განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/143-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----–---------ის,მსჯავრდებულ - ა---------------------ის,ადვოკატ - ზ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა---------------------ისა და მისი ადვოკატის ზ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა---------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------–--------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:
ა---------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ა---------------------ი დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 26 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 22 აპრილიდან - 2016 წლის 26 აპრილის ჩათვლით;
ა---------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 22 აპრილს, მსჯავრდებული პირის - ი-----–-------–---–ის შეწყალებაში თითქოსდა გასაწევი დახმარების სანაცვლოდ, ა---------------------მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა თ-------------–---–ის კუთვნილ 4 000 აშშ დოლარს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა---------------------მა და მისმა ადვოკატმა ზ----------------ემ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების ნაწილში და მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სახის სასჯელის განსაზღვრა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის შეუსაბამო ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში, ვინაიდან ა---------------------ის წარსულში არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულის, პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან და დაზარალებულს არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური და მძიმე მატერიალური მდგომარეობა და უსაფუძვლოდ განუსაზღვრა მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც არის არაადეკვატური, ზედმეტად მკაცრი და არ გამომდინარეობს სასჯელის მიზნებიდან, იგი შეუსაბამოდ მძიმეა ა---------------------ის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგთან მიმართებით.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ ა---------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ, დაზარალებულ თ-------------–---–ის ჩვენებას; მოწმეების: გ----------–---–---ის, ნ--------------ის, ლ----------–-–---–ის ჩვენებებს; 2016 წლის 20 აპრილის დათვალიერების ოქმს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენს; ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათს (--–-------------; 2016 წლის 22 აპრილის ფულადი ნიშნის დაფიქსირებისა და გადაცემის შესახებ ოქმს; ოპერატიული ტექნიკისა და სპეც. ტექნიკის გამოყენების სააღრიცხვო ბარათს (ე-–--------------, 2016 წლის 22 აპრილის ლუქის ახსნის, დათვალიერებისა და დალუქვის შესახებ ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული იქნა მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას გარკვეულწილად ხელი შეუწყო გ--------------–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებულმა პროვოკაციულმა ქმედებებმა, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სასჯელის განსაზღვრის დროს. პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ იქონია საკმაოდ არგუმენტირებული მსჯელობა და მიიჩნია, რომ ა---------------------ის მიმართ დანაშაულის წაქეზების (პროვოკაციის) ნიშნები არ იკვეთება, რასაც პალატაც იზიარებს და ეთანხმება.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ მითითებულ არგუმენტებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ა---------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ა---------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მონანიებას, თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან, თუმცა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უპირატესია ის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესი, რომელიც იქნა ხელყოფილი ა---------------------ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. კერძოდ, მსჯავრდებულის დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ზიანი ადგებოდა როგორც კერძო პირთა, ასევე სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს და იბღალებოდა სახელმწიფო ხელისუფლების გარკვეული სუბიექტების ავტორიტეტი. შესაბამისად, დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, პალატის განმარტებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, არის სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ა---------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა---------------------ისა და მისი ადვოკატის ზ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი;
ა---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;
ა---------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 26 დეკემბრიდან;
ა---------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 აპრილიდან, 2016 წლის 26 აპრილის ჩათვლით;
ა---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები:
02 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ფულადი თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.კაპანაძე