განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.02.2018
საქმის ნომერი
330310017001970840
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ადმინისტრაციული
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001970840

საქმე №3ბ/1925-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

01 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - თამარ ონიანი, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ვ-----– ა-------------სი’’

წარმომადგენელი- ა-–------------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–აძე

 

მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - ი--------–--ა

 

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულება შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებელით შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულება ,,შპს,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’, 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილში; სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელე - შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1 . დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს ერთის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ, შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №4--- რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში წინამდებარე ხელშეკრულებითა და ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული საქონლის (შემდგომში-,,საქონელი’’) შესყიდვა. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მითითებული ს----------ი 163 ცალი. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი SPA:1--------, ნაწილების და აქსესუარების სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის (CPV-3-------) დიდი/მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების ს----------ის (CPV-3-------) (კოდი 2-------) სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 138 061 (ას ოცდათვრამეტი ათას სამოცდაერთი) ლარს და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემასთან, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს (დღგ-ს გათვალისწინებით), მოსაკრებელსა და გადასახდელს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლი, ხელშეკრულების საგანთან და შესყიდვის ობიექტთან ერთად, ადგენს ტექნიკურ პირობებს, რომლის 2.2.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია მიწოდებულ საქონელს ჩაუტაროს პრაქტიკული ტესტირება ან/და ექსპერტიზა. პრაქტიკული ტესტირების ან/და ექსპერტიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგის/დასკვნის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დაუბრუნოს მიმწოდებელს საქონელი და შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 6%-ის ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ გაწეული პრაქტიკული ტესტირების ან/და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები და დააბრუნოს პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლისთვის შემსყიდველის მიერ გადახდილი თანხა.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.5 პუქტის თანახმად, ტესტირების ან/და ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის უკან დასაბრუნებელი ს----------ის დაზიანების შემთხვევაში, შემსყიდველს არ ეკისრება დაზიანებული ს----------ის ნაკლის გამოსწორების, გამოცვლის, ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.6. პუნქტის თანახმად, მიწოდებული საქონლის პრაქტიკული ტესტირების ან/და ექსპერტიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგის/დასკვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია თავად გაწიოს აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

დასახელებული ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე. 4.2 მუხლის თანახმად, ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორების, ვალუტა: ლარი. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), მიმწოდებლის მიერ საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის ოდენობით. მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ისა.

 

დასახელებული ხელშეკრულების 10.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით. 10.2. მუხლის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისთვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი. 10.3 მუხლის თანახმად, საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას, ხოლო 10.4. მუხლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დროებით შენახვაზე მიღებული საქონლის ნიმუშ(ებ)ი, ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქონლის დროებით შენახვაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გადააგზავნოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, რის შესახებაც უნდა აცნობოს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტს.

 

დასახელებული ხელშეკრულების 21-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 14-20).

 

4.2. 2016 წლის 9 დეკემბრის №2--- მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების თანახმად, დადგენილია, რომ მიმწოდებელმა 2016 წლის 01 აგვისტოს №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციას 2016 წლის 29 ნოემბერს მიაწოდა 29 ცალი საბურავი. მიწოდებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 24 563 ლარი (სრული ღირებულების 18%) (ტ.1, ს.ფ. 21; 22-23).

 

4.3. 2017 წლის 26 იანვრის №-- აქტის თანახმად, 2016 წლის 29 ნოემბერს მიწოდებული 29 საბურავიდან, პრაქტიკული ტესტირების მიზნით, 8 (რვა) ცალი დაყენდა ჯ--–-------------ე ნაკლოვანებების გამოვლენისა და მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით. კომისიის მიერ განხორციელდა დაკვირვება 64 კილომეტრზე გარბენისას და გამოვლენილ იქნა მათ მიერ ს----------ის უარყოფითი მხარეები: 1. პროტექტორების სიმაღლე არის დაბალი და აფერხებს ნიადაგზე მოჭიდებას; 2. კამერის პიპკა არის ზომაზე მაღალი, რაც ხელს უშლის თვითდაბერვის სისტემასთან მიერთებას; 3. ს----------ის სისქე არის ზოგადად დიდი; 4. თოვლიან საფარზე უჭირს დაძვრა. ამავე აქტის თანახმად, აღნიშნული ს----------ი არ შეესაბამება ჯავშანტექნიკის ნორმებს, რის გამოც იქნა დაწუნებული (ტ.1, ს.ფ. 126).

 

4.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 06 თებერვლის №M---------------- წერილით შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორს ეცნობა, რომ №4-- ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პრაქტიკული ტესტირების ჩატარების მიზნით, 8 (რვა) ცალი საბურავი დაყენებულ იქნა ჯ--–-------------ე და სპეციალური კომისიის მიერ განხორციელდა დაკვირვება. ტესტირების შედეგებზე 2017 წლის 26 იანვარს შედგენილ იქნა №-- აქტი, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა უარყოფითი მხარეები, რის გამოც იქნა დაწუნებული. შედგენილ აქტს კი გაეცნო შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ გაყიდვების მენეჯერი - მ. ჭ----–-–---–ი. ამავე წერილით მიმწოდებელს განემარტა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები (2.2. პუნქტი), რომლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია პრაქტიკული ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, დაუბრუნოს მიმწოდებელს საქონელი და შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 6%-ის ოდენობით. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებული იქნება აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ ტესტირების ჩატარების ხარჯები და დააბრუნოს პირველ ეტაპზე მიწოდებული საქონლისთვის შემსყიდველის მიერ გადახდილი თანხა. არადამაკმაყოფილებელი დასკვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ასევე ვალდებულია თავად გასწიოს საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს ეთხოვა განეხილა 29 ცალი საბურავის უკან გატანის და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესაბამისი ხარისხის ს----------ის მიწოდების საკითხი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, 2017 წლის 13 თებერვლამდე წარედგინა შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ წერილობითი პოზიცია, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შენარჩუნების თაობაზე ეცნობებოდათ დამატებით შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ პოზიციის გათვალისწინებით (ტ.1, ს.ფ. 30-31).

 

4.5. შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორმა - გ--------–-------ამ, 2017 წლის 09 თებერვალს №0---- წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და 2017 წლის 06 თებერვლის №MOD 1---------- წერილთან დაკავშირებით აცნობა, რომ მიწოდებული ს----------ის პარამეტრები სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულებით (დანართი№2) გათვალისწინებულ მონაცემებთან. რაც შეეხება დასკვნას, რის მიხედვითაც დაწუნებულ იქნა ს----------ი, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ არცერთი მონაცემი ტენდერით მოთხოვნილი არ იყო ან ზოგიერთი შენიშვნა იყო ინდივიდუალური და დამოკიდებული მოძრავი ტექნიკის ექსპლუატაციაზე, ვინ როგორ მოიხმარდა. ამავე წერილით, შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორმა თითოეულ შენიშვნაზე გააკეთა განმარტება, კერძოდ:

1. პროტექტორების სიმაღლე არის დაბალი და აფერხებს ნიადაგზე მოჭიდებას- ტენდერით არ არის განსაზღვრული რა სიმაღლის პროტექტორი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ამასთან, საბურავი არის ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი. სხვადასხვა მწარმოებელს შეიძლება სპეციალური დანიშნულების საბურავზე ქონდეს სხვადასხვა სიმაღლის პროტექტორი;

2. კამერის პიპკა არის ზომაზე მაღალი, რაც ხელს უშლის თვითდაბერვის სისტემასთან მიერთებას - ეს ტექნიკური საკითხი ტენდერით არ ყოფილა დაზუსტებული, თუ რა ფორმისა და ზომის პიპკით უნდა ყოფილიყო საბურავი, აღნიშნულის მითითების შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვადასხვა ზომის პიპკით წარმოება;

3. ს----------ის სისქე არის ზოგადად დიდი - ტენდერით მოთხოვნილი საბურავის შრეების რაოდენობა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 8, ჩვენს მიერ წარმოდგენილია 16 შრიანი საბურავი, რომელიც თავისთავად გულისხმობს, რომ საბურავის სისქე არის შედარებით დიდი;

4. თოვლიან საფარზე უჭირს დაძვრა - ეს პუნქტი არის ინდივიდუალური შენიშვნა, რაც გამოიხატება იმაში, რომ დამოკიდებულია ტარებაზე. სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლებელია ნორმალური დაძვრაც და შეფერხებაც. ამავე წერილში შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ტენდერში არ იყო მითითებული ინფორმაცია, რომ საბურავი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო ჯავშანტექნიკაზე, რაზეც საბოლოოდ ჩატარდა ტესტირება (ტ.1, ს.ფ. 28-29)

 

4.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 20 თებერვლის №MOD 9----------- წერილით შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორს 2017 წლის 09 თებერვლის №0---- წერილთან დაკავშირებით აცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულების პირობები, გარდა ს----------ის ტექნიკური პარამეტრებისა, ითვალისწინებდა პრაქტიკული ტესტირების ჩატარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი მოსთხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში უზრუნველეყო შესაბამისი ხარისხის ს----------ის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ჩაითვლებოდა შეუსრულებლად და დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო (ტ.1, ს.ფ. 130).

 

4. 7. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 22 მარტის №4---1 აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო 12 425,49 ლარის (თორმეტი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და 49 თეთრი) ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 127).

 

4.8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 22 მარტს №MOD 3------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარეს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 32-33).

 

4.9. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 28 მარტის №---- წერილით შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 მარტის №MOD 3------------ წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიერ SPA1-------- ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 01 აგვისტოს №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მიეცა საშუალება წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა განმარტება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 174).

 

4.10. შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის №03/04 წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით მიეცა განმარტება, კერძოდ:

1. სატენდერო დოკუმენტაციაში არ ყოფილა მითითებული თუ რა ზომის პროტექტორი უნდა ჰქონოდა მისაწოდებელ ს----------ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ კომპონენტს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითებდა ტექნიკურ მახასიათებლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მათ მიერ მიწოდებული პროტექტორების სიმაღლე სრულად შეესაბამებოდა მოქმედ სტანდარტებს.

2. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე არ ყოფილა მითითებული, თუ რა ზომის პიპკა უნდა ჰქონოდა მისაწოდებელ ს----------ს და არც ის იყო დაკონკრეტებული, რომ საბურავი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო თვითდაბერვის სისტემასთან და მიიჩნევს, რომ არც ეს კომპონენტი იყო მნიშვნელოვანი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მიუთითებდა ტექნიკურ მახასიათებლებში. მისივე განმარტებით, ვინაიდან ტექნიკურად შესაძლებელია ს----------ზე პიპკის შეცვლა, მათ მიერ შეთავაზებულ იქნა ხსენებული პიპკების შეცვლა სასურველი ზომის პიპკებით, რაზეც უარი მიიღეს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც მათ დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი საბურავის შრეების მინიმალური რაოდენობა იყო მინიმუმ 8, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა არ ყოფილა დაზუსტებული, რაც მოსარჩელის აზრით, ნიშნავს იმას, რომ 7 შრიანზე ზემოთ ყველა საბურავი მისაღები იყო შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითებდნენ ს----------ის შრეების მაქსიმალურ რაოდენობას. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დადანაშაულება 16 შრიანი ს----------ის მიწოდებისთვის და აღნიშნული გარემოების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლად მიჩნევა, სრულიად უსაფუძვლოა.

4. რაც შეეხება ს----------ის ბოლო უარყოფით მხარეს, რომლის თანახმადაც მათ თოვლიან საფარზე უჭირთ დაძვრა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს სუბიექტური შეფასებაა, ვინაიდან დამოკიდებულია ისეთ სუბიექტურ ფაქტორებზე, როგორიც არის მძღოლის პროფესიონალიზმი, ს----------ის წნევა, ავტო-სატრანსპორტო საშუალებისა და მისი აგრეგატის გამართულობა, ვარგისიანობა თოვლზე სიარულთან მიმართებაში და ა.შ. და აღნიშნულში მხოლოდ ს----------ის დადანაშაულება ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, მისი აზრით უსაფუძვლოა.

 

ამასთან, შპს ,,ვ-----– ა-------------სი’’ წერილში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ს----------ი განკუთვნილი იყო დიდი/მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანებისთვის, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ს----------ის პრაქტიკული ტესტირება ჩატარებული იქნა ჯავშანტექნიკაზე და ამგვარი ტესტირების დროს გამოვლენილი შეუსაბამობები ვერ ჩაითვლება მიწოდებული ს----------ის შეფასების კრიტერიუმად (ტ.1, ს.ფ. 25-27).

 

4.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს ერთის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ, შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №--, რომლის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და დანართი №1-ის (საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, მიწოდების პირობების და ფასები) შესაბამისად მიეწოდებინა შემსყიდველს საქონელი. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 6000 (ექვსი ათასი) ლარს და მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან და შემსყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემასთან, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, საქონლის ან ყოველი მისი პარტიის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი ერთდროულად უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს ან/და წარმოდგენილი ნიმუშის (ნიმუშის წარდგენის ვალდებულების შემთხვევაში) პარამეტრებს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლება შემსყიდველისთვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თარიღი. საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას, ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია დროებით შენახვაზე მიღებული საქონლის ნიმუშ(ებ)ი, ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქონლის დროებით შენახვაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ გადააგზავნოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში. ამავე მუხლის 9.6.1. პუნქტის თანახმად კი, შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე თუ იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო).

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის 20 თებერვლის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 40-47).

 

4.12. 2017 წლის 16 იანვრის №11 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დადგენილია, რომ მიმწოდებელმა 2017 წლის 13 იანვრის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციას 2017 წლის 16 იანვარს მიაწოდა სამუხრუჭე სითხე დ------, 2248 (ორიათას ორასორმოცდარვა) ცალი - 0,445 გრამიანი ქილა. ამავე აქტის თანახმად, ზემოაღნიშნული რაოდენობის სამუხრუჭე სითხე აღებულ იქნება შემოსავალში ექსპერტიზის (ლაბორატორიული შემოწმება) დასკვნის მიღების შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 48).

 

4.13. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 24 მარტის №0-------- აქტის თანახმად, სამუხრუჭე სითხეზე დ------ (პარტიების ნომრები №-----------------) 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემულია ექსპერტის დასკვნა №0--------, შესაბამისად, ექსპერტის მიერ ნიმუშების განმეორებით აღება მიზანშეუწონლად ჩაითვალა (ტ.1, ს.ფ. 53-55; 49-51).

 

4.14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 04 აპრილის №---1 აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს,,ვ-----– ა-------------სს’’ დაეკისრა პირგასამტეხლო 1 200,00 (ათას ორასი) ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 141).

 

4.15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 04 აპრილს №MOD 1------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარეს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ. 59).

 

4.16. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 07 აპრილის №---- წერილით შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 04 აპრილის №MOD 1------------ წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2017 წლის 13 იანვრის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე და მიეცა საშუალება წერილის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ტ.1, ს.ფ. 173).

 

4.17. შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ დირექტორის 2017 წლის 10 აპრილის №0---- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობათ, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მხრიდან მიწოდებული იყო შესასყიდი საქონლის, სამუხრუჭე სითხე დ-------ის აღწერილობის სერტიფიკატი და მხოლოდ ამის შემდგომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქონელი უნდა მიეწოდებინათ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რაც შესრულებულ იქნა პირნათლად. ამავე წერილის თანახმად, მიწოდებული საქონელი დღემდე იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თუმცა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა და არ განხორციელებულა საქონლის საფასურის გადახდა მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2017 წლის 20 თებერვალს. შესაბამისად, მიმწოდებელმა მიმართა თხოვნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, რომ გაეფორმებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი და ასევე გაეფორმებინათ შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდაზე (ტ.1, ს.ფ. 172).

 

4.18. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულების თანახმად, შპს ,,ვ-----– ა-------------სი’’ 2017 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში და მის შესახებ რეესტრში გაკეთდა ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი (ტ.1, ს.ფ. 34-39).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2016 წლის 01 აგვისტოს №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ სადავო აქტის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სამ კომპონენტში გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, კერძოდ - აღნიშნა, რომ SPA1-------- ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო საბურავის შრეების მინიმალური, მაგრამ არა მაქსიმალური ოდენობა, ასევე არ იყო გათვალისწინებული საბურავის კამერის პიპკის ზომა. ამდენად, სააგენტომ გაიზიარა მიმწოდებლის განმარტება ამ ნაწილში და განმარტა, რომ მიწოდებული საქონელი ხსენებულ ორ პუნქტთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგებოდა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს. სააგენტომ ასევე გაიზიარა მიმწოდებლის პოზიცია თოვლიან საფარზე სატრანსპორტო საშუალების დაძვრის პრობლემასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ დასტურდებოდა, რომ ხსენებული ხარვეზი განპირობებული იყო საბურავის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო. პროტექტორის სიმაღლესთან დაკავშირებით კი სააგენტომ აღნიშნა, რომ რამდენადაც ხსენებული საკითხი არ იყო დაკონკრეტებული სატენდერო დოკუმენტაციით, იგი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომელთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები’’ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება და რასაც არც თავად მოსარჩელე მხარე ხდის სადავოდ, მიმწოდებელმა, 2016 წლის 01 აგვისტოს №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შემსყიდველ ორგანიზაციას დაგვიანებით, 2016 წლის 29 ნოემბერს მიაწოდა 29 ცალი საბურავი 31 აგვისტოს ნაცვლად, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების კიდევ ერთი მაგალითია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ს----------ის ტესტირების შედეგი სრულად დამაკმაყოფილებელი იქნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, ვალდებულებების შესრულება მაინც ჩაითვლებოდა არაჯეროვნად ზემოაღნიშული მიზეზის გამო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ,,შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულება, 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებულ სარეგისტრაციო ჩანაწერთან მიმართებაში. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ აღნიშნულ ნაწილში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სწორად მიიჩნია შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლომ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2016 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების №4-- ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, მოსარჩელეს სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლო წესით, კერძოდ - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით (მხარეთა შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან მიმართებაში).

 

სასამართლომ მხარეთა შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ნაწილში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ - არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული სახეზე იყო თუ არა შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და რომ არ არსებობდა მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის და/ან გაფრთხილების საფუძველი, რამეთუ როგორც აღინიშნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ თანახმად, შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შეთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული შემსყიდველის მიერ წარდგენილი წერილობითი შეტყობინება რამდენად აკმაყოფილებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3, მე-4 მუხლების მოთხოვნებს, რამეთუ შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის 2017 წლის 16 იანვარს მიწოდებულ სამუხრუჭე სითხე დ-------ზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა იმის გამო, რომ 2016 წლის 12 ივლისს შპს ,,თ------------------ს’’ მიერ მიწოდებული სამუხრუჭე სითხე დ------ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2016 წლის 24 აგვისტოს №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. შესაბამისად, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2017 წლის 24 მარტის №0-------- აქტის თანახმად, ავტომატურად ჩაითვალა, რომ შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული სამუხრუჭე სითხე დ-------იც ვერ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაციულმა ორგანომ კი, ცალმხრივად ისე გაიზიარა სრულად შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება და წარდგენილი მტკიცებულება სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომ ამის საწინააღმდეგოდ მის მიერ დამატებითი სახის მტკიცებულებები მოძიებული არ ყოფილა.

 

6. შპს ,,ვ-----– ა----------------ს“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის N1--- განკარგულების ბათილად ცნობაზე, 2016 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული N4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნაწილშიც.

 

6.1. შპს ,,ვ-----– ა----------------ს“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

შპს ,,ვ-----– ა----------------“ აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 22 მარტის NMOD3---------- წერილობით შეტყობინებაში მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნის საფუძვლად მიჩნეული იყო მხოლოდ ე.წ. ,,არასათანადო ხარისხის“ საქონლის მიწოდება და არა საქონლის დაგვიანებით (ანუ 2016 წლის ნოემბერში ნაცვლად აგვისტოსი) მიწოდება. ფაქტობრივად პირველი ინსტანციის სასამართლო, ისევე როგორც შესყიდვების სააგენტო, გასცდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას და კანონის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა ტენდერის პირობებთან ცალსახად დადგინდა როგორც მოპასუხესთან გამართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლად სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ს----------ის პირველი პარტიის დაგვიანებით მიწოდება. ს----------ის პირველი პარტიის მიწოდება, მართალია, მოხდა დაგვიანებით - 2016 წლის 29 ნოემბერს, მაგრამ ხელშეკრულება ამ მომენტისათვის იყო ძალაში, ვინაიდან მისი მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით. ამასთანავე, შემსყიდველს არ მიუღია გადაწყვეტილება და არ გამოუგზავნია არანაირი შეტყობინება დაგვიანების გამო ამ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. პირიქით, მან ჩაიბარა მიწოდებული ს----------ი და შემდგომში პრეტენზია გამოთქვა მხოლოდ ამ საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში.

 

შპს ,,ვ-----– ა-------------სი“ მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ნორმა ითვალისწინებს შავ სიაში დარეგისტრირების ორ საფუძველს: 1) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები და ამავდროულად გასული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რასაც ადგილი არ ჰქონია; 2) ასევე, შემსყიდველს არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება მიმწოდებლის სახელშეკრულები ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. პირიქით, შემსყიდველმა ჩაიბარა დაგვიანებით მიწოდებული საქონელი, რაზეც გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩაუტარა კიდეც ამ საქონელს ტესტირება. ამდენად, აპელანტს მაიჩნია, რომ მიმწოდებდელმა შემსყიდველს მიაწოდა საქონელი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, საქონლის პირველი პარტიის მიწოდების მომენტში ხელშეკრულება იყო ძალაში, შემსყიდველმა ჩაიბარა საქონელი და მისი მხრიდან აშკარად გამოხატულ იქნა თანხმობა ამ პარტიის მიღებაზე მიუხედავად მისი დაგვიანებით მიწოდებისა. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, თუკი შემსყიდველი გადაწყვეტდა ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას, მას ჯერ უნდა მიეცა წერილობითი გაფრთხილება მიმწოდებლისათვის, დაენიშნა დამატებითი ვადა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც არ წარმოადგენდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება ჰქონდა მოეთხოვა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო საქონლის დაგვიანების გამო, ხოლო მას შემდეგ, რაც მან ჩაიბარა საქონლის პირველი პარტია, მას არც ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის უფლება ჰქონდა.

 

რაც შეეხება 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დარჩენილი ნაწილის მიწოდებას, მიუხედავად მიმწოდებლის მხრიდან არაერთგზის თხოვნისა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე აარიდა თავი მის მიღებას და არ გამოაგზავნა შესაბამისი მოთხოვნა, როგორც ეს განსაზღვრული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების N2 დანართში.

 

7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის, N3/4322-17 ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

7.1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიციით, 2017 წლის 13 იანვრის N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მიწოდებული საქონელი იყო იდენტური სხვა მიმწოდებლის მიერ ადრე მიწოდებული საქონლისა, რომელიც სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 24 აგვისტოს N0-------- ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იყო დაწუნებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ მიწოდებული დ------ სითხე ექსპერტიზისთვის გადააგზავნა საექსპერტო ბიუროში, ხოლო ექსპერტმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ მას აღნიშნული სითხის შესაბამისობაზე ერთხელ უკვე გაცემული ჰქონდა საექსპერტო დასკვნა შეუსაბამობის თაობაზე. აპელანტი ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ საკითხი ეხება სითხის შესაბამისობას და არა იმას, თუ რომელი კომპანია წარადგენდა მას. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიაჩნია, რომ მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა/ვერ შეასრულა 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- და 2017 წლის 13 იანვრის N-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

8.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულების კანონიერების საკითხის განსაზღვრა. სადავო აქტის საფუძველს წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციას - საქართველო თავდაცვის სამინისტროსა და მიმწოდებელ ორგანიზაციას - შპს ,,ვ-----– ავტო ექპსრესს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- და 2017 წლის 13 იანვრის N-- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა მიმწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- ხელშეკრულება მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა, ხოლო 2017 წლის 13 იანვრის N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულების საკითხი შემსყიდველ ორგანიზაციასა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონით დადგენილი წესით არ გამოუკვლევია, შესაბამისად განკარგულება ამ ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლოში აპელანტებად წარმოდგენილნი არიან როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე; შპს ,,ვ-----– ა-------------სი“ არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- ხელშეკრულების ნაწილში მსჯელობისას, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - 2017 წლის 13 იანვრის N-- ხელშეკრულების ნაწილში. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს როგორც 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- ხელშეკრულების, ასევე 2017 წლის 13 იანვრის N-- ხელშეკრულების პირობების შესრულების საკითხი და მათ საფუძველზე შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ შავ სიაში დარეგისტრირების კანონიერების საკითხის განსაზღვრა. ამასთან, 2017 წლის 13 იანვრის N-- ხელშეკრულებასთან მიმართებით პალატა იმსჯელებს მხოლოდ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში - არსებობს თუ არა აღნიშნულ ნაწილში განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მისი სააგენტოსთვის დაბრუნების საფუძვლები. პალატა 2017 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების ნაწილში, სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საკითხის არ შეისწავლის, ვინაიდან გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში, შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ არ გაუსაჩივრებია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესს არეგულირებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის შესაბამისად გამოცემული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და მათი პირობების შესრულება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს დასახელებულ სამართლებრივ აქტებთან, ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი იურიდიული შედეგიც ამავე აქტებით არის განსაზღვრული.

 

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ შორის 2016 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული N4-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში 163 ცალი საბურავის შესყიდვას. ტენდერი, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ხელშეკრულება, ჩატარდა დიდი/მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანების ს----------ის სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია მიწოდებულ საქონელს ჩაუტაროს პრაქტიკული ტესტირება ან/და ექსპერტიზა. პრაქტიკული ტესტირების ან/და ექსპერტიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგის/დასკვნის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დაუბრუნოს მიმწოდებელს საქონელი და შეწყვიტოს ხელშეკრულება; ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის 4 მარტის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ შპს ,,ვ-----– ა-------------სმა“ შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდა 29 ცალი საბურავი 2016 წლის 29 ნოემბერს. მიწოდებული ს----------იდან 8 ცალი დაყენდა ჯ--–-------------ე ნაკლოვანებების გამოვლენის, მისი ვარგისიანობის დადგენისა და პრაქტიკული ტესტირების განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც გამოვლინდა ს----------ის უარყოფითი მხარეები: 1. პროტექტორების სიმაღლე იყო დაბალი და აფერხებდა ნიადაგზე მოჭიდებას; 2. კამერის პიპკა იყო ზომაზე მაღალი, რაც ხელს უშლიდა თვითდაბერვის სისტემასთან მიერთებას; 3. ს----------ის სისქე იყო ზოგადად დიდი; 4. თოვლიან საფარზე უჭირდა დაძვრა. ამასთან, ს----------ი არ შეესაბამებოდა ჯავშანტექნიკის ნორმებს, რის გამოც იქნა დაწუნებული.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 06 თებერვლის №M---------------- წერილით შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ ეთხოვა განეხილა 29 ცალი საბურავის უკან გატანის და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესაბამისი ხარისხის ს----------ის მიწოდების საკითხი, 2017 წლის 13 თებერვლამდე წერილობითი პოზიციის წარდგენის გზით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილის საპასუხოდ, შპს ,,ვ-----– ა-------------სმა’’ 2017 წლის 09 თებერვალს №0---- წერილით აცნობა სამინისტროს, რომ მიწოდებული ს----------ის პარამეტრები სრულ შესაბამისობაში იყო ხელშეკრულებით (დანართი№2) გათვალისწინებულ მონაცემებთან და თითოეულ დარღვევასთან მიმართებით განმარტა შემდეგი: 1. ტენდერით არ არის განსაზღვრული რა სიმაღლის პროტექტორი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ამასთან, საბურავი არის ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი. სხვადასხვა მწარმოებელს შეიძლება სპეციალური დანიშნულების საბურავზე ჰქონდეს სხვადასხვა სიმაღლის პროტექტორი; 2. ტენდერით არ ყოფილა დაზუსტებული, თუ რა ფორმისა და ზომის პიპკით უნდა ყოფილიყო საბურავი, აღნიშნულის მითითების შემთხვევაში შესაძლებელი იყო სხვადასხვა ზომის პიპკით წარმოება; 3. ტენდერით მოთხოვნილი საბურავის შრეების რაოდენობა უნდა ყოფილიყო მინიმუმ 8, მათი მხრიდან კი წარმოდგენილია 16 შრიანი საბურავი, რომელიც თავისთავად გულისხმობს, რომ საბურავის სისქე არის შედარებით დიდი; 4. თოვლიან საფარზე ავტომანქანის დაძვრა დამოკიდებულია ტარებაზე, სხვადასხვა სიტუაციაში შესაძლებელია ნორმალური დაძვრაც და შეფერხებაც. ამავე წერილში შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ მიერ აღინიშნა, რომ ტენდერში არ იყო მითითებული ინფორმაცია, რომ საბურავი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო ჯავშანტექნიკაზე, რაზეც საბოლოოდ ჩატარდა ტესტირება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 22 მარტს №MOD 3------------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარეს და მოითხოვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს’’ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, შპს ,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში რეგისტრაცია.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის №1--- განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №4-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მიმწოდებელი კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სააგენტომ, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, გაიზიარა შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ პოზიცია მასზედ, რომ ტენდერით მოთხოვნილი პირობები არ შეიცავდა პიპკის ზომასა და საბურავის სისქის ზედა ზღვარზე მითითებას, სააგენტომ ასევე გაიზიარა მიმწოდებელი კომპანიის პოზიცია თოვლიან საფარზე ავტომანქანის დაძვრასთან დაკავშირებით, ხოლო ს----------ის პროტექტორების სიმაღლესთან დაკავშირებით განმარტა, რომ რამდენადაც ხსენებული საკითხი არ იყო დაკონკრეტებული სატენდერო დოკუმენტაციით, იგი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №30 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომელთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები’’ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ, 2016 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებელი კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირების ძირითადი საფუძველი გახდა ხელშეკრულების პირობების ვადაში შეუსრულებლობა. განსახილველ საქმეზე მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,ვ-----– ა-------------სმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევით განახორციელა საქონლის მიწოდება შემსყიდველი ორგანიზაციიისთვის, რის გამოც მას დაეკისრა კიდეც პირგასამტეხლოს გადახდა. ამდენად, შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს მიწოდებული საქონელი წარმოადგენს ვადის დარღვევით მიწოდებულს. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის - შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მითითებას მასზედ, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ წინადადებაში არ იყო მითითებული ვადის დარღვევით ვალდებულების შესრულებაზე, სააგენტო მოკლებული იყო უფლებამოსილებას ემსჯელა აღნიშნულზე, როგორც მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს ძირითად ფუნქციას განეკუთვნება შავი სიის წარმოება. ამავე კანონის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. ამავე წესისა და პირობების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, კი სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. მე-7 მუხლის პირელი პუნქტის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები ემსახურება შესყიდვაში არაკეთილსინდისიერ პირთა მონაწილეობის პრევენციას. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა მიმწოდებელი კომპანიის მიერ წარმოადგენს მისი შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს, რაც ნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღებისა და ხელშეკრულების დადების უფლების შეზღუდვას (წესის 2.1 მუხლი). ხსენებული რეგულაცია იცავს სახელმწიფო ორგანოებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ კონტრაჰენტებთან და ამით არ დაზიანდეს ცალკეული ადმინისტრაციული ორგანოს, ფართო გაგებით კი სახელმწიფოს ინტერესი. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კანონმდებელი ხელშეკრულებაში მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში აცნობს სააგენტოს დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული მიზნით, სააგენტო ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევასა და გადაწყვეტილების მიღებას ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წერილობით მიმართა სააგენტოს, მიუთითა მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე და მოითხოვა მისი რეგისტრაცია შავ სიაში. საგულისხმოა, რომ წერილობით წარდგენილ მიმართვაში შემსყიდველ ორგანიზაციას მართლაც არ ჰქონდა მითითებული შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მხრიდან საქონლის ვადის დარღვევით მიწოდებაზე, თუმცა სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, საქმისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისას, სადაც მონაწილეობას იღებდა როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ასევე მიმწოდებელი კომპანია, გამოვლინდა, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ არ იქნა ჯეროვნად შესრულებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, სააგენტოში დავის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო. დარღვევის იდენტიფიცირების პირობებში სააგენტო არ იყო უფლებამოსილი არ მოეხდინა რეაგირება აღნიშნულზე. ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დასტურდება, შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობა, რაც მისი შავ სიაში რეგისტრაციის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, სადავო განკარგულება, 2016 წლის 1 აგვისტოს N4-- ხელშეკრულების პირობების დარღვევის ნაწილში, ძალაში დარჩა.

 

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტოსა და შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ შორის 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებულ N-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას, აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგ დადგენილ გარემოებებზე:

 

მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას 2017 წლის 16 იანვარს მიაწოდა სამუხრუჭე სითხე დ------, 2248 (ორიათას ორასორმოცდარვა) ცალი - 0,445 გრამიანი ქილა.

 

დადგენილია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, წერილობით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ჯ---------–-------------ი უზრუნველყოფის ს------–-------–---------ის ცენტრის საწვავ-საპოხი მასალების განყოფილების საცავში (ქ. თბილისი) სამუხრუჭე სიტხე ,,დოტ - 4“-ის (0-------------- და პარტია 2--------------) Т------------------------- სინჯის ასაღებად ექსპერტ-სპეციალისტის მივლენა და აღნიშნული პროდუქციის სტანდარტის მოთხოვნებისა და მათი შესაბამისობის დადგენა წარდგენილი ხარისხის სერთიფიკატებში განსაზღვრულ ნორმებთან. აღნიშნულ მოთხოვნაზე ექსპერტის მიერ 2017 წლის 24 მარტს შედგა აქტი, სადაც აღინიშნა, რომ სამუხრუჭე სითხეზე ,,დ------“ (პარტიების ნომრები: N------ და N0-----) 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემულია ექსპერტის დასკვნა N0--------, შესაბამისად ექსპერტის მიერ ნიმუშების განმეორებით აღება მიზანშეუწონლად ჩაითვალა (ტ.1, ს.ფ. 53-55). 2016 წლის 24 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი სამუხრუჭე სითხის დ------ ნიმუში N1 (პარტია N------) და ნიმუში N2 (პარტია N0-----) გარეგნული სახით ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობაში მითითებული გამოცდის მეთოდს და წარდგენილი პასპორტების მოთხოვნას. საგულისხმოა, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს დასკვნაც ჩატარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძვლზე. ორივე შემთხვევაში ექსპერტისადმი მოთხოვნა იყო ანალოგიური. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ექსპერტის უარი - ჩაეტარებინა ექსპერტიზა 2017 წლის 13 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებულ საქონელზე, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იდენტურ საქონელზე, იდენტური პარტიის ნომრით, უკვე ჩატარებული იყო ექსპერტიზა და დადგენილი იყო მისი შეუსაბამობა. 2017 წლის 24 მარტის აქტით, ექსპერტი არამხოლოდ მიუთითებს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობაზე, არამედ ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ ორივე შემთხვევაში საქონელი იყო იდენტური. ამდენად, უტყუარად დასტურდება, რომ 2017 წლის 13 იანვრის N-- სახელმწფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მიზით შპს ,,ვ-----– ა----------------ს“ მიერ მიწოდებული საქონელი იყო შეუსაბამო. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაშიც მიმწოდებელი კომპანიის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა მასზედ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, რაც თავის მხრივ შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, ,,შპს,,ვ-----– ა-------------სის’’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილში, სადავო განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათლად ცნობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდება. დანარჩენ ნაწილში ძალაში უნდა დარჩეს გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

სსსკ–ის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება უნდა დაეკისროს შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ იტ ა:

 

1. შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 17 მაისის N1--- განკარგულება შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, 2017 წლის 13 იანვარს გაფორმებული N-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რეესტრში გაკეთებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. შპს ,,ვ-----– ა-------------სის“ მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 150 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისროს შპს ,,ვ-----– ა-------------სს“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასარგებლოდ;

 

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

თამარ ონიანი -

 

გიორგი გოგიაშვილი -