განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001643657
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6548-17 28 თებერვალი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქ------- დუგლაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტი - ზ----- ბ-------ე
წარმომადგენელი - ქ------- უ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ----- ბ------ა
წარმომადგენელი - გ---ა ფ----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ----- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ზ----- ბ-------ეს უარი ეთქვა მოპასუხე დ----- ბ------ასთვის 26 000 ლარის დაკისრებაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დ----- ბ------ას (პ/ნ 1----------) აეკრძალა შპს „კ--------–ში“ (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 50%-იანი წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.2. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე დ----- ბ------ას სესხის სახით გადასცა 50 000 ლარი, საიდანაც გადასახდელი თანხა შეადგენს 26 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების
კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მატერიალური სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ- სამართლებრივი ნორმა. ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. თუმცა აღნიშნული მსჯელობა ეხება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება ვერ მიიჩნევა სესხის ხელშეკრულების დადებად, მაშინ როდესაც ამისათვის აუცილებელია რეალური ქმედება. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა. მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს სასესხო ურთიერთობებთან მიმართებით წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან, მაგრამ ეს დასტურდება პრაქტიკით. შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას.
სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.
მოცემულ შემთხვევაში, ზ----- ბ-------ე სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებით და 2014 წლის 25 ა------ოს შპს „კ--------–ი“-ს პარტნიორთა კრებაზე დ----- ბ------ას ახსნა-განმარტებით ზ----- ბ-------ის მიმართ არსებულ ფულადი ვალდებულების თაობაზე, რომლის მიზანიც იყო შპს „კ--------–ი“- ს განვითარება. კერძოდ, პარტნიორთა კრების ოქმში მოპასუხის მიერ აღნიშნული იქნა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მისცა 50 000 ლარი იმ მიზნისათვის, რომ შეეძინა სამშენებლო მასალები, რათა დროულად ყოფილიყო მიღწეული ის მიზანი, რასაც შპს-ს პარტნიორების ინტერესს წარმოადგენდა. იმავე კრების ოქმში, დ----- ბ------ას განცხადებით 50 000 ლარიდან ზ----- ბ-------ეს დაუბრუნდა 24 000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ”კ--------–ის” პარტნიორთა კრების ოქმი (ს. ფ. 26-41)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
-მოწმეთა ჩვენებები (იხ. 11.09.2017 წლის სხდომის ოქმი)
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. (იხ.სუსგ
30.04.2--- წ საქმე N965-926-2014)
სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოსარჩელის ზემოაღნიშნულ განმარტებას მოპასუხე დ----- ბ------ა უარყოფს, მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოსარჩელის განმარტების სისწორისადმი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების დადების და სესხის თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება, თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ა.შ.
სესხის ხელშეკრულებაში მტკიცების განაწილების სტანდარტის მიხედვით, ზ----- ბ-------ემ ვერ შეძლო მტკიცებულების სახით, სესხის წერილობითი ხელშეკრულების ან/და დ----- ბ------ასთვის სესხის სახით თანხის გადაცემის შესახებ გადახდის ქვითრის ან სხვა წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომელიც შეეხება პარტნიორთა კრებაზე დ----- ბ------ას მიერ გაკეთებულ განმარტებას ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე, იგი ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განმარტება უნდა შეფასდეს მხარის ახსნა -განმარტებად, რომელიც მოპასუხეს ასევე უნდა დაეფიქსირებინა სასამართლოში საქმის განხილვისას. ნაცვლად ამისა, მოპასუხემ საერთოდ უარყო როგორც სესხის აღება, ასევე მისი ნაწილის დაბრუნება. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ”კ--------–ის” პარტნიორთა კრებაზე დ----- ბ------ას განმარტება გაკეთებული იყო როგორც საზოგადოების დირექტორის და პარტნიორის მიერ, თუ როგორც ფიზიკური პირის მიერ.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის დაკისრების ფარგლებში სესხის თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება. სასამართლოს მოსაზრებით, საპირისპიროს დადასტურებამდე, იქმნება ვარაუდი იმისა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ არსებობდა და მოსარჩელეს მოპასუხისთვის სესხის სახით თანხა არ გადაუცია.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა 50 000 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ედავება ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის გადახდის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხისთვის სესხის სახით თანხის გადაცემის და შესაბამისად, მათ შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ვალდებულების წარმოშობის ფაქტი, რის გამოც მოთხოვნა მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხე დ----- ბ------ასათვის სესხის სახით 50 000 ლარის გადაცემა, საიდანაც გადასახდელი თანხა შეადგენს 26 000 ლარს.
სასამართლო ზემოაღნიშნულ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტავს მას, ასევე იშველიებს სსკ-ს 624-ე მუხლს და განმარტავს, რომ ზეპირსიტყვიერი სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა სესხზე შეთანხმების არსებობის მომენტიდან, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემიდან, რისი მტკიცების ტვირთიც ეკისრებოდა მოსარჩელეს.
მოსარჩელის თქმით მის მიერ წარდგენილ იქნა 2--------- წლის კრების ოქმი, რომელშიც მითითებული იყო დ----- ბ------ას მიერ, რომ ზ-----ი ბ-------ისაგან სესხად მიღებული ჰქონდა 50 000 ლარი, რომლიდანაც მის მიერ დაბრუნებული იქნა 24 000 ლარი, სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ თვით მოპასუხე მხარის მითითება არ იყო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის გადაცემა.
საქმეზე დაკითხული მოწმეების მიერ დადასტურებული იქნა ზ-----ი ბ-------ის მიერ დ----- ბ------ასათვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ-ერთი მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების შესაბამისად დადგინდა, რომ მის მიერ პირადად იქნა დ----- ბ------ასათვის გადაცემული სესხის თანხა.
ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულ იქნა, რომ სესხის თანხის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რაც გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს.
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში გამოყენებული მუხლები არასწორად იქნა განმარტებული, კერძოდ: მოსარჩელე მიუთითებს სასამართლოს მიერ სსსკ-ის 102-ე და სსკ-ს 624-ე მუხლების არასწორ განმარტებაზე. თითოეული მხარე თავად ამტკიცებს გარემოებებს, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. აღნიშნული გარემოებების დამტკიცება შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმა უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სესხის თანხის გადაცემა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენების საფუძველზე, თუმცა მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა 2--------- წლის კრების ოქმი, რომელშიც მითითებული იყო დ----- ბ------ას მიერ, რომ ზ-----ი ბ-------ისაგან სესხად მიღებული ჰქონდა 50 000 ლარი, რომლიდანაც მის მიერ დაბრუნებული იქნა 24 000 ლარი. თუმცა სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ თვით მოპასუხე მხარის მითითება არ იყო მტკიცებულება. რომელიც დაადასტურებდა სესხის თანხის გადაცემას. მოსარჩელეს აღნიშნული მიაჩნია უკანონოდ, რადგან მან წარადგინა კრების ოქმი, რომელიც სადაოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია.
კრების ოქმი უტყუარი მტკიცებულებაა რომლითაც დასტურდება სესხის თანხის აღება.
მოსარჩელე მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე რაც ამტკიცებს სესხის თანხის გადაცემის ფაქტს. ამასთანავე ერთ-ერთი მოწმის თქმით მან თავად გადასცა მოპასუხეს აღნიშნული თანხა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩვენებები კრების ოქმთან ერთად წარმოადგენს მტკიცებულებას, რითიც დასტურდება სესხის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,კ--------–ი“-ს პარტნიორთა კრებაზე დ----- ბ------ას მიერ განმარტება გაკეთებულ იქნა როგორც საზოგადოების დირექტორის, პარტნიორის, თუ ფიზიკური პირის მიერ. მოსარჩელის თქმით სესხის თანხა გადაცემულ იქნა დ----- ბ------ასათვის, ხოლო იმის მტკიცების ტვირთი, რომ აღნიშნული თანხა მიიღო არა ფიზიკურმა პირმა, არამედ შპს-მ ჰქონდა მოპასუხე მხარეს და მას ასეთ შემთხვევაში უნდა წარმოედგინა მტკიცებულება საზოგადოების მიერ სესხის აღების შესახებ, მით უფრო რომ ბ------ა არის საზოგადოების დამფუძნებელი.
მოსარჩელის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას არ აქვს სამოტივაციო ნაწილი, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 22.09.2017 წლის გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი;სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ----- ბ-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს ზ----- ბ-------ის სარჩელი;
სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეზე სესხად გაცემული თანხის, 26 000 ლარის უკან დაბრუნება; მოპასუხე დ----- ბ------ა უარყოფს აღნიშნული თანხის სესხის სახით მიღების ფაქტს;
სააპელაციო პალატას საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ზ----- ბ-------ემ დ----- ბ------ას გადასცა 26 000 ლარი; ამასთან აღნიშნული თანხის გადაცემის სამართლებრივ საფუძვლად მხარეთა შორის სასეხო ურთიერთობის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 623- და 624-ე მუხლებს, რომელთა მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე ხარისხის და რაოდენობის ნივთი; სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად; მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც; ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით; დასახლებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცხადია სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნება, რა დროსაც სასესხო ვალდებულების წარმოიშობა უკავშირდება მხოლოდ სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემას; შესაბამისად, გამსესხებელზეა მსესხებლისათვის სესხის საგნის გადაცემის მტკიცების ტვირთი, რისი დაძლევაც გართულებულია ზეპირი სასეხო ურთიერთობების დროს, მით უფრო ისეთი საკანონმდებელო დანაწესის პირობებში, როდესაც ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხე დ----- ბ------ასთვის სადაო თანხის სესხად გადაცემის საფუძვლად მითითებული ფაქტები, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარე, მოპასუხესთან სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით. მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ გადაცემული თანხის სესხად მიღების ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და როგორც მოწმეთა ჩვენებებზე , ისე წერილობით მტკიცებულებაზე (პარტნიორთა კრების ოქმი) დაყრდნობით დაადასტურა მოპასუხისთვის სადაო თანხის გადაცემის ფაქტი; თუმცა აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული, რომ თანხის გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა მხარეთა შორის ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულების არსებობა;
სააპელაციო პალატის პოზიციით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხეზე თანხის გაცემის ფაქტი, რასაც ის უკავშირებს სასეხო ურთიერთობას, ხოლო მოპასუხე სადაოდ ხდის ასეთი ურთიერთობის არსებობას , ამ უკანასკნელს ეკისრება იმ სამართლებრივი საფუძვლის მტკიცების ტვირთი რა სამართლებრივი საფუძვლითაც მას მიაჩნია, რომ სადაო თანხა მიიღო;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და ასევე მოწმის ჩვენებაც არ არის საკმარისი საფუძველი საიმისოდ, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული მხარეთა შორის ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულების არსებობა; შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია მხარეთა შორის სასეხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული არ არის;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე უარყოფს რა სადაო თანხის სესხად მიღების ფაქტს, ასევე უარყოფს მხარეთა შორის რაიმე ისეთი სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას , რაც მისი მიღების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო; კერძოდ, მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დასრულებისთვის ისესხა სადაო თანხა 2014 წლის მაისის თვეში, უარყოფილია მოპასუხის იმგვარი შესაგებელით, რომ მითითებულ პერიოდში გაზგასამართი სადგური უკვე ფუნქციონირებდა და მისი მშენებლობის დასრულების დაფინანსება მოპასუხეს არ ესაჭიროებოდა;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების ერთობლივი ანალიზი ( მათ შორის ნოდარ ბ-------ესა და დ----- ბ------ას შორის არსებულ სამეწარმეო დავაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ) არ ადასტურებს მხარეთა შორის ისეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, რაც მოსარჩელეს წარმოუშობდა მოპასუხისთვის სადაო თანხის გადაცემის ვალდებულებას; ამასთან, ასეთი ვალდებულების არსებობის შესახებ დასაბუთებული პოზიცია არც მოპასუხის მიერ ყოფილა გაცხადებული, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით ქმნის იმის წინაპირობას, რომ სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით მოახდინოს მოპასუხისგან მოსარჩელის კუთვნილი სადაო თანხის უკან დაბრუნება;
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სადაო თანხის მოპასუხისთვის გადაცემა დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოცემული დავის აღძვრამდე 2--------- წლის პარტნიორთა კრებაზე მოპასუხის მიერ გაკეთებული განმარტებებით; კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ზ----- ბ-------ის მიერ დ----- ბ------ასთვის თანხის გადაცემის ფაქტი, ამასთან ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით მის მიერ პირადად იქნა დ----- ბ------ასათვის გადაცემული თანხა. 2--- წლის 25 ა------ოს გამართულ შპს „კ--------–ის“ პარტნიორთა კრებაზე დ----- ბ------ამ კომპანიის ფინანასური ანგარიშის გაკეთების დროს განმარტა, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის ზ----- ბ-------ემ მისცა 50 000 ლარი, საიდანაც დაუბრუნა 24 000 ლარი ; ს.ფ.28;
სააპელაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ დ----- ბ------ას მიერ სადაო თანხასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრებაზე გაკეთებული განმარტება არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან აღნიშნული გაკეთებული იქნა არა როგორც ფიზიკური პირის, არამედ როგორც საზოგადოების პარტნიორის და დირექტორის მიერ, რადგან მისი შინაარსის მთლიანი ანალიზი არ იძლევა საფუძველს ამგვარი დასკვნის გასაკეთებლად; ამასთან, სააპელაციო პალატა იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პარტნიორთა კრების ოქმი ( რომლის ნამდვილობა სადაო არ არის ) არ წარმოადგენს მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მაგრამ მიაჩნია, რომ ის როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, შეფასებული უნდა იქნას საქმეში წამოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და გაკეთდეს შესაბამისი დასკვნა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ
გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე დ----- ბ------ამ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის მიერ გადაცემული სადაო თანხის მასთან არსებობის საფუძველი იგი მოვალეა უკან დაუბრუნოს მოსარჩელეს მისგან მიღებული თანხა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში ზ----- ბ-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილია 830 ლარი (იხ. ტ.1. ს.ფ. 65-66), ხოლო სააპელაციო საჩივარზე 1040 ლარი (იხ. ტ. 2.). იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ზ----- ბ-------ის მოთხოვნა დ----- ბ------ას მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხის ანგარიშში მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯამში 1870 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ----- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ----- ბ-------ის სარჩელი დ----- ბ------ას მიმართ დაკმაყოფილდეს;
4. დ----- ბ------ას ზ----- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 26 000 ლარის გადახდა;
5. დ----- ბ------ას ზ----- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1870 ლარის გადახდა ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე /ქ------- დუგლაძე/
მოსამართლეები: /ანა გოგიშვილი/
/ლევან გვარამია/