განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310116001285892
საქმე №3ბ/2022-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - ს--–--------------ია;
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური;
წარმომადგენელი- გ-------------–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - პ-------------–-ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 ივნისის N1---- ბრძანება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N2------ გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პ-------------–-ძისათვის დავალების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
პ-------------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N2------ გადაწყვეტილება და 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილება პ-------------–-ძისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ.თბილისის მერის 2016 წლის 1 ივნისის N1---- ბრძანება; მოპასუხეებს პ-------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. პ-------------–-ძემ მის კუთვნილ N0--------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოების ნებართვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციისაგან 2002 წლის ივლისში მიიღო, 2002 წლის 12 სექტემბერს კი მასზე მცხეთის რაიონის ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურის მიერ N-- მშენებლობის ნებართვა გაიცა 1 წლის მოქმედების ვადით. (ტომი 1, ს.ფ. 23); (ტომი 1, ს.ფ. 22); (ტომი 1, ს.ფ. 1-14); (ტომი 1, ს.ფ. 30-32); (ტომი 2, ს.ფ. 19-20).
4.2. 2015 წლის 30 დეკემბერს პ-------------–-ძემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს N--------- ელექტრონული განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ა--------–------ს ქუჩა N19-ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. (ტომი 1, ს.ფ. 26-28).
4.3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვარის N2------ გადაწყვეტილებით პ-------------–-ძეს N--------- განცხადებაზე ხარვეზი დაუდგინდა; ხარვეზის გამოსასწორებლად განმცხადებელს მოთხოვნის ტექსტის დაზუსტება, განმარტებითი ბარათის ქართული შრიფტით შესრულება, ღიობებიდან საკადასტრო საზღვრამდე მანძილის მითითება, დარჩენილ სამშენებლო სამუშაოებზე კალენდარული გრაფიკის წარდგენა, ვექტორული ფაილის ატვირთვა და არსებული დარღვევების გამო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე დადგენილებისა და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, ასევე, ახალი ფოტომასალის წარდგენა დაევალა. (ტ.1, ს.ფ. 26-28).
4.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებით პ-------------–-ძის N--------- განცხადება დარჩა განუხილველი ვექტორული ფაილის ატვირთვისა და არსებული დარღვევების გამო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე დადგენილებისა და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. (ტომი 1, ს.ფ. 30-32).
4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 12 თებერვლის N0----- მითითებით ქალაქ თბილისში, ა--------–------ს ქუჩა N19-ში მდებარე N0--------------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის მიმდინარეობის გამო პ-------------–-ძეს 20-დღიანი ვადა განესაზღვრა ობიექტის დემონტაჟისათვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების წარსადგენად. (ტომი 1, ს.ფ. 99-100).
4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 16 მარტის №0----- შემოწმების აქტის თანახმად, 2016 წლის 12 თებერვლის N0----- მითითებით დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოსწორებული არ ყოფილა. (ტომი 1, ს.ფ. 132).
4.7. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვარის N2------ გადაწყვეტილებისა და ამავე სამსახურის 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით პ-------------–-ძემ ქ.თბილისის მერს 2016 წლის 28 იანვრის განცხადებითა და 2016 წლის 2 მარტის ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. (ტომი 2, ს.ფ. 25-30).
4.8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 1 ივნისის N1---- ბრძანებით პ-------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გასაჩივრებული აქტების გამოცემა შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას. (ტ.2, ს.ფ. 6-13).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N2------ გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებების გამოცემის დროისათვის პ-------------–-ძის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, პ-------------–-ძეს კი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებისა და მის საფუძველზე ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. ამდენად, პ-------------–-ძეს არარსებული დოკუმენტის წარდგენისა და განუსაზღვრელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა, რაც ვერ ჩაითვლება მართლზომიერად. ამგვარი მოსაზრება შეესაბამება ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nბს-746-730(კ-12) განჩინებაში ასახულ განმარტებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვარის N2------ გადაწყვეტილება პ-------------–-ძისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების ნაწილში გამოტანილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის არასწორი გამოყენებით, შესაბამისად, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მითითებული დავალების შეუსრულებლობის გამო ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 8 თებერვალს მიღებული N2------ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც დასახელებულ აქტებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 ივნისის N1---- ბრძანება, რომელიც ზღუდავდა მოსარჩელის უფლებას კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე. შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პ-------------–-ძისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 01 ივნისის N1---- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა პ-------------–-ძის ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა“. ამავე დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 პრიმა მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს ასეთ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული ადმინისტრაციული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის 30 დეკემბერს N--------- განცხადების წარდგენის დროისათვის უკვე განხორციელებული იყო. შესაბამისად, ვინაიდან სახეზეა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის გამოცემული აქტისა და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის მოთხოვნა გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
6.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილებაში თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ პ-------------–-ძეს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებისა და მის საფუძველზე ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, ამიტომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება მართლზომიერად, ვინაიდან, განმცხადებელს დაევალა არარსებული და განუსაზღვრელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა." ამავე დადგენილების 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, "თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25(1) მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა."
თბილისის არქიტექტურის სამსახური განმარტავს, რომ თუ სახეზეა უნებართვო მშენებლობა, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე დამრღვევის მიერ წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, დამკვეთმა არ გამოასწორა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2016 წლის 8 იანვრის N2------ გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზი და არ წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, არსებობდა სზაკ-ის 83-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ამიტომ 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებით განცხადება დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული წესდების (დებულების) 1-ლი და მე-3 მუხლები).
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება არეგულირებს.
აღნიშნული დადგენილების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა (36-ე მუხლის პირველი პუნქტი). მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა (დადგენილების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი). თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება (54-ე მუხლის მე-4 პუნქტი). მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა დადგენილების 63-ე მუხლის შესაბამისად (54-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 251 მუხლის, ამ დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოებისას ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება. კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებულ პირს შეიძლება დაეკისროს არსებული გარემოებების გათვალისწინებით, იმ მოცულობით, რაც ვალდებულების განსაზღვრის მდგომარეობით არის მოპოვებადი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის N2------ გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 8 თებერვლის N2------ გადაწყვეტილებების გამოცემის დროისათვის პ-------------–-ძის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, პ-------------–-ძეს კი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებისა და მის საფუძველზე ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. ამდენად, პ-------------–-ძეს არარსებული დოკუმენტის წარდგენისა და განუსაზღვრელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა, რისი შესრულებაც, მისი მხრიდან შეუძლებელი იყო.
რაც შეეხება აპელანტების წარმომადგენლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ ჩანაწერში (მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში) უკანონო მშენებლობის გამო ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის თაობაზე, იგულისხმება არა მხოლოდ უკვე არსებული ჯარიმა, არამედ პირი ვალდებულია მის მიერ უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის შესახებ აცნობოს ზედამხედველობის სამსახურს, რომელიც მას დააჯარიმებს და გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი გაგება-განმარტება არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს, რომლის თანახმადაც, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. მოცემულ კონსტიტუციურ პრინციპში იგულისხმება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის დროს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის ვალდებულების აკრძალვა, არამედ მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის იურიდიული პასუხისმგებლობის დამდგენი ურთიერთობა, მათ შორის სამშენებლო სამართალდარვევის საქმისწარმოებაც. ამდენად, პირისათვის იმის დავალდებულება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზედამხედველობის სამსახურში) განაცხადოს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ინფორმაცია, რასაც, დიდი ალბათობით, მისი დაჯარიმება მოჰყვება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის საწინააღმდეგოა და სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მას. საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში იგულისხმება უკვე არსებული აქტი პირის დაჯარიმების შესახებ და არა მომავალში შესაქმნელი (მით უმეტეს თავად განმცხადებლის ინიციატივით) განკარგულება.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 8 იანვარის N2------ გადაწყვეტილება პ-------------–-ძისათვის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილებისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების ნაწილში გამოტანილია კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის არასწორი გამოყენებით, შესაბამისად, უკანონოა მითითებული დავალების შეუსრულებლობის გამო ამავე სამსახურის მიერ 2016 წლის 8 თებერვალს მიღებული N2------ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც დასახელებულ აქტებზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 1 ივნისის N1---- ბრძანება; ეს აქტები ზღუდავენ პ-------------–-ძის უფლებას კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებაზე. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა განაპირობებს პ-------------–-ძის N--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განახლებას და სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვალდებულებას, ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით პ-------------–-ძის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარცელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ქ.თბილსის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი ბაჟი 150 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -