განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210917002179769
საქმე № 2/ბ-1278-17
განჩინება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: გ--- ქ------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,მ-----”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება
დავის საგანი: ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 20 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპ ,,მ-----ს” წარმომადგენელმა მ------ ნ----------, მოპასუხედ მიუთითა გ--- ქ------ე და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
განმცხადებლის მითითებით, 2015 წლის 30 ოქტომბერს, შპს ,,მ-----სა” და გ--- ქ------ეს შორის გაფორმდა №----------/0--- ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება.
ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა - M----, მოდელი - A-----, ვინ კოდი: G---------, გამოშვების წელი: 2005, ძრავის მოცულობა - 2268, ფერი შავი, რეგისტრაციის ნომერი R------, რომელიც ,,მ-----მ’’ შეიძინა მოპასუხისათვის 4000.00 ლარად.
ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა ლიზინგის (კრედიტის) თანხა - 4150.00 ლარის ოდენობით, თვეში 4.43 %-ის დარიცხვით. კრედიტის ვადად განისაზღვრა - 30.10.2020 წელი.
ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური - 198.69 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღები თანხის გადახდას გადააცილებდა 30 დღეზე მეტი ვადით, მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო სატრანსპორტო საშუალების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ოდენობით.
მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები. გრაფიკის შესაბამისად არ დაფარა ლიზინგით გათვალისწინებული თანხა, რის გამოც, მოპასუხეს, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 16.11.2017 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 4763.17 ლარის ოდენობით.
იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თანხის გადახდის ვალდებულება და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია, განმცხადებელმა, მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა.
შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 4--------) დაუბრუნდა, გ--- ქ------ის (პ/ნ 3----------) მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგანი-სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა-M----, მოდელი-A-----, ვინ კოდი:G---------, გამოშვების წელი:2005, ძრავის მოცულობა-2268, ფერი შავი, რეგისტრაციის ნომერი -R------;
გ--- ქ------ეს, შპს ,,მ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ შპს ,,მ-----ს”, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ--- ქ------ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.3 და 14.3.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,მ-----ს” გააჩნია უფლება წერილობითი შეტყობინებით ცალმხრივად გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ ,,ლიზინგის მიმღებმა დროულად ან სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდა ან ასეთი დაყოვნება გაგრძელდა 30 დღეზე მეტი ვადით.
გ--- ქ------ემ ახალი გრაფიკით განსაზღვრული 210,29 ლარის ნაცვლად, 2017 წლის აგვისტოში გადაიხადა 251 ლარი.
2017 წლის სექტემბერში, სწრაფი გადახდის აპარატით შპს ,,მ-----ს” ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა რომ ხელშეკრულება შპს ,,მ-----სთან” შეწყვეტილი იყო.
2017 წლის 10 ოქტომბერს, შპს ,,მ-----ს” გაუგზავნა ახსნა-განმარტება, იმის შესახებ, რომ მის მიერ არ ყოფილა დარღვეული ხელშეკრულების 14.3.1. პუნქტის მოთხოვნები და მოითხოვა ხელშეკრულების მოქმედების აღდგენა და რეალური გრაფიკის განსაზღვრა.
2017 წლის 09 ოქტომბრის №15-17 წერილით, შპს ,,მ-----მ” გ--- ქ------ეს შეატყობინა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამასთან წერილში დააფიქსირა თითქოს არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რასაც ფაქტიურად ადგილი არ ჰქონია.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გ. ქ------ის მხრიდან ორმხრივი ხელშეკრულება დარღვეული არ ყოფილა, ხოლო შპს ,,მ-----ს” განცხადება არ შეიცავდა უტყუარად ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს.
გარდა ამისა, განცხადებაზე სრულყოფილად არ იყო დართული მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოს მსჯელობა ბრძანების გაცემის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპ ,,მ-----ს” წარმომადგენელმა მ------ ნ----------, მოპასუხედ მიუთითა გ--- ქ------ე და ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანებით, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა.
შპს ,,მ-----ს” (ს/ნ 4--------) დაუბრუნდა გ--- ქ------ის (პ/ნ 3----------) მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგანი-სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია:მარკა-M----, მოდელი-A-----, ვინ კოდი:G---------, გამოშვების წელი:2005, ძრავის მოცულობა-2268, ფერი შავი, რეგისტრაციის ნომერი -R------;
გ--- ქ------ეს, შპს ,,მ-----ს” სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ--- ქ------ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის, 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, რომ შპს „მ-----მ“, გ--- ქ------ეს ხუთი წლის ვადით ასესხა 4150 ლარი, ამასთან სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა სარგებელი, ყოველთვიურად, 4,43 % და პირგასამტეხლო, თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი 20 ლარი, ამას დამატებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს მ-----ს საკუთრებად აღირიცხა გ--- ქ------ის კუთვნილი ავტომობილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
ამ ნორმის შესაბამისად, 2015 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულებაში გამოხატული ნებაც სასამართლომ, სწორედ, გონივრული განსჯის შედეგად უნდა შეამოწმოს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ამ ნორმიდან ჩანს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება, შინაარსობრივად, შერეული ხელშეკრულებაა. იგი თავისთავაში მოიცავს შუამავლობას, ნარდობას, ქირავნობასა და ნასყიდობას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ლიზინგის მიმღები ირჩევს ქონებას, რომლის ლიზინგით აღებაც სურს და, ასევე - მიმწოდებელს, რომლისგანაც ქონება უნდა მიიღოს, რის შემდეგაც, ლიზინგის გამცემი მიმწოდებლისაგან იძენს ამ ქონებას და სარგებლობაში გადასცემს ლიზინგის მიმღებს.
ლიზინგის მიმღები ქონებით სარგებლობისათვის იხდის საზღაურს, ქირას.
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, კი ლიზინგის მიმღებს, შესაძლებელია, ჰქონდეს ქონების შეძენის უფლებაც.
ამრიგად, ლიზინგის ხელშეკრულების საგანი არის ქონება, ჩვეულებრივ - ნივთი და ლიზინგის მიმღების ძირითადი ინტერესი ამ ქონებით სარგებლობა და სარგებლობისათვის ქირის გადახდაა. სწორედ, ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში ამ ხელშეკრულებას “ფინანსური ლიზინგის” ხელშეკრულებას უწოდებენ, რითაც ლიზინგსა და ქირავნობას შორის განსხვავებას უსვამენ ხაზს.
ამისგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ეს ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების საგანი ფული ან სხვა გვაროვნული ნივთია. ამ ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს ფულს ან გვაროვნულ ნივთს გადასცემს საკუთრებაში და მსესხებელმა მას, იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი უნდა დაუბრუნოს.
სესხი, ჩვეულებრივ, სასყიდლიანია და მას საპროცენტო სარგებელი ერიცხება.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან დგინდება, რომ მომჩივანს, შპს „მ-----“-სგან სარგებლობაში ავტომობილი კი არ მიუღია და მისი ქირავნობის საზღაურს კი არ იხდიდა, არამედ მან ფული ისესხა და, სწორედ, მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
ამასთან ავტომობილი, რომელიც, თითქოსდა, ლიზინგის საგანი იყო, განმცხადებელმა მომჩივანისაგან შეიძინა (ს.ფ.8), თუმცა ნასყიდობის საზღაური არ გადაუხდია და ნასყიდობის საზღაურის ნაცვლად, განმცხადებელმა მომჩივანს ასესხა თანხა, რომელიც მომჩივანს, საპროცენტო სარგებელთან ერთად, მთლიანად უნდა დაებრუნებინა.
თავად ხელშეკრულება, ნივთთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ არც-ერთ საკითხს შეიცავს.
ხელშეკრულების 1-ლ პუნქტში ლიზინგის თანხა განმარტებულია კრედიტად, ხოლო გრაფიკის მიხედვით, მომჩივანს უნდა გადაეხადა არა ქირა ქონებით სარგებლობისათვის, არამედ - სატრანსპორტო საშუალების გამოსყიდვის საფასური და პროცენტი (ს.ფ.3-5).
პალატის აზრით, ამგვარი ხელშეკრულება, შინაარსობრივად, უფრო ახლოს დგას გამოსყიდვასთან, თუმცა გამოსყიდვისაგან მას განასხვავებს ის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა გამყიდველის უფლებაა და არა ვალდებულება და მისი განხორციელება მისსავე ნებაზეა დამოკიდებული.
იგივე წესია დადგენილი ლიზინგის შემთხვევაშიც.
როგორც აღინიშნა, ლიზინგის მიმღებს, შეიძლება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ჰქონდეს ლიზინგის საგნის შესყიდვის უფლება და არა ვალდებულება. ნივთის შესყიდვის ვალდებულების დაკისრება ლიზინგის ხელშეკრულების, როგორც ქირავნობის ხელშეკრულებიდან ნაწარმოები უფლების არსს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ნათელია, რომ, სინამდვილეში, მომჩივანს ქირა კი არ უნდა გადაეხადა, არამედ - ანუიტეტური მეთოდით, ე.ი. პერიოდულად, თანაბარი გადახდებით სესხი უნდა დაეფარა, რაც მითითებულია კიდეც ხელშეკრულების მე-4 პუნქტში.
საყურადღებოა, რომ ეს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება, სწორედ სასესხო ვალდებულებების დასაფარად და არა გადასახდელი ქირის ოდენობის განსასაზღვრად.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება ლიზინგის ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ხელშეკრულებით განმცხადებელი მომჩივანს ლიზინგით ფულს გადასცემდა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფული არ შეიძლება ლიზინგის საგანი იყოს.
ამრიგად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 30 ოქტომბრის “ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება”, რეალურად უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა. იგი ასევე ვერ ჩაითვლება “ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულებად”, ეს კი ნიშნავს, რომ განმცხადებელს სასამართლოსათვის ლიზინგის ხელშეკრულება არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092 მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებაში ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე აღნიშნული უნდა იყოს წაყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
ვინაიდან, შპს „მ-----ს“ განცხადებაზე თანდართული მტკიცებულება-2015 წლის 30 ოქტომბრის ხელშეკრულება არ წარმოდგენს ლიზინგის ხელშეკრულებას და თავისი შინაარსით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაა, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სათანადო მტკიცებულების (ლიზინგის ხელშეკრულება) წარუდგენლობის გამო, ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა, რაც გამორიცხავდა ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას.
იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სწორ შეფასებას მისცემდა მოთხოვნის საფუძვლად წარდგენილ მტკიცებულებას, შეეძლო 3094 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთოდაც უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე, რაც არ განუხორციელებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელია, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, არასწორად გამოიყენა და განმარტა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია.
შესაბამისად, გ--- ქ------ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გასაჩივრებული ბრძანება და გ--- ქ------ის მიმართ, შპს ,,მ-----ს” განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ქ------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის ბრძანება;
3. შპს ,,მ-----ს” განცხადება გ--- ქ------ის მიმართ, ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე