განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.02.2018
საქმის ნომერი
330310115001080068
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310115001080068 (3ბ/470-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

თამარ ონიანი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,-------

წარმომადგენლები - ნ------------ე, ლ-------------–--ე, მ--------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–--ე

 

მესამე პირი - სს ,,ს----------–-------------ა”

წარმომადგენლები - გ---------------–---–ი, ს------------–---–--–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,----ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 18 მაისს სს ,,ს----------–-------------ის“ მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა თბილისის სავაგონო-საექსპლუატაციო დეპოს (ტმპ მახარისხებლის ტერიტორიაზე) ს----------------------------------------------------–--------–---ის კაპიტალური შეკეთება. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 45 721 ლარი დღგ-ს გარეშე.

 

2.2. სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №--- ოქმის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს ,,----მ“, რომლის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით. აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის წესების დარღვევად და პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №--- ოქმით ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,----ს’’ შავ სიაში შეყვანის მიზნით აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე.

 

2.3. სს ,,ს----------–------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №5---------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი შპს ,,----“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვების პროცედურიდან, რის გამოც ეთხოვა შპს ,,----ს“ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

2.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 ივნისის №2--- მიმართვით შპს ,,----ს“ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, წარედგინა წერილობითი განმარტება სს ,,ს----------–-------------ას“ 2015 წლის 16 ივნისის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის.

 

2.5. 2015 წლის 09 ივლისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა შპს ,,----ს“ წერილი, სადაც პრეტენდენტი განმარტავდა, რომ სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, შპს ,,ო---------“-ის რეგისტრირებული მომხმარებლის ნაცვლად გამოყენებული იქნა შპს ,,----ს“ რეგისტრირებული მომხმარებელი, ხოლო სისტემაში ატვირთული იქნა შპს ,,ო---------“-ის კუთვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი განპირობებილი იყო იმით, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ერთი და იგივე პიროვნება - ბ---------------ე. აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---------------ემ.

 

2.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,----” დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ არის ქცეული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულება შპს ,,----ს” შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შავი სიის წარმოება.

 

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცდა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”, რომლის 24-ე მუხლით განისაზღვრა შავი სიის წარმოების წესი და პირობები. მითითებული მუხლის (2015 წლის აგვისტოში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №5---------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა შემდეგი - S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი შპს ,,----“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე (პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას), დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვების პროცედურიდან, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,----ს“ მიერ, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით. აღნიშნული გარემოება კი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის წესების დარღვევად. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 ივნისის №2--- მიმართვით შპს ,,----ს” ეცნობა, რომ წარედგინა წერილობითი განმარტება სს ,,ს----------–-------------ის“ მიერ 2015 წლის 16 ივნისის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის. ადმინისტრაციული წარმოების დროს, სააგენტოს წარედგინა შპს ,,----ს“ წერილი, სადაც პრეტენდენტი მიუთითებდა სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მექანიკური შეცდომის არსებობაზე. კერძოდ, შპს ,,ო---------“-ის რეგისტრირებული მომხმარებლის ნაცვლად, გამოყენებული იქნა შპს ,,----ს“ რეგისტრირებული მომხმარებელი, ხოლო სისტემაში ატვირთული იქნა შპს ,,ო---------“-ის კუთვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმით, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ერთი და იგივე პიროვნება - ბ---------------ე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკითხის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ შპს ,,----ს“ მხრიდან სატენდერო წინადადების წარდგენისას ადგილი ჰქონდა აფიდავიტის წესების დარღვევას. კერძოდ, შპს ,,----ს“ და შპს ,,ო---------“-ს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის პროფილებში ,,თემატიკის“ გრაფაში მითითებული ჰქონდათ იდენტური კატეგორიები - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები, მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, შენობის დასრულების სამუშაოები, სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება. ასევე, ისინი მონაწილეობას იღებენ იდენტური შესყიდვის კატეგორიის - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. შესაბამისად წარმოადგენენ ერთმანეთის პოტენციურ კონკურენტებს. აფიდავიტზე წესზე დათანხმებით კი პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მისი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებდა მითითებული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ ჰქონდა ადგილი. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ მხარეებსაც არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება სს ,,ს----------–-------------ის“ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული იქნა 2011 წლის 07 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზების გამო, ანუ შპს ,,----მ” ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ასევე, დადგენილია, რომ სატენდერო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, იგი შესულია კანონიერ ძალაში და კანონის მოთხოვნათა დაცვით ბათილად, არარად ან ძალადაკარგულად არ ყოფილა ცნობილი. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მითითებით, იგი მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის დისკვალიფიკაციის კანონიერების საკითხი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის წერილზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და 2015 წლის 05 აგვისტოს მიიღო №--- განკარგულება შპს ,,----ს” შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, რაც კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ არსებობდა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ, არ იქნებოდა შესაბამისობაში არსებული დარღვევის ხარისხთან, მოპასუხეს შეეძლო უფრო მსუბუქი ხასიათის ღონისძიების გამოყენება გაფრთხილების სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პირის შავ სიაში რეგისტრაცია წარმოადგენს პასუხისმგებლობის ღონისძიებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას პირის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც გამოიცა იგი. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვას ემსახურება ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება. ამრიგად, სააგენტო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით შავ სიაში რეგისტრაციის თანაზომიერება პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან და განსაზღვროს, ხომ არ არღვევს პასუხიმგებლობის გამოყენებული ღონისძიება საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსს, უზრუნველყოფს თუ არა იმ მიზნების მიღწევას, რასაც ემსახურება შავი სიის წარმოების საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება. განსახილველ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, სსიპ შესყიდვების სააგენტომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,----ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა აფიდავიტის წესების დარღვევას. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში მოცემულია ,,აფიდავიტის” განმარტება, კერძოდ, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების მიზნებისათვის, აფიდავიტი წარმოადგენს წერილობით დოკუმენტს სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე, რომლის ხელმომწერი, პრეტენდენტის სახელით ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობაზე. საქალაქო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული წესი სატენდერო წინადადების წარდგენას შესაძლებელს ხდის მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. შესაბამისად, ამგვარი წინაპირობების არსებობაა აუცილებელი პირისათვის პრეტენდენტის სტატუსის მინიჭებისა და მისი გამოცხადებული ტენდერის მონაწილედ ჩათვლისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,----ს” მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა შპს ,,ო---------”-ის ნაცვლად, არ შეიძლება შეფასდეს მექანიკურ შეცდომად. შესაბამისად, აღნიშნულით სახეზე იყო პრეტენდენტთა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც საჭიროებდა სათანადო რეაგირებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან.

 

2.12. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არის დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკითხის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ შპს ,,----ს” მხრიდან სატენდერო წინადადების წარდგენისას ადგილი ჰქონდა აფიდავითის წესის დარღვევას, თუმცა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში საერთოდ არ არის დასაბუთებული, თუ რაში გამოიხატება აღნიშნული და აპელანტის პრეტენზიის საგანი სწორად ეს იყო. ამასთან, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია დასაბუთებული, რაში გამოიხატა აფიდავითის წესის დარღვევა მოცემულ შემთხვევაში. აპელანტის მითითებით, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი - ფაქტობრივად შპს ,,ო---------”, რომლის დოკუმენტებიც წარდგენილი იყო სატენდერო კომისიაზე. შესაბამისად, მას ტენდერში კონკურენტი არ ჰყავდა და ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რაში გამოიხატება ის გარემოება, ამ შემთხვევაში არ მოხდა სატენდერო წინადადების სხვისგან დამოუკიდებლად შემუშავება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო თვითონ უთითებს, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესამისად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში სავსებით სწორადაა მოხმობილი ამავე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს ზემოაღნიშნული ბრძანების 24-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში. ჩამოთვალა რა ყველა ზემოაღნიშნული ნორმა, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ,,სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებდა მითითებული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს”, თუმცა ბოლოში სასამართლო მოულოდნელად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ასკვნის, რომ მოცმულ შემთხვევაში ამ ყველაფერს ჰქონდა ადგილი. აპელანტისათვის გაუგებარია, თუ საიდან მივიდა საქალაქო სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ თითქოს სააგენტომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოება შეისწავლა, გაანალიზა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინების შედეგად შპს ,,----ს” მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის ისეთი მკაცრი ზომა, როგორიცაა შავ სიაში ჩარიცხვა. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება თვით სააგენტოს წარმომადგენლის მიერ სასამართლოზე გაჟღერებულ პოზიციასაც. კერძოდ, წარმომადგენელმა განმარტა, რომ, როდესაც ადგილი აქვს აფიდავითის წესის დარღვევას, ეს ისეთი სახის არაკეთილსინდისიერ ქმედებას წარმოადგენს, რომ ამ დარღვევის აღმოჩენისას აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ხდება პრეტენდენტის უპირობო ჩარიცხვა შავ სიაში. ანუ, სააგენტოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებების შესწავლა და გაანალიზება მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამეთუ აფიდავითის წესის დარღვევა წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი ქმედების ერთ-ერთ სახეს, რომელიც, როგორც ცალკე დარღვევა, კანონში საერთოდ არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, ამ წესის დარღვევის შემთხვევაშიც უნდა მომხდარიყო ყველა იმ გარემოების შესწავლა, რაც თან ახლდა ამ ქმედებას მოცემულ შემთხვევაში, და სწორად ამ გარემოებების გაანალიზების შედეგად უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება პრეტენდენტის შავ სიაში ჩარიცხვა-არ ჩარიცხვის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სააგენტოს მხრიდან სადაო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაცულია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, ეწინააღმდეგება საქმის მასალებს და, შესაბამისად დაუსაბუთებელია.

 

3.4. აპელანტის მითითებით, დაუსაბუთებელია აგრეთვე საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მათი მხრიდან არ ყოფილა გასაჩივრებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შპს ,,----ს” დისკვალიფიკაციის შესახებ, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა იმ გარემოებაზე, ჰქონდა ადგილი აფიდავითის წესის დარღვევას თუ არა მოცემულ შემთხვევაში. აპელანტის განმარტებით, აფიდავითის წესის დარღვევა, როგორც არაკეთილსინდისიერი ქმედების განსაკუთრებული სახე, კანონში ცალკე არ არის გამოყოფილი, ანუ წარმოადგენს არაკეთილსინდისიერი ქმედების ერთ-ერთ სახეს. ამასთან, ზემოაღნიშნული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-12 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; ბ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე; გ) თუ მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები არ შეესაბამება სატენდერო განცხადებას ან/და სატენდერო დოკუმენტაციას; დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში; ე) თუ ის არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით; ვ) თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. იმავე წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტში მითითებული მიზეზების გამო; ბ) პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტებში მითითებული მიზეზის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ; გ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო; დ) შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღო გადაწყვეტილება ამ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან დადებული შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებების ყველა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეწყვეტის თაობაზე. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შეტყობინებიდან ირკვევა, რომ შპს ,,----” დისკვალიფიცირებულია მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სატენდერო კომისია არსებული ფაქტების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკნამდე, რომ პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება.

 

3.5. აპელანტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული წესის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. ამდენად, თუ პრეტენდენტმა არ გაასაჩივრა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება და მისი შეფასება სავალდებულოა სააგენტოსათვის, როგორც ამას მიუთითებს საქალაქო სასამართლო, აპელანტისათვის გაუგებარია, რა უნდა იხილოს სააგენტომ 2 თვის განმავლობაში. თვით საქალაქო სასამართლოც უთითებს, რომ სააგენტო საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა აფიდავითის წესის დარღვევას, ანუ სწორად სააგენტოს პრეროგატივაში შედიოდა კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარმოებების შეფასება და საბოლოო დასკვნის გამოტანა. აპელანტის მოსაზრებით, ჰქონდა თუ არა აფიდავითის წესის დარღვევას ადგილი, ანუ მოხდა თუ არა პრეტენდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას ადგილი, ეს არის სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტებისა, რომელიც დადგენილია სატენდერტო კომისიის მიერ. აპელანტი აღიარებს, რომ ფაქტობრივი თვალსაზრისით ნამდვილად მოხდა ის, რაც დადგენილია სატენდერო კომისიის მიერ, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი და ინტერესი აპელანტს არ ჰქონდა. შესაბამისად, აპელანტმა გაასაჩივრა მხოლოდ ის ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც დადგა აპელანტისთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგი - სააგენტოს გადაწყვეტილება შპს ,,----ს” შავ სიაში ჩარიცხვის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, ასევე არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 18 მაისს სს ,,ს----------–-------------ის“ მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა თბილისის სავაგონო-საექსპლუატაციო დეპოს (ტმპ მახარისხებლის ტერიტორიაზე) ს----------------------------------------------------–--------–---ის კაპიტალური შეკეთება. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 45 721 ლარი დღგ-ს გარეშე.

 

4.2. სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №--- ოქმის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს ,,----მ“, რომლის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით. აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის წესების დარღვევად და პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №--- ოქმით ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,----ს’’ შავ სიაში შეყვანის მიზნით აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გადაგზავნის თაობაზე.

 

4.3. სს ,,ს----------–------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №5---------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი შპს ,,----“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვების პროცედურიდან, რის გამოც ეთხოვა შპს ,,----ს“ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

4.4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 ივნისის №2--- მიმართვით შპს ,,----ს“ ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, წარედგინა წერილობითი განმარტება სს ,,ს----------–-------------ას“ 2015 წლის 16 ივნისის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის.

 

4.5. 2015 წლის 09 ივლისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა შპს ,,----ს“ წერილი, სადაც პრეტენდენტი განმარტავდა, რომ სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, შპს ,,ო---------“-ის რეგისტრირებული მომხმარებლის ნაცვლად გამოყენებული იქნა შპს ,,----ს“ რეგისტრირებული მომხმარებელი, ხოლო სისტემაში ატვირთული იქნა შპს ,,ო---------“-ის კუთვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი განპირობებილი იყო იმით, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ერთი და იგივე პიროვნება - ბ---------------ე. აღნიშნული დაადასტურა ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---------------ემ.

 

4.6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე, შპს ,,----” დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.9. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, ასევე არასწორად დაადგინა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. აღნიშნული კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ - შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შავი სიის წარმოება.

 

4.10. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცდა ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”, რომლის 24-ე მუხლით განისაზღვრა შავი სიის წარმოების წესი და პირობები. მითითებული მუხლის (2015 წლის აგვისტოში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო ან თუ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–-------------ის“ 2015 წლის 16 ივნისის №5---------- წერილით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა შემდეგი - S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი შპს ,,----“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე (პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას), დისკვალიფიცირებული იქნა შესყიდვების პროცედურიდან, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,----ს“ მიერ, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით. აღნიშნული გარემოება კი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის წესების დარღვევად. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს არაუმეტეს ორი თვის ვადაში, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაუმეტეს ერთი თვით. სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დაზუსტება, მიიღოს დაინტერესებული პირებისგან სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პირის შავ სიაში დარეგისტრირების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს სააგენტოში დაინტერესებული მხარეები ზეპირ განხილვაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 ივნისის №2--- მიმართვით შპს ,,----ს” ეცნობა, რომ წარედგინა წერილობითი განმარტება სს ,,ს----------–-------------ის“ მიერ 2015 წლის 16 ივნისის მიმართვით მოთხოვნილი საკითხის განხილვა-გადაწყვეტისათვის. ადმინისტრაციული წარმოების დროს, სააგენტოს წარედგინა შპს ,,----ს“ წერილი, სადაც პრეტენდენტი მიუთითებდა სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მექანიკური შეცდომის არსებობაზე. კერძოდ, შპს ,,ო---------“-ის რეგისტრირებული მომხმარებლის ნაცვლად, გამოყენებული იქნა შპს ,,----ს“ რეგისტრირებული მომხმარებელი, ხოლო სისტემაში ატვირთული იქნა შპს ,,ო---------“-ის კუთვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი განპირობებული იყო იმით, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ერთი და იგივე პიროვნება - ბ---------------ე. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საკითხის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ შპს ,,----ს“ მხრიდან სატენდერო წინადადების წარდგენისას ადგილი ჰქონდა აფიდავიტის წესების დარღვევას. კერძოდ, შპს ,,----ს“ და შპს ,,ო---------“-ს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის პროფილებში ,,თემატიკის“ გრაფაში მითითებული ჰქონდათ იდენტური კატეგორიები - სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები, მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, შენობის დასრულების სამუშაოები, სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება. ასევე, ისინი მონაწილეობას იღებენ იდენტური შესყიდვის კატეგორიის - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში. შესაბამისად წარმოადგენენ ერთმანეთის პოტენციურ კონკურენტებს. აფიდავიტზე წესზე დათანხმებით კი პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მისი სატენდერო წინადადება შემუშავებულია კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მიიჩნია, რომ არსებობდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი.

 

4.11. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და თანაზომიერების პრინციპები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პრეტენდენტის/მიმწოდებლის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი ან/და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიმართ ერთხელ გამოიყენოს გაფრთხილება, რომელიც მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მე-9 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო წერილობით შეტყობინებაში მითითებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს არეგისტრირებს შავ სიაში.

 

4.12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს და ასევე საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს შპს ,,----მ” ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით განზრახ ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, რის გამოც არსებობდა შავ სიაში მისი დარეგისტრირების საფუძველი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის დროს შპს ,,----მ“ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარადგინა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით. ამასთან დაკავშირებით, 2015 წლის 09 ივლისის წერილში შპს ,,----მ“ განმარტა, რომ სატენდერო წინადადების წარდგენის დროს მოხდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, შპს ,,ო---------“-ის რეგისტრირებული მომხმარებლის ნაცვლად გამოყენებული იქნა შპს ,,----ს“ რეგისტრირებული მომხმარებელი, ხოლო სისტემაში ატვირთული იქნა შპს ,,ო---------“-ის კუთვნილი დოკუმენტაცია. აღნიშნული კი განპირობებილი იყო იმით, რომ ორივე კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო ერთი და იგივე პიროვნება - ბ---------------ე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,----ს” მხრიდან ადგილი ჰქონდა არა განზრახ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენას და აფიდავიტის წესების დარღვევას, რაც წარმოადგენდა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებისა და შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს, არამედ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ შპს ,,----ს”-სათვის გაფრთხილების გამოცხადების საფუძველი. პირველ რიგში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,----ს” მხრიდან ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომის დაშვებას სახელმწიფო ტენდერში მონაწილე პირებისათვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და არც ტენდერის ჩაშლა არ გამოუწვევია, ვინაიდან ეს ტექნიკური შეცდომა, როგორც მხარეებმა განმარტეს, ტენდერის გამართვიდან მალევე იქნა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ, როდესაც შპს ,,----მ“ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვა და ინფორმაცია გამოცდილებასთან დაკავშირებით წარადგინა შპს ,,ო---------“-ის ხელმოწერით და ბეჭდით, რეკვიზიტები შპს ,,დ-----“ ხელმოწერით, ხოლო ბეჭედი დასმული იქნა შპს ,,ო---------“-ის სახელით, ამ დროს შპს ,,----ს” მიზანი და განზრახვა არ შეიძლება ყოფილიყო სატენდერო კომისიის შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან თავიდანვე აშკარად ჩანდა ტექნიკური შეცდომის არსებობა და ბუნებრივია, შპს ,,----ს’’ მიზანი არ იქნებოდა სატენდერო კომისიისათვის ისეთი აშკარად შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდება, რაც აშკარა იყო, რომ თავიდანვე შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა აღმოჩენილი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, თუ რა მატერიალური ან სხვა სახის სარგებელი შეიძლება მიეღო შპს ,,----ს’’ ან თუნდაც შპს ,,დ-----“ ან შპს ,,ო---------“-ს ზემოაღნიშნული ტექნიკურად ხარვეზიანი ინფორმაციის წარდგენით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტექნიკურად ხარვეზიანი ინფორმაციის წარდგენით შპს ,,----ს’’ მხრიდან გამოწვეული ზიანი ძალიან უმნიშვნელოა და ატარებს ფორმალურ ხასიათს, რის გამოც შპს ,,----ს’’ შავ სიაში დარეგისტრირებით დგება არათანაზომიერი შედეგი, ირღვევა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, შესაბამისად, სააგენტოს შპს ,,----ს’’ მიმართ უნდა გამოეყენებინა გაფრთხილება და არ უნდა მოეხდინა მისი დისკვალიფიკაცია - შავ სიაში დარეგისტრირება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,----ს’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს----“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულება.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,----ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, სულ 250 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,----ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს----“ სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- განკარგულება;

4. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს ,,----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის, სულ 250 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები მირანდა ერემაძე

 

თამარ ონიანი