განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054652
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054652

საქმე №1/ა.გ.210-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--------–--–--------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით გ--------–--–--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ--------–--–--------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

2018 წლის 28 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ--------–--–--------ემ და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ--------–--–--------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,,მარიხუანის“ განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ გ--------–--–--------ეს ხაშურის რაიონული სასმართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით აღსრულებულია (იხ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 6 მარტის #15665 მომართვა) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მასში მითითებული უფლებების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ--------–--–--------ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღარაა დასჯადი, სახეზე აღარ გვაქვს მისთვის განაჩენში მითითებული უფლებების ჩამორთმევის საფუძველი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ--------–--–--------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები უნდა აღუდგეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ--------–--–--------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--------–--–--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

გ--------–--–--------ეს აღუდგეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი