განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2018
საქმის ნომერი
330210016001599878
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 33021001-001599878

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6468-17 21 თებერვალი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი – ი-----–-----------

წარმომადგენელი - ს---------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე – ე-–---------------

 

დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი-----–------------ სარჩელი დაკმაყოფილდა

ნაწილობრივ: ე-–---------------ს ი-----–------------ სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით გადასახდელად დაეკისრა 500 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. 201- წლის 1- ა-----–ს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას მოსარჩელე ი-----–-----------ს მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა კლინიკაში 201- წლის 18 ა-----–ამდე შემდეგი დიაგნოზით: სხეულის დაზიანებები, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ნათხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის მიდამოს დაჟეჟილობა, პირველი დონის ინტენსიური თერაპია. მკურნალობის შემდგომ მოსარჩელეს მიეცა წოლითი რეჟიმის რეკომენდაცია და დაენიშნა მკურნალობა ბინაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 12);

- პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლი (ს.ფ. 1--1-);

- პაციენტის გასინჯვის ფურცლის ასლები (ს.ფ. 57-62).

 

2.3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად აღძრულ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. მოპასუხე ე-–--------------- მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევ პირად, თუმცა მას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახის ჯარიმა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა -განმარტება (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 13).

 

2.4. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეჯახებას და მოპასუხის ჯანმრთელობის დაზიანებას ამ მიზეზით ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა -განმარტება (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 13).

 

2.5. მოსარჩელე ი-----–-----------მ ე-–---------------- მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად მიიღო სხეული მსუბუქი ხარისხის დაზიანება და შესაბამისად განიცადა მორალური ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეჯახებას და ამ მიზეზით მოპასუხის ჯანმრთელობის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ დადგენილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და განმარტავს, რომ ე-–---------------- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილზე რაიმე ავარიული სახის დაზიანების კვალი არ აღინიშნებოდა და შესაბამისად, მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (მაგ: ადამიანი სხეული) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვალი აღმოჩენილი არ არის. ამავე დადგენილების თანახმად, მოპასუხემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც სიჩქარის გადაჭარბებას გულისხმობს. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სხეულის დაზიანებები მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შედეგად სიჩქარის გადაჭარბების გამო.

 

აქვე სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან. ამასთან, მორალური ზიანი პირდაპირ ებმის სხეულის დაზიანებას, როგორც ფსიქიკური და ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე განიცდის. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ი-----–-----------მ ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად განიცადა მორალური ზიანი სულიერი ტანჯვისა და ტკივილის კუთხით, რამდენადაც დაენიშნა წოლითი რეჟიმი და ბინაზე მკურნალობა და მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარის გამო გადაიტანა არაერთი ნერვიულობა და ზოგადად განიცადა საკუთარი მდგომარეობა.

 

სასამართლომ მიუთითა მხარეებს, რომ მორალური ზიანის კომპენსაცია ხდება ფულადი სახით, თუმცა არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც მოქმედი კანონმდებლობის სხვა ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ზუსტ წესს. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა და არა ზომა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, ამიტომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის მიმყენებლის დამოკიდებულება მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. ფიზიკური ტანჯვა ივარაუდება მხოლოდ სიცოცხლის, სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი. კონკრეტულ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის, სასამართლომ უნდა დაადგინოს პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში , როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა ყურადსაღები გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი, ანუ მორალური ზიანი, არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. ვსაუბრობთ რა არაქონებრივ ზიანზე, მხედველობაშია მისაღები კონკრეტული საზოგადოების მორალური სტანდარტები. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ დამდგარ ჯანმრთელობის დაზიანებაში ბრალეულ პირს, თუმცაღა დადგენილია, რომ მოსარჩელემ სხეულის მსუბუქი დაზიანება ნამდვილად მიიღო 201- წლის 1- ა-----–ს მომხდარი სამართალდარღვევის შედეგად, თუმცა არა უშუალოდ მოპასუხის ავტომანქანასთან შეჯახება-ურთიერთქმედების გამო. სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და თვლის, რომ ი-----–------------ ჯანმრთელობის დაზიანება დაკავშირებულია ფიზიკურ და სულიერი ტკივილის ხარისხთან, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნული ნამდვილად არის მოსარჩელისათვის მორალურად მტკივნეული.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 13).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.

 

დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც ადგენს იმ ოთხ იმ ძირითად პირობას, რომელთა არსებობაც

სავალდებულოა ზოგადად დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.ეს პირობებია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეჯახებას და ამ მიზეზით მოპასუხის ჯანმრთელობის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ დადგენილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ და განმარტავს, რომ ე-–---------------- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილზე რაიმე ავარიული სახის დაზიანების კვალი არ აღინიშნებოდა და შესაბამისად, მასზე რბილი საფარის მქონე სხეულთან (მაგ: ადამიანი სხეული) შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელი კვალი აღმოჩენილი არ არის. ამავე დადგენილების თანახმად, მოპასუხემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც სიჩქარის გადაჭარბებას გულისხმობს. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ სხეულის დაზიანებები მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შედეგად სიჩქარის გადაჭარბების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოცემული მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერ- თობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა – ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ მიიღო სხეულის დაზიანება, განიცადა ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტკივილი, დაენიშნა წოლითი რეჟიმი და მისი ასაკის გათვალისწინებით, უდავოა, რომ ნერვიულობს და განიცდის საკუთარ მსგავს მდგომარეობას. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად მიიღო სულიერი ტრავმა, ასევე მორალური ზიანს ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელე ხანშიშესული ქალბატონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს სისტემატიურ კონტროლს და შემთხვევის შედეგად მიღებული დამატებითი დაზიანებები მის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო არაქონებრივი ზიანის მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს თავად მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ზიანი მხოლოდ ხელყოფილი სიკეთის ხასიათის შესაბამისად არ უნდა განისაზღვროს, არამედ გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოეპოვება მიყენებულ ზიანს ბუნებრივი, ფულადი ეკვივალენტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მათი ქონებრივი მდგომარეობა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ე-–---------------- მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის გამო - სიჩქარის გადაჭარბების შედეგად დადგა მოსარჩელე ი-----–------------ სხეულის მსუბუქი დაზიანების ფაქტი და მოპასუხის უშუალო ბრალეულობა აღნიშნულთან დაკავშირებით დადასტურებული არ არის, მეტიც - დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაც კი შეწყდა, თუმცა ხსენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, ის ფაქტი, რომ მხარემ მიიღო სხეულის დაზიანება ან მოეშალა ჯანმრთელობა წარმოადგენს ამ პირის მორალური განცდის, მისთვის სულიერი ტკივილის მიყენების საფუძველს, რაც გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია როგორც მიღებული დაზიანების ხარისხის, ისე ვითარება, რომლის დროსაც მხარემ მიიღო სხეულის დაზიანება. შესაბამისად, დაზარალებულისათვის მხოლოდ სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი არ გამორიცხავს მორალური ზიანის მიყენებას.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე მორალური ზიანის 5000 ლარის დაკისრების შესახებ, სასამართლომ გაითვალისწინა რა მოპასუხის მხრიდან გამოხატული მზაობა ი-----–------------ათვის გონივრული ოდენობის თანხის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის ასაკისა და მისი ზნეობრივ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრება 5000 ლარის გადახა;

 

3.2. აპელანტი მითითებით, დაკისრებული თანხა არ შეესაბამება მორალური ზიანის ასანაზღაურებელ კომპენსაციას.

 

მორალური ზიანის ასანაზღაურებელ კომპენსაციის ოდენობა არ არის ადექვატური, ზიანის სამართლებრივ-შეფასებით კრიტერიუმებთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. მოსარჩელე ი-----–-----------ს 201- წლის 1- ა-----–ს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას კლინიკაში 201- წლის 18 ა-----–ამდე, შემდეგი დიაგნოზით: სხეულის დაზიანებები, ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ნათხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის მიდამოს დაჟეჟილობა, პირველი დონის ინტენსიური თერაპია. მკურნალობის შემდგომ მოსარჩელეს მიეცა წოლითი რეჟიმის რეკომენდაცია და დაენიშნა მკურნალობა ბინაზე (იხ. საქმის მასალები ტ.1, ს.ფ. 12; 1--1-; 57-62);

 

4.2. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიხედვით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად აღძრულ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო (იხ. ტ.1, ს.ფ. 13); ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ე-–--------------- მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევ პირად და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახის ჯარიმა (იხ. საქმის მასალები);

 

4.3. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე ე-–---------------- მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად ი-----–-----------მ მიიღო სხეული მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რის შედეგადაც მოსარჩელემ განიცადა მორალური ზიანი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად აუცილებელია ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობა: ა) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; ბ) სახეზე უნდა იყოს ზიანი; გ) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; დ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება, (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის სიცოცხლის მოსპობით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. ზიანის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1. თვით მორალური ზიანი; 2.ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამდენად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს რა მორალური ზიანის არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც. შესაბამისად, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ, ამასთან, ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის დარღვეული უფლებების ხასიათი, ამ დარღვევის ნეგატიური როლი პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ა. შ.

 

მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. ამდენად, სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს დაზიანების ხარისხს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს რა ზემოაღნიშნულ გარემოებებს, კერძოდ, მოსარჩელის ასაკს, ასაკიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და აღნიშულზე ავტოსაგზაო შემთხვევის გავლენას , ასევე იმასაც, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეზე არ გაწეულა არანაირი სახის მატარიალური დახმარება, მოსარჩელეზე მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხად მიაჩნია 2 000 ლარი, როგორც მის მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციო. შესაბამისად, ე-–---------------ს ი-----–------------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით ი-----–------------ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი-----–------------ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნილი 5000 ლარიდან დაკმაყოფილდა 2000 ლარი, რაც შეადგენს მოთხოვნილი თანხის 40 პროცენტს; შესაბამისად, მოპასუხე მხარეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის ( 5000 ლარის 7 პროცენტი ) 40%-ი, რაც შეადგენს 1-0 ლარს;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-----–------------ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ი-----–------------ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

4. ე-–---------------ს ი-----–------------ სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა;

 

5. ე-–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 1-0 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე

 

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი

 

ხათუნა არევაძე