განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2018
საქმის ნომერი
030210015001202732
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030210015001202732

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-810-2016 6 თებერვალი, 2018 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - შპს კ--–--ი

წარმომადგენელი - ვ--–------------------ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ლ---

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ლ---ს სარჩელი შპს კ--–--ის მიმართ, ფართის გამოთავისუფლების და თანხის დაკისრების თაობაზე. დაევალა მოპასუხე შპს კ--–--ს მისი კუთვნილი მოძრავი ქონებისაგან, კერძოდ 3527,26 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელის არაყი “ბონაპარტესაგან”, შპს ლ---ს კუთვნილი ფართის (ს.კ. 0-----------) გამოთავისუფლება. დაეკისრა მოპასუხე შპს კ--–--ს მოსარჩელის შპს ლ---ს სასარგებლოდ 6608 ლარის, ასევე 2016 წლის 14 ივნისიდან, მოპასუხის შპს კ--–--ის მიერ, მოსარჩელის შპს ლ---ს კუთვნილი ფართის (ს.კ. 0-----------) გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 118 ლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 198,24 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. სს ,,ი-------------------------------------------” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 19/10/2010წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №2), განხორციელდა საზოგადოების გაყოფით რეორგანიზაცია და დასახელებული სააქციო საზოგადოება დაიყო ორ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად: შპს ,,შ-------------------” და შპს ,,კ--–--ი”, რომელთა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა 2011 წლის 02 სექტემბერს (გადაწყვეტილება №11097739/12). 2.2. ქ.ფოთში, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე არსებულ სასაწყობო შენობა (ს.კ. 0-----------) სადაც განთავსებულია სადაო მოძრავი ქონება, სს ,,ი--------------------ი- ს------------------ის” რეორგანიზაციის შედეგად, მიეკუთვნა შპს ,,შ-------------------ს”. 2.3. 2015 წლის 18 მაისს დასრულდა შპს ,,შ------------------ის” დაყოფით რეორგანიზაცია, რის შედეგადაც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდნენ: შპს ,,ლ---”, შპს ,,ჯ----”, შპს ,,მ-----” და შპს ,,ი-------------–ი”. 2.4. ქ.ფოთი, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება 2015 წლის 18 მაისიდან მიეკუთვნა შპს ,,ლ---ს” (ს.ნ. 4--------). 2.5. სს ,,ი-------------------------------------------” 2010 წლის 1 ივლისის სავარაუდო გამყოფი ბალანსით, საზოგადოების გაყოფით რეორგანიზაციისას 3527.63 ლარის ღირებულების განუბაჟებელი არაყი მიეკუთვნა შპს ,,კ--–--ს’’, შესაბამისად აღნიშნული ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. 2.6. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, შპს ,,ჯ----მა”, შპს ,,ი--------------–მა” და შპს ,,მ-----მ” თავისი წილი მოთხოვნის უფლება შპს ,,კ--–--ის” მიმართ, დაუთმეს შპს ,,ლ---ს”. 2.7. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებების თანხმად, ქ. ფოთი, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე არსებული 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საიჯარო ქირა შეადგენს 118 ლარს. 2.8. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მოსთხოვა მოპასუხეს მისი კუთვნილი ფართიდან მოპასუხის კუთვნილი ქონების გატანა, მაგრამ მოპასუხის ქონება ამჟამადაც განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ საწყობში. 2.9. ქ.ფოთი, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე მდებარე, შპს ,,ლ---ს’’ საკუთრებაში არსებული საწყობში განთავსებული 17788,32 ლარის აქტივი (საქონელი) და 5721,38 ლარის სასაქონლო-მატერიალური მარაგი არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. სს ,,ი-------------------------------------------” 2010 წლის 1 ივლისის სავარაუდო გამყოფი ბალანსით, საზოგადოების გაყოფით რეორგანიზაციისას 17788,32 ლარის აქტივი (საქონელი) და 5721,38 ლარის სასაქონლო-მატერიალური მარაგი მიეკუთვნა შპს ,,კ--–--ს’’, თუმცა 2010 წლის 19 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და კრების ოქმის 2.2. პუნქტის შესაბამისად, შპს ,,შ------------------ისათვის’’ გადაცემული 29951.69 ლარის ვალდებულების დასაბალანსებლად საბოლოო გამყოფი ბალანსით, შპს ,,კ--–--ის ’’ 17788,32 ლარის აქტივი (საქონელი) და 5721,38 ლარის სასაქონლო-მატერიალური მარაგი გადატანილ იქნა შპს ,,შ------------------ის’’ აქტივის ნაწილში და, შესაბამისად, ირიცხება შპს ,,შ------------------ის’’ საკუთრებად. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნის დათმობა / გაქვითვა დაუშვებელია, კრების ოქმის 2.2. პუნქტში მითითებული შეთანხმება წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, რადგან: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს უფლებამონაცვლეს/უფლებამონაცვლეებს (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად) ამ კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლში მითითებულია საწარმოს რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ამ საწარმოს უფლებამონაცვლეებზე, დაბრუნებული თანხის განაწილების წესი, რომელიც უნდა დაიცვას საგდასახადო ორგანომ. აღნიშნული მუხლი არ ზღუდავს საწარმოს უფლებამონაცვლეებს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შემთხვევაში, თავიანთი შეხედულებით შეთანხმდნენ დასაბრუნებელი თანხის განაწილებაზე. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ასეთი შეთანხმება არ არის ბათილი გარიგება, იმის გამო, რომ იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული პირობებით არ არის ჩამოყალიბებული. ამდენად, კრების ოქმის 2.2. პუნქტი, რომლითაც 17788,32 ლარის აქტივი (საქონელი) და 5721,38 ლარის სასაქონლო-მატერიალური მარაგი მიეკუთვნა მოსარჩელეს არ არის ბათილი გარიგება და, შესაბამისად, აღნიშნული ქონება წარმოადგენს მოსარჩელის და არა მოპასუხის საკუთრებას. 2.10 მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამ შემთხვევაში, მოსაჩელე ითხოვს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი შედეგებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას რომელიც მოპასუხემ დაზოგა 2011 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, მოსარჩელის ქონებით უსაფუძვლო სარგებლობით. მითითებული საფუძვლის გათვალისწინებით, ამ მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამ შემთხვევაში არ არის გასული ხანდაზმულობოს 10 წლიანი ვადა, რადგან მოპასუხის ქონება მოსარჩელის საკუთრებაში განთავსებულია, უსაფუძვლოდ 2011 წლის სექტემბრიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა ამ დროიდან. სარჩელი კი სასამართლოში აღიძრა 2015 წლის 28 დეკემბერს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. მოპასუხე, უსაფუძვლოდ სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და, მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნისა არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს მისი კუთვნილი ქონებიდან. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რადგან სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მფლობელობას, ამ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ მუხლში. აღნიშნულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ის დანაკლისი, რომელიც მან მიიღო, მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობით. ამ შემთხვევაში, მოპასუხე 2011 წლის სექტემბრიდან, საფუძვლის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც, მოსარჩელემ დაკარგა ამ პერიოდში, სარგებლის მიღების შესაძლებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე არ იყო ხანდაზმული.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს კ--–--მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მართალია შპს კ--–--ი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ხსენებული ქონება მიეკუთვნა მოპასუხე მხარეს, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ქაღალდზე და მიუხედავად არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მიმართვა/მოთხოვნისა, დღემდე ვერ იქნა დადგენილი და გარკვეული რეალურად არსებობს თუ არა ქონება, არის თუ არა იგი განთავსებული მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში და აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დადგენა იმისა, რომ ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას და შესაბამისად მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ამ ქონებით, გამოეყენებინა იგი როგორც საკუთარი, ვერ იქნება გაზიარებული. 3.2. ერთი მხარის ახსნა-განმარტება, რომელიც სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება და, რომელსაც არ ეთანხმება მოდავე მოწინააღმდეგე მხარე, როგორ შეიძლება საკმარისი საფუძველი გახდეს კონკრეტული გარემოების დამტკიცებულად (დადგენილად) ცნობისათვის, ყოველგვარ სამართლებრივ აზრს მოკლებულია. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუკი სასამართლო იზიარებს ერთი მხარის ახსნა-განმარტებას, რატომ არ იზიარებს მეორე მხარის ახსნა-განმარტებას. 3.3. თუკი სასამართლო ადგენს უძრავი ქონების კუთვნილების ფაქტს და მიუთითებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, გაურკვეველია რა მნიშვნელობის მქონე იყო ამ ფაქტის დადგენის დროს მითითება - „სადაც განთავსებულია სადავო მოძრავი ქონება“. ხოლო თუკი სასამართლოს ადგენს, რომ მოძრავი ქონება ნამდვილად კონკრეტული საკადასტრო კოდის ქვეშ არსებულ უძრავ ქონებაშია განთავსებული, როგორ შეიძლება ასეთი მოძრავი ქონების კონკეტულ ფართში განთავსება დგინდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით. მისით შეიძლება დადგინდეს უძრავი ქონების კუთვნილების ფაქტი, მისი ვალდებულებით დატვირთვის და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დადგინდეს ამ ქონებაში განთავსებული მოძრავი ქონების, მით უფრო სადავო ქონების არსებობის ფაქტი. შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ თითქოს ეს საკითხი არ არის არსებითი მნიშვნელობის მქონე, მაგრამ იმ მოცემულობაში, როდესაც შესაგებლიდან დაწყებული სასამართლო სხდომაზე საპაექრო სიტყვით დამთავრებული აპელანტი სადავოდ ხდიდა ქონების ბუნებაში არსებობის ფაქტს და მისი მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ ქონებაში განთავსების ფაქტს, ცოტა რთულად მისაღებია სასამართლოს მიერ მარტივად დადგენა უდავო გარემოებად, რომ თურმე ქონება განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ სასაწყობე შენობაში. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც სასამართლო მიიყვანა არასწორ გადაწყვეტილებამდე და შედეგად აპელანტს დაეკისრა ისეთი შინაარსის ვალდებულება - ფართის გამოთავისუფლება და „უსაფუძვლო გამდიდრებით“ გამოწვეული თანხის ანაზღაურება, რომელიც საქმის სწორად და არსებითად გამოკვლევის შემთხვევაში, აპელანტისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებით უნდა დასრულებულიყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ სს ი------------------------------------------- აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების 19/10/2010წ. გადაწყვეტილებით (ოქმი №2) სააქციო საზოგადოება ნატურით გაიყო ორ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად: შპს შ------------------- და შპს კ--–--ი. 4.2. ამის შედეგად, ქ.ფოთში, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე არსებულ სასაწყობო შენობა (ს.კ. 0-----------), სადაც განთავსებულია სადაო მოძრავი ქონება მიეკუთვნა, შპს შ-------------------ს. 4.3. 2015 წლის 18 მაისს დასრულდა შპს შ------------------ის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდნენ: შპს ლ---, შპს ჯ----, შპს მ----- და შპს ი-------------–ი. 4.4. ქ.ფოთში, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება 2015 წლის 18 მაისიდან მიეკუთვნა შპს ლ---ს (ს.ნ. 4--------). 4.5. სს ი------------------------------------------- 2010 წლის 1 ივლისის საბოლოო გამყოფი ბალანსით საზოგადოების გაყოფის შედეგად 3527,63 ლარის ღირებულების განუბაჟებელი არაყი მიეკუთვნა შპს კ--–--ს. 4.6. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, შპს ჯ----მა, შპს ი--------------–მა და შპს მ-----მ თავისი წილი მოთხოვნის უფლება შპს კ--–--ის მიმართ დაუთმეს შპს ლ---ს. 4.7. ქ. ფოთი, სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე არსებული 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის საიჯარო ქირა შეადგენს 118 ლარს. 4.8. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მოსთხოვა მოპასუხეს კუთვნილი ფართიდან ქონების გატანა, მაგრამ მოპასუხის ქონება, ამჟამადაც, განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ საწყობში. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.9.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტი ვალდებული იყო გაეთავისუფლებინა მოსარჩელის კუთვნილი ფართი და გადაეხადა საფასური. 4.10. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სს ინტერტანსსერვისი-ს------------------ის საბოლოო გამყოფი ბალანსით ე.წ. აქციონერთა მეორე ჯგუფს, ე.ი. აპელანტს 3527,63 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი გადაეცა. 4.10.1. 2012 წლის 3 მაისს აპელანტმა წერილით მიმართა „აქციონერთა მეორე ჯგუფის“ მიერ შექმნილ საწარმოს, შპს შ-------------------ს და ზემოხსენებული ქონების, განუბაჟებელი არაყი „ბონაპარტეს“ გადაცემა მოითხოვა. 4.10.2. 2012 წლის 17 მაისს შპს შ-------------------მ ამ ქონების მიწოდებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მისი მიწოდების (დატვირთვა, ტრანსპორტირება, გადმოტვირთვა) ვალდებულება არ ეკისრებოდა. ამავდროულად, აპელანტს ქონების „გატანა“, ფართის გათავისუფლება და შენახვის საფასურის ანაზღაურება მოსთხოვა. 4.10.3. 2012 წლის 25 მაისს აპელანტმა შპს შ-------------------ს ასევე წერილობით უპასუხა და განუმარტა, რომ არაყი „ბონაპარტეს“ გადაცემა სწორედ მას ევალდებოდა, ამის გამო, ან ქონება უნდა გადაეცა, ან მისი ღირებულება, 3529,63 ლარი გადაეხადა. 4.10.4. მოგვიანებით, მხარეებმა ერთმანეთს წერილობით კიდევ რამდენჯერმე მიმართეს და, მათ შორის, არყის სამართლებრივ ბედზე დავობდნენ. 4.10.5. ამ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით დგინდება, რომ საბოლოო გამყოფი ბალანსით აპელანტს, სწორედ, არაყი „ბონაპარტე“ გადაეცა და იგი მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. 4.10.6. ზემოხსენებულ გარემოებას ამტკიცებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტემბრის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ლ---ს კუთვნილ ნაგებობაში განთავსებული არის, სწორედ, არყის „ბონაპარტე“ ბოთლები, ამასთან ეს არაყი დღევანდელ ბაზარზე აღარ იწარმოება. 4.10.7. ამრიგად, პალატამ დაადგინა, რომ ქონება, რომლისაგანაც მოსარჩელე კუთვნილი ფართის გათავისუფლებას ითხოვს, სწორედ ის „ალკოჰოლური სასმელია“, რომელიც აპელანტს საბოლოო გამყოფი ბალანსით გადაეცა. 4.11. დადგენილია, რომ სადავო ალკოჰოლური სასმელი 2010 წლის 19 ოქტომბრამდე ეკუთვნოდა სს ი--------------------ი-ს------------------ას. 4.11.1. როგორც აღინიშნა, ამ საწარმოს ნატურით გაყოფის შედეგად სადავო ქონებაზე უფლებები გადაეცა აპელანტს. 4.11.2. ამ დროისათვის მოქმედი რედაქციით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის. 4.11.3. აქედან გამომდინარეობს, რომ გაყოფის შედეგად წარმოშობილი საწარმო, პარტნიორთა შეთანხმების ფარგლებში, თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლეა. 4.11.4. ამის შესაბამისად, აპელანტს ქონებაზე გადაეცა ის უფლებები, რაც სს ი--------------------ი-ს------------------ას ჰქონდა. ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე იგი სადავო ქონების მესაკუთრეა. 4.12. ამრიგად, დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ფართში, მისი ნების გარეშე, განთავსებულია აპელანტის კუთვნილი ქონება. 4.12.1. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძლზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული აპელანტისათვის ქონება მიეწოდებინა. 4.13.1. დადგენილია, რომ 2010 წლის 19 ოქტომბრის კრების ოქმით, ე.ი. ხელშეკრულებით მხარეებს ქონების მიწოდების, ე.ი. ვალდებულების შესრულების ადგილი არ განუსაზღვრავთ. ამასთან, რადგან სადავო ქონება მოსარჩელის მფლობელობაში იყო, აპელანტისათვის მისი გადაცემის ვალდებულება სწორედ მას ჰქონდა. ამის შესაბამისად, ამ ვალდებულებაში მოვალე მოსარჩელე იყო. 4.13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ საგნის მიწოდება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც იმყოფება მოვალის საწარმო; თუ ასეთი არ არის, მაშინ - მისი საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით. 4.13.3. რადგან მოსარჩელეს აპელანტისთვის 3527,63 ლარის ღირებულების არაყი, ე.ი. გვარეობით განსაზღვრული საგანი უნდა მიეწოდებინა, ხელშეკრულების შესრულების ადგილი განსაზღვრული არ იყო და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობდა, მიწოდება მოვალის, ე.ი. მოსარჩელის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა მომხდარიყო. 4.13.4. ეს ნიშნავს, რომ ქონების დატვირთვას, ტრანსპორტირებასა და გადმოტვირთვაზე უარს მოსარჩელე სავსებით საფუძვლიანად აცხადებდა და ეს ვალდებულება, სწორედ, აპელანტს ეკისრებოდა. 4.13.5. ე.ი. სადავო ქონება მოსარჩელეს აპელანტისათვის მის მისამართზე კი არ უნდა მიეწოდებინა, არამედ თავად აპელანტი უნდა გამოცხადებულიყო მოსარჩელის მისამართზე პროდუქციის მისაღებად. 4.14. ამრიგად, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარის ქონებით სარგებლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა, ამავდროულად, სარგებლობის წარმოშობის საფუძველი მართლსაწინააღმდეგო არ არის. 4.14.1. ამის გამო, პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მას დაზოგილი თანხის ანაზღაურება მართებულად დააკისრა. 4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 სექტმბრის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ფართში განთავსებულია 1329 ბოთლი ალკოჰლური სასმელი და მას, ფაქტობრივად, დაკავებული აქვს 13,5 კვ.მ. ფართი. მართალია, განსაკუთრებული წესით განთავსების შემთხვევაში, ეს ფართი შეიძლება შემცირდეს 5,76 კვ.მდე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, პალატის აზრით, ამ რაოდენობის შუშის ბოთლის განთავსება მთლიანი ფართობის სხვა დანიშნულებით გამოყენებას შეუძლებელს ხდის. 4.15.1. ამის გამო, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაც სწორად გამოიანგარიშა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს კ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა