განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210017002032575
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1154-2017 13 თებერვალი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ა----- ხ---------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------ე ხ---------ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა-–---------ე ხ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების ა-----ი ხ---------ის (პ.ნ6----------) და მ----- გ--------–-–---–ის (პ.ნ 1----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. წყალტუბო 9-------–ის ქ. N-- (ს/კ 2------------------) და იგი გადაეცა ა-–---------ე ხ---------ს (პ.ნ. 6----------). საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია რომ ა-–---------ე ხ---------ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. წყალტუბო 9-------–ის ქ. N-- (ს/კ 2------------------), უფლების დამადასტურებელი საბუთია: ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებული 05.05.2017წ. დადგენილია რომ მითითებულ სადავო ფართში ცხოვრობენ მოპასუხეები. 2.2. დადგენილია, რომ ა-–---------ე ხ---------ი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და სხვა თავშესაფარი არ გააჩნია. 2.3. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო ქონება არ არის მარტო მოსარჩელის საკუთრება, სახელმწიფომ მათ როგორც დევნილებს გადასცა ბინა, რომელიც გადაცვალეს, გადაცვლის შედეგად მიღებული ბინა კი მოტყუებით გაფორმებული იქნა მოსარჩლის სახელზე, ჩუქების ხელშეკრულებით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებული ვერ იქნა მოპასუხეთა მიერ, რადგან მათ აღნიშნულის თაობაზე არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. 2.5. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 2.6. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. 2.7. ა-–---------ე ხ---------ის კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. 2.8. სადავო ნივთზე ა-–---------ე ხ---------ს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოპასუხებს მოთხოვოს კუთვნილ ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა----- ხ---------მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი სოციალურად დაუცველია, სარეიტინგო ქულა აქვს დაბალი, ოჯახში ცხოვრობს 4 სული და ყველა უმუშევარია. საცხოვრებელი სახლი მათი ერთადერთი საცხოვრებელი ფართია. სადავო ქონება არ არის მარტო მოსარჩელის საკუთრება. სახელმწიფომ ქონება გადასცა არა მარტო ოჯახის ერთ წევრს, არამედ ყველა წევრს თანაბრად. ქონება, რომელიც სახელმწიფომ აპელანტს გადასცა გადაცვალეს და მოსარჩელე მხარემ მოახდინა მთლიანად მის სახელზე გაფორმება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ წყალტუბოში, 9-------–ის ქ. 15-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 2------------------ ეკუთვის ა-–---------ე ხ---------ს. 4.2. აპელანტს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა არამართლზომიერად. 4.4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.4.2. დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის. 4.4.3. აპელანტი არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. 4.4.4. მეტიც, მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც არ მიუთითებია, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.5. პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები დავის საგანთან შემხებლობაში არ არის. 4.6. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ა----- ხ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე