განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2018
საქმის ნომერი
010141318700053636
ინსტანცია
თარიღი
19.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053636

საქმე №1/ა.გ-172-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2018 წელი ქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ს------–------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:

 

ს------–------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ს------–------–--ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 15 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ს------–------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ----------–---–მა. შუამდგომლობის ავტორთა მოთხოვნაა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ს------–------–--ის მიმართ არსებული განაჩენის გაუქმება, სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისგან მისი გათავისუფლება და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, ს------–------–--ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ს------–------–--ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს------–------–--ისათვის დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, როგორც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით ირკვევა, აღნიშნული ჯარიმა ს------–------–--ეს გადახდილი აქვს, შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ს------–------–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ----------–---–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებული ს------–------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დაგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

ს------–------–--ეს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე