განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002113156 (3/ბ-629-2017წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ფ--------–-----–ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები - თ------------------------ე, ნ----–------------ა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2015 წლის 12 სექტემბერს ფ--------–-----–იამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ობიექტურად განახორციელოს ნ----–------------ას საკუთრებაში არსებული ქონების ს/კ. 3-----------, შეფასება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ თ------------------------ესა და ფ--------–-----–იას შორის 2013 წლის 16 ივლისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოპასუხემ ნაცვლად იმისა, რომ ობიექტურად შეეფასებინა ქონება, იგი სპეციალისტის მეშვეობით შეაფასა დაბალ ფასში, კერძოდ, 147 000 ლარად, რითაც დაარღვია სააღსრულებო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ფ--------–-----–იას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება თ------------------------ე, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - ნ----–------------ა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის განჩინებით ფ--------–-----–იას სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით, მესამე პირები თ------------------------ე და ნ----–------------ა, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის Nბს-550-547 (გ-17) განჩინებით ფ--------–-----–იას სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა და მესამე პირმა თ------------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცვნეს და ფ--------–-----–იას სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ--------–-----–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა №A---------------- სააღსრულებო საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 ივლისს ფ--------–-----–იას და თ------------------------ეს შორის დაიდო №1-------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ფ--------–-----–იას ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----–------------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე - სამტრედია, თ---–---- ქ. №17 (ს/კ 3-----------).
თ------------------------ის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 08 ივლისს, №1-------- იპოთეკის ხელშეკრულებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანხმად დავალიანების ამოღება უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით, ან კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემით, კერძოდ: უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, ს/კ 3-----------.
2016 წლის 21 ივლისს თ---–---- სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით მიმართა ფ--------–-----–იას და ნ----–------------ას და აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 08.07.2016 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალეს დაეკისრა 40156 აშშ დოლარის გადახდა; იპოთეკის საგანი: ნ----–------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, ს/კ 3-----------.
2016 წლის 15 აგვისტოს შედგა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის თანახმად ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე: სამტრედია, თ---–---- ქ. №17 (ს/კ 3-----------).
2016 წლის 22 ივლისს თ---–---- სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ნ----–------------ას სახელზე რიცხული უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციაში გატარება მოითხოვა.
უძრავი ქონება - მდებარე ქალაქი სამტრედია, თ---–---- ქ. №17 (საკადასტრო კოდი 3-----------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ----–------------ას სახელზე.
მოსარჩელე არ ეთანხმება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 5------------ის დასკვნას, რომლის შესაბამისად უძრავი ქონების, მდებარე სამტრედია, თ---–---- ქ. №17, ს/კ 3-----------, საბაზრო საორიენტაციო ღირებულება არის 147 000 ლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქლაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს მოპასუხე იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს სარეალიზაციო ქონება შეაფასოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ეთანხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე ქალაქი სამტრედია, თ---–---- ქ. №17 (საკადასტრო კოდი 3-----------) შეფასებას, რომლის რეალიზაციაც უნდა განხორციელდეს მოსარჩელის ვალდებულების გამო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 821-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.
სასამართლოს განმარტებით, ქონების რეალიზაციის შედეგად კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა გადაეცემა მოვალეს, შესაბამისად ეს უკანასკნელი დაინტერესებულია ქონება რაც შეიძლება მაღალ ფასში გაიყიდოს. ასეთი შესაძლებლობის ერთ-ერთ გარანტს წარმოადგენს სწორედ მაღალი საწყისი ფასის არსებობა. ამდენად მოვალე დაინტერესებულია, რომ ქონება შეფასდეს რაც შეიძლება მაღალი ფასით, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ექსპერტის შეფასებას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან გამომდინარე შეუძლია წამოიწყოს დავა ქონების ფასზე. ბუნებრივია აღნიშნული უნდა განხორციელდეს ქონების რეალიზაციამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მოვალე დაეთანხმა ქონების შეფასებას და მომავალში ამ საფუძველზე მითითებით ვეღარ შეძლებს ინტერესის დაცვას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქონების აღწერის დროს, მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქონების საბაზრო ღირებულება აღინიშნება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2016 წლის 05------------ს გაიცა დასკვნა, რომლის შესაბამისად ნ----–------------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, შეფასებულ იქნა 147 000 ლარად.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარე ვალდებულია მისი უფლების დაცვის მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა. ზემოდასახელებული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ, სააღსრულებო ბიუროში წარედგინა მისთვის სასურველი ოდენობით ქონების შეფასების დასკვნა, რაც მან არ განახორციელა. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შპს ,,ა----------------–------ის’’ მიერ გაცემული დასკვნა, რომლის შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, შეფასებულ იქნა 200 000 ლარად, გაცემულია 2016 წლის 09 სექტემბერს, ანუ სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და ქონების შფასების შემდეგ, რაც წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ ფ--------–-----–იას სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ--------–-----–იამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორად იქნა მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოსდა აღმასრულებლის მიერ შეფასება განხორციელდა სწორად და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თამახმად, რომ საკმარისი იყო ქონების სპეციალისტის მიერ შეფასება და ამისთვის არ იყო საჭირო ექსპერტი. ასევე არასწორად მიუთითა, რომ თითქოს მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა რაიმე სახის საწინააღმდეგო მტკიცებულება სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნების საწინააღმდეგოდ, რაც არასწორია, რადგან საქმეში აპელანტი მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის და აუდიტის დასკვნები, რომელთა ანალიზის საფუძველზე დადგინდებოდა, რომ სპეციალისტის მიერ არასწორად იყო შეფასებული ქონება.
აპელანტის განმარტებით ,,სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ფასი და სასამართლომ არ მიიჩნია საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად მოსარჩელე მხარის წარდგენილი აუდიტორის და ექსპერტიზის დასკვნები, შეეძლო თავად დაენიშნა ექსპერტიზა და ისე მიეღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით თავად არის ვალდებული შეკრიბოს საქმეზე მტკიცებულებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანია მხოლოდ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება, კერძოდ არსებობდა თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2016 წლის 5------------ის N0--------- დასკვნის გაზიარების ან ფ--------–-----–იას ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ----–------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფასის სარჩელში მითითებული თანხით განსაზღვრის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ხორციელდება არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
ამდენად ცალსახაა, რომ ისევე როგორც სახელმწიფოს სხვა ნებისმიერი მოქმედება, სააღსრულებო ორგანოების, როგორც სახელმწიფო ორგანოების მოქმედებაც უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი და სათანადოდ უნდა იცავდეს აღსრულების წარმოების ყველა მონაწილის, მათ შორის კრედიტორისა და მოვალის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. მე-8 პუნქტის მიხედვით, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე წარმოადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნები წარმოადგინა ორივე მხარემ − ერთ-ერთ დასკვნას. სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A---------------- წინადადებით დადგენილია, რომ აპელანტს, როგორც მოვალეს სრულყოფილად განემარტა მისი უფლებები, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მისი გადახდის წესი. ამასთან მიეთითა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ წინასწარ, პერსონალურად დამატებით არ ეცნობებოდა და აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეღო შესაბამისი ვებ-გვერდიდან. ამ გარემოების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო მის მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შესახებ და შესაბამისად უფლებამოსილი იყო მოეხდინა თავისი უფლებების რეალიზაცია და წარედგინა ქონების შეფასების დასკვნა, რაც არ განუხორციელებია.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2016 წლის 05------------ს გაიცა დასკვნა, რომლის შესაბამისად ნ----–------------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, შეფასებულია 147 000 ლარად.
მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი შპს ,,ა----------------–------ის’’ მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც უძრავი ქონება მდებარე ქ. სამტრედია, თ---–---- ქ. №17, შეფასებულია 200 000 ლარად, გაცემულია 2016 წლის 9 სექტემბერს, ანუ სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და ქონების აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეფასების შემდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შპს ,,ა----------------–----ის“ 0----.2016წ. აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 14, ტ.1), მხოლოდ ზოგადი ინფორმაციული ხასიათისაა და არ შეიცავს ”ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო მონაცემებს - ფინანსური ანგარიშგების მომზადება ყველა არსებითი ასპექტის შესაბამისად. ამდენად, აპელანტის პრეტენზია ქონების ღირებულების არამართებულად განსაზღვრის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტ ფ--------–-----–იას მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, მხარეს არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ--------–-----–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი