განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010212617001963172
საქმე 2/ბ-166-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
14 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ი---- პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: დ------ ს---------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,მ---- ბ------–-”, ქ----- თ----------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 09 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ------ ს---------ემ და ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
2017 წლის 17 ივლისს, დ------ ს---------ის წარმომადგენელმა დაზუსტებული განცხადებით მიმართა სასამართლოს და ქ. ბათუმში, მახვილაურის დასახლებაში (ს/კ/ 0-----------) მდებარე უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2011 წლის 19 სექტემბერს, ქ----- თ----------ესა და დ------ ს---------ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე, 1001.00 კვმ მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული 490.0 კვმ შენობა ნაგებობით, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია 0----------- და აღირიცხა მის საკუთრებად.
შპს ,,მ---- ბ------–-ს“ მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისათვის, აღნიშნული უძრავი ქონება ქ----- თ----------ის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა, თუმცა სასამართლომ ისე განიხილა საქმე, მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა ქ. ბათუმი, დასახლება მ-----–-----–- მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ს/კ №0------------ის აუქციონის წესით იძულებითი რეალიზაციის თაობაზე, რომ დ------ ს---------ე, როგორც იმ დროისათვის აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე, არ იყო მიწვეული სხდომაზე, არც სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია.
სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში, როდესაც იწყებოდა ცენტრალური საავტომობილო გზის მშნებლობა და ელოდებოდა სახელმწიფოსაგან შეთავაზებას საკომპენსაციო პირობებისა და თანხის გადახდაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-423-ე და 430-ე მუხლებზე მითითებით, დ------ ს---------ეს მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 ივლისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, იმავდროულად განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამჟამად აღსრულებულია, ხოლო ის უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციის ნაწილშიც მოითხოვს მოსარჩელე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში.
სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლების მითითება იმის თაობაზე, რომ მისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მის საკუთრებაში რიცხული, შპს ”ბ------–-ს” სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, დ------ ს---------ისათვის სადაო გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა ჯერ კიდევ სააღსრულებო საქმის წარმოების დროს, როცა მას, როგორც მოვალე ქ----- თ----------ის სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება და ეცნობა სააღსრულებო საქმის წარმოების თაობაზე.
გარდა ამისა, თავად დ------ ს---------ის მიერ, სასამართლოში წარმოდგენილი, 2013 წლის 15 თებერვლით დათარიღებული მისივე განცხადებით დგინდებოდა, რომ სადაო ქონების აუქციონზე გატანის შესახებ იცოდა, ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში, ქონების რეალიზაციამდე, რის გამოც განცხადებითაც მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებს საქმის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა იმ დროისათვის განცხადება საქმის განახლების თაობაზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ------ ს---------ემ (წარმომადგენელი- შ----- ჯ---–---), მისი გაუქმება და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2011 წლის 19 სექტემბრიდან ქ----- თ----------ე აღარ იყო იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია: 0-----------. ამ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო დ------ ს---------ე. სასამართლომ კი, შპს ,,ბ------–-ს” სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმე განიხილა რეალური მესაკუთრის დადგენის გარეშე.
დ------ ს---------ისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის ივნისში, რის შემდეგაც მიმართა სასამართლოს განცხადებით ამ გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ს---------ისათვის 2013 წლისათვის იყო ცნობილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ამ მსჯელობას საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება-დ. ს---------ის მიერ, 2013 წელს დაწერილი განცხადება, რომელიც შეეხება, მხოლოდ მისთვის გაუგებარ აღსრულებას.
დ------ ს---------ის განცხადებას ერთვის ქ----- თ----------ის და მისი მეუღლის, ბაგრატ თ----------ის 2013 წლის 14 სექტემბერს დაწერილი განცხადება. ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ინფორმაციით არ დგინდება, რომ დ------ ს---------ემ იცოდა (გაიგო) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ.
შპს ,,ბ------–-ს” წარმომადგენლებმა არც წერილობით და არც ზეპირად არ აცნობეს დ. ს---------ეს, რომ აუქციონი შედგა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით. დ------ ს---------ე კი არ არის იურისტი, რამაც განაპირობა 2013 წლის წერილში მისი შეკითხვა, თუ რატომ მოხდა მისი ქონების აუქციონზე გატანა.
ანუ, ის საფუძვლები რომლითაც აღსრულება მიმდინარეობდა, მისთვის უცნობი იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული გარემოება და დადასტურდა, რომ აღმასრულებლის შეტყობინება დ------ ს---------ეს გაეგზავნა მისი დედის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც იგი აღარ ცხოვრობს 1987 წლიდან, იმ დღიდან, როცა იგი გათხოვდა.
სასამართლო სხდომაზე მოსულმა დ------ ს---------ის დედამ, მ-----–- მ------- დაადასტურა, რომ მას ახსოვს 2013 წელს რაღაც დოკუმენტის მიღება, თუმცა ამ პერიოდში მასაც ჰქონდა სადაო საქმე სასამართლოში და ეგონა, რომ მიღებული ქაღალდი, რომლის შინაარსი არ წაუკითხავს, მას ეკუთვნოდა. შემდეგ მისი არსებობა გადაავიწყდა და სხვაგან მცხოვრები ქალიშვილის - დ------ ს---------ისათვის არაფერი გადაუცია.
ანუ, აღმასრულებლის შეტყობინება ჩაბარდა არა დ------ ს---------ეს ან მისი ოჯახის წევრს, არამედ სხვა მისამართზე მცხოვრებ მშობელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი აღენიშნა, რომ დ------ ს---------ეს, როგორც ქონების მესაკუთრეს გაეგზავნა წინადადება და ეცნობა სააღსრულებო საქმის წარმოების თაობაზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დ------ ს---------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ, შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა შპს მ---- ”ბ------–-ს” სარჩელი და ქ----- თ----------ეს, შპს მ---- „ბ------–-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა, ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების 23 044.84 აშშ დოლარის გადახდა და 2012 წლის 19 აპრილიდან ყოველთვიურად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის ძირი თანხის-17 000 აშშ დოლარის 4 % - 680 აშშ დოლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით, ქ----- თ----------ეს დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ, 1515.00 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ- 500 ლარის გადახდა;
აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით დადგენილ იქნა, მოპასუხის საკუთრებაში რიცხული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: 490 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და 1001 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ბათუმი, დასახლება მახვილაური ს/კ 0----------- და 1701 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე ბათუმი დასახლება მახვილაური ს/კ 0----------- რეალიზაცია.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში, რის შემდეგაც, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდა იძულებითი აღსრულება და თანხის გადახდევინების მიზნით, აუქციონზე გასხვისდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები.
N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება აუქციონის განკარგულების საფუძველზე 2013 წლის 14 მარტს აღირიცხა ზურაბ მელიქიშვილის საკუთრებაში.
მხარეთა მითითებით, N 0----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დღეისათვის აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებაში, რომელზედაც გადის საავტომობილო მაგისტრალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის, 422-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 426-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 422-423-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 422.1“გ“ მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესეული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
ამავე კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარეს ეცნობა გადაწყვეტილება, ე.ი. როდესაც გადაწყვეტილება მას ჩაბარდა უშუალოდ სასამართლოში ან გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ბ------–-ს” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დასწრებელი გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, რაც შპს ,,ბ------–-ს” სარჩელის წარდგენისას და გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის რეგისტრირებული იყო დ------ ს---------ის საკუთრებაში, თუმცა სასამართლოში საქმის განხილვისას დ------ ს---------ე მხარედ მიწვეული არ ყოფილა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მისი გამოტანის დროისათვის, უშუალოდ შეეხო დ------ ს---------ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.
იმისათვის რომ გაირკვეს, დ------ ს---------ეს წარმოდგენილი აქვს თუ არა განცხადება სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში, აუცილებელია შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის მიერ, დ------ ს---------ეს გაეგზავნა, მხოლოდ შეტყობინება იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე (ს.ფ.78-80) საქმის მასალებით არ დგინდება, რომ დ------ ს---------ეს გადაწყვეტილება ჩაბარდა უშუალოდ სასამართლოში ან აღმასრულებლის მეშვეობით, როგორც ამას პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებს.
შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ დ------ ს---------ეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს (თანახმად 09.06.2017 წ. განცხადებისა ს.ფ.1), საიდანაც გაშვებული არ არის სსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რაც ადასტურებს ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის უსწორობას.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი გამოტანის დროისათვის უშუალოდ შეეხო დ------ ს---------ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რომელიც საქმის განხილვაზე არ იყო მიწვეული, ასევე განცხადება ამ გადაწყვეტილების ბათილობისა და საქმის განახლების მოთხოვნით წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ ვადაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დ------ ს---------ის განცხადება უსაფუძვლოა, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება არ არის იმ პირის უფლებების დაცვის ერთადერთი გზა, რომელიც განხილვაში არ მონაწილეობდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე № 3/1/531 05 ნოემბერი, 2013 ისრაელის მოქალაქეები - თ----- ჯ---–---–-, ნ--- ჯ---–---–- და ი---- ჯ---–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ: სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც უნდა უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფცია ჰქონდეს, დავაში არმონაწილე პირის მიმართ იგი ვერ აღსრულდება. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო, ანუ აღსასრულებელი ძალა გააჩნია, უშუალოდ, მოდავე მხარეთათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც-ერთი ნორმა არ უკრძალავს იმ მხარეს, რომელიც საქმის განხილვაში არც პირადად და არც უფლებრივი წინამორბედის მეშვეობით არ მონაწილეობდა, სადავოდ გახადოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და ხელახლა განაცხადოს ის მოთხოვნები, რომლებზეც სასამართლოს ერთხელ უკვე ნამსჯელი აქვს.
ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს, რომელიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა და, რომელსაც, მიუხედავად ამისა, ქონება ჩამოერთვა, სრული უფლება აქვს მოითხოვოს ამ ქონების დაბრუნება, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში - ზიანის ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ ამის თაობაზე, გარკვეულწილად, მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმაც 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში. კერძოდ:
ამ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ჯერ მოიშველია სხვა საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობა: “ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; შემდეგ კი დამატებით განმარტა, რომ “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუზღუდავად გასაჩივრების შესაძლებლობა შექმნიდა მოდავე მხარეთა ურთიერთობებში მუდმივ გაურკვევლობას და იმის საშიშროებას, რომ დავა და კონფლიქტი ვერასდროს ჰპოვებდა საბოლოო გადაწყვეტას.
როგორც აღვნიშნეთ, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე”.
პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ცხადია, პლენუმმა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები წანასწარი ძალის მქონედ მიიჩნია, მხოლოდ, მოდავე მხარეთათვის. ეს კი ნიშნავს, რომ იმ პირებს, რომლებიც სამართალწარმოებაში არ მონაწილეობდნენ, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების შეცილების უფლება შენარჩუნებული აქვთ. ეს ლოგიკურიცაა.
სამოქალაქო სამართალწარმოება პრაქტიკულად სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, თითქმის მთლიანად, მოდავე მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი, ეს ფაქტები და მტკიცებულებები კი, შეიძლება, სრული და ობიექტური არც იყოს.
გარდა ამისა, ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა რამდენჯერმე ხაზგასმით განმარტა: “სწორედ ინტერესთა სამართლიანი დაბალანსებისთვის, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობის ზოგადი შემთხვევებიდან უნდა გაიმიჯნოს და დამოუკიდებლად შეფასდეს ის შემთხვევები, როდესაც... უფლების დაცვა/აღდგენა შეუძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე”; “ბათილად ცნობის მოთხოვნა უფლებამოსილი პირებისათვის არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სწორედ ეს გზა არის რეალური შესაძლებლობა უფლების დასაცავად, ანუ, როდესაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობას პოტენციურად შეუძლია უზრუნველყოს უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება, რაც შეუძლებელი იქნებოდა გადაწყვეტილების ბათილობის გარეშე”.
ამდენად, ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწვეტილების ბათილად ცნობის პირობად უთითებს სხვაგვარი გზით უფლების აღდგენისა თუ კომპენსაციის მიღების შეუძლებლობას. ეს კი ნიშნავს, რომ პლენუმი არ გამორიცხავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გარეშეც.
ამის გამო, პირს, რომლიც საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა, გადაწყვეტილების არსებობის პირობებშიც შეუძლია მოითხოვოს “უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ან შესაბამისი კომპენსაციის მიღება”.
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გარეშე პირის უფლებების რეალიზაცია შეუძლებელი იქნება მაშინ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით რაიმე სახის ვალდებულება დაეკისრება უშუალოდ მას, რადგან ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა ექნება ამ პირის მიმართაც.
იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა დ------ ს---------ის ქონების განკარგვა, რაც აღსრულდა და დღეისათვის ეს ქონება იმ მდგომარეობით აღარ არსებობს, როგორც დ------ ს---------ის საკუთრებაში რეგისტრაციისას, ვინაიდან, მხარეთა მითითებით მასზედ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლება აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე და მოწყობილია საავტომობილო მაგისტრალი, პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ბათილობით დ------ ს---------ის უფლების თავდაპირველი სახით აღდგენა ვეღარ განხორციელდება. კერძოდ;
სარჩელით დავის საგანს წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობასთან ერთად, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული. დღეისათვის ასეთი დანიშნულების ინდივიდუალურად განსაზღვრული, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი აღარ არსებობს და გვაროვნული ნივთის (სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის) შემადგენელი ნაწილია.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა საქმის არსებითად განხილვა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნასთან ერთად დ------ ს---------ეს არ მიუთითებია, დღეისათვის არსებული ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, ბათილობის შემთხვევაში, როგორი სახის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს მისი შეცვლა.
აღნიშნული გარემოებები ადასტურებს წარმოდგენილი განცხადების უსაფუძვლობას და დაუსაბუთებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადასთან დაკავშირებით არასწორად დაადგინა ფაქტი, ამასთან არასაკმარისად დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინება, დ------ ს---------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამორიცხავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დ------ ს---------ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------ ს---------ის (წარმომადგენელი - შ----- ჯ---–---) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ი---- პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე