განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001503419
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ-866-17 28 მარტი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - სს „------–- კ-–------“ ი-----–- მ----–-ძე ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ-------- ს---–--- ა----–--ე
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალდებულება-ნაკლის მქონე ნივთის გამოცვლა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 1 დეკემბერს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------ა და შპს ,,ქ-----–ი კ-–-----ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ოთხი ერთეული წყალსაქაჩი ტუმბო. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა ნაწილობრივ შეასრულა და მიაწოდა ოთხი ერთეული ტუმბო. მათი მონტაჟის შემდეგ გაირკვა, რომ ოთხი ტუმბოდან ორი ტუმბო ვერ ახორციელებდა დადგენილი პირობებით წყლის ქაჩვას, რომლის გამოცვლაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდოს ისეთი ტუმბოები, რაც შეესაბამება ხელშეკრულების პარამეტრებს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე, შპს ,,ქ-----–ი კ-–------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ქ-----–ი კ-–-----მა“ სახელშეკრულებო პირობები შეასრულა ჯეროვნად. მოსარჩელეს ოთხი ტუმბო მიაწოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარამეტრების შესაბამისად. ამიტომ, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად; 2. შპს ,,ქ-----–ი კ-–-----ს“ დაეკისროს 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და მიწოდებული ნივთობრივად ნაკლიანი ორი ცალი ტუმბო შეცვალოს ისეთი ტუმბოებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება 149 მეტრ სიმაღლეზე, საათში 110 კუბური მეტრი წყლის მიწოდება; 3. შპს ,,ქ-----–ი კ-–-----ს“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1129.2 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- დაგეგმილი ჰქონდა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემის გადაწყვეტა. ამ მიზნით ესჭიროებოდა ოთხი ცალი წყლის საქაჩი ტუმბო. მათი შეძენისა და დამონტაჟების მიზნით, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. სადენტერო პირობა იყო შემდეგი: - ნომინალური წარმადობა 110 კუბ. მეტრი/საათში; - აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; - ძრავა- 75 კვტ. - კორპუსის და ფრთოსანას მასალა მინიმუმ EN-GJL-250 სტანდარტის; - ძრავის ნესტშეღწევადობის კლასი მინიმუმ IP 54; - კომპლექტში შედის ტუმბოს მართვის ყუთები; - ტუმბოს მართვის ყუთები უნდა იყოს რბილი გაშვების soft start ელექტრო-მაგნიტურ კონტაქტორებზე; - მართვის პულტს უნდა გააჩნდეს ამომრთველი, ფაზური დაცვის რელე, ამპერული გადატვირთვის რელე, მშრალი სვლის რელე. - კორპუსი უნდა იყოს მინიმუმ IP 54; - წყალსაქაჩი ტუმბო უნდა იყოს ჰორიზონტალური. 2.2. 2015 წლის 1 დეკემბერს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------ა და შპს ,,ქ-----–ი კ-–------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა შესაძენი საქონლის პარამეტრები, მიწოდების ვადები, დამონტაჟების პირობები, ანაზღაურებისა და სხვა საკითხები, კერძოდ: ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 107 054 ლარს; საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში; ტუმბოები მიწოდებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 20 დღის ვადაში; ყველა გამოვლენილი ნაკლს და ხარვეზს აანაზღაურებდა შპს ,,ქ-----–ი კ-–------“; ექსპლოატაციის ნორმების დაცვის პირობებში მიწოდებული საქონლის - ტუმბოების გარანტიაა 2 წელი. 2.3. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შპს ,,ქ-----–ი კ-–-----მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიაწოდა ოთხი ცალი ტუმბო რომლის მახასიათებლებია: -ძრავა- 75 კვტ; - ორპუსის და ფრთოსანას მასალა მინიმუმ EN-GJL-250სტანდარტის; -ძრავის ნესტშეღწევადობის კლასი მინიმუმ IP 54; -კომპლექტში შედის ტუმბოს მართვის ყუთები; -ტუმბოს მართვის ყუთები რბილი, გაშვების soft start ელექტრო-მაგნიტურ კონტაქტორებზე; -მართვის პულტს გააჩნდა ამომრთველი, ფაზური დაცვის რელე, ამპერული გადატვირთვის რელე, მშრალი სვლის რელე. - კორპუსი იყო მინიმუმ IP 54; - წყალსაქაჩი ტუმბო არის ჰორიზონტალური. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------მ შეამოწმა წყლის საქაჩი ტუმბოები და ჩაიბარა. აღნიშნულის შედეგად, 2016 წლის 1 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. 2.4. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ, მოსარჩელისათვის მიწოდებული ტუმბოები არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ პარამეტრებს, კერძოდ: წყლის მიწოდების საკითხის გადაწყვეტისას არაა გათვალისწინებული მილების დიამეტრი, ასევე სრული დაწნევის დანაკარგები. წყლის მიწოდების პროცესში ადგილი ექნება მნიშვნელოვან წინაღობებს, რაც გამოიწვევს დანაკარგებს და ხარჯებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ დამონტაჟებული წყლის საქაჩი ტუმბო შეძლებს 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 30-35 კუბური მეტრი მოცულობის წყლის მიწოდებას. სწორედ ამიტომ, არ შეესაბამება ტუმბო ხელშეკრულებაში მითითებულ პარამეტრებს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა). 2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ წყლის მიწოდებისათვის მოწყობილი მილები ვერ გაუძლებს იმ წნევას, რომელსაც წარმოშობს ტუმბო 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბურ წყლის მიწოდებისას. ექსპერტის აზრით, მილების მოწყობის საკითხი ხელახლა გადასინჯვას მოითხოვს. გარდა ამისა, ტუმბოები სათანადო მილების მოწყობის შემთხვევაშიც ვერ შეძლებს 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბურ წყლის აქაჩავს. სატენდერო პირობაში ზუსტად ეს მოცემულობაა მითითებული. მართალია, სხვა პარამატერები შესაბამისობაშია, მაგრამ არ აკმაყოფილებს იმ მთავარ პირობას, რომლის მიხედვითაც ტუმბომ უნდა შეძლოს 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბური მეტრი წყლის მიწოდება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 317-ე, 319-ე, 327-ე, 487-488-ე, 490-ე, 495-ე, მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობისა და ნარდობის (ორივე ხელშეკრულების ნარევ ელემენტებს შეიცავს) ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, მაგრამ რადგანაც დავა ეხება მიწოდებული საქონლის ხარისხს, საკითხი უნდა გადაწყდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად. 2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდენ ტუმბოს პარამეტრებზე. მოპასუხეს, მოსარჩელისათვის უნდა მიეწოდებინა ტუმბო, რომელიც ერთი საათის განმავლობაში უზრუნველყოფდა 149 მეტრ სიმაღლეზე 110 კუბური მეტრი წყლის აქაჩვას. სწორედ ასეთი ტუმბო იქნებოდა ნივთობრივად უნაკლო (რა თქმა უნდა ტუმბო უნდა აკმაყოფილებდეს სხვა პარამეტრებსაც). მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მიწოდებული ოთხი ტუმბოდან, ორი ტუმბო ნაკლის მქონეა. მათი გამოყენებით არ ხერხდება ერთი საათის განმავლობაში 149 მეტრ სიმაღლეზე 110 კუბური მეტრი წყლის აქაჩვა. ნივთში ნაკლის აღმოჩენის შემდეგ, მოპასუხემ უარი განაცხადა ტუმბოს შეცვლაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის უარი შეცვალოს ტუმბოები უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი ვალდებულებაა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთების მიწოდება. 2.8. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ მისი მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული. სასამართლომ მიუთითა, რომ ტუმბოს მუშაობის ეფექტურობა ვერ დადგინდება მისი ერთჯერადი ჩართვით. მან უნდა იმუშაოს ხანგრძლივი ვადით. მხოლოდ ჩაბარების მომეტისათვის ტუმბოს მუშაობა არ არის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. მოსარჩელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული რამოდენიმე დღით წყლის მიწოდებით. 2.9. შეძენილი ტუმბო არაა ისეთი, რომელიც 149 მეტრის სიმაღლეზე მიაწვდის 110 კუბურ მეტრ წყალს. ამდენად, ტუმბოს ნაკლი ვერ გამოსწორდება. მოსარჩელემ, ნაკლის გამოსწორების მიზნით აირჩია ნივთის შეცვლის მოთხოვნა. მისი ასეთი მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სკ-ის 490-ე მუხლიდან. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შპს ,,ქ-----–ი კ-–-----ს“ უნდა დაევალოს, 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება და მიწოდებული ორი ტუმბო შეცვალოს ისეთი ტუმბოთი, რომლითაც შესაძლებელი იქნება 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბური მეტრი წყლის მიწოდება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეს უნდა შეეძინა და მოსარჩელისათვის მიეწოდებინა ტუმბოები, რომელიც 149 მეტრ სიმაღლეზე შეძლებდა საათში 110 კუბური მეტრი მოცულობის წლის მიწოდებას, მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე: 1) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება; 2) ხელშეკრულების დანართი; 3) სატენდერო დოკუმენტაცია; 4) თანხმობა ტექნიკურ მახასიათებლებზე; 5) ტუმბოების მიწოდება/მონტაჟის ხარჯთაღრიცხვა; 6) მიღება-ჩაბარების აქტი. თუმცა არცერთი მტკიცებულება, სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტს არ ადასტურებს. 3.2. ასევე არასწორია მითითება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა, მოსარჩელემ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა მოპასუხის არგუმენტების გაბათილების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნა თან ერთვოდა სარჩელს, მოპასუხის არგუმენტები კი მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროისათვის ვერ ეცოდინებოდა. 3.3. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- მიერ გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია, ისევე როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ნათლად უთითებს, რომ სს „------–- კ-–-----ს“ უნდა მიეწოდებინა ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------ათვის შემდეგი მონაცემის 4 ერთეული ტუმბო: ნომინალური წარმადობა 110 მ3/სთ; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; 75 კვტ ძრავით. არც სატენდერო დოკუმენტაციაში და არც ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ შესყიდვის საგანს წარმოადგენს ოთხი ერთეული ისეთი მახასიათებლების ტუმბო, რომელიც შეძლებდა ადგილზე არსებული მილების დიამეტრის პირობებში (სადაც წყალმა უნდა გაიაროს) 149 მეტრ სიმაღლეზე, საათში 110 კუბური მეტრი მოცულობის წყლის მიწოდებას. ეს ორი დათქმა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვინაიდან ტუმბოს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მილების პირობებში 149 მეტრ სიმაღლეზე საათში 110 კუბური მეტრი მოცულობის წყლის მიწოდებას, გააჩნია სულ სხვა ტექნიკური პარამეტრები და არის უფრო მძლავრი, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ტუმბოს პარამეტრები. აღნიშნული გარემოება დასტურდება ექსპერტიზის დასკვნითაც. შესაბამისად, გაუგებარია და სამართლებრივი საფუძვლის არ მქონეა სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ სულ სხვა სიმძლავრის ტუმბოს მიწოდებაზე, ვიდრე ეს სატენდერო დოკუმენტაციაში და ხელშეკრულებაშია აღნიშნული. 3.4. სასამართლო ცვლის მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და არგებს მის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შემდეგი: „ დაევალოს, სს „------–- კ-–-----ს“ 2016 წლის 01 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოწოდებული ნივთის ჩანაცვლება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განსაზღვრული ნივთით“ სასარჩელო მოთხოვნა ისეთი ფორმულირებით, როგორც გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, წარდგენილი არ ყოფილა. 3.5. მთლიანობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცების ტვირთის, მხოლოდ მოპასუხეზე დაკისრებით, სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპების განმსაზღვრელი ნორმები, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.” აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება არის უკანონო, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- მიერ, 2015 წელს გამოცხადდა ოთხი ცალი წყალსაქაჩი ტუმბოს მიწოდება-მონტაჟის შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრა შემდეგი სახით: - ნომინალური წარმადობა 110 კუბ. მეტრი/საათში; - აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; - ძრავა- 75 კვტ. - მუშა ძაბვა-380 ვოლტი; - კორპუსის და ფრთოსანას მასალა მინიმუმ EN-GJL-250 სტანდარტის; - ძრავის ნესტშეღწევადობის კლასი მინიმუმ IP 54; - კომპლექტში შედის ტუმბოს მართვის ყუთები; - ტუმბოს მართვის ყუთები უნდა იყოს რბილი გაშვების soft start ელექტრო-მაგნიტურ კონტაქტორებზე; - მართვის პულტს უნდა გააჩნდეს ამომრთველი, ფაზური დაცვის რელე, ამპერული გადატვირთვის რელე, მშრალი სვლის რელე. - კორპუსი უნდა იყოს მინიმუმ IP 54; - წყალსაქაჩი ტუმბო უნდა იყოს ჰორიზონტალური. -მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დანადგარის მიწოდება და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე (ქო----–---ის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) მონტაჟი; -საქონლის ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა შეადგენს შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს. (ს.ფ.46-50) 4.2. 2015 წლის 1 დეკემბერს, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------ა და შპს ,,ქ-----–ი კ-–------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა შესაძენი საქონლის პარამეტრები, მიწოდების ვადები, დამონტაჟების პირობები, ანაზღაურებისა და სხვა საკითხები, კერძოდ: ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 107 054 ლარს; ხელშეკრულების საგანი-დანართი N2-ით განსაზღვრული პარამეტრების წყლის ტუმბოები და მათი მონტაჟი; საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღის ვადაში; ტუმბოები მიწოდებულად ჩაითვლებოდა, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 20 დღის ვადაში; ყველა გამოვლენილი ნაკლს და ხარვეზს აანაზღაურებდა შპს ,,ქ-----–ი კ-–------“; ექსპლოატაციის ნორმების დაცვის პირობებში მიწოდებული საქონლის - ტუმბოების გარანტიაა 2 წელი (ს.ფ.201-204). 4.3. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შპს ,,ქ-----–ი კ-–-----მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიაწოდა ოთხი ცალი ტუმბო. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------მ შეამოწმა წყლის საქაჩი ტუმბოები და ჩაიბარა, აღნიშნულის შედეგად, 2016 წლის 1 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მიწოდებული ტუმბოებს გააჩნიათ ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისი მახასიათებლებია: ნომინალური წარმადობა-110 კუბ. მეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე-149 მ; ძრავა-75 კვტ. წყალსაქაჩი ტუმბო არის ჰორიზონტალური. სხვა მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო მოთხოვნებთან სადავო არ არის. 4.4. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი, ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს N--------- დასკვნით ირკვევა, რომ ხელშეკრულების მოთხოვნა: ნომინალური წარმადობა 110 კუბ. მეტრი/საათში, აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული წყლის რაოდენობა ტუმბოს მიერ ატანილი უნდა იქნას 149 მეტრი სიმაღლეზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ვერ იქნა გათვალისწინებული, არსებული მილების სისტემაში წყლის გავლის დროს წარმოქმნილი დაწნევის დანაკარგები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, პირველი ხაზის, „ე.წ. „დამწვარი გორის“ მიმართულებით ტუმბოს აწევის სიმაღლე უნდა განსაზღვრულიყო 401 მ, რათა შესაძლებელი ყოფილიყო 110 მ3 /სთ წყლის აქაჩვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ ვითარებაში, ტუმბო ქაჩავს 30-35 მ3/სთ წყალს. ამიტომ, ტუმბო არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ პარამეტრებს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ.189-194). 4.5. 2017 წლის 30 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ ტუმბოების პარამეტრები შესაბამისია მის ეტიკეტზე დატანილ მონაცემებთან (14:09:28). იმისათვის, რომ შესაძლებელი იქნეს, საათში 110 კუბურ წყლის მიწოდება, ტუმბოს უნდა ჰქონდეს 401 მ აწევის სიმაღლე. ტუმბოს დამონტაჟების სამუშაოების მწარმოებელს უნდა გაეკეთებინა გაანგარიშება რა სახის დანაკარგები იქნებოდა წყლის მიწოდებისას. მხოლოდ გეომეტრიული სიმაღლე არ უნდა გაეთვალისწინებია. თუკი მყიდველი არ არის ცოდნის შესაბამის დონეზე, მაშინ მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს მისი შესწავლა (იხ. 14:18:21). ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ-------- არ იყო ვალდებული ჩაეტარებია გიდრავლიკური გამოკვლევები (14:22:18). ტენდერისათვის საკმარისი იყო ფიზიკური პარამეტრების გამოცხადება, რაც სავსებით საკმარისია პროფესიონალისათვის სწორად შეერჩია ტუმბო. წყლის მიწოდებისათვის უკვე მოწყობილი მილები ვერ გაუძლებს იმ წნევას, რომელიც საჭიროა საათში 110 კუბურ წყლის მიწოდებისათვის. მილების მოწყობის საკითხი ხელახლა გადასინჯვას მოითხოვს. მართალია, სატენდერო პირობის სხვა პარამატერები შესაბამისობაშია, მაგრამ არსებული მილების პირობებში, მითითებულ სიმაღლეზე საათში 110 კუბური მეტრი წყლის აქაჩვისათვის აუცილებელია უფრო დიდი სიმძლავრის ტუმბო, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მილების დაზიანება-დახეთქვა (14:27:09). 4.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, სს „------–- კ-–------ს“ დირექტორისადმი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის წერილით ირკვევა, რომ მინიმალური სიმძლავრე, რათა განხორციელდეს 110 კუბური მეტრი წყლის ხარჯვა 401 მეტრი დაწნევის პირობებში უნდა იყოს 120 კვტ. (იხ.ს.ფ.173) სამართლებრივი დასაბუთება 4.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის საამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობისა და ნარდობის (ორივე ხელშეკრულების ნარევ ელემენტებს შეიცავს) ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, მაგრამ, რადგანაც დავა ეხება მიწოდებული საქონლის ხარისხს, საკითხი უნდა გადაწყდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად. 4.8. სარჩელის შინაარსით ირკვევა, მოსარჩელე, ითხოვს ნაკლის მქონე ნივთის გამოცვლას. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს სამოქალაქო კოდექსის 477-ე 488-ე, 489-ე და 490.1-ე მუხლების დანაწესიდან, რომლის თანახმადაც გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. 4.9. სააპელაციო პრეტენზიებთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება შემსრულებელს. საპროცესო მიზნებისათვის არავითარ მტკიცებულებებს წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნიათ და სასამართლო მათ აფასებს ერთობლიობაში, შესაბამისად, გამოაქვს მოტივირებული დასკვნა ამა თუ იმ ფაქტის დადასტურების კუთხით (სსსკ-ის 105-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (შემსრულებელმა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდა და შემსყიდველს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო ნივთი, მიუთითა სატენდერო დოკუმენტაციაზე, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, მიღება ჩაბარების აქტზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის წერილზე. 4.10. მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სს „------–- კ-–------ს“ მიერ ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------ათვის მიწოდებული და დამონტაჟებული წყლის ტუმბოები სრულ შესაბამისობაშია 2015 წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მოთხოვნებთან. ტენდერით განსაზღვრული იქნა შესყიდვის ობიექტის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგი სახით: ნომინალური წარმადობა 110 კუბ. მეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; ძრავა- 75 კვტ. სატენდერო დოკუმენტაციაში (განაცხადი) მითითებული არ ყოფილა ტუმბოების სამონტაჟე ადგილი, წყლის მიწოდებისათვის უკვე არსებული მილების მდგომარეობა-სტანდარტები. პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, მიმწოდებელს, სს „------–- კ-–-----ს“ არ ჰქონდა ვალდებულება ჩაეტარებია ჰიდრავლიკური გამოკვლევები, დაედგინა წყლის მიწოდებისას დაწნევის დანაკარგები, რაზეც ექსპერტი მიუთითებს და ტენდერის პირობების შესრულების მიზნით, სკ-ის 488.1 მუხლის თანახმად მისი მხრიდან, შესაბამისი ფიზიკური პარამეტრების მქონე ტუმბოების მიწოდება (ნომინალური წარმადობა 110 კუბ. მეტრი/საათში; აწევის სიმაღლე ნომინალურ წარმადობაზე 149 მ; ძრავა- 75 კვტ.), რაც განსაკუთრებული წინაღობისა და დაბრკოლების არარსებობის პირობებში, ჩვეულებრივი სარგებლობისას შეძლებდა 149 მ სიმაღლეზე საათში 110 კუბ. მეტრი წყლის მიწოდებას-უნაკლო ნივთის მიწოდებად ითვლება. 4.11. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ პირველი ხაზის, „ე.წ. „დამწვარი გორის“ მიმართულებითა და მეორე ხაზის მიმართულებით, სს „------–- კ-–------ს“ მიერ მიწოდებული ტუმბოები 149 მ სიმაღლეზე ქაჩავს, მხოლოდ 30-35 მ3/სთ წყალს, გამოწვეულია თავად შემკვეთის ბრალით, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის წერილით ირკვევა, არსებული მილების სისტემაში წყლის გავლის დროს წარმოქმნილი დაწნევის დანაკარგების გათვალისწინებით, დანიშნულების ადგილზე 110 მ3 /სთ წყლის აქაჩვისათვის აუცილებელია ტუმბოს აწევის სიმაღლე იყოს 401 მ და არა 149 მ, ხოლო ტუმბოს მინიმალური სიმძლავრე არა 75 კვტ, არამედ 120 კვტ, რაც ტენდერის გამოცხადების დროს გათვალისწინებული არ ყოფილა. 4.12. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, ვერ დაადასტურა სს „------–- კ-–------ს“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამორიცხავს სკ-ის 490.1 მუხლიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ შემსრულებელმა ნაკლიანი ნივთი მიაწოდა შემსყიდველს, რის გამოც ვალდებულია ნაკლის გამოსწორების მიზნით შეცვალოს ვარგისი გვაროვნული ნივთით-ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს რის გამოც ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სს „------–- კ-–------ს“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- სასარჩელო მოთხოვნა, ნაკლის მქონე ნივთის შეცვლაზე სს „------–- კ-–------ს“ დავალდებულების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------, სს „------–- კ-–------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1506 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „------–- კ-–------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ--------- სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
4. ქო----–---ის მუნიციპალიტეტის გ---------, სს „------–- კ-–------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 1506 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა