განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2018
საქმის ნომერი
080315417002211090
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080315417002211090 (3/ბ-40-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

საჩივრის ავტორი - შალვა გობრონიძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N31 საჯარო სკოლა;

 

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა;

 

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შალვა გობრონიძემ და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონის (განცხადების ნომერი 35777CUG48455317) და აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

 

განცხადების თანახმად, 2017 წლის 9 ოქტომბერს ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძემ მონაწილეობა მიიღო სსიპ ქუთაისის №31-ე საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ №35777 აუქციონში, რომელიც გულისხმობდა სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტის მოწყობას ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძე ცნობილ იქნა აუქციონში გამარჯვებულ პირად და მას №31-ე სკოლასთან უნდა გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება.

 

განმცხადებლის განმარტებით სკოლის ადმინისტრაცია შეგნებულად უქმნის პრობლემას, რომ არ გაუფორმოს ხელშეკრულება და სურს კვების ობიექტის მოწყობა სხვა სუბიექტმა განახორციელოს

.

2017 წლის 13 ნოემბრის წერილით №31-ე სკოლის დირექტორმა ირმა შველიძემ ინდ. მეწარმე ,,შალვა გობრონიძეს’’ აცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან არ არის საკმარისი კვების პროდუქტების საწარმოდ მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. მოთხოვნის შესაბამისად ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძემ №31-ე სკოლას წარუდგინა 2009-2011 წლების საგადასახადო დეკლარაციები, რომელიც 28.11.2017 წერილის მიხედვით საკმარისი არ აღმოჩნდა და სკოლის ადმინისტრაციამ ამავე წერილით აცნობა, რომ საბუთების წარდგენის ბოლო ვადა იყო 28 ნოემბერი.

 

ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძემ 4 დეკემბერს დამატებით წარუდგინა №31-ე საჯარო სკოლას 08.04.2010 წელს და 29.08.2012 წელს შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-დან აღებული სესხის განცხადებები და ხელშეკრულებები, რომელიც განმცხადებლის მოსაზრებით ადასტურებდა კვების პროდუქტების წარმოების 5 (ხუთი) წელზე მეტ გამოცდილებას. ამავე წერილით შალვა გობრონიძემ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისათვის ვადის გაგრძელება, რადგან ვადა დარღვეული იქნა სკოლის ადმინისტრაციის მიზეზით, კერძოდ წერილობითი შეტყობინება გადაეცა ხელშეკრულების გაფორმების ბოლო დღეს.

 

განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ №31-ე საჯარო სკოლამ გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი - განცხადების ნომერი 35777CUG48455317, ხოლო ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძეს ხელშეკრულების გაფორმებაზე უარყოფითი პასუხი არ მიუღია.

 

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ აპირებს აღძრას სარჩელი სავარაუდო მოპასუხე სსიპ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მიმართ, 11.12.2017 წლის (განცხადების ნომერი 35777CUG48455317) აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ასევე №35777 აუქციონის გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების მოთხოვნით.

 

განმცხადებელი მიუთითებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 192-ე და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე და ითხოვდა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონის (განცხადების ნომერი 35777CUG48455317) და აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

 

განმცხადებელი განმარტავდა, რომ აუქციონი რომელიც გამოცხადდა 11.12.2017 წელს (განცხადების ნომერი 35777CUG48455317) დასრულდება 16 დეკემბერს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული პირი სსიპ № 31-ე საჯარო სკოლა გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას აღნიშნულ პირთან, რომელიც მოახდენს სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტის მოწყობას, რის შემდეგაც სასამართლო დავის გაგრძელებას აზრი არ ექნება.

 

2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ინდ. მეწარმე ,,შალვა გობრონიძის’’ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

 

დასახელებული განჩინება შალვა გობრონიძეს ჩაბარდა 2017 წლის 14 დეკემბერს.

2017 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა შალვა გობრონიძემ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა დაუსაბუთებლობის მოტივით.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის მიმართ სსიპ №31 საჯარო სკოლის მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა უხეში კანონდარღვევით. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ვარაუდი საფუძვლიანია. 2017 წლის 9 ოქტომბერს შალვა გობრონიძემ, როგორც ინდ. მეწარმემ მონაწილეობა მიიღო სსიპ ქუთაისის №31-ე საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებულ №35777 აუქციონში, რომელიც გულისხმობდა სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტის მოწყობას. ინდ. მეწარმე შალვა გობრონიძე ცნობილ იქნა აუქციონში გამარჯვებულ პირად და მას №31-ე სკოლასთან უნდა გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება. მიმდინარე მდგომარეობით იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და არც წერილობითი პასუხი მიუღია იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულით მოპასუხე მხარემ განმცხადებელი ჩააყენა ლოდინის რეჟიმში. მოპასუხის მიერ აუქციონის ხელმეორედ გამოცხადებით მისთვის მიყენებული ზიანი ვერ იქნება კომპენსირებული რადგან ზიანის მოცულობა არის დიდი და ამავე დროს რთულად დასათვლელი. მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე და მოახდინოს მისი დარღვეული/სადაოდ ქცეული უფლების აღდგენა იმ ფარგლებში, რასაც სარჩელით ითხოვს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განჩინებით შალვა გობრონიძის საჩივარი ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად და გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ შალვა გობრონიძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მათი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რაც განაპირობებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

 

ამავე კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელმა აუქციონის (განცხადების ნომერი 35777CUG48455317) და აუქციონის გამოცხადების შესახებ სსიპ ქუთაისის №31 საჯარო სკოლის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი - მართლმსაჯულების რეალური განხორციელება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მხარის ინტერესი არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მოსარჩელის მიერ იმ გარემოების გონივრულ დასაბუთებაზე, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას ამ ღონისძიების გაუტარებლობა, ასევე განმცხადებელი ვალდებულია მიუთითოს და დაასაბუთოს რატომ გამოიწვევს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვილი უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით სასამართლოს არ გასჩენია, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოთხოვილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისათვის, იგი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოება მოიცავს აუქციონის პროცედურასაც. ამავე დროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება დასაბუთებულია კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შალვა გობრონიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

 

3. სააპელაციო სასამართლოს ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი