განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
010141318700055043
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055043

საქმე №1ა/გ-234-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-----–-------------ძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

ი-----–-------------ძე (დაბადებული 19---–-–-----------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8 000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-----–-------------ძეს, 2014 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა-4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- წერილით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმიდან, 4000 (ოთხი ათასი) ლარიდან გადახდილია 333.64 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით ი-----–-------------ძის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.

2018 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი-----–-------------ძემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი-----–-------------ძის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ი-----–-------------ძეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ი-----–-------------ძე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება ი-----–-------------ძის მიმართ დანიშნულ სასჯელს, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–-------------- წერილით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმისგან მსჯავრდებულს გადახდილი აქვს მხოლოდ 333.64 ლარი. შესაბამისად, ი-----–-------------ძე უნდა გათავისუფლდეს მოსახდელად დარჩენილი ჯარიმისგან..

ამასთან მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები მსჯავრდებულს დღეის მდგომარეობით აღდგენილი აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ი-----–-------------ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–-------------ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებული ი-----–-------------ძე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მოსახდელად დარჩენილი ჯარიმისგან.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე