განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001804005
საქმე №3ბ/2274-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ნუნუკა ჯანელიძე
მოწინააღმდეგე მხარე - ზ---------------
წარმომადგენელი - ზურაბ ჯღარკავა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება
1.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ზ---------------ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 9600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარისა და მატერიალური ზიანის - 2000 (ორი ათასი ) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით (საქმე N1/5875-14 (N001270814005), ზ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულ ზაზა გურჩიანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 აგვისტოდან.
2.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენის (საქმე N1/ბ-464-15) თანახმად, მსჯავრდებულ ზ---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ზაზა გურჩიანის მიმართ გაუქმდა და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი. ზაზა გურჩიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ზ--------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით (საქმე N3 აბ-16) პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენის (საქმე N1/ბ-464-15)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილსის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენი (საქმე N1/5875-14); (ს.ფ.16-22).
- თბილსის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენი საქმეზე N1/ბ-464-15. (ს.ფ. 23-29);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება საქმეზე N3 აპ-16. (ს.ფ. 31);
2.1.4. საქმეში წარმოდგენილია „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი ანგარიშიდან ზ---------------ს სახელზე მისი პატიმრობის პერიოდში ჩარიცხული თანხების შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 32-36);
2.1.5. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება N24 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებულია ერთის მხრივ მოქალაქე რაჟდენ სხირტლაძესა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომრით N1182) შორის ზ---------------სათვის სააპელაციო სასამართლოში მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N24 (ს.ფ. 37-40);
2.1.6. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება N61 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებული ერთის მხრივ მოქალაქე ნაზი გურჩიანსა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომერი N1182) შორის, ზ---------------სათვის ადვოკატის მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N61 (ს.ფ. 42-46);
2.1.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის N04/2034 ცნობის თანახმად, მოქალაქე ზ--------------- (პირადი N62004022866, დაბადების თარიღი: 03.09.1976 წ.) 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემლების ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულია, როგორც სოციალური პაკეტის მიმღები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი (მეორე ჯგუფის ინვალიდი), უვადოდ. დანიშვნის თარიღი: 08.06.2011წ. გასაცემლის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს. მოქალაქე ზ---------------ს ერთწევრიანი ოჯახი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.(საიდენტიფიკაციო კოდი: 010130332645) ოჯახს 2009 წლის 6 აპრილის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული ჰქონდა 62780 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2009 წლის 6 აპრილიდან. აღნიშნულ კოდზე ოჯახს რეგისტრაცია შეუწყდა 2010 წლის 24 ნოემბერს. ზ---------------ს ოჯახი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (საიდენტიფიკაციო კოდი:010130354088). ოჯახს 2012 წლის 20 დეკემბრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასები შედეგად მინიჭებული ჰქონდა 24980 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2013 წლის 19 იანვრიდან. ოჯახის შემადგენლობა: ციური ლაცუზბაია, ზ---------------. აღნიშნულ ოჯახში, 2014 წლის 10 ოქტომბერს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ ზ--------------- წევრად აღარ ფიქსირდება.
2.1.8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 16 იანვრის N04-00-გ/2320 წერილის თანახმად, ზ--------------- პ/ნ 62004022866 რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2012 წლიდან. ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2013 წლის 19 იანვარს და შეადგინა 24980. 2013 წლის 8 თებერვალ ოჯახმა უარი განაცხადა სოციალური დახმარების დანიშვნაზე. სოციალური დახმარება 108 ლარი ირიცხებოდა 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე. 2017 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, ზ--------------- პ/ნ 62004022866, არ არის რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის N04/2034 და 2017 წლის 16 იანვრის N04/2034 ცნობები;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
2.2.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამ ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
2.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამ კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“
2.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ აგრეთვე, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს -648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს -648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.“
2.2.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით (საქმე N1/5875-14 (N001270814005)), ზ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულ ზაზა გურჩიანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენით (საქმე N1/ბ-464-15) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ზ---------------ს მიმართ გაუქმდა და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი. ზ--------------- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ზ--------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან., რაც უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით საქმეზე N3 აპ-16.
საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოთავსებამდე მოსარჩელე იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ გადახდილია საადვოკატო მომსახურებისათვის თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
2.2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ -ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოპასუხის მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტი, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ და ობიექტური გარემოებები. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოების უკანოანო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმების სიმძიმე, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 9600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარი.
სასამართლოს მოსაზრებით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოსარჩელე ზაზა გურჩიანს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (1500 ლარი 15 თვის მიუღებელი სოციალური დახმარება (თვეში 100 ლარი) და ადვოკატის ხარჯი 500 ლარი).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, ამასთან, უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს-სასამართლოს განჩინებას. შესაბამისად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენება, ვინაიდან სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება. ზ--------------- პატიმრობაში იმყოფებოდა სასამართლო განაჩენის საფუძველზე და საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3.2. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა. კერძოდ: ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო. ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა მსგავს საქმეებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება 9600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია.
3.3. სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის №04/2034 და 2017 წლის 16 იანვრის №04-00-გ/2320 წერილები, რომლებიც შეეხება ზ---------------სათვის დანიშნულ სოციალურ დახმარებას მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრისათვის, რომელსაც ერიცხებოდა სოციალური დახმარება 108 (ას რვა) ლარის ოდენობით. არც წარმოდგენილ წერილში და არც სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 16 იანვრის №04-00-გ/2320 წერილში არ არის მითითება აღნიშნული სოციალური დახმარების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
3.4. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაუსაბუთებლად დააკისრა ადვოკატის ხარჯი 500 ლარის ოდენობით, ვინაიდან, მოსარჩელეს ხელშეკრულებასა და გადახდის ქვითართან ერთად, არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ამ თანხის შემოსავლებში მიღება და გადახდის ფაქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით (საქმე N1/5875-14 (N001270814005), ზ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მსჯავრდებულ ზაზა გურჩიანს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 აგვისტოდან.
4.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენის (საქმე N1/ბ-464-15) თანახმად, მსჯავრდებულ ზ---------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ზაზა გურჩიანის მიმართ გაუქმდა და მის ნაცვლად დადგა გამამართლებელი განაჩენი. ზაზა გურჩიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ზ--------------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით (საქმე N3 აბ-16) პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენის (საქმე N1/ბ-464-15)
4.1.4. საქმეში წარმოდგენილია „ლიბერთი ბანკის“ ამონაწერი ანგარიშიდან ზ---------------ს სახელზე მისი პატიმრობის პერიოდში ჩარიცხული თანხების შესახებ.
4.1.5. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება N24 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებულია ერთის მხრივ მოქალაქე რაჟდენ სხირტლაძესა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომრით N1182) შორის ზ---------------სათვის სააპელაციო სასამართლოში მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
4.1.6. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება N61 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებული ერთის მხრივ მოქალაქე ნაზი გურჩიანსა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომერი N1182) შორის, ზ---------------სათვის ადვოკატის მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4.1.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 13 იანვრის N04/2034 ცნობის თანახმად, მოქალაქე ზ--------------- (პირადი N62004022866, დაბადების თარიღი: 03.09.1976 წ.) 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემლების ერთიან სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულია, როგორც სოციალური პაკეტის მიმღები, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი (მეორე ჯგუფის ინვალიდი), უვადოდ. დანიშვნის თარიღი: 08.06.2011წ. გასაცემლის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს. მოქალაქე ზ---------------ს ერთწევრიანი ოჯახი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.(საიდენტიფიკაციო კოდი: 010130332645) ოჯახს 2009 წლის 6 აპრილის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული ჰქონდა 62780 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2009 წლის 6 აპრილიდან. აღნიშნულ კოდზე ოჯახს რეგისტრაცია შეუწყდა 2010 წლის 24 ნოემბერს. ზ---------------ს ოჯახი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (საიდენტიფიკაციო კოდი:010130354088). ოჯახს 2012 წლის 20 დეკემბრის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასები შედეგად მინიჭებული ჰქონდა 24980 სარეიტინგო ქულა, რომელიც ძალაში შესული იყო 2013 წლის 19 იანვრიდან. ოჯახის შემადგენლობა: ციური ლაცუზბაია, ზ---------------. აღნიშნულ ოჯახში, 2014 წლის 10 ოქტომბერს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ ზ--------------- წევრად აღარ ფიქსირდება.
4.1.8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 16 იანვრის N04-00-გ/2320 წერილის თანახმად, ზ--------------- პ/ნ 62004022866 რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 2012 წლიდან. ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 2013 წლის 19 იანვარს და შეადგინა 24980. 2013 წლის 8 თებერვალ ოჯახმა უარი განაცხადა სოციალური დახმარების დანიშვნაზე. სოციალური დახმარება 108 ლარი ირიცხებოდა 2013 წლის ნოემბრის თვიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე. 2017 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, ზ--------------- პ/ნ 62004022866, არ არის რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“.
4.1.9. სააპელაციო სასამართლომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ზ---------------ს მიერ სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხის ოდენობის თაობაზე.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 14 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ ზ---------------სათვის, სოციალური პაკეტით განსაზღვრული მიუღებელი თანხის ოდენობა შედაგენს 300 ლარს, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის დისპოზიციის სწორად და მიზნობრივად გამოყენებით, შემოიფარგლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებზე მითითებით და დამატებით არ იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე.
პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და თვლის, რომ ამ ნაწილში არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
პალატა ასევე ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მთავარი პროკურატურისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა ხელშეკრულება N24 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებულია ერთის მხრივ მოქალაქე რაჟდენ სხირტლაძესა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომრით N1182) შორის ზ---------------სათვის სააპელაციო სასამართლოში მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 37-40).
საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება N61 (იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელიც დადებული ერთის მხრივ მოქალაქე ნაზი გურჩიანსა და მეორეს მხრივ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატ მამუკა ქირიას (სიითი ნომერი N1182) შორის, ზ---------------სათვის ადვოკატის მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4.2.2. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მთავარი პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის სახით მიუღებელი სოციალური დახმარების _ 1 200 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია გარემოება იმის შესახებ, თუ რა ოდენობის თანხა არ ქონდა მიღებული ზაზა გურჩიანს პატიმრობაში ყოფნის გამო.
საქმეში წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ზ---------------ს მიერ, სოციალური პაკეტით განსაზღვრული მიუღებელი თანხის ოდენობა შედაგენს 300 ლარს, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
ამდენად, საქართველოს მთავარ პროკურატურას, ზ---------------ს სასარგებლოდ, ნაცვლად 1500 ლარისა, როგორც ეს საქალაქო სასამართლომ განსაზღვრა, უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების, მოპასუხისათვის მორალური ზიანისა და ადვოკატისათვისგაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში, გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სასამართლო ხარჯები:
6. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი საქართველოს მთავარი პროკურატურა გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდეს მატერიალური ზიანის _ 1 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ---------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროს ზ---------------ს სასარგებლოდ 300 (სამასი) ლარის _ 3 თვის მიუღებელი სოციალური დახმარება, გადახდა;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, ზ---------------ს სასარგებლოდ მთავარი პორკურატურისათვის მორალური ზიანის _ 9 600 ლარისა და მატერიალური ზიანის - 500 ლარის (ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები) დაკისრების ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
5. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
7.
თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გიორგი ტყავაძე