განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001944186
საქმე №3ბ/2610-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობა;
წარმომადგენელი - თ-----------------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ--–------–----–--ლი;
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას, მოსარჩელე ლ--–------–----–--ლის სასარგებლოდ დაევალოს 2016 წლის 01 მარტიდან, 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალოს მოსარჩელე ლ--–------–----–--ლის სასარგებლოდ დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ--–------–----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას, მოსარჩელე ლ--–------–----–--ლის სასარგებლოდ დაევალა 2016 წლის 01 მარტიდან, 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა მოსარჩელე ლ--–------–----–--ლის სასარგებლოდ დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას დაევალა ლ--–------–----–--ლის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2016 წლის 29 თებერვალს ლ--–------–----–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას და აცნობა, რომ დროებითი შრომისუუნარობის გამო ამავე წლის 1 მარტიდან უნდა გადასულიყო საავადმყოფო ფურცელზე. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებელმა წარადგინა ქ. თბილისის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში 2016 წლის 19 თებერვალს გაცემული საგარანტიო წერილი, რომლითაც დგინდებოდა, რომ ლ--–------–----–--ლი სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავდა ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის N---- ბრძანებით, ამავე გამგეობის მომსახურების განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლ--–------–----–--ლს დროებითი შრომისუუნარობის გამო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2016 წლის 01 მარტიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე, არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა. (ს.ფ. 18); (ს.ფ. 19); (ს.ფ. 17);
4.2. 2016 წლის 23 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ წერილით მიმართა ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა ,,მ------–ა“-ს და ითხოვა ინფორმაცია ლ--–------–----–--ლისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მასზე გაცემული საავადმყოფო ფურცლის თაობაზე.
ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა ,,მ------–ა“-ს 2016 წლის 28 მარტის წერილით საბურთალოს რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ პაციენტ ლ--–------–----–--ლს ჩაუტარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში მითითებული ოპერაციები - ჰ------------------ია/ჰ-------------ლი კვანძების ამოკვეთა და ჰისტეროსკოპია, პოლიპის ამოკვეთა. ამასთან, პაციენტზე საავადმყოფო ფურცელი არ გახსნილა. (ს.ფ. 30);(ს.ფ. 33);
4.3. 2016 წლის 9 ივნისს ლ--–------–----–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას და წარუდგინა შპს ,,M-------ის” მიერ 2016 წლის 1 მარტს, 15 მარტსა და 19 მაისს გაცემული საავადმყოფო ფურცლები, რომლის თანახმად დგინდებოდა, რომ, პირველ შემთხვევაში, პაციენტს ჰქონდა ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, რის გამოც დროებით შრომისუუნარო იყო 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, ხოლო შემდგომ შიდა ჰ-------------ლი კვანძების ამოკვეთისა და მარჯვენა კ----–------------------------ი აპარატის დაჭიმულობის გამო საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2016 წლის 15 მარტიდან 8 ივნისის ჩათვლით.
ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა ,,მ------–ა“-ს მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა N IV-100/ა) მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ პაციენტი ლ--–------–----–--ლი 2016 წლის 11 მარტიდან მოთავსებულ იქნა სტაციონარში და ჩაუტარდა ოპერაცია - ჰ------------------ია/ჰ-------------ლი კვანძების ამოკვეთა და ჰისტეროსკოპია/პოლიპის ამოკვეთა. (ს.ფ. 21);(ს.ფ. 22-24);(ს.ფ. 25);
4.4. 2016 წლის 9 ივნისს ლ--–------–----–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას და სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2016 წლის 9 ივნისის N----- ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ლ--–------–----–--ლი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 9 ივნისიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. (ს.ფ. 46-47); (ს.ფ. 48);
4.5. 2016 წლის 13 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ წერილით მიმართა შპს ,,M-------ს“ და ითხოვა დეტალური ინფორმაცია ლ--–------–----–--ლისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და საავადმყოფო ფურცლებში ასახული ინფორმაციის ავთენტურობის შესახებ.
შპს ,,M-------ის“ მიერ 2016 წლის 21 ივნისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ პაციენტ ლ--–------–----–--ლს 2016 წლის 15 მარტს გაეხსნა საავადმყოფო ფურცელი დიაგნოზით ჰ-------------ლი კვანძები თ----------ით, ს-–---–----ოს ტ---------–--ი, სტაციონარში დანიშნულ მედიკამენტოზურ მკურნალობას იტარებდა ბინაზე, რის გამოც საავადმყოფო ფურცელი 2016 წლის 24 მარტიდან გაუგრძელდა 20 დღით. ამასთან, პაციენტმა 2016 წლის 12 აპრილს მიიღო ტრავმა და დაესვა დიაგნოზი კ----–------------------------ი აპარატის დაჭიმულობა, კიდურის ფიზიკური აქტივობის შეზღუდვიდან გამომდინარე დასჭირდა ფიქსატორით იმობილიზაცია, რის გამოც საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდა 10 დღით, ხოლო შემდგომ 25 დღით. საბოლოოდ, საავადმყოფო ფურცელი დაიხურა 2016 წლის 8 ივნისს და მიჩნეულ იქნა რომ პაციენტი შრომისუნარიანი იყო 2016 წლის 9 ივნისიდან. (ს.ფ. 29);(ს.ფ. 34);
4.6. 2016 წლის 1 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობამ წერილით მიმართა სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ და ითხოვა ლ--–------–----–--ლზე გაცემული საავადმყოფო ფურცლების ავთენტურობის საკითხის დადგენა.
სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ 2016 წლის 24 ოქტომბრის წერილით საბურთალოს რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ შესწავლილი იქნა ლ--–------–----–--ლზე საავადმყოფო ფურცლების გაცემის მართლზომიერების საკითხი და გამოვლენილ იქნა საავადმყოფო ფურცლების გაცემისა და გაგრძელების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საქართველოს კანონის ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ 74-ე მუხლის შესაბამისად დაისვა საკითხი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. (ს.ფ. 31-32); (ს.ფ. 35-36);
4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის 2017 წლის 2 მაისის წერილით ლ--–------–----–--ლს ეცნობა, რომ, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი საავადმყოფო ფურცლები შედგენილი იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა შრომითი უუნარობის პერიოდისთვის კანონით დადგენილი ანაზღაურება. (ს.ფ. 27-28);
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N 281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“ არეგულირებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის - საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მიხედვით, საავადმყოფო ფურცლის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი დაავადებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობაა, რომელიც გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე მკურნალი ექიმის მიერ ერთპიროვნულად და ერთდროულად - 10 კალენდარულ დღემდე, ხოლო შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ამავე წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის დარღვევის შემთხვევაში, რომლის თანახმად, საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური, ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე, პასუხისმგებელ სხვა პირს.
ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი საავადმყოფო ფურცლის არასწორად შევსებაზე და პასუხისმგებლობის შრომისუუნარო საჯარო მოსამსახურეზე დაკისრება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა პირს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და სხვა დანამატები, შესაბამისად, საჯარო მოსამსახურისათვის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება პირის დროებითი შრომისუუნარობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება და ამის საფუძველზე, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ შესწავლილი იქნა ლ--–------–----–--ლზე საავადმყოფო ფურცლების გაცემის მართლზომიერების საკითხი და გამოვლენილ იქნა არა შინაარსობრივი, არამედ საავადმყოფო ფურცლების გაცემისა და გაგრძელების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საქართველოს კანონის ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ 74-ე მუხლის შესაბამისად დაისვა საკითხი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ, ზოგადად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, მოეთხოვა დროებითი შრომისუუნარობის დროს ხელფასის ანაზღაურება. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ნადმვილად იყო დროებით შრომისუუნარო მდგომარეობაში, მოსარჩელისთვის დასმული დიაგნოზი და მკურნალობა სადავოდ არ გამხდარა, რაც უპირობოდ წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და ამ პერიოდისათვის ხელფასის ანაზღაურების საფუძველს, ხოლო ექიმის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომები და საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების პროცედურული ნორმების დარღვევა, ვერ გახდებოდა მოხელისთვის დროებითი შრომისუუნარობის დროს მისაღებ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას იმ საფუძვლით, რომ ექიმებმა დაუშვეს ტექნიკური შეცდომები და საავადმყოფო ფურცლები შედგენილი იქნა პროცედურული ნორმების დარღვევით. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის შედგენისათვის ეკისრება ექიმს და ამ პასუხისმგებლობის დროებით შრომისუუნარო პირზე - დასაქმებულზე დაკისრება უმართებულოა და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, მოპასუხის უარი დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში დასაქმებულისათვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 01 მარტიდან 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ამავე თანხის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 პროცენტის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბერის გადაწყვეტილების გაუქმება.
6.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ საქმეზე სადაოა მოსარჩელე ლ--–-------–----–---–ის მიერ საბურთალოს რაიონის გამგეობაში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლების ავთენტურობა და შესაბამისად საავადმყოფო ფურცლებში მითითებულ პერიოდში მოსარჩელის შრომისუუნარობის ფაქტის არსებობა. ლ--–-------–----–---–ი მითითბულ პერიოდში დასაქმებული იყო საბურთალოს რაიონის გამგეობაში და ასრულებდა მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ფუნქციებს. მან დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით, 2016 წლის 01 მარტიდან გახსნა საავადმყოფო ფურცელი და არ გამოცხადებულა საბურთალოს რაიონის გამგეობაში 2016 წლის 09 ივნისამდე. 09 ივნისს მოსარჩელემ გამგეობაში წარმოადგინა 01 მარტიდან 09 ივნისამდე პერიოდზე გაცემული სამი საავადმყოფო ფურცელი, რომლებიც მრავალჯერ იყო გაგრძელებული სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული დიაგნოზების საფუძველზე. ვინაიდან საავადმყოფო ფურცლები გაცემული იყო 3 თვეზე მეტ პერიოდზე ერთიანი ციკლით და დასმული იყო რამდენიმე სხვადასხვა დიაგნოზი, საბურთალოს რაიონის გამგეობამ საავადმყოფო ფურცლების ავთენტურობის შესწავლის მიზნით მიმართა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.“
სააგენტოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N0------- წერილის თანახმად საბურთალოს რაიონის გამგეობას ეცნობა, რომ წარმოდგენილი საავადმყფო ფურცლები გაცემული იყო არსებითი დარღვევებით, რის საფუძველზეც დაისვა სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი.
კერძოდ, პირველი საავადმყოფო ფურცელი (N1------), რომელიც გაცემულია 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით არ არის აღრიცხული საავადმყოფო ფურცლების ბლანკების სააღრიცხვო ჟურნალში. ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, მისი საავადმყოფო ფურცლების სააღრიცხვო ჟურნალში აღურიცხველობა წარმოადგენს ისეთი სახის დარღვევას, რომლის შემთხვევაშიც იგულისხმება, რომ ეს საავადმყოფო ფურცელი საერთოდ არ გაცემულა.
აღნიშნული მოთხოვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ არ მოხდეს საავადმყოფო ფურცლების წინა პერიოდებზე და დაუსაბუთებლად გაცემა, რასაც ამ შემთხვევაში აქვს ადგილი. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ასევე ამ საავადმყოფო ფურცელში მითითებული დაავადების სახეც - ზემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადება, (იგივე სურდო), ვინაიდან სურდოს შემთხვევაში შეუძლებელია გამოკველეულ იქნეს გასულ პერიოდში იყო თუ არა პაციენტი ამ ტიპის დაავადებით დაავადებული და შესაბამისად ექიმის პასუხისმგებლობის დაყენებაც შეუძლებელია თუ იგი გასულ პერიოდზე გაცემულ საავადმყოფო ფურცელში მსგავს დიაგნოზს მიუთითებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ექიმის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ჟურნალში მისი გაცემის მომენტში აღნიშვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
გამომდინარე აქედან, დაუსაბუთებელია 1 მარტიდან 10 მარტამდე პერიოდისთვის ლ--–------–----–--ლისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა.
რაც შეეხება 11 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდს, ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მ------–ას 2016 წლის 28 მარტის N2------ წერილით დასტურდება რომ ლ--–-------–----–---–ზე საავადმყოფო ფურცელი არ გახსნილა.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N87/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის და გაცემის წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო გაიცემა მხოლოდ საავადმყოფო ფურცლის დამსაქმებელთან წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, რამდენადაც 11 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდზე ლ--–-------–----–---–ს წარმოდგენილი არ აქვს შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი, მისი მოთხოვნა ამ პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებაზე ვერ დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება მეორე საავადმყოფო ფურცელს (N1------), იგი გაგრძელებულია რამდენიმეჯერ. თავდაპირველად იგი გაცემულია 15 მარტიდან 24 მარტამდე პერიოდზე თუმცა აღნიშნული საავადმყოფო ფურცლის გახსნის დროს ბარათში არ არის მითითებული მისი ვადა. ამასთან, პაციენტის ვიზიტის ადგილიც მითითებულია შეცდომით, და ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებისა, მითითებულია ბინაზე გამოძახება. 25 მარტიდან აღნიშნული საავადმყოფო ფურცელი გაგრძელებულია 13 აპრილამდე პერიოდზე, თუმცა საავადმყოფო ფურცლის გაგრძელება არ დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ცალსახად წარმოადგენს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისN281/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევას.
აღნიშნული ნორმის თანახმად, „მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად და ერთდროულად - 10 კალენდარული დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით“. იგივე დარღვევას აქვს ადგილი ამავე საავადმყოფო ფურცლის 14 აპრილიდან 23 აპრილამდე გაგრძელების შემთხვევაშიც, საავადმყოფო ფურცლის გაგარძელება ასევე არ დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. მითითებული საავადმყოფო ფურცელი გაგრძელებულია კიდევ ერთხელ 24 აპრილიდან 18 მაისამდე. საავადმყოფო ფურცლის თანახმად პაციენტს საავადმყოფო ფურცელი გაუგრძელდა 24.04-დან 18.05 ჩათვლით, თუმცა ბარათის ჩანაწერების თანახმად, საავადმყოფო ფურცელი ექიმ დ. მ------–---–ის მიერ გაგრძელებულია 25.04.2016-დან, რაც მიუთითებს რომ დ. მ------–---–ის მიერ საავადმყოფო ფურცლის გაგრძელება მოხდა პაციენტთან ვიზიტისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების გარეშე. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც არ არის სახეზე დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა და ბეჭედი, რაც ცალსახად მიუთითებს საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ 25 დღით გაგრძელებაზე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მესამე საავადმყოფო ფურცელი (N1------), რომელიც გაცემულია 19 მაისიდან 08 ივნისამდე პერიოდზე, წარმოადგენს 1------ საავადმყოფო ფურცლის გაგრძელებას და იგი ასევე არ არის დადასტურებული ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. ამასთან, ბარათში არსებული ჩანაწერების თანახმად, საავადმყოფო ფურცელი გაიცა 20 დღის ვადით, თუმცა საავადმყოფო ფურცელში მითითებულია 19 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდი, რაც 21 დღეს შეადგენს.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საავადმყოფო ფურცლების გაცემის ადგილის ნაწილში - ბინა თუ სამედიცინო დაწესებულება, ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ შეესაბამება ბარათში მითითებული და საავადმყოფო ფურცელში მითითბული მონაცემები ერთმანეთს.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლები (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და რომლის საფუძველზეც უნდა გაცეს შრომითი გასამრჯელო) შეიცავს არსებითი სახის დარღვევებს, რაც არ არის უბრალო ტექნიკური ხარვეზები და იგი ვერ ასრულებს საავადმყოფო ფურცლის მთავარ დანიშნულებას - დაადასტუროს „პაციენტის“ შრომისუუნარობის ფაქტი მითითებულ პერიოდზე.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). აღნიშნული მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება ჰქონდა მოხელისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაეწესებინა სხვა დანამატები.
საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით - სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობასთან, შესაბამისად, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 88-ე მუხლის თანახმად, მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოხელის დროებით განთავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და შესაბამისი დაწესებულების განთავისუფლებას მოხელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. ამასთან, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოხელეს კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, დანამატები ან ეძლევა სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და ამავე კანონის 89-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევებისა. ამავე კანონის 89-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები, რომლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება: ა) მოხელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, თუ მოხელის სამსახურში მიღების უფლების მქონე პირი ან დაწესებულება ამის წინააღმდეგი არ არის; ბ) შვებულების დროს; გ) დროებით შრომისუუნარობის დროს; დ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით მოხელისათვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრებისას; ე) მოხელის კანდიდატად წამოყენებისას საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; ვ) სამხედრო სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება; ვ1) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოხელეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება მოხელისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას; ზ) იმ პერიოდში, როდესაც მოხელისაგან ითხოვენ დავალებების შესრულებას სხვა სამსახურებრივ ადგილზე და იგი უარზეა; თ) მოხელის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში ამ კანონის 90-ე და 91-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მოხელის სამსახურიდან ჩამოშორებისას რაიმე სხვა კანონიერი საფუძველით; ი) მოხელის დროებით განთავისუფლების სხვა შემთხვევებისას (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 თებერვალს ლ--–------–----–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას და აცნობა, რომ სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე გეგმავდა ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას და დროებითი შრომისუუნარობის გამო ამავე წლის 1 მარტიდან უნდა გადასულიყო საავადმყოფო ფურცელზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის N---- ბრძანებით, ამავე გამგეობის მომსახურების განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლ--–------–----–--ლს დროებითი შრომისუუნარობის გამო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეუჩერდა სამსახურებრივი ურთიერთობა 2016 წლის 01 მარტიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე, არაუმეტეს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა.
სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N 87/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომელიც აწესრიგებდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში დასაქმებულები) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში - მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
აღნიშნული წესის მე-2 და მე-3 მუხლების მიხედვით, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, რომლის დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება). ამასთან, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
ამავე წესის მე-4 მუხლის საფუძველზე, დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება: ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში; ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო; გ) კარანტინის გამო; დ) პროთეზირების გამო. ამასთან, მე-7 მუხლის მიხედვით, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს), ხოლო, თავის მხრივ, დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში 2016 წლის 9 ივნისს ლ--–------–----–--ლმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობას და წარუდგინდა შპს ,,M-------ის ”მიერ 2016 წლის 1 მარტს, 15 მარტსა და 19 მაისს გაცემული საავადმყოფო ფურცლები, რომლის თანახმად დგინდებოდა მისი შრომისუუნარობა 2016 წლის 1 მარტიდან ამავე წლის 9 ივნისამდე, თავდაპირველად სასუნთქი გზების ინფექციის, შემდგომ ქირურგიული ოპერაციისა და ბოლოს კ----–-------------------------------–--ბის გამო. აღნიშნულის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადებებით მიმართა, ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა ,,მ------–ა -ს“, შპს ,,M-------სა” და სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ და ლ--–-------–----–---–ზე გაცემული საავადმყოფო ფურცლების ავთენტურობის საკითხის განხილვა მოითხოვა და საბოლოოდ, იმ საფუძვლით, რომ საავადმყოფო ფურცლები შედგენილი იყო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმების დარღვევით, მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის შრომითი უუნარობის პერიოდისთვის კანონით დადგენილი ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N 281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“ არეგულირებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის - საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მიხედვით, საავადმყოფო ფურცლის გაცემის ერთ -ერთი საფუძველი დაავადებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობაა, რომელიც გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე მკურნალი ექიმის მიერ ერთპიროვნულად და ერთდროულად - 10 კალენდარულ დღემდე, ხოლო შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
ამავე წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის და დისციპლინური, ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე, პასუხისმგებელ სხვა პირს.
ამრიგად, მითითებული ნორმატიული აქტი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი საავადმყოფო ფურცლის არასწორად შევსებაზე და პასუხისმგებლობის შრომისუუნარო საჯარო მოსამსახურეზე დაკისრება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, პირს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და სხვა დანამატები, შესაბამისად, საჯარო მოსამსახურისათვის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების ვალდებულება პირის დროებითი შრომისუუნარობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება და ამის საფუძველზე, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ შესწავლილი იქნა ლ--–------–----–--ლზე საავადმყოფო ფურცლების გაცემის მართლზომიერების საკითხი და გამოვლენილ იქნა არა შინაარსობრივი, არამედ საავადმყოფო ფურცლების გაცემისა და გაგრძელების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე საქართველოს კანონის ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ 74-ე მუხლის შესაბამისად დაისვა საკითხი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ზოგადად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობას აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, მოეთხოვა დროებითი შრომიუუნარობის დროს ხელფასის ანაზღაურება. საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ლ--–------–----–--ლი ნამდვილად იყო დროებით შრომისუუნარო მდგომარეობაში, მოსარჩელისთვის დასმული დიაგნოზი და მკურნალობა სადავოდ არ გამხდარა, რაც უპირობოდ წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და ამ პერიოდისათვის ხელფასის ანაზღაურების საფუძველს, ხოლო ექიმის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომები და საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების პროცედურული ნორმების დარღვევა, ვერ გახდებოდა მოხელისთვის დროებითი შრომისუუნარობის დროს მისაღებ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ანუ, თუკი საავადმყოფო ფურცლები შევსებული იყო კანონდარღვევით, ეს გავლენას ვერ მოახდენს ლ--–------–----–--ლის ლეგიტიმურ მოლოდინზე აღნიშნული ფურცლების კანონიერებასთან დაკავშირებით, აღნიშნული დარღვევები შეიძლება გახდეს ფურცლის შევსებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი სამედიცინო მუშაკის და არა საავადმყოფ ფურცელში მოხსენიებული პაციენტის პასუხისმგებლობისა და მისთვის გარკვეული ზიანის (მოცემულ შემთხვევაში ფინანსური ზიანის) მიყენების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველთვიური ანაზღაურება გასცეს მუშაკზე წარდგენილი საავადმოფო ფურცლის პირობებშიც. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი იყო საავადმყოფო ფურცელი და ის გარემოება, რომ საავადმყოფო ფურცელი შედგენილია გარკვეული ხარვეზებით, არ შეიძლება გახდეს მოხელისათვის კუთვნილი ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის ხელფასის ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას იმ საფუძვლით, რომ ექიმებმა დაუშვეს ტექნიკური შეცდომები და საავადმყოფო ფურცლები შედგენილი იქნა პროცედურული ნორმების დარღვევით. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საავადმყოფო ფურცლის შედგენისათვის ეკისრება ექიმს და ამ პასუხისმგებლობის დროებით შრომისუუნარო პირზე - დასაქმებულზე დაკისრება უმართებულოა და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან. მოცემული საფუძვლით პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერებას. გარდა ამისა, ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს მიდგომას, პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ადგილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, მოპასუხის უარი დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში დასაქმებულისათვის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა 2016 წლის 01 მარტიდან 09 ივნისამდე დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ამავე თანხის გადახდის დაყოვნების ყოველი დღისთვის 0,07 პროცენტის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მუხლებზე მითითებით აპელანტის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული ლ--–------–----–--ლის სასარჩელო მოთხოვნა შესაბამისად სრულად იქნა ანაზღაურებული მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუკი დავა ქონებრივ დავად ჩაითვლება, მაშინ ადვოკატისათის ასანაზღაურებელი თანხა დავის საგნის ოდენობიდან გამომდინარე (4246.70 ლარი), გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 500 ლარია, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ დავაში უმთავრესი იყო სამართლებრივი პრინციპის გადაწყვეტა - მუშაკს, რომელმაც ექიმების მიერ კანონდარღვევით შედგენილი საავადმყოფო ფურცელი წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, უნდა ანაზღაურებოდა თუ არა შრომითი გასამრჯელო, ანუ, უნდა დაკისრებოდა თუა არა მუშაკს ფინანსური პასუხისმგებლობა არა თავისი, არამედ სხვისი შეცდომის გამო; ეს კი გულისხმობს იმას, რომ დავა თავისი ნამდვილი არსით, არაქონებრივია და იმ პირობებში, როდესაც ასეთი კატეგორიის დავებში ადვოკატისათის ასანაზღაურებელი მაქსიმალური თანხაა 2000 ლარი, პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ განსაზღვრული 500 ლარი, შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ ოდენობას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -