განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2018
საქმის ნომერი
010141318700055072
ინსტანცია
თარიღი
29.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700055072, №1/აგ-236-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების ა----------------ის და გ-----------------ის ადვოკატის ვ-----–-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს ა----------------ს და გ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ა----------------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ა----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

ა----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 26 სექტემბრიდან 2008 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

 

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, გ-----------------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, გ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2008 წლის 26 სექტემბრიდან, 2008 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით ა----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით ა----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვით და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ძებნილ მსჯავრდებულ ა----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი (რომელიც აღსასრულებლად იქნა მიქცეული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილებით), გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ა----------------ის მიმართ განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებულ გ-----------------ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მსჯავრდებულ გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2008 წლის 26 სექტემბრიდან 2008 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 07 მარტს მსჯავრდებულების ა----------------ის და გ-----------------ის ადვოკატმა ვ-----–-------------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მათ მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად. ადვოკატი შუამდგომლობაში უთითებს კოდექსის 36-ე მუხლს, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელისგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულდა 5 წელში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდების შემთხვევაში. შუამდგომლობის მიხედვით, არც გარდამავალ და არც დასკვნით დებულებებში არ არის მითითებული, რომ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა ნორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში დაირღვევა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძირითადი დებულებები, რომლის თანახმად (მუხლი 2), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

აღნიშნული კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილია არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, რაც მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში შეადგენს 5 წელს.

 

დაცვის მხარე უთითებს მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღუსრულებლობაზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ის საფუძვლები, რამაც შეუძლებელი გახადა განაჩენის აღსრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ა----------------ის, ისე გ-----------------ის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, თუმცა, მიუხედავად მათ მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილებით და 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით, პირობითი მსჯავრი გაუქმდა და დადგინდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსასრულებლად მიქცევა.

 

წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, როგორც ა----------------ი, ისე გ-----------------ი, მოცემულ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები.

 

ის გარემოება, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით, არ არის მოწესრიგებული სასჯელის მოხდისთვის თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, არ უნდა უბიძგებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს, არასაპატიმრო სასჯელის არსებობის, ან მსგავს შემთხვევაში თავი აარიდონ სასჯელის მოხდას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძირითად მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია. დაცვის მხარის არგუმენტების გათვალისწინებით, კანონმდებლის მიზანი უმეტეს შემთხვევაში შეუსრულებელი დარჩება, რაც ნამდვილად არ გამომდინარეობს არც მე-2 და არც 36-ე მუხლების დანაწესიდან.

 

ამ მხრივ პალატა სრულად ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის არგუმენტებს, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ:

§ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყოველი ქცევის წესის მომწესრიგებელ ნორმებს, რის გამოც გამორიცხული არ არის კოდექსის ნორმათა სხვა ნორმატიულ აქტებთან მიმართებით სისტემური წაკითხვის შესაძლებლობა. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც (განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს. მოცემული დანაწესის მიზანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არ დარჩეს მოუწესრიგებელი სამართლებრივი სფეროები.

§ ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება არ წარმოადგენს კოდექსის მიზნების და პრინციპების საწინააღმდეგო დებულებას, ვინაიდან, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 36-ე მუხლით დადგენილია მხოლოდ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების სპეციფიკური ვადები, ხოლო ვადის დინების განსხვავებული წესი ან ვადის დინების შეჩერების აკრძალვა ამავე კოდექსით მოწესრიგებული არ არის, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი არათუ ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლს.

§ ბავშვის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუთვალისწინებლობის პირობებში, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე არასრულწლოვანში შესაძლოა, გაიზარდოს სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების ცდუნების რისკი [...].ბავშვთა უფლებათა კონვენციის თანახმად, გამოყენებული ღონისძიება ბავშვს უნდა განუმტკიცებდეს ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, რაც სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში არ არის მიღწევადი. ვინაიდან, სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების დროს პირი არათუ არ ცდილობს, გააანალიზოს დარღვეული სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობა და მისი ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგი, არამედ უპირისპირდება სახელმწიფოს რეაქციას (გამოხატულს გამამტყუნებელ განაჩენში) მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, არასრულწლოვანი სრულიად უგულებელყოფს ან მნიშვნელოვნად ამცირებს სასჯელის მიზნების შესრულების შესაძლებლობას.

§ სასჯელისგან თავის არიდების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინების შეუჩერებლობა არ წარმოადგენს ბავშვის საზოგადოებაში წარმატებით დაბრუნების წინაპირობას და, შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება ეფექტურად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების შემთხვევას, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ა----------------იდ და გ-----------------ის მიმართ განაჩენი არ წარმოადგენს ხანდაზმულს. ის გარემოება, რომ მისი აღსრულება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების საფუძველზე შეჩერდა, არ წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია),-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების: ა----------------ის და გ-----------------ის ადვოკატის ვ-----–-------------ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე

 

მურმან ისაევი