განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700051631
საქმე №1ა/გ-91-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
მარინა ხოლოაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------------კის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მარტის განაჩენით:
გ------------------კი (დაბადებული 1----–-–------------, ნასამართლობის არ მქონე) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი,მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის წერილით (#-----) ირკვევა, რომ გ------------------კის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული ჯარიმიდან 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 1423.36 ლარი, ხოლო მიმდინარე დავალიანების 576.64 ლარის სრულად ამოღების მიზნით მოვალის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
2018 წლის 23 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------------------კიმ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ------------------კის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით გ------------------კის მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ------------------კი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, გ------------------კის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი მოხდილი აქვს. რაც შეეხება დამატებით სასჯელსის სახით დანიშულ ჯარიმას 2000 (ორი ათასი) ლარს, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 მარტის წერილით ირკვევა, გ------------------კის 1423.36 ლარი გადახდილი აქვს, ხოლო გადასახდელი დარჩა 576.64 ლარი. შესაბამისად, გ------------------კი უნდა გათავისუფლდეს მოსახდელად დარჩენილი დამატებითი სასჯლისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------------------კის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ------------------კის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებული გ------------------კი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
მსჯავრდებული გ------------------კი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილის მოხდისგან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
მ. ხოლოაშვილი