განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
330100117001912899
ინსტანცია
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001912899 -1ბ/74-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

5 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----–--------ე (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 198- წლის 2- ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: თ---–---------------–---------------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–-----------------------------------;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.

 

ადვოკატი: მ--–--------–------–---–ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დ----------------–---–მა და ითხოვა ი-----–--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–--------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

ი-----–--------ემ გამოძიებით დაუდგენელ ადგილზე უკანონოდ შეიძინა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ასევე უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,2695 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

 

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

სასამართლომ დაადგინა :

 

ი-----–---------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,2695 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა:

 

ი-----–--------ემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში თავი დამნაშავედ სცნო. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. 2017 წლის 5 აპრილს ჩამოფრინდა ევროპიდან. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, საპირფარეშოში მას გადასცეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც შეინახა თანნაქონ ხელჩანთაში. ქუჩაში გასასვლელ კართან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თანნაქონი ხელჩანთიდან ამოუღეს საპირფარეშოში შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი-----–--------ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა რამდენიმე სახეობის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი.

 

გარდა აღნიშნულისა, ი-----–--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების ა-–---------------ის და ლ-–---------–-----ის დაკითხვის ოქმებით, ი-----–---------ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის №755/სქ-№859/ქრ დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების №7021011 დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა

 

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების - მოწმეების ა-–---------------ის და ლ-–---------–-----ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდნენ შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში, სადაც შეამჩნიეს ი-----–--------ე, რომელმაც აიღო სამგზავრო ხელჩანთა და სწორედ ამ დროს მოფრენის დარბაზშივე, სანამ ცენტრალურ გასასვლელამდე მივიდოდა ა-–--------------ემ და ლ-–---------–-----მა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ი-----–--------ის მარჯვენა ხელში არსებული სამგზავრო ხელჩანთიდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება.

 

ი-----–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს, ი-----–--------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მარჯვენა ხელში არსებული სამგზავრო ხელჩანთიდან ამოღებული იქნა ორი ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო 29 (ოცდაცხრა) თეთრი ფერის ოვალური აბი, აბის 11 (თერთმეტი) ნატეხი და ფხვნილისებრი მასა.

 

ქიმიური ექსპერტიზის №755/სქ-№859/ქრ დასკვნის თანახმად, ი-----–----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება საერთო წონით - 13,4789 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,2695 გრამის ოდენობით

 

საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელის ო-–------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მან და მისმა თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ი-----–--------ე და მისი მეუღლე თ----------–--–---–ი. ო-–------------–--ე უშუალო მონაწილეობას იღებდა თ----------–--–---–ის პირად ჩხრეკაში. მოწმის განმარტებით, იგი აკვირდებოდა ი-----–--------ეს და მის მეუღლეს საპასპორტო კონტროლის გავლიდან ჩხრეკის ჩატარებამდე. მათი შეჩერება და შემდგომ პირადი ჩხრეკის ჩატარება მოხდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა და მისმა მეუღლემ აიღეს ბარგი. მოწმემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვერ მოახდინა იდენტიფიცირება ჩანთისა, საიდანაც ამოღებულ იქნა ი-----–--------ის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ჩანთა კი თავის მხრივ გამოძიების ეტაპზე ამოღებული არ ყოფილა.

 

ბრალდებულმა ი-----–--------ემ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში თავი დამნაშავედ არ სცნო და განაცხადა, რომ მეუღლესთან თ----------–--–---–თან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთში, სატრანზიტო გადაჯდომისას ფრენის მოლოდინის დროს მიუნხენის აეროპორტში შეხვდა თავის ძველ ნაცნობს. 2017 წლის 5 აპრილს თბილისში ჩამოფრენის დროს, ი-----–--------ის ჩვენებით მან აეროპორტის მოფრენის დაბრაზში შენიშნა ის მამაკაცი, რომელსაც გერმანიის აეროპორტში შეხვდა. აღნიშნულმა მამაკაცმა უკვე კონტროლის გავლის შემდგომ ბარგის მოლოდინის დროს, მოფრენის დარბაზში საპირფარეშოსთან გაჩერების შემდგომ შესთავაზა ერთგვარი გარიგება, რაც მდგომარეობდა შემდეგში: ი-----–--------ე უნდა დახმარებოდა ნარკოტიკული საშუალების აეროპორტიდან ტაქსის გაჩერებამდე მიტანაში, სანაცვლოდ საჩუქრად მიიღებდა 4-5 აბ სუბოტექსს. ი-----–--------ე შეთავაზებას დაეთანხმა მისი ნარკოტამოკიდებულებიდან გამომდინარე. გარიგების შესაბამისად აეროპორტის საპირფარეშოში მას გადასცეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც პარკში იყო შეფუთული. ბრალდებულის ჩვენებით, ნარკოტიკები მან მოათავსა თანნაქონ ხელჩანთაში. ამის შემდეგ მოფრენის დარბაზში, მეუღლესთან ერთად აიღო ბარგი. აეროპორტის გასასვლელთან იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ბრალდებულის ჩვენებით მას ორი ჩანთა ჰქონდა, ერთი ხელჩანთა, რომელშიც მოათავსა თბილისის აეროპორტის საპირფარეშოში შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და ასევე სამგზავრო ბარგი, რომელიც მოფრენის დარბაზში აიღო. პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკი სწორედ ხელჩანთიდან ამოუღეს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრიდან 2017 წლის 11 აპრილს მიღებული ინფორმაციით დასტურდება ის ფაქტი, რომ ი-----–--------ემ 2017 წლის 5 აპრილს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა თბილისის აეროპორტის გავლით 3 საათსა და 59 წუთზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას მსჯავრდებულ ი-----–--------ის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ, ერთამნეთთან შეთანხმებულ და ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებატა ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა;

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას ი-----–--------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში და აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ნარკოტიკული საშაუალება ი-----–--------ისაგან ამოღებული იქნა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში პირადი ჩხრეკისას, მაშინ როდესაც იგი უშუალოდ საზღვრის გადმოკვეთისთანავე არაა დაკავებული, ამასთან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ საპასპორტო კონტროლიდან პირად ჩხრეკამდე ბრალდებული იმყოფებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა უწყვეტი თვალთახედვის არეში, კერძოდ ისინი ი-----–--------ის მიერ სამგზავრო ხელჩანთის აღებამდე უწყვეტად ხედავდნენ თუ არა მას, ამასთან არ არის იდენტიფიცირებული ნარკოტიკული საშუალება რომელი ხელჩანთიდან ამოიღეს, ხელჩანთიდან რომელიც ი-----–--------ეს თან ჰქონდა (რასაც ი-----–--------ის გარდა ადასტურებს ასევე გამომძიებელი ო-–------------–--ე) მგზავრობის პერიოდში, თუ მოფრენის დარბაზში მის მიერ აღებული ჩანთიდან, არ ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას პირის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით მსჯავრდებისათვის.

 

ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ გამომძიებელ ო-–------------–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად ი-----–--------ე კონტროლის გავლიდან ბარგის აღებამდე (გაჩხრეკამდე) იმყოფებოდა უწყვეტი კონტროლის ქვეშ, მოწმემ ასევე მიუთითა, რომ საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ ი-----–--------ე წავიდა მოფრენის დარბაზში ბარგის ასაღებად, მანვე მიუთითა, რომ საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ ი-----–--------ის ჩამოსვლას მოფრენის დარბაზამდე წუთიც არ დასჭირდა წამები დასჭირდა, ხოლო ბარგსაც წამები ელოდებოდა და აიღო თუ არა ბარგი მოხდა მის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩატარება. გარდა იმისა, რომ უწყვეტი კონტროლის განხორციელების ფაქტი არ დასტურდება ი-----–--------ის პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ა-–--------------ის და ლ-–---------–-----ის გამოკითხვის ოქმებით, პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების თანახმად მსჯავრდებულის საპასპორტო კონტროლის გავლიდან 2017 წლის 05 აპრილი 03:59 საათი, პირადი ჩხრეკის დაწყებამდე 2017 წლის 05 აპრილი 04:15 საათი გასულია მინიმუმ 15 წუთი. ამდენად გამომძიებელ ო-–------------–--ის ჩვენება უწყვეტ თვალთვალთან დაკავშირებით არადამაჯერებელია.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ი-----–--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი-----–--------ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 8--ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ი-----–--------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სასჯელის ნაწილში სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიები საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–--------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ი-----–--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით;

 

ი-----–--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები განადგიურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/

 

მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/

 

/ვ. ლომიძე/