განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002241039
საქმე №1/ბ-196-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-–----–---–-------–-------ის მიმართ, დაბადებულის 1954 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------- ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: თ---–---------------–----–---–---------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------------–---–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ვ-–---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ-–---–-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ. თბილისში ღვინის აღმართის ქუჩა №23-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-–---–-------ემ, ურთიერთშელაპარაკების დროს რ----------–---ს სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----------–--–---–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ-–---–-------ეს განესაზღვროს მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდების მხარე სასჯელის დამძიმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სრულად არ იქნა გათვალისწინებული ვ-–---–-------ის პიროვება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ როდესაც მას ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული და დაზარალებულს კვლავ აქვს პრეტენზია მის მიმართ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ-–---–-------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ-–---–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №006534717 დასკვნით, ვიდეო-ჩანაწერით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების, კერძოდ, მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები (მსჯავრდებულის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი მეუღლისა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება სასჯელის დამძიმების საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ვ-–---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 4 (ოთხი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს), შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი