განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2018
საქმის ნომერი
010141318700055031
ინსტანცია
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055031

საქმე №1/ა.გ. 233-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის განაჩენით რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურატურასა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

რ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2018 წლის 07 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ--------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების ,,ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება’’ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

განსახილველ შემთხვევაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის განაჩენით რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, რის თაობაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ უმსჯელია.

ხოლო, რაც შეეხება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენს აღნიშნული განაჩენით, რ--------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით.

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული რ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ხოლო რაც შეეხება მისთვის დანიშნულ სასჯელს /საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 180 საათის ოდენობით/, ვინაიდან მსჯავრდებულ რ---- უ------–---–ს დღეის მდგომარეობით სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, აღნიშნულზე პალატა არ მსჯელობს. მსჯავრდებულ რ---- უ------–---–ს ასევე უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 თებერვლის განაჩენით რ--------------–---–ს ასევე 3 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა უფლებები, რაზეც პალატა არ მსჯელობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენში რ--------------–---–ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული რ--------------–---–ი, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

მასვე აღუდგეს, ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამორთმეული: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი