განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100117002213767 - 1ბ/203-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
5 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ------------------ე
მსჯავრდებული: ზ------------------ (პირადი ნომერი: №6----------), დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თბილისში, ი-------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
ადვოკატი: ზ----------–---ი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ------------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------–---მა და ითხოვა მსჯავრდებულ ზ------------------სათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2013 წლის 3 ივნისს რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმე „ლ---------–---“, რომლის საქმიანობას სრულად წარმართავდა ზ------------------. ზ------------------ს, როგორც ფაქტობრივ მმართველს, ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ------------------ არ ასრულებდა თავის მოვალეობას და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და სრულყოფილად არ წარადგენდა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციებს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ინდივიდუალური მეწარმე „-–---------–----- საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2016 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტით 2013 წლის 3 ივნისიდან 2014 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა 77 890 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 51 927 ლარი, ჯარიმა 25 963 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2016 წლის 13 დეკემბერს გამოიცა N0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მეწარმეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 98 334 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 51 927 ლარი, ჯარიმა 36 059 ლარი, საურავი 20 444,41 ლარი.
2017 წლის 18 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტით 2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა 149 439 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 88 180 ლარი და ჯარიმა 61 259 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე 2017 წლის 30 იანვარს გამოიცა N0----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც მეწარმეს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 211 531 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 115 568 ლარი (მოიცავს აქტით დარიცხულ ძირითად თანხას 88 180 ლარს და მიმდინარე გადასახადს 27 388 ლარს), ჯარიმა 42 527 ლარი, საურავი 34 586.75 ლარი. ზ------------------მ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 140 107 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ზ------------------ს აღიარებითი ჩვენებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 დეკემბრისა და 2017 წლის 18 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტებით, 2016 წლის 9 აგვისტოს მინდობილობით, 2016 წლის 13 დეკემბრის N0------ და 2017 წლის 30 იანვარის N0----- საგადასახადო მოთხოვნებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ------------------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ზ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ზ------------------სათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ ზ------------------ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სხვისი სახელით და გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით საგადასახადო ორგანოში წარადგენდა არასრულყოფილ დეკლარაციებს, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ზ------------------ს მიერ მედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ------------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ------------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 1(ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ზ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 8 იანვრიდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ზ------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია. გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ზ------------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს აღსრულების და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ------------------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი