განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2018
საქმის ნომერი
010141318700056626
ინსტანცია
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056626

საქმე №1/ა.გ 283-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო----------–--ის /პირადი N01024090380 დაბადებული 1990 წლის 3 ოქტომბერს/ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შუამდგომლობა და დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

ო----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ო----------–--ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ო----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

ო----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2016 წლის 30 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ო----------–--ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი.

ო----------–--ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

2018 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ო----------–--ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ო----------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაცნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ო----------–--ეს მსჯავრი დაედო ახალი ფსოიქოაქტიური ნივთიერების - ფენეთილამინის ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ 25I-NBOMe-ს და 25HNBOMe-ს შემცველ 0.22 მლ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 11 ნაწილით. შესაბამისად ამ ნაწილში მსჯავრდებულ ო----------–--ის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება, რადგან აღნიშნული ნარკოტიკულ საშუალებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია.

ხოლო, რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენს, აღნიშნული განაჩენით ო----------–--ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ო----------–--ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. რაც შეეხება ო----------–--ისათვის სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 საათის ოდენობით, პალატა განმარტავს, რომ როგროც თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის წერილით დგინდება, ო----------–--ემ 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა დაასრულა 2017 წლის 7 მარტს. შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულ ო. ახალაძის განთავისუფლების შესახებ.

ამასთან, ო----------–--ეს უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ო----------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ო----------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენში ო----------–--ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული ო----------–--ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

მასვე აღუდგეს, ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ჩამორთმეული უფლებები.

 

მსჯავრდებულ ო----------–--ეს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.

გასათვალისწინებელია, რომ ამავე განაჩენით, მას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს უფლებები.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი