ----–- წ------–---–ზე, ქორწინების პერიოდში შეაძინათ ერთი შვილი ე---–ი მ-------–---–ი. გარკვეული მიზეზების გამო მათ შორის ქორწინება ფაქტიურად შეწყვეტილია, რასაც სადაოდ არ ხდის მეორე მხარე. დღეის მდგომარეობით მხარეთა შორის დავის საგანია, მხოლოდ ბავშვთან ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხები, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას, როგორც მამას არ ეძლევა საშუალება ნახოს თავისი შვილი და განახორციელოს მასზე მზრუნველობა. მოპასუხე, ბავშვის დედა მუშაობს ექთნად შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–---------------------------------–------ში, ყოველ მეოთხე დღეს არის მორიგე, შესაბამისად ბავშვი 24 საათის განმავლობაში მამასთან იყო, ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, თავად უზრუნველყოფდა მის გამოკვებას და მოვლას. თუმცა ბოლო პერიოდში მოპასუხე არ აძლევს საშუალებას ნახოს თავისი შვილი. მას ასევე შეზღუდული აქვს ბავშვის სახლში წაყვანაც.
2. აღნიშნულ გარემოებათა გამო ვ-–-------- მ-------–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ----–- წ------–---–ის მიმართ და მოითხოვა განქორწინება და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.
3. მოპასუხე თ----–- წ------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, და განმარტა, რომ თანახმაა გაქორწინებაზე. ასევე თანახმაა მამამ ნახო ბავშვი და წაიყვანოს, მხოლოდ ღამისთევის გარეშე.
4. თავის მხრივ თ----–- მ-------–---–მა შეგებებული სარჩელი აღძრა ვ-–-------- მ-------–---–ის წინააღმდეგ და მოითხოვა მასზე ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5. შეგებებული მოსარჩელის თ----–- მ-------–---–ის განმარტებით, იგი ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და შეეძინათ ერთი შვილი ე---–ი მ-------–---–ი. თავიდან ქონდათ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ხასიათის შეუთავსებლობის გამო დაიწყო უკმაყოფილება და კონფლიქტი. უკვე 3 თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხის მხრიდან ადგილი ქონდა მის შეურაცხყოფას. რომლის ატანაც მისთვის შეუძლებელი იყო. მოპასუხე არ ნახულობს შვილს, არ ზრუნავს მასზე. ბავშვი არის 11 თვის და მისი აღზრდისათვის ბევრი რამ არის საჭირო. თ----–- წ------–---–ი მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–---------------------------------–------ში, მორიგე ექთნის თანამდებობაზე და მისი ხელფასი საკმარისი არ არის არჩინოს ბავშვი, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა. ბავშვის გაზრდაში ეხმარება დედა, რომელიც იძულებულია სახლში დარჩეს და მიხედოს ე---–ის, რადგან ის და მისი შვილი მასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. შესაბამისად თავისი ხელფასი საკმარისი არაა არც ოჯახის რჩენისათვის და არც ბავშვის აღზრდისათვის. ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არჩინოს შვილი და იზრუნონ მის განვითარებაზე. რაც არ სრულდება მამის მხრიდან, არ უწევს მატერიალურ დახმარებას. მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ, იგი ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 400 ლარის ოდენობით მოპასუხეზე არასრულწლოვანი ე---–ი მ-------–---–ის რჩენისათვის მის სრუწლოვანებამდე. მართალია ცნობა არ აქვს მოპასუხის ხელფასის ოდენობის შესახებ, მაგრამ დანამდვილებით იცის, რომ მოპასუხის ხელფასი 1100 ლარია. მოპასუხე არის შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ის თანამშრომელი. შეგებებულმა მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლები მიუთითა.
6. მოპასუხემ ვ-–-------- მ-------–---–მა შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ რაც თ----–- წ------–---–მა მიუთითა ეს ყველაფერი სიცრუეა, იგი ყოველთვის ზრუნავდა შვილზე, კითხულობდა ბავშვის მდგომარეობას. მან რამოდენიმეჯერ მატერიალური დახმარებაც შეთავაზა ყოფილ მეუღლეს, მაგრამ მოსარჩელემ უპასუხა, რომ მისგან არაფერი არ ჭირდებოდა. მოსარჩელე მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია, ხან ატანს ბავშვს ხან კი არა, მარტო საკვები და წამლის მიწოდება არაა საკმარისი ბავშვის აღზრდისთვის, ბავშვი უნდა იზრდებოდეს ისეთ გარემოში რომ იგი საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს ნათესავებთან ურთიერთობა, რასაც მოკლებული იქნება დედასთან. რაც შეეხება ალიმენტს იგი წინააღმდეგი არაა გადაიხადოს ალიმენტი, მაგრამ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ 5 წლის განმავლობაში გადასახდელი აქვს ბანკში სესხი თვეში 250 ლარი. გარდა ამისა იხდის კომუნალურ გადასახადებს 100-120 ლარის ფარგლებში. ასევე ყავს ასაკოვანი 76 წლის დედა, რომელსაც რეგულარულად ჭირდება მკურნალობა. მოპასუხის განმარტებით ბავშვს მამასთან არც განათლება-აღზრდა, კვება და სითბო არ მოაკლდება. ვ-–-------- მ-------–---–ი მიიჩნევს, რომ 400 ლარის დაკისრება ალიმენტის სახით არაგონივრული იქნება. სასამართლომ მას უნდა დააკისროს ალიმენტი იმ ოდენობით რისი გადახდასაც იგი შეძლებს.
7. საბოლოოდზ სასამართლოს სხდომაზე ვ-–-------- მ-------–---–მა შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ მისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
8. ვ-–-------- მ-------–---–ის სარჩელზე - განქორწინებასთან და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით მხარეები 05.09.17წ. მორიგდნენ. (იხ. განჩინება ს.ფ. 180-დან).
9. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 1. თ----–- წ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ვ-–-------- მ-------–---–ს თ----–- წ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ის რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 200 ლარის ოდენობით, 2017 წლის 23 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. 2. მოპასუხე ვ-–-------- მ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 18 ლარის გადახდა.
10. სასამართლომ დადგენილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1-3.2.5.- პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები და მიუთითა შემდეგი:
11. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თ----–- წ------–---–ი არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში.
12. მოსარჩელე თ----–- წ------–---–ი მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–------------------------------ ცენტრში ქირურგიული დეპარტამენტის მორიგე ექთნის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 350 ლარს. მოსარჩელის დედა უმუშევარი, თუმცა შრომისუნარიანია.
13. მოპასუხე მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–---------------------------------–------ში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, მისი ხელფასი შეადგენს 1100 ლარს, იგი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც არის პენსიონერი.
14. თანაცხოვრების პერიოდში ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–ს შეეძინათ შვილი - 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ი.
15. დადგენილია, რომ ე---–ი მ-------–---–ი დაბადებიდან იმყოფება ხელოვნურ კვებაზე.
16. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–ს 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება სს „თ--------------“, სესხის ოდენობა შეადგენს 10000 ლარს, გადახდის ვადა 2022 წლის 15 აპრილამდე. ყოველთვიური შენატანის მინიმალური ოდენობაა 239.58 ლარი, მაქსიმალური - 245.42 ლარი.
17. დადგენილ ფაქტებს მისცა რა სამართლებრივი შეფასება, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
18. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
19. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
20. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
21. სასამართლომ მიუთითა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები), რომელიც საშუალო მომხმარებლისათვის 2017 წლის ივლისის თვისათვის შეადგენდა 154.4 ლარს და განმარტავს, რომ მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლების შემოსავლის ოდენობასთან.
22. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ასევე მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.
23. შეგებებულმა მოსარჩელემ თ----–- წ------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. (400 ლარით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა).
24. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა (შეგებებულმა მოსარჩელემ) მიუთითა:
25. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
26. მოდავე მხარეთა შორის ქორწინება (თანაცხოვრება) ფაქტობრივად შეწყდა 2016 წლის სექტემბრის თვეში, საბოლოოდ თ----–- წ------–---–ი შვილთან ერთად მეუღლის სახლიდან საბოლოოდ წამოვიდა 2017 წლის 10 აპრილს;
27. ვ-–-------- მ-------–---–სა და ს.ს. თიბისი ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 27/04/2017 წელს;
28. ვ-–-------- მ-------–---–ს აღებული სასეხსო თანხა ოჯახისთვის არ აუღია და შესაბამისად არც გამოუყენებია, პირიქით მას ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიზანი ქორწინება შეეწყვეტა, საამისოდ მან შეგნებულად წინასწარი მიზნის მისაღწევად და სასამართლოში სათავისო არგუმენაციის წარმოსადგენად გაასხვისა (გააჩუქა) უძრავი ქონება - შესაბამისად სასამართლოს წარუდგინა ინფორმაცია რეესტრიდან უძრავი ქონების არ ქონის შესახებ, ასევე გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება და წარმოუდგინა სასამართლოს სასესხო ვალდებულების ინფორმაცია, ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა და გამიზნულმა ქმედებამ მისთვის შესაბამისი შედეგი გამოიღო.
29. აპელანტს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელობის მინიჭებისა და დადგენის შემთხვევაში სასამართლო სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.
30. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილებაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ ყურადღება გაამახვილა და გამოიყენა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საშუალოდ მომხმარებლისათვის (ერთი პირის) სამომხმარებლო კალათას შეადგენს 154,40 ლარი, ამ შემთხვევაში სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ბავშვის ინერესები და მოთხოვნილებები, საქმე ეხება მცირეწლოვან 11 თვის ბავშვს და არა ზრდასრულ სრულწლოვან ადამიანს რომლის მოთხოვნილებას შეიძლება შეძლების და მიხედვით შეიზღუდოს, შემცირდეს ან შეიცვალოს სხვა პროდუქტითა და ღირებულებით, მოცემულ შემთხვევაში 11 თვის მცირეწლოვნის ასაკის კვების რეჟიმი და მასთან დაკავშირებული ხარჯები ვერ დარეგულირდება სტატისტიკის მონაცემებით.
31. მართალია სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1214 მუხლს, რომლის მიხედვითაც ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას", მაგრამ სასამართლომ მიუხედავად მამის (მშობლის) 1100 ლარიანი ხელფასისა მხოლოდ 200 ლარი დააკისრა მშობელს ალიმენტის სახით, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
32. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა თ----–- წ------–---–მა მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვ-–-------- მ-------–---–მა თავის შესაგებელს.
33. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:
34. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და თვლის, რომ თ----–- წ------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თ----–- წ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა დაეკისროს ვ-–-------- მ-------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 300 ლარი, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე შემდეგი გარემოებების გამო:
35. დადგენილია, რომ აპელანტი ითხოვს მოპასუხეზე ალიმენტის სახით მისი ხელფასიდან გამომდინარე 400 ლარის დაკისრებას ყოველთვიურად, ხოლო მოპასუხე უარყოფს და აცხადებს, რომ 400 ლარი არაგონივრულია. იმის გათვალისწინებით რომ ბანკიდან აქვს აღებული სესხი, იხდის ყოველთვიურ პროცენტს, ყავს მოხუცი დედა რომელიც საჭიროებს მკურნალობას, იხდის კომუნალურ გადასახადებს.
36. დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თ----–- წ------–---–ი არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში.
37. მოსარჩელე თ----–- წ------–---–ი მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–------------------------------ ცენტრში ქირურგიული დეპარტამენტის მორიგე ექთნის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს 350 ლარს. მოსარჩელის დედა უმუშევარი, თუმცა შრომისუნარიანია.
38. მოპასუხე მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–---------------------------------–------ში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე, მისი ხელფასი პიველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეადგენდა 1100 ლარს, მოპასუხე ცხოვრობს პენსიონერ დედასთან ერთად. (იხ. ხელფასის ცნობა ს.ფ. 60-ზე).
39. თანაცხოვრების პერიოდში ვ-–-------- მ-------–---–ს და თ----–- წ------–---–ს შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ი.
40. დადგენილია, რომ ე---–ი მ-------–---–ი დაბადებიდან იმყოფება ხელოვნურ კვებაზე.
41. დადგენილია, რომ ვ-–-------- მ-------–---–ს 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება სს „თ--------------“ სესხის ოდენობა შეადგენს 10000 ლარს, გადახდის ბოლო ვადა 2022 წლის 15 აპრილი. ყოველთვიური შენატანი თანხის მინიმალური ოდენობაა 239.58 ლარი, მაქსიმალური - 245.42 ლარი.
42. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტმიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც, ამასთანავე, მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
43. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების დროს მოპასუხის ვ-–-------- მ-------–---–ის მატერიალური მდგომარეობა იყო სხვაგვარი. სახელდობრ, მისიხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 1100 ლარს;
44. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, ანუ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროისათვის ვ-–-------- მ-------–---–ის მატერიალური მდგომარეობა შეცვლილია უკეთესობისკენ. (იხ. ცნობა ს.ფ. ) სახელდობრ: შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–------------------------------ ცენტრიდან გაცემული 2017 წლის 8 დეკემბრის №---- ცნობით უდავოდ დგინდება, რომ ვ-–-------- მ-------–---–ი ნამდვილად მუშაობს შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მ-------–-----ი და ი-----–------------------------------ ცენტრში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1200 ლარს.
45. ამავე ცნობით დგინდება, რომ ვ-–-------- მ-------–---–ი ამავე ცენტრში შეთავსებით ასრულებს საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა, -პროგრამის აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობისა და მოვლის პროექტის ფარგლებში მონაცემთა ბაზის სპეციალისტის მოვალეობას, სადაც მისი ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურებაა 300 ლარი.
46. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიცვალა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, მოპასუხეს შემოსავალი გაეზარდა და მისი ხელზე ასაღები თანხა გახდა 1 500 ლარი.
47. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვ-–-------- მ-------–---–ი იხდის სესხზე პროცენტს, ყავს მოხუცი დედა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, იხდის კომუნალურ გადასახადებს, ასევე სასამართლომ მორიგება დაამტკიცა მხარეთა დავაზე ნაწილში რომლითაც მამას, ვ-–-------- მ-------–---–ს მიეცა ბავშვის ნახვის უფლება/დარჩენით, რაც ცხადია ხარჯებთანაა დაკავშირებული პალატა სამართლიანად მიიჩნევს, რომ სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 23 ივნისიდან (ს.ფ. 36-დან იხ. შეგებ. სარჩელი) 2017 წლის დეკემბრამდე ანუ ვ-–-------- მ------–---–ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლამდე, გაუმჯობესებამდე მას გადასახდელად დაეკისროს 200 ლარი ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის დეკემბერში ვ-–-------- მ-------–---–ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ამ პერიოდიდან მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 100 ლარით და 2018 წლის იანვრიდან მას ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 300 ლარი ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თ----–- წ------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თ----–- წ------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს უნდა დაეკისროს ვ-–-------- მ-------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 300 ლარი, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
49. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
50. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
51. პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
52. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
53. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
54. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტმიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც, ამასთანავე, მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად
55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
56. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
57. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ ნაწილში უნდა შეიცვალოს, კერძოდ ვ-–-------- მ-------–---–ს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 300 ლარი, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
58. აპელანტი/შეგებებული მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სსსკ 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
59. საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
60. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
61. შეგებებულმა მოსარჩელემ/აპელანტმა დავა მოიგო ნაწილობრივ. იგი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად ორივე ინსტანციის სასამართლოსათვის (3% 1-ელ ინსტ. და 4%-ი მეორე ინსტ. =სულ 7%) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (სსსკ 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად 300X12=3600 ლარის 7%=252 ლარს) ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 252 ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს ვ-–-------- მ-------–---–მა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----–- წ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ----–- წ------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს ვ-–-------- მ-------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ე---–ი მ-------–---–ის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი 2017 წლის 23 ივნისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 300 ლარი, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
5. დაეკისროს ვ-–-------- მ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 252 ლარი, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახაზინო კოდი: 300 183 150.
6. აპელანტი თ----–- წ------–---–ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: თამარ სვანიძე