განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002262376
საქმე #1ბ/290-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ზ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ-----------------------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #6----------, რეგისტრირებულის: ქ------------------–---–---–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------------–---–-------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ--------------–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------–--ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 დეკემბერს, თ---–--–----------–---–-----------------ში დაახლოებით 20:00 საათზე, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე, ზ--------------–--მა ფეხი ჩაარტყა არასრულწლოვან გერს - ხ---------------–--ს ნეკნების მიდამოში, რის შედეგადაც ხ---------------–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ--------------–--მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–----–--–---–მა, რომელთაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ზ--------------–--ი წარსულში არ არის ნასამართლევი, მის გათავისუფლებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც ძალზედ მძიმედ განიცდის მომხდარს, ასევე გათავისუფლებას ითხოვს დაზარალებულის დედა ნ-------------. ზ--------------–--ი ძალზედ განიცდის მომხდარს და ინანიებს, გასათვალისწინებელია აგრეთვე მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ოჯახი უკვე განიცდის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას. ზ--------------–--ს ყავს ავადმყოფი მშობლები.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ--------------–--ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ზ--------------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ხ---------------–--ს და მოწმეების - ა---------ის, რ-------------ს, დია---------ის, ი--------------–-–---–ის, ე-–-------–--ის, ნ-------------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ზ--------------–--ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რომ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა არ იყო ერთჯერადი აქტი და მას წინ უძღოდა სისტემატური შეურაცხყოფა, ძალადობა, შანტაჟი, შემაკავებელი ორდერი, აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ზ---------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა -ა.ი.ვ ინფექცია და ქრონიკულ C ჰეპატიტი, ამასთან, დანაშაულის ხასიათიდან და საშიშროებიდან გამომდინარე, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოებები, რომ მოძალადე არის ოჯახის მარჩენალი და წარსულში ნასამართლევი არ არის და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ზ--------------–--ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ზ--------------–--ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სიტემატურობა, შანტაჟი, რომ არასრულწლოვან მსხვერპლს დატოვებდა დედის გარეშე, უპირობოდ უნდა გახდეს მოძალადის ოჯახისგან იზოლაციის საფუძველი, რათა არ განხორციელდეს არასრულწლოვანი მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია და მოხდეს ოჯახში ძალადობის პრევენცია.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ზ---------–--ის გათავისუფლებას ითხოვს დაზარალებული, რომელიც ძალზედ მძიმედ განიცდის მომხდარს და ასევე გათავისუფლებას ითხოვს დაზარალებულის დედა ნ-------------, პალატა ვერ გაზიარებს, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ ამ კატეგორიის დანაშაულებზე სასჯელის განსაზღვრისას არსებით ყურადღება მახვილდება იმ გარემოებაზე, რომ ეს არის ოჯახში და არა ოჯახის გარეთ ჩადენილი დანაშაული, რაც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება. ოჯახურ ძალადობას ახასიათებს სისტემატური ხასიათი მოძალადისა და მსხვერპლის თანაცხოვრების გამო. კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოება, რომ ოჯახში სადაც არასრულწლოვანი პირის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია, ამ პირობებში მსხვერპლი ბავშვი დაადანაშულო იმაში, რომ მოძალადე მის გამო იმყოფება პატიმრობაში. სასამართლო ხაზს უსვამს არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ტენდენციას − მშობლების, ამ შემთხვევაში დედის მხრიდანაც.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ--------------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ--–----–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ზ--------------–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ--------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ზ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი