განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054005
ინსტანცია
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054005

საქმე №1/ა.გ.196-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------იას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება გ------------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გ------------------იას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 3(სამი) წლის ვადით.

 

2018 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ------------------იამ, რომელმაც ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------------იას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ,,მარიხუანის“ განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ გ------------------იას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით აღსრულებულია (იხ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის #12839 მომართვა) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. ამდენად კანონი რომლის საფუძველზედაც გ------------------იას დაედო მსჯავრი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რის გამოც სახეზეა გ------------------იას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება სასჯელისაგან განთავისუფლებას, ამ საკითხზე სასამართლო მსჯელობას არ იქონიებს, ვინაიდან განაჩენით დანიშნული სასჯელი აღსრულებულია.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მასში მითითებული უფლებების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გ------------------იას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღარაა დასჯადი. მისი სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებასთან ერთად სახეზეა მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველიც.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------------------იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. გ------------------ია უნდა განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

გ------------------ია განთავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

გ------------------იას აღუდგეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

 

გ. ჯეირანაშვილი