განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001010749
საქმე №2ბ/6344-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი: თ------ ჭ---------ა
წარმომადგენელი - უ-- ქ-----
მოწინააღმდეგე მხარე - პ----- ნ------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის არ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
პ----- ნ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ------ ჭ---------ას მოსარჩელე პ----- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 3403 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2003 წლიდან წარმოადგენენ პარტნიორებს შპს ,,ი--------------ში“.
სასამართლო დაეყრდნო ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 12-13);
2.2. 2013 წლის 21 აგვისტოს პ----- ნ------ის მიერ თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 3403 ლარი, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლისთვის გაღებული მოსაკრებელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 2013 წლის 21 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერი N1115/32262 (ტომი 1, ს.ფ. 14); განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 15); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება N--------------- (ტომი 1, ს.ფ. 16-17); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 18-19).
2.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა, რომელიც პ----- ნ------ემ გადაიხადა თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ მოსაკრებლის სახით, გადაცემული ჰქონდა თავად მოპასუხისაგან.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში ქარწყლდება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხოლოდ ფულადი სახსრების ნახევარი, რომლებიც დახარჯა მოსარჩელემ მიწის ნაკვეთისთვის დანიშნულების შესაცვლელად). ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
აღსანიშნავია, რომ, თუ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულაციური წინაპირობები, კერძოდ: მოპასუხე უნდა გამდიდრდეს,. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს პ----- ნ------ის მიერ თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 3403 ლარი, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლისთვის გაღებული მოსაკრებელი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით ერიცხებოდა მოპასუხეს და მოსარჩელის მეუღლეს - ივ-–------------–---–ს. თ------ ჭ---------ას მხრიდან უნდა მომხდარიყო თანხის დაბრუნება, რაც მან არ განახორციელა და რის გამოც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. აღნიშნული უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ წერილობითი მტკიცებულებებით. ამდენად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის საპირისპირო პოზიცია, ვინაიდან მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სარჩელი ჩაითვალოს უსაფუძვლოდ და არ მოხდეს სარჩელში მითითებული თანხის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით, როცა კანონით დადგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია კონკრეტული ოდენობის ხარჯის გაწევის ფაქტი მოპასუხის ქონებაზე, ორმხრივი ინტერესებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.
სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ინსტიტუტის მიზანს, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოადგენს უსაფუძვლოდ, უსამართლოდ შეძენილი ქონების ამოღება, ანუ სამართლებრივი წონასწორობის აღდგენა, გაუმართლებლად შეძენილ ქონებაში იგულისხმება შეღავათის, უპირატესობის, უფლების ამოღება, ე.ი. ქონებრივი ნამატის ამოღება იმ პირის სასარგებლოდ, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა და არა ქონებრივი დანაკლისის შევსება. ანუ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ქონების გადაცემის ფაქტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) (იხ. საქმე №ას-456-805-07).
კონკრეტულ შემთხვევაში თანხის უსაფუძვლოდ გადაცემის ფაქტი არსებობს, ანუ მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ მოპასუხის ინტერესებისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გაღების ფაქტის არსებობას, რაც უტყუარად დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 3403 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია, ვინაიდან მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია, ხოლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების, მისი დამადასტურებელი მტკიცე-ბულების საწინააღმდეგო ფაქტები და მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდ-გენილი არ ყოფილა.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ------ ჭ---------ას მოსარჩელე პ----- ნ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 3403 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მისი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებს და მსჯელობას: ვინაიდან არსებობდა პ----- ნ------ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი თ------ ჭ---------ას თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ქონდა უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც არის არასწორი და დაუსაბუთებელი. აპელანტი, პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა თუ რაში გამოიხატა თ------ ჭ---------ას უსაფუძვლო გამდიდრება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში და იგი შემოიფარგლება კანონის ზოგადი ნორმების მითითებით. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, რატომ არ მიიჩნია 2013 წლის 21 აგვისტოს გასავლის ორდერები იმის მტკიცებულებად, რომ აღნიშნუილი თანხა პარტნიორებმა გაიტანეს კომპანიიდან. აღნიშნული მტკიცებულების არ გაზიარება ეწინააღმდეგება სასამართლოს მსჯელობას უსაფუძვლოდ გამდიდირებასთან შემდეგი გარემოებების გამო: თ------ ჭ---------ას არანაირი ინტერესი არ ჰქონია მიწის სტატუსის ცვლილებასთან არც მაშინ და არც შემდგომში, თ------ ჭ---------ა არ აწერს არცერთ დოკუმენტს ხელს, არ არის განმცხადებელი, არ მიუცია დავალება პ----- ნ------ისთვის და მეტიც არ მიუღია სარგებელი და არ დაუზოგია თანხა პ----- ნ------ის გადახდით, რაც არ გაიზიარა სასამართლომ. ერთადერთი ქმედება, რომელიც თ------ ჭ---------ას შეიძლება აკავშირებდეს სტატუსის შეცვლასთან არის პ----- ნ------ისთვის თანხის გადაცემა. რაც არ დაადასტურა სასამართლომ, მაშინ არ რჩება არანაირი კავშირი ან ინტერესი, რომლის გამოც თ------ ჭ---------ა გამდიდრდა მათ შორის ქონების დაზოგვით.
3.2. აპელანტის განმარტებით, პ----- ნ------ის მიერ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე შესაცვლელი გადასახადი არის კომპენსაცია ანუ ზიანის თანხა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, ამასთან არ არსებობდა რაიმე აუცილებლობა ან საჭიროება მიწის სტატუსის შესაცვლელად. იმ დანიშნულებით, როგორც იგი გამოიყენებოდა მხარეთა და კომპანიის მიერ აბსოლიტურად საკმარისი გახლდათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულება, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ სწორედ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სტატუსით იყო მასზე მშენებლობა კომერციული დანიშნულების განხორციელებული და იჯარით გაცემული. სტატუსის შეცვლის შედეგად თ------ ჭ---------ას არანაირი სარგებელი არ მიუღია და არც დაუზოგია, რადგან იგი არ იყო ამ ცვლილების ინიციატორი და დაინტერესედბული პირი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ თ------ ჭ---------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.
4.2. უდავოა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2003 წლიდან წარმოადგენენ პარტნიორებს შპს ,,ი--------------ში“.
4.3. ასევე უდავოა, 2013 წლის 21 აგვისტოს პ----- ნ------ის მიერ თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 3403 ლარი, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლისთვის გაღებული მოსაკრებელი.
4.4. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ პ----- ნ------ემ გადაიხადა თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ მოსაკრებლის სახით, 3403 ლარი, რომელიც გადაცემული ჰქონდა თავად მოპასუხისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. იმავე კოდექსის 991-ე მუხლი შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. ვალდებულების ამ ორი სახის განსხვავება პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ისინი სხვადასხვა საფუძვლებიდან წარმოიშობიან. ზიანის მიყენებით წარმოშობილი ვალდებულებების საფუძველი, როგორც წესი, დელიქტია (სამართალდარღვევა). გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც, ამასთან, დაკავშირებით კანონში მითითებული გამონაკლისების გარდა, ზიანის მიყენების შედეგად ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სახეზე გვაქვს ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. განსახილველ ვალდებულებათა სახეებს შორის განსხვავებაა ასევე მათ შინაარსშიც. ზიანის მიყენებიდან წარმოშობილი ვალდებულება უზრუნველყოფს დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენას სრულად. ამ შემთხვევაში ანაზღაურება მიყენებული ზიანის ტოლია. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი ტოლობა შეიძლება არ გვქონდეს, (ანაზღაურება =/= ზიანს). ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა. განსხვავებულია პასუხისმგებლობის იურიდიული ბუნებაც ამ ვალდებულებებში. ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებებში ეს არის სამოქალაქო სამართლის პასუხისმგებლობის სახე, ანუ მოვალის ქონებრივი სფერო მცირდება და იზრდება კრედიტორის ქონებრივი სფერო. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი ასეთი შემცირება-გაზრდას ადგილი არა აქვს. შესაბამისად უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების შემთხვევაში საქმე შეეხება არა მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომელთა განკარგვა მოხდა, და არა საგნებს, რომლებიც მოხმარებულ, გამოყენებულ იქნა, არამედ სხვა სამართლებრივ სიკეთეებსაც, რომელა მიმართაც განხორციელდა ხელყოფა. ამის ქვეშ ექცევა ყველა აბსოლუტური უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის შესაბამისად, დაბრუნებას ექვემდებარება არა მხოლოდ შესრულების შედეგად დამდგარი გამდიდრება, არამედ სხვა საშუალებითაც შეძენილი ქონებრივი შეღავათი. ქონებრივ შეღავათად ასევე ჩაითვლება ქონების დაზოგვა.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 21 აგვისტოს პ----- ნ------ის მიერ თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 3403 ლარი, რომელიც იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლისთვის გაღებული მოსაკრებელი. სააპელაციო პალატა იზიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, გარდა მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისა და მის მიერ წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერების ასლებისა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე, საქმეზე წარმოდგენილი ვერ იქნა რაიმე სახის მტკიცებულება მოსაკრებლის გადასახდელად აუცილებელი თანხის - 3403 ლარის პ----- ნ------ეზე თ------ ჭ---------ას მხრიდან გადაცემის დასტურად. მეტიც, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმარტების სახითაც ვერ მოხდა დამაჯერებელი მითითება იმასთან დაკავშირებით, რა კავშირია საქმეზე დართულ სალაროს გასავლის ორდერებსა და მოპასუხის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას შორის, რა ლოგიკურ ჯაჭვი იქმნება აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად და ა.შ. ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უდავოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთან მოპასუხის განმარტებით, მან არ იცოდა თუ რაში ჭირდებოდა მოსარჩელეს თანხა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ------ ჭ---------ას სასარგებლოდ, პ----- ნ------ის მიერ გადახდილი თანხით გამდიდრდა უსაფუძვლოდ და აპელანტს გააჩნია დაბრუნების ვალდებულება.
საბოლოოდ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიღებული იქნა არსებითად სწორი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი კი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ჭ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე