განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
330210017001892396
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001892396

საქმე №2ბ/5525-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - მარიამ ცისკარიშვილი

 

აპელანტი - სს „თი---------ი“

წარმომადგენელი - თა------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები: მა----------–----–---–ი, ნი----–---------–----–---–ი

წარმომადგენელი - ლე-----------–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სს „თი---------ის“ სარჩელი მა----------------–---------–----–---–ების მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2012 წლის 8 მაისს, სს „თი---------სა“ და ნი----–---------–----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ნი----–---------–----–---–ზე გაიცა კრედიტი 5250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით, კრედიტის ვადა - 2015 წლის 20 აპრილამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2.2. 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში, ნი----–---------–----–---–ი დაზღვეულ იქნა შპს „GPI ჰოლდინგში“.

 

2.3. 2012 წლის 8 მაისს, სს „თი---------სა“ და მა----------–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მა----------–----–---–მა გი-----------–----–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10500 ლარი განისაზღვრა.

 

2.4. ნი----–---------–----–---–მა 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

იმისათვის, რომ დავადგინოთ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია თუ არა, პირველ რიგში საჭიროა, განისაზღვროს არსებული ვადის დენის დასაწყისი. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთად მოთხოვნის წარმოშობის მომენტს ასახელებს, ანუ იმ მომენტს, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ნი----–---------–----–---–მა 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „თი---------სა“ და ნი----–---------–----–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება თავისი არსით არ განეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სახეს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 27 დეკემბრიდან. აღნიშნული კი, ცხადყოფს, რომ სს „თი---------ის“ მიერ 2017 წლის 20 აპრილს სასარჩელო მოთხოვნა წარმოდგენილია სამწლიანი ვადის დარღვევით და ხანდაზმულია.

 

რაც შეეხება თავდებისათვის სს „თი---------ის“ მიერ თავისი ინიციატივით თანხის ჩამოჭრას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

პირის, როგორც მსესხებლისა და როგორც თავდები პირის ვალდებულებებზე სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. აღნიშნულს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება განაპირობებს, კერძოდ, პირველ შემთხვევაში, საუბარია პირად ვალდებულებაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, უზრუნველყოფის საშუალებაზე.

 

თანხის გადახდის დროს, მით უფრო, მოთხოვნის იძულებითი განხორციელებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ თავდების საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ასეთი პირის თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. იძულებით, მოვალის ინფორმირების გარეშე, აღნიშნულის განხორციელების უფლება, მეორე მხარეს - კრედიტორს არ გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინება. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ობიექტური დამკვირვებელი თუ მიუკერძოებელი პირი სამართლიანად შეაფასებდა. ხელშეკრულების მხარეებმა ორმხრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის.

 

დგინდება, რომ თავდებს, 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების ნება არ გამოუვლენია. აღნიშნული დადასტურებულია სს „თი---------ის“ წარმომადგენლის მიერაც, რომელმაც სხდომაზე, განმარტა, რომ თანხის ჩამოჭრა განხორციელდა ე.წ „უაქცეპტო“ წესით. შესაბამისად, მოვალის ნების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის ქმედება - თანხის ჩამოჭრა, წარმოადგენს თვითნებობას, რაც ეწინააღმდეგება უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საკრედიტო ურთიერთობა არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდის ვალდებულება ითვლება პერიოდულად შესასრულებლად და მის მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აუცილებელია მოხდეს აღნიშნული მუხლის სწორი განმარტება და შეფარდება კონკრეტული სიტუაციის მიმართ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისას მნიშვნელოვანია სესხის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულების მიმართება ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან. კერძოდ, მსესხებელი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს არა სესხის მთლიანი თანხა, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის კონკრეტული ნაწილი, რომელიც მოიცავს სესხის ძირითადი თანხის ნაწილს და მასზე დარიცხულ პროცენტს, სესხის სრულად დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.

 

აპელანტის განმარტებით, სს „თი---------სა“ და მოპასუხე ნი----–---------–----–---–ს შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ბანკის მხრიდან გაცემულია სესხის თანხა ერთიანად, ხოლო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული თანხის ბანკისთვის დაბრუნება უნდა მოხდეს ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად თანხის გარკვეული ნაწილის გადახდით. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, მოვალეს ყოველთვიური გადახდით უნდა შეესრულებინა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობა გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის ვადის დარღვევიდან სამი წლის ვადაში. შესაბამისად, სარჩელის შეტანიდან უკუსვლით 3 წელზე დაანგარიშებით გრაფიკით გადასახდელი თანხის მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადა. სწორედ ამ პრინციპით არის დათვლილი მოთხოვნილი თანხების ოდენობა, რომელიც გაცილებით ნაკლებია რეალურ დავალიანებასთან (დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებთან) მიმართებით.

 

აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 აპრილამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს (იხ. გადახდების ისტორია), მაგრამ ბანკს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში ბანკმა ვადაზე ადრე არ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშვა მსესხებლის მიმართ სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის უფლება. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 20 აპრილს და სწორედ აქედან წამოიშვა სესხის სრულად დაფარვის მოთხოვნის ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 

სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2. აპელანტი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, ერთიანად, არამედ განსაზღვრული პერიოდებით. მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ერთი წლის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრული პერიოდებით (ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად), გრაფიკის მიხედვით. პერიოდულად შესასრულებლად ითვლება ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევა - თითოეულ პერიოდში განსაზღვრული თანხის დაუბრუნებლობა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. ამგვარად განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის კრედიტორის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობას გარკვეული თავისებურება ახასიათებს.

 

აპელანტი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 23 თებერვლის №ას-1144-1090-2014 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საინტერესოა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხანდაზმულობის გამიჯვნის საკითხი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობისაგან. პრაქტიკაში ხშირად რთულად ხდება მათ შორის ზღვრის გავლება, რადგან „იქ, სადაც ორი იურისტია, სამი აზრია.“ ზოგიერთი იურისტი მიიჩნევს რომ ნორმა (129-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ეხება ისეთ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს, როგორიცაა პენსია, ხელფასი და ა.შ. მოსაზრებას, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიმართ, რომლის დაბრუნება მსესხებლის მიერ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, აპელანტი კატეგორიულად არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში, აპელანტი აღნიშნავს, რომ 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოიაზრებს პერიოდულად შესასრულებელ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რადგან თავად 129-ე მუხლი ეხება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს. როგორც აღინიშნა, პერიოდულად შესასრულებლად ითვლება ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. შესაბამისად, გაუგებარია მსჯელობა - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, რატომ არ უნდა ჩაითვალოს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად. ასევე, რატომ არ შეიძლება ერთი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება და შესაბამისად, მოთხოვნა იყოს ნაწილობრივ ხანდაზმული. მართალია გვაქვს ერთი ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების შესრულება ხდება ნაწილ-ნაწილ, პერიოდულად და როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. სწორედ ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ თუ თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება, შესაბამისად სრულიად შესაძლებელია განსახილველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა იყოს ნაწილობრივ ხანდაზმული. მართალია ასეთ შემთხვევაში დავალიანება წარმოიშობა ერთი საფუძვლიდან, ერთი ხელშეკრულებიდან, მაგრამ სწორედ ამ ხელშეკრულების ხასიათიდან, მასში გათვალისწინებული გადახდის გრაფიკიდან გამომდინარეობს, რომ საქმე გვაქვს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასთან, ხოლო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ამგვარი ხელშეკრულების ნაწილობრივ ხანდაზმულობას და სრულიად შესაძლებელია ამ სახის ხელშეკრულება იყოს როგორც სრულად ხანდაზმული, ასევე საერთოდ არ იყოს ხანდაზმული, ან იყოს ნაწილობრივ ხანდაზმული. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებული მოთხოვნის ხანდაზმულობის გასამიჯნად სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობისგან, პირველ რიგში, უნდა გამოირკვეს გვაქვს თუ არა საქმე ხელშეკრულებასთან, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, ერთიანად, არამედ ნაწილ-ნაწილ, განსაზღვრული პერიოდებით, ანუ შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება თუ არა. ხოლო, მას შემდეგ, რაც დადგინდება რომ ასეთ ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის №ას-1144-1090-2014 გადაწყვეტილებაში არსებული განმარტებით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2012 წლის 8 მაისს, სს „თი---------სა“ და ნი----–---------–----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნი----–---------–----–---–ზე გაიცა კრედიტი 5250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით, კრედიტის ვადა - 1077 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების თანახმად, ნი----–---------–----–---–ს კრედიტი უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიური გადახდებით. ყოველთვიური გადასახდელი მოიცავდა როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და სადაზღვეო შენატანის კომპონენტებს. ხელშეკრულების თანახმად, ბანკს გააჩნდა უფლება კლიენტის მხრიდან ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა მასთან საკრედიტო ურთიერთობა (ტ. І, ს.ფ. 22-29).

 

2012 წლის 8 მაისს, სს „თი---------სა“ და მა----------–----–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მა----------–----–---–მა გი-----------–----–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10 500 ლარი განისაზღვრა.

 

ნი----–---------–----–---–მა 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს (ტ. І, ს.ფ. 34-35).

 

სარჩელის წარდგენის დროისათვის ნი----–---------–----–---–ის დავალიანება სს „თი---------ის“ წინაშე შეადგენდა 6449.67ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2377.54 ლარი, პროცენტი - 1684.09 ლარი, ჯარიმა - 2377.54 ლარი და დაზღვევა - 10.5 ლარი.

 

4.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობა, მოწესრიგებულია სპეციალური ნორმებით, ამ ნორმათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.

 

საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ცალმხრივად, ვადამდე შეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ხელშეკრულება.

 

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულება გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს კრედიტი, არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კერძო სამართალში პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას განეკუთვნება ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლის შესასრულებლადაც მხარეთა შეთანხმებით დადგენილია არა ერთჯერადი და სრული შესრულება, არამედ განსაზღვრულია ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება დროის გარკვეული შუალედებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტით აღებული თანხა პროცენტთან ერთად კრედიტორისთვის უნდა დაებრუნებინა გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრული თანხის ყოველთვიურად გადახდებით. ბოლო გადახდა მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 2015 წლის 20 აპრილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ, თვეში ერთხელ 36 თვის განმავლობაში (ტ. І, ს.ფ. 28-29). შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს.

 

პალატა უთითებს, რომ სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შეთანხმებაზე ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა დამოკიდებული.

 

ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია და მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 36 თვე - 2012 წლის 08 მაისიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდი, ხოლო სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრულია 2017 წლის 20 აპრილს, შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს 2014 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდიდან, არ არის ხანდაზმული. რაც შეეხება 2014 წლის 20 აპრილამდე (2017 წლის 20 აპრილიდან 3 წლით ადრე პერიოდი) პერიოდის თანხის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული პერიოდიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

4.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მივიჩნევთ, რომ სახეზე არ იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელი მაინც არ არის ხანდაზმული.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 1077 დღის ვადით და მოქმედებდა 2015 წლის 21 აპრილამდე. მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყვეტილა. სს „თი---------მა“ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2017 წლის 20 აპრილს, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 2015 წლის 21 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლის საფუძველზეც არ იქნებოდა ხანდაზმული.

 

4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრულვენყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს ბესთან და მოვალის გარანტიასთან ერთად, რომელიც მხარეებმა შეიძლება ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ. იმავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო. სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშჯერების შედეგად.

 

თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე შემცირება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანის მოცულობის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრული და სამართლიანი იქნება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ფაქტობრივად უტოლდება ძირი თანხის მოცულობას, შემცირდეს 838 ლარამდე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სს „თი---------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სს „თი---------ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

განსახილველ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „თი---------ის“ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, შესაბამისად დაკმაყოფლებული ნაწილების პროპორციულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 343 ლარის და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი ხარჯის - 196 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს „თი---------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ნი----–---------–----–---–ს და მა----------–----–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 4910.13 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2377.54 ლარი, პროცენტი - 1684.09 ლარი, ჯარიმა 838 ლარი და დაზღვევა 10.5 ლარი.

 

4. ნი----–---------–----–---–ს და მა----------–----–---–ს სს „თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 343 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის 196 ლარის ოდენობით გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა