განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
330310017002038595
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002038595

საქმე №3ბ/618-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე: ირაკლი შენგელია

მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი

მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე

 

პირველი აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე; მოსარჩელე) - ამ------–-----------–--------ი

წარმომადგენელი - ნი------–-ძე

 

მეორე აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე; მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი -მა--------–-----–-ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/5436-17 გადაწყვეტილება;

 

II

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.1. აპელანტის ამ------–-----------–--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/5436-17 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. აპელანტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/5436-17 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება სრულად.

 

1.3. აპელანტი ამ------–-----------–--------ი სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიერ არ იქნა ჩატარებული სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, და არც არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოკვლეულა. შესაბამისად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/5436-17 გადაწყვეტილება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერია და ამ ნაწილში სამართლებრივი უსწორობა არ არის სახეზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ამ------–-----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2017 წლის 26 აპრილს, ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე ამ------–-----------–--------მა (დ-------------–.) თავშესაფრის მინიჭების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

2017 წლის 07 ივნისს, სამინისტრომ ამ------–-----------–--------თან ჩაატარა გასაუბრება, გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ე-------------------, მ----–----–-----, ამ------–-----------–--------ი დაიბადა 1----–-–-----------------, ე----–-, ქ. მ------––-, ბ----–-----------–--–-. 1996 წლიდან 2002 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ქ. მ------–-- დაწყებით სკოლაში, ხოლო 2002 წლიდან 2006 წლამდე - ქ. მ------–-- საშუალო სკოლაში. 2006 წლიდან 2013 წლამდე განმცხადებელი მუშაობდა მამამისის კუთვნილ ავეჯის მაღაზიაში ქ. მ------––- და პერიოდულად - ქ. ბ--------ში.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა ზოგადი მდგომარეობა ე----–-. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ბ----–ის პროვინციის ქ.მ------––- გახშირდა გატაცების ფაქტები გამოსასყიდის მიღების მიზნით. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, მას პირადად პრობლემები წარმოშობის ქვეყანაში არ ჰქონია, თუმცა ბოლო პერიოდში (2016-2017 წლებში) გაიტაცეს მისი სამი უბნელი, რომელთაგან ორი გამტაცებლებმა მოკლეს.

 

პირველად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ჩამოვიდა 2013 წელს დასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად. 2013 წლიდან განმცხადებელი პერიოდულად ბრუნდებოდა ე----–-. 2016 წლის 5 სექტემბერს თავშესაფრის მაძიებელმა საბოლოოდ დატოვა ე----- და ყ-------- გავლით 2016 წლის 6 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში. განმცხადებელი ამჟამად უმუშევარია. მისი განცხადებით, ადრე ფიქტიურად იყო გაფორმებული შპს-ში ,,რ---------–-“ ვინმე ნ-----ს მეშვეობით, რომელიც ასევე დაეხმარა შრომითი ბინადრობის უფლების მოპოვებაში. როდესაც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობს, თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ქ. მ------––- დაბრუნება არ სურს იქ არსებული მდგომარეობის გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ მოსარჩელეთა საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად ამ------–-----------–--------მა გადმოსცა სამინისტროს გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში საუბარია სანდოობის შეფასებაზე. კერძოდ, სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი ამ-------–-------------–--------ი (დ-------------- წ.) არის ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ბ----–ის პროვინციის ქ. მ------–-დან.

 

დასკვნაში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განცხადება ბ----–ის პროვინციის ქ. მ------––- არსებული არასტაბილური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებს შორის.

 

დასკვნის მეოთხე ნაწილში მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ ე----–- დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სიცოცხლის ხელყოფის რისკის ქვეშ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის N-------------- გადაწყვეტილებით (შეტყობინება) სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ------–-----------–--------ი არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, იგი არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, სამინისტრომ განმარტა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ამ------–-----------–--------ის მიმართ ადგილი არ ექნება ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და წამების ფაქტს, ვინაიდან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ე-----ს რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. ბ----–ის პროვინცია არის უსაფრთხო პროვინცია, სადაც ფიქსირდება ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის-ე-----ს შესახებ უახლოეს ინფორმაციებზე;

 

ინფორმაციის მომზადების თარიღია 2017 წლის 15 ივნისი; აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მაისში, ე-----ს მასშტაბით ადგილი ჰქონდა 520 ინციდენტს, რამაც იმსხვერპლა - 2, 001 ადამიანი და დაიჭრა 1,459. 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, დაშავებულთა რიცხვი ბ----–ონის პროვინციაში შემდეგნაირად ნაწილდება

- 2 გარდაცვლილი, 14 დაჭრილი.

 

ხოლო, 2017 წლის 22 სექტემბერს მომზადებული წარმოშობის ქვეყნის-ე-----ს შესახებ ინფორმაციის თანახმად, ჯ----–----------–----ს ,,Musings on Iraq”-ის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში, ე-----ს მასშტაბით, გარდაიცვალა 1,958 და დაიჭრა 1,261 პირი. მაშინ, როცა ინციდენტების რაოდენობა 2017 წლის ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში დაბალი იყო, მსხვერპლის რაოდენობა შედარებით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მასობრივი სასაფლაოების აღმოჩენით და თალ აფარში მიმდინარე ბრძოლით.

 

პროვინციების მიხედვით მსხვერპლის, როგორც გარდაცვლილების, ისე დაჭრილების, საერთო მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ნ-----ში - 2,393 პირი, ბ--------ში -

261, ს--–----------–- - 186, ა-----ში - 130, კ-------ში - 94, დ---–-–- - 60, ქ------–-–- - 50, ბ----–ონში - 41, ე-----–ში - 2, ქა------ში - 1, ს---–-------ში - 1. მსხვერპლთა 2,121 პირი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

 

ისლამური სახელმწიფო კვლავ აქტიური იყო ბ----–ონის ჩრდილო-დასავლეთით. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა 3 თავდასხმა, აქედან ორს ადგილი ჰქონდა ჯ-----------–-------- ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 10 ჰ-–---ს მებრძოლი დაიჭრა. ჯ---------–------- 2014 წელს იქნა გათავისუფლებული, რა დროსაც აიძულეს მოსახლეობა დაეტოვებინათ ადგილსამყოფელი, რათა სამხრეთით, წმინდა ქალაქებისკენ მიმავალი გზა უსაფრთხოდ შეენარჩუნებინათ. შედეგად კი, თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრა ინციდენტების რაოდენობა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ISIS დაბრუნდა და რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებს ე-----ს ძალებისა და მოსახლეობის მისამართით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წარმოადგენს შედარებით მცირე მასშტაბის თავდასხმებს, მაგალითად როგორიცაა, გზების დანაღმვა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ა-------–- მ----- ა-–-----------ს უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის №-------------- შეტყობინება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადმიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებების საფუძველზე მიღებულ იქნა

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს უცხოელისა და იმ მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც არ არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი (შემდგომ – მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას და ყოფნას, რომლებმაც ამ კანონის შესაბამისად მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა, აგრეთვე მათ მიმართ მოპყრობის სტანდარტებს; თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს და სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა)ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

საქალაქო სასამართლომ ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმო, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველ მუხლი, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო

ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა)იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება.

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ მოსარჩელის საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც ა-------–- მ----- ა-–----------მა გადმოსცა სამინისტროს გასაუბრების დროს; დასკვნაში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განცხადება ბ----–ის პროვინციის ქ. მ------––- არსებული არასტაბილური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებს შორის. დასკვნის მეოთხე

ნაწილში მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ ე----–- დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სიცოცხლის ხელყოფის რისკის ქვეშ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ჯ----–----------–----ს ,,Musings on Iraq”-ის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში, ე-----ს მასშტაბით, გარდაიცვალა 1,958 და დაიჭრა 1,261 პირი. მაშინ, როცა ინციდენტების რაოდენობა 2017 წლის ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში დაბალი იყო, მსხვერპლის რაოდენობა შედარებით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მასობრივი სასაფლაოების აღმოჩენით და თალ აფარში მიმდინარე ბრძოლით. პროვინციების მიხედვით მსხვერპლის, როგორც გარდაცვლილების, ისე დაჭრილების, საერთო მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ნ-----ში - 2,393 პირი, ბ--------ში - 261, ს--–----------–- - 186, ა-----ში - 130, კ-------ში - 94, დ---–-–- - 60, ქ------–-–- - 50, ბ----–ონში - 41, ე-----–ში - 2, ქა------ში - 1, ს---–-------ში - 1. მსხვერპლთა 2,121 პირი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ისლამური სახელმწიფო კვლავ აქტიური იყო ბ----–ონის ჩრდილო-დასავლეთით. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა 3 თავდასხმა, აქედან ორს ადგილი ჰქონდა ჯ---------–-------- ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 10 ჰ-–---ს მებრძოლი დაიჭრა. ჯ---------–------- 2014 წელს იქნა გათავისუფლებული, რა დროსაც აიძულეს მოსახლეობა დაეტოვებინათ ადგილსამყოფელი, რათა სამხრეთით, წმინდა ქალაქებისკენ მიმავალი გზა უსაფრთხოდ შეენარჩუნებინათ. შედეგად კი, თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრა ინციდენტების რაოდენობა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ISIS დაბრუნდა და რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებს ე-----ს ძალებისა და მოსახლეობის მისამართით.

 

გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ წერილობით ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც დეპუტატი მოითხოვს ჰ------- ა-–--------- და ბ----–ონის ოპერაციების ხელმძღვანელობისაგან, რათა ისინი ჩაერთნონ 61 იძულებით გადაადგილებული პირის მოტაცების საქმეში ჯა-------–---------ან. დეპუტატმა ლი----------მ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ მუდმივ მიზანშია ამოღებული ჩრდილო ბ----–ონის მცხოვრებლები, რაც გამოიხატება მათ მოტაცებაში, მოკვლაში. გასული ორი წლის განმავლობაში გატაცებულთა რაოდენობამ მიაღწია დაახლოებით ათას მოქალაქეს ჩრდილოეთით ბ----–ონში, ხოლო მოკლულია ასობით ადამიანი, მათ შორისაა ბ----–ონის გუბერნიის საბჭოს წევრი ა-----ლ-------ი, მოსამართლე ი------- ალ-------ი, აგრეთვე აკადემიური წრის წევრები, ტომების ბელადები (შ------), რელიგიური პირები. (იხ. ს.ფ 82-84). ამასთან, ალსუმარიას ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, კვირას უსაფრთხოების კომიტეტმა ბ----–ონის გუბერნიის საბჭოში გამოაცხადა, რომ დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქების შედეგად ბ----–ონის ჩრდილოეთით ა-–-------- საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ახლოს დაიღუპა და დაიჭრა დიდი რაოდენობის ხალხი. კომიტეტის თავმჯდომარემ ფა-–-----–-------მ განმარტა, რომ აღნიშნულ სატვირთო ავტომობილში ჩატვირთული იყო 500 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება და აღნიშნა, რომ ,,გუბერნიაში მსგავსი სიძლიერის აფეთქება წლების მანძილზე არ მომხდარა. (იხ. ს.ფ 87-88).

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამინისტროს მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისათვის სათანადო შეფასება არ მიუცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახამად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ჰუმანიტარული სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. თავის მხრივ, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მაძიებელს აქვს საფუძვლიანი შიში, რომ ის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გახდება დევნის მსხვერპლი გარკვეული გარემოებების გამო (რასის, რელიგიის, ეროვნების გამო და სხვა), ხოლო ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის კი უნდა გამოვლინდეს, რომ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას პირი ამ კანონით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რომლებიც მოიცავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სხვა ინფორმაციას, რომლითაც შეიძლება დადგინდეს პირზე საერთაშორისო დაცვის გავრცელების საჭიროება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასაუბრებას ატარებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა; ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი; გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები; დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა; ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება.

აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სამინისტრო საერთაშორისო დაცვის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. კერძოდ, ამ------–-----------–--------ისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვისას არსებული მდგომარეობა, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეკომენდაციები, რაც მას ავალდებულებდა არა მარტო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, არამედ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლიც. აღნიშნული სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხი არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებების სრული და ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ასევე, მისი შესაძლებლობების ფარგლებში სრულად მოიძიოს საჭირო მტკიცებულებები და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებაში ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძველი. ამასთან, ამ საფუძვლის არსებობის დადგენის შემთხვევაში, მოპასუხემ უნდა გამოარკვიოს მე-20 მუხლის შესაბამისად, ხომ არ არსებობს ჰუმანიტარული სტატუსი მინიჭებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, აკმაყოფილებს თუ არა მოსარჩელე მე-20 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს ან მისი საქართველოში ყოფნა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ხომ არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ა-------–- ა--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას რის გამო არ მოხდა სასაჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაშინ როცა საქმეში არსებული ყველა გარემოება ცალსახად მოწმობდა, იმას რომ სამინისტროს უნდა მიენიჭებინა საერთაშორისო დაცვა მისთვის და შესაბამისად სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა სრულად.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ არის ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ა-----------–----–----- ბ----–ის პროვინციიდან. მას დასთან ერთად დატოვებული აქვს წარმოშობის ქვეყანა, ვინაიდან მისთვის იქ ყოფნა საფრთხის შემცველი იყო. აპელანტი ბ----–-----------–--–- გატაცების გახშირებულ ფაქტებზე აპელირებს, აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მოსარჩელის 3 უბნელი გაიტაცეს, რომელთაგან 2 მოკლეს, ხოლო 1 თანხის გადახდის სანაცვლოდ გამოუშვეს. განმარტავს, რომ არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო, მისი მშობლებს თურქეთში უწევთ ყოფნა და იშვიათად ჩადიან ე----–-.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაცია ადასტურებს ბ----–-----------–--–- და ზოგადად ე----–- არსებულ მძიმე მდგომარეობას, გამუდმებით მშვიდობიანი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება რელური საფრთხე და ის შეიძლება გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნაა ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოხდეს სასამარლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭება საერთაშორისო დაცვა საქართველოში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფლდა მოსარჩელე ამ------–-----------–--------ის სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტოს 2017 წლის 13 ივლისის N 0------------- გადაწყვეტილება და სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელესათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს ვინაიდან, სამინისტროს მიერ სადაო საკითხზე ჩატარებული იქნა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შედეგად. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარმოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოსცა სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

 

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა რეგლამენტირებულია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 27 სექტემბრის ბრძანებითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (ძვ.რედაქც.,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის შესახებ“) საქართველოს კანონით. თავშესაფრის მინიჭების მიზნით პირს უტარდება ანკეტირება და გასაუბრება, რა დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იკვლევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც პირს უნდა მიენიჭოს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. სააპელაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართებით სამინისტრომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, რის შემდეგაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებულია იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული.

 

სააპელაციო საჩივარში აპელანტმა განმარტა, რომ სამინისტროს მიერ გამოკველული და შესწავლილი იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ადმინისტრაცული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მათ მიერ ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელებმაც არსებითი მნიშვნელობა იქონია ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე, გამოკვლეულ იქნა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებლის ბიოგრაფია, ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილების მარშრუტი, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის დეტალები წარმოშობის და სხვა ქვეყნებში.

 

აპელანტმა საჩივარში მიუთითა, რომ სამინისტრომ შეისწავლა მოსარჩელის ცხოვრებისა და ყოფის დეტალები, რაც სამინისტროს დასკვნაშია გადმოცემული. ამდენად, სამინისტროს მიაჩნია, რომ მათ მიერ გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის. გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტრომ შეფასება მისცა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის სანდოობის საკითხს. აპელანტმა განმარტა, რომ ლტოლვლისა და ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელი პირის სანდოობის შეფასება ხდება მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, რამდენად შესაბამისობაშია სხვადასხვა დროს ერთი და იმავე ფაქტებზე მოწოდებული ინფორმაცია და რამდენად თანმიმდევრულად შეუძლია მას აღნიშნულის გადმოცემა, რამდენად შეესაბამება მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამინისტროს მიერ მოძიებულ ინფორმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სამინისტროს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული ზემოაღნიშნული გარემოებები.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა საჩივრის დასაბუთებაში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დეტალურად შეისწავლა და დასაბუთებული შეფასება მისცა მოსარჩელესათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, რომ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება. აღნიშნული კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზულ ზიანს წარმოადგენს: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

აპელანტის განმარტებით, სამინისტროს კვლევის საგანს წარმოადგენდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც განხილული იქნა განმცხადებლის ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიზეზებით.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ სამმართველოს მიერ მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე არ იკვეთებოდა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რომ ე-----ს რესპუბლიკაში, კერძოდ, ბ----–-----------–--–- დაბრუნების შემთხვევაში განმცხადებელი დადგებოდა სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხის წინაშე განურჩეველი ძალადობის საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ თავშესაფრის მაძიებლის ინდივიდუალური პროფილის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელი არ წარმოადგენს არც ერთი იმ რისკ-ჯგუფის წევრს, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, როგორც ტერორისტული დაჯგუფებების, ისე სამთავრობო ძალების მხრიდან, შესაძლოა დადგეს სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე, ხოლო ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შეფასდეს, როგორც განურჩეველი ძალადობა.

 

აპელანტმა განმარტა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება სტატუსზე უარის თქმის თაობაზე მიღებული აქვს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის, ინდივიდუალური პროფილის, განმცხადებლის გამოცდილებისა და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიტუაციის გათვალისწინებით, ამდენად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოქალაქეობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში განმცხადებელს ზიანი არ მიადგება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ ყველა ეს გარემოება და ვითარება ასახული იყო როგორც გასაჩივრებულ აქტში, ასევე (და უფრო მეტად და გაშლილადაც) ადმინისტრაციული წარმოების მასალებში და განსაკუთრებით, სამმართველოს დასკვნაში, რომელიც მოთავსებულია ადმინისტრაციული საქმის მასალებში (შესაგებლის დანართის სახით). აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიაჩნია რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გაკეთებული, ზემოხსენებული მითითება ზერელე და ზოგადია. ეს კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ და ფაქტობრივ არასრულ დასაბუთებულობაზე მიუთითებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი, სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

III

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აპრილს, ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე ამ------–-----------–--------მა (დ-------------–.) თავშესაფრის მინიჭების თხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

2017 წლის 07 ივნისის სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმის თანახმად, სამინისტრომ ამ------–-----------–--------თან ჩაატარა გასაუბრება, გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ე-------------------, მ----–----–-----, ამ------–-----------–--------ი დაიბადა 1----–-–-----------------, ე----–-, ქ. მ------––-, ბ----–-----------–--–-. 1996 წლიდან 2002 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ქ. მ------–-- დაწყებით სკოლაში, ხოლო 2002 წლიდან 2006 წლამდე - ქ. მ------–-- საშუალო სკოლაში. 2006 წლიდან 2013 წლამდე განმცხადებელი მუშაობდა მამამისის კუთვნილ ავეჯის მაღაზიაში ქ. მ------––- და პერიოდულად - ქ. ბ--------ში.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, ქვეყნის დატოვების მიზეზი გახდა ზოგადი მდგომარეობა ე----–-. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ბ----–ის პროვინციის ქ. მ------––- გახშირდა გატაცების ფაქტები გამოსასყიდის მიღების მიზნით. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, მას პირადად პრობლემები წარმოშობის ქვეყანაში არ ჰქონია, თუმცა ბოლო პერიოდში (2016-2017 წლებში) გაიტაცეს მისი სამი უბნელი, რომელთაგან ორი გამტაცებლებმა მოკლეს.

 

გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ პირველად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ჩამოვიდა 2013 წელს დასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად. 2013 წლიდან განმცხადებელი პერიოდულად ბრუნდებოდა ე----–-. 2016 წლის 5 სექტემბერს თავშესაფრის მაძიებელმა საბოლოოდ დატოვა ე----- და ყ-------- გავლით 2016 წლის 6 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში. განმცხადებელი ამჟამად უმუშევარია. მისი განცხადებით, ადრე ფიქტიურად იყო გაფორმებული შპს-ში ,,რ---------–-“ ვინმე ნ-----ს მეშვეობით, რომელიც ასევე დაეხმარა შრომითი ბინადრობის უფლების მოპოვებაში. როდესაც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საფრთხეებზე საუბრობს, თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ქ. მ------––- დაბრუნება არ სურს იქ არსებული მდგომარეობის გამო. განმარტავს რომ მას მტერი არ ყავს თუმცა მიაჩნია რომ ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებენ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქის ა-------–-მ----- ა-–---------- საქმეზე შეადგინა დასკვნა, რომელშიც მითითებულ იქნა შემდეგი: დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად ამ------–-----------–--------მა გადმოსცა სამინისტროს გასაუბრების დროს; დასკვნის მეორე ნაწილში საუბარია სანდოობის შეფასებაზე. კერძოდ, სანდოდ იქნა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებელი ამ-------–-------------–--------ი (დ-------------- წ.) არის ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ბ----–ის პროვინციის ქ. მ------–-დან. დასკვნაში განმარტებულია, რომ სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის განცხადება ბ----–ის პროვინციის ქ. მ------––- არსებული არასტაბილური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები ანკეტირებისა და გასაუბრების მასალებს შორის.

 

დასკვნის მეოთხე ნაწილში მითითებულია ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ და განმარტებულია, რომ ე----–- დაბრუნების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება სიცოცხლის ხელყოფის რისკის ქვეშ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის N-------------- გადაწყვეტილებით (შეტყობინება) სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ------–-----------–--------ი არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აგრეთვე, იგი არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

კერძოდ, სამინისტრომ თავის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, ამ------–-----------–--------ის მიმართ ადგილი არ ექნება ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და წამების ფაქტს, ვინაიდან წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ე-----ს რესპუბლიკაში არ ფიქსირდება განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. ბ----–ის პროვინცია არის უსაფრთხო პროვინცია, სადაც ფიქსირდება ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით.

 

2017 წლის 15 ივნისს მომზადებული წარმოშობის ქვეყნის-ე-----ს შესახებ ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მაისში, ე-----ს მასშტაბით ადგილი ჰქონდა 520 ინციდენტს, რამაც იმსხვერპლა - 2, 001 ადამიანი და დაიჭრა 1,459. 2017 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში, დაშავებულთა რიცხვი ბ----–ონის პროვინციაში შემდეგნაირად ნაწილდება

- 2 გარდაცვლილი, 14 დაჭრილი.

 

ხოლო, 2017 წლის 22 სექტემბერს მომზადებული წარმოშობის ქვეყნის-ე-----ს შესახებ ინფორმაციით დადგენილია, რომ ჯ----–----------–----ს ,,Musings on Iraq”-ის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში, ე-----ს მასშტაბით, გარდაიცვალა 1,958 და დაიჭრა 1,261 პირი. მაშინ, როცა ინციდენტების რაოდენობა 2017 წლის ივლისიდან აგვისტომდე პერიოდში დაბალი იყო, მსხვერპლის რაოდენობა შედარებით გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო მასობრივი სასაფლაოების აღმოჩენით და თალ აფარში მიმდინარე ბრძოლით.

 

პროვინციების მიხედვით მსხვერპლის, როგორც გარდაცვლილების, ისე დაჭრილების, საერთო მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ნ-----ში - 2,393 პირი, ბ--------ში -

261, ს--–----------–- - 186, ა-----ში - 130, კ-------ში - 94, დ---–-–- - 60, ქ------–-–- - 50, ბ----–ონში - 41, ე-----–ში - 2, ქა------ში - 1, ს---–-------ში - 1. მსხვერპლთა 2,121 პირი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

 

ისლამური სახელმწიფო კვლავ აქტიური იყო ბ----–ონის ჩრდილო-დასავლეთით. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით განხორციელდა 3 თავდასხმა, აქედან ორს ადგილი ჰქონდა ჯ-----------–-------- ტერიტორიაზე, რის შედეგადაც 10 ჰ-–---ს მებრძოლი დაიჭრა. ჯ---------–------- 2014 წელს იქნა გათავისუფლებული, რა დროსაც აიძულეს მოსახლეობა დაეტოვებინათ ადგილსამყოფელი, რათა სამხრეთით, წმინდა ქალაქებისკენ მიმავალი გზა უსაფრთხოდ შეენარჩუნებინათ. შედეგად კი, თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრა ინციდენტების რაოდენობა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ISIS დაბრუნდა და რეგულარულ თავდასხმებს ახორციელებს ე-----ს ძალებისა და მოსახლეობის მისამართით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წარმოადგენს შედარებით მცირე მასშტაბის თავდასხმებს, მაგალითად როგორიცაა, გზების დანაღმვა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის მიმართვის საფუძველზე, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის (COI) მკვლევარს (რომელიც არის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR-ის მიერ ,,თავშესაფრის საქმეების სასამართლოს გზით განხილვის ხარისხის გაუმჯობესება, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ხარისხიანი ინფორმაციის უზრუნველყოფით“ პროექტის ფარგლებში აყვანილი კონსულტანტი და მისი ფუნქციაა გამოიკვლიოს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოსამართლისგან მიღებულ შეკითხვებზე დაყრდნობით და მოამზადოს პასუხები წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ხარისხის სტანდარტის გათვალისწინებით) დაევალა ინფორმაციის მოძიება ე-----ს რესპუბლიკაში, კერძოდ ბ----–ის პროვინციის მ------–-- რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ. კვლევაში ყურადღება უნდა გამახვილებულიყო უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე და სახელმწიფოს დაცვის შესაძლებლობაზე.

2018 წლის 27 მარტით დათარიღებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბ----–ის პროვინცია უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ადგილი არ ყოფილა, სხვადასხვა საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით, ისლამური სახელმწიფო (IS) პერიოდულად (საშუალოდ თვეში 3-იდან 10-მდე) ტერორისტულ შეტევებს ისევ ახორციელებს. 2015 წლის მონაცემებით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად ბ----–-----------–--–-: 2012 წელს - თვეში საშუალოდ 28 (ბ--------ში - 93); 2013 წელს - თვეში საშუალოდ 40 (ბ--------ში - 224); ხოლო 2014 წელს - თვეში საშუალოდ 126 (ბ--------ში - 397) მშვიდობიანი მოსახლე იღუპებოდა.

 

CEDOCA-ს 2015 წლის მაისის ანგარიშის თანახმად, სხვა სამხრეთ პროვინციებთან შედარებით, 2013-2015 წლებში ბ----–ში ყველაზე მეტი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირი იყო ისლამური სახელმწიფოს მიერ შიიტურ მოსახლეობაზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტების განხორციელების ფაქტები. ასევე, შიიტური შეიარაღებული ძალების მიერ სუნიტების შევიწროების, გატაცების და მკვლელობის შემთხვევები. ამავე წყაროს მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ISIL-მა ვერ მოახერხა ბ----–ის პროვინციის დაკავება და ამ ტერიტორიებს ე-----ს სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ, უსაფრთხოების სიტუაცია სტაბილური მაინც არ არის. ისლამურის სახელმწიფო ძალების მიერ მეზობელი ა-----ის (Anbar) პროვინციის საკმაოდ დიდი ტერიტორიების კონტროლი კი ხელახალი შეიარაღებული დაპირისპირებებისა და ტერორისტული შეტევების რისკს წარმოშობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად მ------–-- რაიონში დაფიქსირებული ძალადობის ფაქტებისა და ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაცია ამ დოკუმენტში არ იძებნება.

 

კვლევის თანახმად, ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ე-----ს არმიამ ბ----–-----------–--–- სამხედრო კონტროლი გაამყარა, ნაკლები ძალადობრივი ინციდენტები ფიქსირდება. ასევე, ვერ მოიძებნა ინფორმაცია ძალადობრივი ფაქტების შესახებ, კონკრეტულად, მ------–-- რაიონში.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ე----–- უსაფრხოების მდგომარეობას, რეგიონების მიხედვით, აფასებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის (UK Home Office) 2017 წლის მარტის ანგარიში, სადაც გამოყოფილია 6 ყველაზე მეტად დაზარალებული და მომეტებული საფრთხის შემცველი პროვინცია. ამ ჩამონათვალში ბ----–ის პროვინცია არ გვხვდება.

 

ამასთანავე, UK Home Office-ის ამავე წლის სექტემბრის დოკუმენტში - თავშესაფრის მაძიებლების ე----–- დაბრუნებისა და შიდა გადაადგილების ალტერნატივების შესახებ, ყურადღება გამახვილებულია რამოდენიმე პროვინციაზე, სადაც უსაფრთხოების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ერაყელების ამ ტერიტორიებზე უკან გაბრუნება დაუშვებელია. არც ამ ჩამონათვალში გვხვდება ბ----–ის პროვინცია. ამავე დოკუმენტში, ბ----–ი მოაზრებულია, როგორც შიდა გადაადგილების ერთ-ერთი ალტერნატივა.

 

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ბოლო ინფორმაციის თანახმად, ბ----–ში ადამიანის უფლებების დარღვევის ხშირი ფაქტები ფიქსირდება ძირითადად სუნიტი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ. ე----–- ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე სიტუაციის ფონზე, ბ----–-----------–--–- გახშირებულ ფაქტებზე ან განსაკუთრებით რთულ ვითარებაზე ინფორმაცია არ მოიძებნა.

 

მოპოვებული წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, წყაროს მითითებით, გადაეცათ მხარეებს (ს.ფ. 232-238).

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამ------–-----------–--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებს და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს; უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის საქართველოში ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის და შესაბამისი სტატუსიდან გამორიცხვის საფუძვლებსა და პროცედურებს განსაზღვრავს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საქართველოში არსებობს საერთაშორისო დაცვის შემდეგი ფორმები: ა) ლტოლვილის სტატუსი; ბ) ჰუმანიტარული სტატუსი; გ) დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, ხოლო ,,ი“ პუნქტის მიხედვით, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი;

 

ხსენებული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი რეგლამენტირებულია ამავე საკანონმდებლო აქტის მე-17 მუხლში, რომელითაც დადგენილია, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიც არის საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. სააპელაციო სასამართლო ამ მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

პალატა განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენცია აყალიბებს ლტოლვილის სტატუსის დამდგენ პირობებს და განმარტავს მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს. კერძოდ, კონვენციისეული ცნების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელზე ლტოლვილის სტატუსი გავრცელდება ისეთი საფუძვლების არსებობის პირობებში, როგორიცაა დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ ამ------–-----------–--------თან ჩატარებული გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ე-------------------, მ----–----–-----, ამ------–-----------–--------ი დაიბადა 1----–-–-----------------, ე----–-, ქ. მ------––-, ბ----–-----------–--–-. 1996 წლიდან 2002 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ქ. მ------–-- დაწყებით სკოლაში, ხოლო 2002 წლიდან 2006 წლამდე - ქ. მ------–-- საშუალო სკოლაში. 2006 წლიდან 2013 წლამდე განმცხადებელი მუშაობდა მამამისის კუთვნილ ავეჯის მაღაზიაში ქ. მ------––- და პერიოდულად - ქ. ბ--------ში.

 

გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ პირველად, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოში ჩამოვიდა 2013 წელს დასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად. 2013 წლიდან განმცხადებელი პერიოდულად ბრუნდებოდა ე----–-. 2016 წლის 5 სექტემბერს თავშესაფრის მაძიებელმა საბოლოოდ დატოვა ე----- და ყ-------- გავლით 2016 წლის სექტემბერში ჩამოვიდა საქართველოში. თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნის დატოვების მიზეზად ასახელებს დაზე ზრუნვას, ვინაიდან მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ ქ. მ------––- დაბრუნება არ სურს იქ არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. ამასთან აღნიშნავს, რომ მას მტერი არ ყავს თუმცა, მიაჩნია რომ ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებენ.

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე რომლის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ: ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა; ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით: ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი; ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება; გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია; დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება; ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო; ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით გენდერულ იდენტობას, სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება. ხსენებული ნორმის მე-3 ნაწილის დანაწესის მიხედვით სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

პალატა ასევე დამატებით მიუთითებს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ე-----ს რესპუბლიკის მოქალაქე, ე-------------------, მ----–----–-----, ამ------–-----------–--------ი დაიბადა ე----–-, ქ. მ------––-, ბ----–-----------–--–-. 1996 წლიდან 2002 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ქ. მ------–-- დაწყებით სკოლაში, ხოლო 2002 წლიდან 2006 წლამდე - ქ. მ------–-- საშუალო სკოლაში. 2006 წლიდან 2013 წლამდე განმცხადებელი მუშაობდა მამამისის კუთვნილ ავეჯის მაღაზიაში ქ. მ------––- და პერიოდულად - ქ. ბ--------ში. 2016 წლის 5 სექტემბერს თავშესაფრის მაძიებელმა საბოლოოდ დატოვა ე----- და ყ-------- გავლით ჩამოვიდა საქართველოში დასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ სასწავლებლად არის ჩამოსული. თავშესაფრის მაძიებელი, თავდაპირველად ქვეყნის დატოვების მიზეზად დაზე მზრუნველობას მიუთითებს. განმარტავს, რომ მას მტერი არ ყავს თუმცა, მიაჩნია, რომ ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცებენ, ვინაიდან ბოლო პერიოდში ბ----–ის პროვინციის დაბა მ------––- გახშირდა გატაცების ფაქტები. თავშესაფრის მაძიებელს ქ. მ------––- დაბრუნება არ სურს იქ არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო. ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2013 წლიდან თავშესაფრის მაძიებელი პერიოდულად ბრუნდებოდა ე----–- და მან ანკეტირებისას განაცხადა, რომ პირადად მას წარმოშობის ქვეყანაში პრობლემა არასოდეს არ ჰქონია. ხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი-„საფუძვლიანი შიში“, კერძოდ, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის მიმართ უშუალო დევნის განხორციელების ვარაუდის საფუძველი. პალატა უშუალოდ ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებულ უახლეს ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, CEDOCA-ს 2015 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, სხვა სამხრეთ პროვინციებთან შედარებით, 2013-2015 წლებში ბ----–ში ყველაზე მეტი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. ხშირი იყო ისლამური სახელმწიფოს მიერ შიიტურ მოსახლეობაზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტების განხორციელების ფაქტები. ასევე, შიიტური შეიარაღებული ძალების მიერ სუნიტების შევიწროების, გატაცების და მკვლელობის შემთხვევები. კონკრეტულად მ------–-- რაიონში დაფიქსირებული ძალადობის ფაქტებისა და ტერორისტული აქტების შესახებ ინფორმაცია ამ დოკუმენტში არ იძებნება. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც ე-----ს არმიამ ბ----–-----------–--–- სამხედრო კონტროლი გაამყარა, ნაკლები ძალადობრივი ინციდენტები ფიქსირდება. ასევე, ვერ მოიძებნა ინფორმაცია ძალადობრივი ფაქტების შესახებ, კონკრეტულად, მ------–-- რაიონში.

 

ამგვარად, პალატის მოსაზრებით, ობიექტურ საფუძველს მოკლებულია თავშესაფრის მაძიებლის შიში მისი გამოსასყიდის მიზნით გატაცებაზე. საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ თავშესაფრის მაძიებელმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დატოვა წარმოშობის ქვეყანა და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 2013 წლიდან განმცხადებელი პერიოდულად ბრუნდებოდა ე----–-. წარმოდგენილი ფაქტების ერთობლიობა კი სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში დევნის ფაქტი არ არის დადასტურებული გარკვეული ფაქტების ერთობლიობით ანუ „დაგროვილი საფუძვლები“ არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ იზღუდება ამ------–-----------–--------ის ფუნდამენტური, „შეუზღუდავი“ უფლებები.

 

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ე----–- უსაფრთხოების მდგომარეობას, რეგიონების მიხედვით, აფასებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა ოფისის (UK Home Office) 2017 წლის მარტის ანგარიშში, სადაც გამოყოფილია 6 ყველაზე მეტად დაზარალებული და მომეტებული საფრთხის შემცველი პროვინცია. ამ ჩამონათვალში ბ----–ის პროვინცია არ გვხვდება. ამასთანავე, UK Home Office-ის ამავე წლის სექტემბრის დოკუმენტში - თავშესაფრის მაძიებლების ე----–- დაბრუნებისა და შიდა გადაადგილების ალტერნატივების შესახებ, ყურადღება გამახვილებულია რამოდენიმე პროვინციაზე, სადაც უსაფრთხოების მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ერაყელების ამ ტერიტორიებზე უკან გაბრუნება დაუშვებელია. არც ამ ჩამონათვალში გვხვდება ბ----–ის პროვინცია. ამავე დოკუმენტში, ბ----–ი მოაზრებულია, როგორც შიდა გადაადგილების ერთ-ერთი ალტერნატივა.

 

სააპელაციო სასამართლო, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მიუხედავად ე-----ს რესპუბლიკის, ბ----–-----------–--–- დაფიქსირებული ძალადობის ცალკეული შემთხვევებისა, ამ------–-----------–--------ი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში განურჩეველი ძალადობის აქტების უშუალო რისკის ქვეშ დადგება.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) 2016 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე - ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ (CASE OF J.K. AND OTHERS v. SWEDEN), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია ე----–- უსაფრთხოების ზოგადი მდგომარეობა არასტაბილური იყო, თუმცა არა იმ დონეზე მისული, რომ მხოლოდ ამ საფუძვლით განმცხადებლების უკან გაბრუნება, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-3 მუხლის (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევას გატოლებოდა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ------–-----------–--------ის მიერ მითითებული გარემოებები, ერთის მხრივ, არ იძლევა წარმოშობის ქვეყანაში მის მიმართ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით რეგლამენტირებული ლტოლვილის სტატუსის დამდგენი პირობების არსებობის საფუძველს, მეორეს მხრივ კი, დაუსაბუთებელია მისი მხრიდან საფუძვლიანი შიშის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის ამ------–-----------–--------ის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. თავშესაფრის მაძიებელმა ვერცერთ ეტაპზე ვერ მიუთითა მის მიმართ რაიმე სახის დევნის შემცველი ქმედებების განხორციელების შესახებ ან სხვა ისეთი გარემოებების შესახებ, როდესაც სახელმწიფომ ვერ განახორციელა მისი დაცვა და ამრიგად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება შეფასდეს კონვენციურ დევნად. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ამ------–-----------–--------მა ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები ქმნიდა მოსარჩელისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს და იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოსაზრებას, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს არც ერთ იმ რისკ-ჯგუფის წევრს, რომელიც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, როგორც ტერორისტული დაჯგუფებების, ისე სამთავრობო ძალების მხრიდან, შესაძლოა ზიანის საფრთხის წინაშე დადგეს, ხოლო ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შეფასდეს როგორც განურჩეველი ძალადობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი სადავო აქტების კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ მოსარჩელისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებული იქნა შესაბამისი მტკიცებულებების, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს დასაბუთებულად და თვლის, რომ სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები:

 

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ და ”უ” ქვეპუნქტების თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

IV

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 ,2124-2125, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ამ------–-----------–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/5436-17 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

4. ამ------–-----------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ირაკლი შენგელია

 

მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი

 

მერაბ ლომიძე