განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700053708 N1/აგ-177-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ------–-–-----–---ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ბ------–-–-----–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ბ------–-–-----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო, და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ბ------–-–-----–---მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ბ------–-–-----–---ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით, ბ------–-–-----–---ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ არის გადახდილი, რადგან აღნიშნული სასჯელი თავის მხრივ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბ------–-–-----–---ს აღნიშნული განაჩენით ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას.
პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ბ------–-–-----–---ი უნდა გათავისუფლდეს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ------–-–-----–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ბ------–-–-----–---ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: მურმან ისაევი
მანუჩარ კაპანაძე