განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.03.2018
საქმის ნომერი
330310017001834910
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001834910 (3ბ/2351-17)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - ზ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ------------–-–---–-

წარმომადგენელი - ი-----–------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გ------------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------------–-–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა პროკურორ ვ----–-----–---–სა და ბრალდებულ გ----------–-–---–ს შორის 2012 წლის 16 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–-–---–ს საჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთის სახით განესაზვრა 10 წელი, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, გ------------–-–---–-ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი, საბოლოოდ მოსარჩელეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვის ვადით, საიდანაც 7 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალას პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ------------–-–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში გ------------–-–---–-ს მიმართ შევიდა ცვლილება და საბოლოოდ გ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი და 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ასევე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 9 თვე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით, მსჯარდებულ გ------------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ გ------------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ------------–-–---–-ს მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამარლოს 2012 წლის 17 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------------–-–---–- სასჯელის მოხდის პერიოდში რამდენჯერმეა დასჯილი, ასევე წახალისებულია. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელეს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი.

 

2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი რეგლამენტირებულია პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლში. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხსენებული საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.

 

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ხოლო შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ამავე დებულების მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საბჭომ 2016 წლის 27 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ წახალისებულია, სოციალურ აქტივობებში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია, მის მიერ ჩადენილია სხვადასხვა სახის და კატეგორიის დანაშაული. მათ შორის ძალადობრიცი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამოიხატა, სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებულ მითითებაზე გ------------–-–---–-ს მიერ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის შესახებ. გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას ჩადენილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც კონკრეტულად გ------------–-–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებების მითითების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად. უფრო მეტიც, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მიზანს წარმოადგენს ასევე მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის შემდეგ მსჯავდებულის მიმართ გამოყენებულია რამდენიმე წახალისების ღონისძიება, უფრო მეტიც, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ დაწესებულებამ მისი ქცევა დადებითად შეაფასა და კიდევ 2-ჯერ წაახალისა, რაც საკითხის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა გახდეს საბჭოს მსჯელობის საგანი. ამას გარდა, სადავო აქტში მითითეთებულია, რომ მსჯავრდებული გადმოცემით დაზარალებულს მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობა წარდგენილი იქნება საბჭოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია დათარიღებულია სადავო აქტის გამოცემის შედგომ -2017 წლის 24 თებერვლით, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მსჯავდებულს ჰქონდა დაფიქსირებული აღნიშნული პოზიცია, მოპასუხე არ იყო შეზღუდული დამატებით გამოეკვლია აღნიშნული გარემოება და მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა ამ მტკიცებულების წარდგენა. ამდენად, სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, მოპასუხე ასევე ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულება.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული საკანონმდებლო აქტის 271 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს ზემოხსენებული ყველა გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-------------–-–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას კანონით დადგენილ ფარგლებში. კანონით დადგენილი ფარგლები კი სწორედ ის ხუთი კრიტერიუმია, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც იღებს საბჭო გადაწყვეტილებას. კერძოდ, ეს არის: 1. დანაშაულის ხასიათი - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაცია. 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; 4. ოჯახური პირობები - მსჯავრდებულის დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; 5. მსჯავრდებულის პიროვნება - მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აპელანტის მითითებით, საბჭოს მსჯავრდებულ გ------------–-–---–-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით შეუფასებელი არ დარჩენია არც ერთი კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო მისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ წახალისებულია, სოციალურ აქტივობებში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია; მის მიერ ჩადენილია სხვადასხვა სახის და კატეგორიის დანაშაული, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამოიხატა. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები. აპელანტი მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და გამომდინარეობს მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, გადაწყვეტილებაში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო არ გაცდენილა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში უთითებს ,,სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებულ მითითებაზე გ------------–-–---–-ს მიერ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის შესახებ. გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას ჩადენილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც დამატებითი გარემოებების მითითების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად’’. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლი ითვალისწინებს დანაშაულთა სიმძიმის მიხედვით მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვას და არა კანონით დადგენილი ვადის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულის უპირობო გათავისუფლებას. საბჭოს დებულების მე-13 მუხლის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას დანაშაულის ხასიათი წარმოადგენს ერთ-ერთ შეფასების კრიტერიუმს. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყურადღება ექცევა როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე, თუ რა ვითარებაში და რა გარემოებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროს საბჭომ გაითვალისწინა როგორც დანაშაულის სიმძიმე, ასევე თუ რა ვითარებაში და რა გარემოებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათი გამოკვლეულ და შეფასებულ იქნა მსჯავრდებულის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად. საბჭოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია: ,,2012 წლის 16 იანვარს გ------------–-–---–- მეტსახელად „გ----’’ თბილისში, ა-–-------------------ს გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა იქვე მცხოვრებ გ-----------–---ს. მათ შორის დაუდგენელი მიზეზით მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც გ--- მ-------–-–---–მა ხ------–---- განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა რამდენიმე გასროლა, რითაც გ-----------–---ს მიაყენა შემავალი და გამჭოლი ჭრილობები, დაუზიანდა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოები, თვითონ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ-----------–--- დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. გ------------–-–---–მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი და 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა. 2012 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში, ზ---------–-- ქუჩა N3-ში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით მისულ პოლიციის მუშაკებს გ------------–-–---–მა გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა აგრესიაში და ფიზიკურ შეურაცხყოფის მიყენებაში, პოლიციის მუშაკს დაუზიანა ქურთუკი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გ------------–-–---–-ს შარვლიდან ამოღებული იქნა დანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას’’. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ადგილობრივმა საბჭომ სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუქტით განსაზღვრული კრიტერიუმი.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში უთითებს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბჭოს გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ დაწესებულებამ მსჯავრდებულის ქცევა შეაფასა დადებითად და კიდევ 2-ჯერ წაახალისა. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებულ პოზიციაზე, რომელიც დათარიღებულია სადავო აქტის გამოცემის შემდგომ - 2017 წლის 27 თებერვლით. აპელანტისათვის გაუგებარია მოსამართლის მითითება, თუ რატომ გახდა ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილობის და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი საბჭოს გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ დათარიღებული ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც საბჭომ 2016 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია სრულად და სწორად. შესაბამისად, 2016 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დაეყრდნო იმ დროს არსებულ სწორად გამოკვლეულ და შეფასებულ გარემოებებს. აპელანტი ასევე არ იზიარებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ ,,მოპასუხე არ იყო შეზღუდული დამატებით გამოეკვლია აღნიშნული გარემოება (დაზარალებულის პოზიცია) და მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა ამ მტკიცებულების წარდგენა.’’ საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მსჯავრდებულის გადმოცემით დაზარალებულს მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობა წარდგენილი იქნება საბჭოში. შესაბამისად, მსჯავრდებულს განმარტებული ჰქონდა აღნიშნული გარემოების მნიშვნელობა და მანაც მზაობა გამოხატა აღნიშნული გარემოების წარდგენაზე, თუმცაღა საკითხის განხილვამდე და არც შემდგომ მსჯავრდებულს აღნიშნული დოკუმენტი საბჭოში არ წარუდგენია.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონიერების საკითხის შემოწმება ხდება აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების საფუძველზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ხოლო, აქტის მატერიალური კანონიერების საკითხი დაკავშირებულია მის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ საკანონმდებლო აქტებს. აპელანტის განმარტებით, შეუძლებელია სადავო აქტის გამოცემის შემდეგ დათარიღებული გარემოებები ჩაითვალოს აღნიშნული კანონიერების დარღვევად, რადგან გადაწყვეტილების (აქტის) გამოცემის დროს საბჭოს მიერ სრულად არის დაცული კანონით დადგენილი ყველა აუცილებელი მოთხოვნა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენით თბილისის ვ---------------–--ს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა პროკურორ ვ----–-----–---–სა და ბრალდებულ გ----------–-–---–ს შორის 2012 წლის 16 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–-–---–ს საჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთის სახით განესაზვრა 10 წელი, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით, გ------------–-–---–-ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონი, საბოლოოდ მოსარჩელეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 9 თვის ვადით, საიდანაც 7 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალას პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ------------–-–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში გ------------–-–---–-ს მიმართ შევიდა ცვლილება და საბოლოოდ გ------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი და 5 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ასევე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 9 თვე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით, მსჯარდებულ გ------------–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ გ------------–-–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ------------–-–---–-ს მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამარლოს 2012 წლის 17 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

4.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------------–-–---–- სასჯელის მოხდის პერიოდში რამდენჯერმეა დასჯილი, ასევე წახალისებულია. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელეს მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი.

 

4.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის №0---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.6. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

4.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო იგი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4.8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი რეგლამენტირებულია პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლში. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქმის ძირითადი გარემოებები და მსჯავრდებულის რეკვიზიტები. იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. იმავე მუხლის მე-7 ნაწილით ასევე დადგენილია, რომ თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება.

 

4.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მითითებული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ხოლო შეფასების კრიტერიუმები მოცემულია ამავე დებულების მე-13 მუხლში. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას. გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება - აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. განსახილველ შემთხვევაში საბჭომ 2016 წლის 27 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა მითითებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ წახალისებულია, სოციალურ აქტივობებში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია, მის მიერ ჩადენილია სხვადასხვა სახის და კატეგორიის დანაშაული. მათ შორის ძალადობრიცი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამოიხატა, სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიებები და მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

4.10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

4.11. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მართებულად გაამახვილა სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არსებულ მითითებაზე გ------------–-–---–-ს მიერ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის შესახებ. გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას ჩადენილი ქმედებისათვის კანონით დადგენილი ზოგადი მახასიათებლების შესახებ, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კონკრეტულად გ------------–-–---–-ს მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებული დამატებითი გარემოებების მითითების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საბჭოს ტიპური დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით საკითხის შეფასებად. უფრო მეტიც, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანს წარმოადგენს ასევე მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის შემდეგ მსჯავდებულის მიმართ გამოყენებულია რამდენიმე წახალისების ღონისძიება, უფრო მეტიც, სადავო აქტის გამოცემის შემდგომ დაწესებულებამ მისი ქცევა დადებითად შეაფასა და კიდევ 2-ჯერ წაახალისა, რაც საკითხის ხელახლა განხილვისას ასევე უნდა გახდეს საბჭოს მსჯელობის საგანი. ამას გარდა, სადავო აქტში მითითეთებულია, რომ მსჯავრდებული გადმოცემით დაზარალებულს მოსარჩელის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანხმობა წარდგენილი იქნება საბჭოში. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მართალია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია დათარიღებულია სადავო აქტის გამოცემის შედგომ - 2017 წლის 24 თებერვლით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მსჯავდებულს ჰქონდა დაფიქსირებული აღნიშნული პოზიცია, მოპასუხე არ იყო შეზღუდული დამატებით გამოეკვლია აღნიშნული გარემოება და მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა ამ მტკიცებულების წარდგენა. ამდენად, სადავო საკითხზე ხელახლა მსჯელობისას, მოპასუხე ასევე ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ ჰუმანიზმისა და დემოკრატიულობის პრინციპებზე დაყრდნობით მოპასუხე ვალდებულია ხელახლა იმსჯელოს სადავო საკითხზე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების მიზნით იგი არ არის შეზღუდული ზეპირი მოსმენით განიხილოს საკითხი, დაუსვას შეკითხვები მსჯავრდებულს და გადაწყვეტილება მიიღოს მისი რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის გათვალისწინებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე