განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001655453
საქმე №2ბ/5679-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ--–- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ--–--- ლ------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გ--–--- ლ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ--–- მ---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს გ--–--- ლ------ის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, დ-----–----------------------------------------------------------------- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე გ--–--- ლ------ს. ლ--–- მ---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა. გ--–--- ლ------ის წარმომადგენლის ნ-----–-----–--–------–-–---–-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 გ--–--- ლ------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ-----–----------------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0----------------------. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A---------------- დამოწმების თარიღი -
26/04/2016.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18)
2.2 გ--–--- ლ------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ლ--–- მ---------ე, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3 სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ, მოსპოს საკუთრება. დაუშვებელია, პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილი იყო, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ-----–-----------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- რეგისტრირებული იყო გ--–--- ლ------ის საკუთრებად.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობდა კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
2.4 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ იყო. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე იყო სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვდა მოპასუხის გამოსახლებას და ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათის იყო და არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს ჰქონდა სრული უფლება მოეთხოვა კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა, რათა თავად განეკარგა საკუთარი ნივთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ--–--- ლ------ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. ლ--–- მ---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა ყოფილიყო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, დ-----–-----------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდი №0----------------------.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი უთითებს, რომ სასამართლო პროცესზე არაერთხელ იქნა ნახსენები, რომ სახლი ეკუთვნოდა მას, სადაც იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან, თუმცა გადაწყვეტილებაში ამაზე საუბარი არ იყო და მსჯელობა იყო მის მიერ მისი სახლის უკანონო ფლობაზე.
აპელანტს მიაჩნია, რომ ერთის მხრივ, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან ჩაბმული არ არის ყველა თანამონაწილე პროცესში და მიღებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ხოლო მეორეს მხრივ ირღვევა იმ პირის უფლებები ლ--–- მ---------ის მეუღლის, ნ---------------ის, რომელსაც კანონის იმპერატიული დათქმის თამახმად, უფლება ჰქონდა ჩაბმულიყო პროცესში და გამოსულიყო მოპასუხედ, თუმცა მან ვერ შეძლო ამ უფლების რეალიზება ვინაიდან დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო ნორმები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ლ--–- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ--–- მ---------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- გ--–--- ლ------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, დ-----–----------------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0----------------------. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება №A---------------- დამოწმების თარიღი - 26/04/2016.
- გ--–--- ლ------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ლ--–- ლ------ი, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--–--- ლ------ი წარმოადგენს თბილისში, დ-----–-----------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0---------------------- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტი (მოპასუხე) წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. აპელანტის მიერ სადავოდ არაა გამხდარი უძრავი ნივთზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერება, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის სიზუსტე, რის გამოც გ--–--- ლ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისში, დ-----–-----------------------------------------------------------, საერთ ფართით 57.78 კვ.მ., საკადასტრო კოდით №0----------------------, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.
რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა მოსარჩელე გ--–--- ლ------ი. რაც შეეხება აპელანტის მითითება, სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს. აპელანტი უთითებს, რომ საქმეში მოპასუხე მხარედ არ იყვნენ ჩართულნი მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტ ლ--–- მ---------ეს სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით, მოპასუხეებად მისი მეუღლისა და შვილების ჩართვის მოთხოვნით, არც შესაგებლის წარდგენისა და არც სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დროს. ამდენად, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგანაც მოპასუხეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღნიშნული მოთხოვნით, რაც გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ--–--- ლ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და ლ--–- მ---------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი ყოფილიყო გ--–--- ლ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისში, დ-----–----------------------------------------------------------, საერთო ფართით 57.78 კვ.მ. საკადასტრო კოდით №0----------------------.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ--–- მ---------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 ქვეპუნქტის თანამხად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომაზე გ--–--- ლ------მა დააყენა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული იქნა აღნიშნული შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების გასაჩივრების უფლება მხარეს ჰქონდა კერძო საჩივრის წარდგენის გზით 12 დღის ვადაში, რაც მხარის მიერ არ განხორციელებულა. ღნიშნული განჩინება გასაჩივრებული არ არის არც სააპელაციო საჩივრით. იგი დაყენებულია შუამდგომლობის სახით, რაც შეუძლებელია გაკმაყოფილდეს. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გ--–--- ლ------ის შუამდგომლობა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--–- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით, წინასწარ იქნა გადახდილი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--–- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. მოწინააღმდეგე მხარე გ--–--- ლ------ის წარმოადგენლის ეკატერინე ჭიღიტაშვილის შუამდგომლობა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
6. დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე განჩინება შეიძლება გასაჩივრეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით მხარეთათვის განჩინების გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი