განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2673 -17 (330310016001412569)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - მ---------------–-ძე;
აპელანტი - მ-----ა გ-------ძე;
წარმომადგენელი - მ-----------–--ლი;
მესამე პირი - საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - თ-------–----–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტ მ-----ა გ-------ძის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
1.2 აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ-----ა გ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით;
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
მ-----ა გ-------ძეს დაკავებული ჰქონდა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი-----------------------–ის თანამდებობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტებანი, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს 2016 წლის 8 იანვრის N MIA 5------------ ბრძანებით, 0---------წ.-დან 0---------წ.-მდე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი---------რ-გ-----------–ს მ-----ა გ-------ძეს გაუფორმდა მივლინება. ამავე ბრძანებით, მასვე აუნაზღაურდა დღიური სარგო 1 დღე (ქ. თბილისი N-------------–ე 0----------დან 0----------მდე), ასევე, საავტომობილო ხარჯები: ო---–--------ა“ ს------------- - 30 ლიტრი ბენზინი. მივლინების ხარჯები ანაზღაურდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს 2016 წლის 8 იანვრის N M-------
0------- ბრძანება (ს.ფ. 55-56).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს 2016 წლის 24 იანვრის N M---------------- ბრძანებით, 2---------–-----------------წ.-მდე, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი---------რ-გ-----------–ს მ-----ა გ-------ძეს გაუფორმდა მივლინება. ამავე ბრძანებით, მასვე აუნაზღაურდა დღიური სარგო 1 დღე (ქ. თბილისი N-------------–ე 2----------დან 2----------მდე), ასევე, საავტომობილო ხარჯები: ო---–--------ა“ ს------------- - 30 ლიტრი ბენზინი. მივლინების ხარჯები ანაზღაურდა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხასურის რაიონული სამმართველოს 2016 წლის 24 იანვრის N M-------
0------- ბრძანება (ს.ფ. 57-58).
შსს ხ-–----- რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა 2016 წლის იანვრის თვის მორიგეობის გრაფიკის თანახმად, გ-------ძე მ-----ა მორიგეობას ახორციელებდა იანვრის თვის 2, 4,6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 28, 30 რიცხვებში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ხ-–-----ს რაიონილი სამმართველოს თანამშრომელთა 2016 წლის იანვრის თვის მორიგეობის გრაფიკი (ს.ფ. 54).
შპს ,,რ------------–------------–--ს“ 2016 წლის 22 თებერვლის წერილით შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ეცნობა, რომ 2016 წლის 2 თებერვალს ხ-–-----ს ბენზინგასამართ სადგურზე გამოვლენილ იქნა საწვავის ბარათის არამიზნობრივი გამოყენების ფაქტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროში წარდგენილ იქნა ვიდეოკამერების ჩანაწერები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,რ------------–------------–--ს“ 2016 წლის 22 თებერვლის წერილი (ს.ფ. 104).
შპს ,,რ------------–------------–--ს“ 2016 წლის 22 თებერვლის წერილის საფუძველზე შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწვავის ბარათზე სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი ერიცხებოდა ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რ-გ-----------– მ-----ა გ-------ძეს, პირად საკუთრებაში არსებული ,,ო---–--------ა“-ს მარკის ავტომანქანის ს------------- სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბარათით ლიმიტის განაღდების დროს ჩამსხმელ-ოპერატორებად მუშაობდნენ მოქალაქეები გ--–----------ე და ლ--------–--ე, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ 2016 წლის იანვარში მ.გ-------ძემ მიმართა თხოვნით საწვავის ბარათიდან მოეხსნათ სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი და ამავდროულად დახმარებოდნენ საწვავის გაყიდვაში. ჩამსხმელ-ოპერატორებმა მ.გ-------ძეს საწვავის ბარათიდან გაუყიდეს დაახლოებით 90 ლიტრი სამსახურებრივი ბენზინის საწვავი. მ.გ--------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ ბარათი მან პირადად გაანაღდა, ჩაასხა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში და გახარჯა სამსახურებრივი საჭიროებისათვის. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ვერ დგინდებოდა 2016 წლის იანვარში ,,ო---–---------ას“ მარკის ავტომანქანაზე სახ. N M------ გამოყოფილი ბენზინის საწვავის სრულად ამავე ავტომანქანაში ჩასხმის და აქედან გამომდინარე შემდგომში სამსახურებრივი მიზნით გამოყენების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე გენერალურმა ინსპექციამ მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციის მაიორ მ-----ა გ-------ძისთვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება; ამასთან, შს სამინისტროზე რიცხული 90 ლიტრი ბენზინის საწვავის მ. გ-------ძის ხარჯზე დადგენილი წესით ჩამოწერა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 0---------წ. N1------ დასკვნა (ს.ფ. 93-98).
შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 0---------წ. N1------ დასკვნის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ იქნა 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება, რომლის თანახმად შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი---------რ-გ-----------–ი, პოლიციის მაიორი მ-----ა გ-------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში.
ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს), ,,გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება), ,,თ“ (შრომის დისციპლინის წესის დარღვევა) და ამავე წესდების მე-3 მუხლის ,,ზ“ პუნქტი (სამსახურიდან დათხოვნა), დისციპლინური წესდების დანართი ,,შრომის დისციპლინის დარღვევები“-ს ზოგადი ნორმების მე-3 პუნქტი (სახელმწიფო ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება), ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება (ს.ფ. 18).
2013 წლის 1 თებერვალს გაცემული ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობით დასტურდება, რომ ,,ო---–--------ას“ ტიპის სატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით M------- მესაკუთრეს წარმოადგენს მ-----ა გ-------ძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (ს.ფ. 29-30).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ივნისის N1------ წერილით დასტურდება, რომ მ-----ა გ-------ძის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასი 2016 წლის 17 მაისამდე (სამსახურიდან დათხოვნამდე) შეადგენდა: თანამდებობრივი სარგო - 950 ლარს, წოდებრივი სარგო - 50 ლარს და წელთა ნამსახურების დანამატი - 200 ლარს. სულ დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის
27 ივნისის N1------ წერილი (ს.ფ. 51).
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე მ-----ა გ-------ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
პოლიციაში სამსახურის გავლის წესს არეგულირებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (პირველი მუხლი).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----ა გ-------ძეს დაკვებული ჰქონდა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი-----------------------–ის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზედ ვრცელდებოდა როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2-----------------). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანებით მ-----ა გ-------ძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლება წარმოადგენს, დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეულ ზომას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. ამავე წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის სახეს განეკუთვნება ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და შრომის დისციპლინის წესის დარღვევა.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ გარდა დისციპლინური გადაცდომებისა განსაზღვრავს დისციპლინურ სახდელთა ჩამონათვალს, კერძოდ: წესდების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
დისციპლინური გადაცდომისა და პასუხისმგებლობის სახეები დარეგულირებულია, ასევე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (როგორც 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაცია, ასევე, მის შემდგომ), რომლის 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი თვალისწინებს, რომ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამდენად, დისციპლინური სახდელის არ არსებობის პირობებში, კონონმდებლობით აკრძალულია პირის სამსახურიდან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მის მიერ ჩადენილი გადაცდომა წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას.
სასამართლომ განმარტა, რომ მოხელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების გზით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი.
დადგენილია, რომ მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართული იყო სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, ასევე, მის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება და დაირღვა შრომის დისციპლინა.
მ-----ა გ-------ძის დისციპლინური გადაცდომა გამოვლენილ იქნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების შედეგად. კერძოდ, დადგინდა, რომ ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რ- გ-----------– მ-----ა გ-------ძეს საწვავის ბარათზე სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი ერიცხებოდა, პირად საკუთრებაში არსებულ ,,ო---–---------ა“-ს მარკის ავტომანქანის ს------------- სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბარათით ლიმიტის განაღდების დროს ჩამსხმელ-ოპერატორებად მუშაობდნენ მოქალაქეები გ--–----------ე და ლ--------–--ე, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ 2016 წლის იანვარში მ.გ-------ძემ მიმართა თხოვნით საწვავის ბარათიდან მოეხსნათ სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი და ამავდროულად დახმარებოდნენ საწვავის გაყიდვაში. ჩამსხმელ-ოპერატორებმა მ.გ-------ძეს საწვავის ბარათიდან გაუყიდეს დაახლოებით 90 ლიტრი სამსახურებრივი ბენზინის საწვავი. მ.გ--------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ ბარათი მან პირადად გაანაღდა, ჩაასხა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში და გახარჯა სამსახურებრივი საჭიროებისათვის. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ვერ დგინდებოდა 2016 წლის იანვარში ,,ო---–---------ას“ მარკის ავტომანქანაზე სახ. N M------ გამოყოფილი ბენზინის საწვავის სრულად ამავე ავტომანქანაში ჩასხმის და აქედან გამომდინარე შემდგომში სამსახურებრივი მიზნით გამოყენების ფაქტი.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ-----ა გ-------ძე სამსახურებრივი მიზნით იყენებდა საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას ს-------------, რომელზეც სამსახურის მიერვე ხდებოდა საწვავის ბარათის გამოწერა.
საქმის განხილვისას მოწმის სახით მოწვეულმა ხ-–-----ს რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ჯეირანაშვილმა და ამავე სამმართველოს უბნის ი---------რების უფროსმა შოთა ალიმბარაშვილმა განმარტეს, რომ საწვავის დარიცხვა ხორციელდებოდა ბარათზე, რომელიც კონკრეტულ თანამშრომლებს გადაეცემოდათ ყოველ მორიგეობაზე. თითოეულ მორიგეობაზე უნდა განხორციელებულიყო 10 ლიტრი საწვავის ჩამოსხმა, ხოლო მივლინების შემთხვევაში 30 ლიტრი საწვავის. თანამშრომლებს ევალებოდათ ქვითრების წარდგენა, რაც მიზნად ისახავდა კონტროლს მასზედ, რომ არ მომხდარიყო ერთჯერადად ზღვრულ ნორმაზე მეტი საწვავის ჩამოსხმა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-----ა გ-------ძის მიმართ საწვავის გაცემა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისათვის ხელშეწყობას, ამასთან იგი კონტროლდებოდა სამსახურის მიერ. თითოეულ მორიგეობაზე თუ მივლინებაზე სამსახურის მიერ გაიცემოდა ფიქსირებული რაოდენობის საწვავი, რომელიც გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უფრო კონკრეტულად კი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იყენებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გააჩნია როგორც ბენზინის ავზი, ასევე, ბუნებრივი აირის. ამდენად, ავტომანქანას გააჩნია ალტერნატიული საწვავის საშუალება. 2016 წლის იანვარში მანქანას დაუზიანდა დეტალი, რომლის შეკეთების გარეშე შეუძლებელი იყო ბენზინზე მუშაობა. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო სამსახურებრივი მოვალეობის შეფერხება, მან სამსახურებრივი საჭიროებისათვის მის საკუთრებაში არსებული მანქანისთვის განკუთვნილი საწვავი შპს ,,რ------------–------------–--ს“ თანამშრომელთა დახმარებით გაყიდა და მიღებული თანხით მოახდინა მანქანის ბუნებრივი აირით მომარაგება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის მ-----ა გ-------ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. საქმეში წარმოდგენილი შსს ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა 2016 წლის იანვრის თვის მორიგეობის გრაფიკით კი დასტურდება, რომ გ-------ძე მ-----ა მორიგეობას ახორციელებდა იანვრის თვის 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 20, 22, 24, 26, 28, 30 რიცხვებში. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, ასევე, რომ მ-----ა გ-------ძე 2016 წლის 8 და 24 იანვარს იმყოფებოდა მივლინებაში ქ. თბილისში N-------------–ეში, რა დროსაც მის მიმართ გამოიწერა 30-30 ლიტრი ბენზინის საწვავი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გრაფიკით დადგენილი დღეეებისა და მივლინების გათვალისწინებით მ-----ა გ-------ძის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უსათუოდ საჭიროებდა ავტომანქანისათვის საჭირო რაოდენობის საწვავს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ მასზედ, რომ მ-----ა გ-------ძემ სამსახურებრივი მოვალეობა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განახორციელა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რა სახის ქონებრივი ზიანი მიადგა მას. მიზანი, რისთვისაც გათვალისწინებულ იქნა ბენზინის საწვავი, მიღწეულ იქნა, კერძოდ, მ-----ა გ-------ძემ განახორციელა მორიგეობა დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან იმყოფებოდა მივლინებაში. საგულისხმოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ზღვრულ ნორმაზე მეტი საწვავის გამოყენებაზე ან/და სხვა სახის მატერიალური ზიანის მიყენებაზე სამსახურისათვის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია თუ რამდენად წარმოადგენდა ბარათიდან ჩამოსხმული ბენზინის საწვავი არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებად, მაშინ როდესაც იგივე მიზნის განხორციელება დასაქმებულმა განახორციელა სხვა სახსრებით, თუნდაც გაყიდული ბენზინიდან მიღებული თანხით. ადმინისტრაციულ ორგანოს, ასევე, არ უმსჯელია მ-----ა გ-------ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, ბენზინის საწვავის ნაცვლად საკუთარი ხარჯებით შეძენილი ბუნებრივი აირის გამოყენებით და ამასთან, ბარათიდან მისთვის განკუთვნილი ოდენობის ბენზინის ჩამოსხმა რამდენად წარმოადგენდა ყველაზე უფრო მკაცრ დისციპლინურ გადაცდომას, რომლისთვისაც გამართლებული იქნებოდა ყველაზე მკაცრი სასჯელის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, მით უფრო იმ პიროებებში, როდესაც მ-----ა გ-------ძეს, აღნიშნულ ფაქტამდე, არ გააჩნდა სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებული.
განსახილველ საქმეზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევად შეფასებული გარემოებები, არ იყო სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული. სასამართლომ განმარტა, რომ პირის სამსახურებრივ მოვალეობაზე კონტროლის განხორციელება უნდა ემსახურებოდეს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების სრულყოფილად შესწავლა-გამოკვლევას და მათ სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
სასამართლომ განმარტა, რომ სათანადო გამოკვლევის საფუძველზე, დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემდეგ უნდა შეფასდეს გადაცდომის ხასიათი. როდესაც დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, იგი ვალდებულია იმსჯელოს და დაასაბუთოს თუ რაში მდგომარეობს უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ არის გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ბრძანება, არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ გამოიყენა მოპასუხემ მ-----ა გ-------ძის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი პირველ რიგში გულისხმობს მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი, არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს.
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მ-----ა გ-------ძის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. საგულისხმოა დადგინდეს მ-----ა გ-------ძის ქმედებამ რა ზიანი მიაყენა სახელმწიფოსა და საჯარო წესრიგს; დაცულია თუ არა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენებით თანაზომიერების პრინციპი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს სადავო საკითხი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის თაობაზე და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მ-----ა გ-------ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აქტი, სასამართლომ მიუთითა რომ მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2016 წლის 23 თებერვალს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მომართა შპს ,,რ------------–------------–--მ“, რომელმაც მიუთითა, რომ განხორციელდა სამინისტროს სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაიწყო სამსახურეობრივი შემოწმება, რომლის შედეგად გაირკვა, რომ მოსამსახურე მ-----ა გ-------ძემ მიმართა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს და სთხოვა სამინისტროს მიერ სამსახურეობრივი მიზნით გამოყოფილი საწვავის ბარათზე არსებული ბენზინის გაყიდვა. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლების მიერ მოხდა მითითებული საწვავის გაყიდვა და თანხა გადაეცა მ-----ა გ-------ძეს. სამსახურეობრივი შემოწმების დროს გამოკითხული იქნა მ-----ა გ-------ძე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მან საწვავი გამოიყენა მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნით და ჩაასხა მის კუთვნილ ავტომანქანაში, სამსახურეობრივი შემოწმების დროს გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბენზინგასამართი სადგურიდან. ვიდეო მასალაზე არსებული ინფომაცია შედარდა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან. კერძოდ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, როდესაც ფიქსირდებოდა საწვავის ჩამოჭრა ბარათიდან იმყოფებოდა თუ არა მ-----ა გ-------ძის კუთვნილი ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე. აღნიშნული მასალებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ საწვავის ჩასხმა სამინისტროს მიერ გამოყოფილი საწვავის ბარათიდან განხორციელდა სხვა ავტომანქანაზე და არა მ-----ა გ-------ძის კუთვნილ ავტომანქანაში. სამინისტროს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული რომ მოსამსახურემ განახორციელა მისთვის კუთვნილი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
აპელანტი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელდა დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა და სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოებები რის გამოც აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელდა რა საწვავის გასხვისება, აღებული ფულით მის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანისათვის გაზი. აღნიშნული კი არ იქნა გამოკვლეული სამინისტროს მიერ. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა არსებითად ვერ შეცვლიდა სამინისტროს გადაწყვეტილებას. სამინისტრო ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესს რომელიც განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა უზრუნველყოფდა სხვაგარი გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში კი აპელანტი განმარტავს, რომ დადასტურებულად იქნა დადგენილი რომ გ-------ძის მიერ ხორციელდებოდა საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა, რაც სამინისტროს დისციპლინურური წესდების შესაბამისად წარმოადგენს გადაცდომას. შესაბამისად იმ გარემოების კვლევა რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში არის მითითებული არსებითად ვერ შეცვლიდა იმ გარემოებას, რომ მოსამსახურემ ჩაიდაინა დისციპლინური გადაცდომა.
აპელანტი განმარტავს, რომ მოსარჩელეს მართლაც რომ განეხორციელებინა გაზის შეძენა და აღნიშნულის შესაბამისად სამსახურეობრივი მიზნებისათვის გამოყენება, სამინისტროს მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტის თაობაზე სულ მცირე ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდებინა მისი ხელმძღვანელობისათვის. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი იმპერატიულად მოითხოვს სამინისტროს თანამშრომლებისაგან სუბორდინაციული პრინციპის დაცვას, რაც ბუნებრივია სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.
აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვრცლად არის მსჯელობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმაზე, რომლითაც მოსამსახურის დათხოვნას დასაშვებად მიიჩნევს, მხოლოდ არსებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში. მოცემულზე აპელანტმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სწორედ აღნიშნული კანონის დანაწესი არ გაითვალისწინა, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით საკითხი სხვაგვარად არ რეგულირდება. სამინისტროს სპეციალური კანონმდებლობა კი განმარტავს, რომ შსს დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად გადაცდომის გამოვლენისას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შემთხვევაში - ინსპექტირების სამსახურის), ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები უფლებამოსილები არიან, შეადგინონ დიციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და განიხილონ დისციპლინური სახდელის დადების საკითხი, რაც მათ კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მხოლოდ აღნიშნული პირები არიან უფლებამოსილი იმსჯელონ მოსამსახურის ქმედებასა და მის მიმართ შეფარდებული სახდელის პროპორციულობაზე. გენერალური ინსპექციის დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის და იგი შეიძლება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნეს გათვალისწინებული, თუმცა აპელანტის მითითებით მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დასკვნაში არსებული მონაცემები და რეკომენდაციის სახით შეთავაზებული დისციპლინური სახდელის შესაბამისობა სახეზე იყო, რაც ცალსახად დასკვნის გაზიარების საფუძველი გახდა. შესაბამისად არ არსებობდა მოქმედი დისციპლინური სახდელის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაბრკოლება, ვინაიდან ის ქმედება, რაც დადასტურებულია, თავისი არსით წარმოადგენს ისეთ უხეშ გადაცდომას, რაც სწორედ ამგვარი გადაწყვეტილების ( სამსახურიდან დათხოვნა) მიღების საფუძველი გახდა.
აპელანტმა განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საბოლოო სახით შესაბამისობაში არ არის საქმის მასალებთან რაც მის დასაბუთებულობას გამორიცხავს, და ამავე დროს მისი გაუქმების საფუძველია.
3.2. მ-----ა გ-------ძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით სასამართლომ ფაქტიურად ყველა ფატობრივი გარემოება დადასატურებულად ცნო, როგორც მ. გ-------ძის მიერ სამსახურებრივი ვალდებულების შესრულება სადავო პერიოდში, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ფაქტების არასათანადო გამოკვლევა. თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება.
აპელანტის მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 17 მაისის 3/4795-16 გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი.
აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადაწყვეტილების 7.4 პუნქტზე, გვ. 8. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან საქართველოს სამხდერო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამრთლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
ამასთან, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე მ-----ა გ-------ძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები, კერძოდ, არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლდება თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას, დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელებული ქმედება არის თუ არა ადეკვატური შექმნილ ვითარებაში და ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
აპელანტი მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გადაწყვეტილების 7.4 პუნქტზე, გვ.9. სასამართლო განმარტავს, რომ მოხელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების გზით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი.
დადგენილია, რომ მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსაურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქის „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალსიწინებული ქმედების ჩადენა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მ-----ა გ-------ძემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართული იყო სამსახურსათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, ასევე მის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება და დაირღვა შრომის დისციპლინა.
მ-----ა გ-------ძის დისციპლინური გადაცდომა გამოვლენილი იქნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რ-გ-----------– მ-----ა გ-------ძეს საწვავის ბარათზე სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი ერიცხებოდა, პირად საკუთრებაში არსებულ „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანის სახ.N M------ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბარათით ლიმიტის განაღდების დროს ჩამსხმელ-ოპერატორებად მუშაობდნენ მოქალაქეები გ--–----------ე და ლ--------–--ე, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ 2016 წლის იანვარში მ. გ-------ძემ მიმართა თხოვნით საწვავის ბარათიდან მოეხსნათ სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი და ამავდროულად დახმარებოდნენ საწვავის გაყიდვაში. ჩამსხმელ-ოპერატორებმა საწვავის ბარათიდან გაყიდეს დაახლოვებით 90 ლიტრი სამსახურებრივი ბენზინის საწვავი. მ. გ-------ძემ გამოკითხვისას განმარტა, რომ ბარათი მან პირადად გაანაღდა, ჩაასხა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში და გახარჯა სამსახურებრივი საჭიროებისათვის. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ვერ დგინდებოდა 2016 წლის იანვარში „ო---–--------ას“ მარკის ავტომანქანაზე სახ.N M------ გამოყოფილი ბენზინის საწვავის სრულად ამავე ავტომანქანაში ჩასხმისა და აქედან გამომდინარე, შემდგომში სამსახურებრივი მიზნით გამოყნების ფაქტი.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ. გ-------ძე სამსახურებრივი მიზნით იყენებდა საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას სახ.N M------, რომელზეც სამსახურის მიერვე ხდებოდა საწვავის ბარათის გამოწერა.
საქმის განხილვისას მოწმის სახით მოწვეულმა ხ-–-----ს რაიონული სამამართველოს უფროსის მოადგილემ დავით ჯეირანაშვილმა და ამავე სამმართველოს უბნის ი---------რების უფროსმა შოთა ალიმბარაშვილმა განმარტეს, რომ საწვავის დარიცხვა ხორციელდებოდა ბარათზე, რომელიც კონკრეტულ თანამშრომლებს გადაეცემოდათ ყოველ მორიგეობაზე. თითოეულ მორიგეობაზე უნდა განხორციელებულიყო 10 ლიტრი საწვავის ჩამოსხმა, ხოლო მივლინების შემთხვევაში 30 ლიტრი საწვავის. თანამშრომლებს ევალებოდათ ქვითრების წარდგენა, რაც მიზნად ისახავდა კონტროლს მასზედ, რომ არ მომხდარიყო ერჯერადად ზღვრულ ნორმაზე მეტის საწვავის ჩამოსხმა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----ა გ-------ძის მიმართ საწვავის გაცემა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობისათვის განხორციელების ხელშეწყობას, ამასთან, იგი კონტროლდებოდა სამსახურის მიერ. თითოეულ მორიგეობაზე თუ მივლინებაზე სამსახურის მიერ გაიცემოდა ფიქსირებული რაოდენობის საწვავი, რომელიც გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უფრო კონკრეტულად კი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იყენებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გააჩნია როგორც ბენზინის ავზი, ასევე, ბუნებრივი აირის. ამდენად, ავტომანქანას გააჩნია ალტერნატიული საწვავის საშუალება. 2016 წლის იანვარში მანაქანას დაუზიანდა დეტალი, რომლის შეკეთების გარეშე შეუძლებელი იყო ბენზინზე მუშაობა, მან სამსახურებეივი საჭირობისათვის მის საკუთრებაში არსებული მანქანისათვის განკუთვნილი ბენზინი „რ------------–------------–--ს“ თანამშრომელთა დახმარებით გაყიდა და მიღებული თანხით მოახდინა მანქანის ბუნებრივი აირით მომარაგება.
აპელანტის მითითებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის მ-----ა გ-------ძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. საქმეში წარმოდგენილი შსს ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უფროსის მიერ დამტკიცებული ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა 2016 წლის იანვრის თვის მორიგეობის გრაფიკით კი დასტურდება, რომ გ-------ძე მ-----ა მორიგეობას ახორციელებდა იანვირს თვის 2,4,6,8,10,12,14,16, 18, 20, 22, 24, 26, 28, 30 რიცხვებში. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, ასევე, რომ მ-----ა გ-------ძე 2016 წლის 8 და 24 იანვარს იმყოფებოდა მივლინებაში ქ. თბილისში N-------------–ეში, რა დროსაც მის მიართ გამოიწერა 30-30 ლიტრი ბეზნინის საწვავი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გრაფიკით დადგენილი დღეებისა და მივლინების გათვალისწინებით მ-----ა გ-------ძის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უსათუოდ საჭიროებდა ავტომანქანისათვის საჭირო რაოდენობის საწვავს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ მასზედ, რომ მ-----ა გ-------ძემ სამსახურებრივი მოვალეობა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განახორციელა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რა სახის ქონებრივი ზიანი მიადგა მას. მოზანი რისთვისაც გათვალისწინებულ იქნა ბენზინის საწვავი, მიღწეული იქნა, კერძოდ მ-----ა გ-------ძემ განახორციელა მორიგეობა დადგენილი წესის შესაბამისად, ამასთან იმყოფებოდა მივლინებაში. საგულისხმოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ზღვრულ ნორმაზე მეტის საწვავის გამოყნებაზე ან/და სხვა სახის მატერიალური ზიანის მიყენებაზე სამსახურისათვის.
აპელანტი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციაზე, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია თუ რამდენად წარმოადგენდა ბარათიდან ჩამოსხმული საწვავი არასამსახურრებივი მიზნით გამოყენებას, მაშინ როდესაც იგივე მიზნის განხორციელება დასაქმებულმა განახორციელა სხვა სახსრებით, თუნდაც გაყიდული ბენზინიდან მიღებული თანხით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებისას ნათლად იკითხება, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აპელანტი მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება, არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, როგორც დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის შესახებ, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას თუ რატომ გამოიყენა მოპასუხემ მ-----ა გ-------ძის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. კანომდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულას მის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, დასაბუთება კი პირველ რიგში გულისხმობას მტკიცებას იმისა, რომ გამოცემული აქტი, არსებულ პირობებში წარმოადგენდა ყველაზე მეტად მისაღებ გადაწყვეტილებას და იგი სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად ამართლებდა კანონის მოთხოვნებს.
აპელანტის განმარტებით ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება მტკიცების ტვირთი თუ რამდენად კანონიერად იქნა გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხე მხარის მიერ საქმის განხილვისას ბრძანების კანონიერება დასაბუთებული და დამტკიცებული ვერ იქნა. და თუ მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან დასათხოვნად და შესაბამისად ბრძანების კანონიერების დასამტკიცებლად, მაინც არსებობდა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეს სრული უფლება ჰქონდა ის მტკიცებულების სახით წარმოედგინა საქმის განხილვისას, აღნიშული კი, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილიდან ირკვევა არ მომხდარა.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლოს ბრძანების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად სასამართლოს უნდა მოეხდინა მ. გ-------ძის სამსახურში აღდგენა - მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-მუხლის მე-5 პუნქტი - კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანება მ-----ა გ-------ძის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შს სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ" და „ბ1“ ქვეპუნქტების თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-8
მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს.
პოლიციაში სამსახურის გავლის წესს არეგულირებს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი (პირველი მუხლი).
დადგენილია, რომ მ-----ა გ-------ძეს დაკვებული ჰქონდა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რების განყოფილების უბნის ი-----------------------–ის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზედ ვრცელდებოდა როგორც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 17 მაისის N1------ ბრძანებით მ-----ა გ-------ძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. მოცემულ შემთხვევაში გათავისუფლება წარმოადგენს, დისციპლინური პასუხისმგებლობისათვის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეულ ზომას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. ამავე წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის სახეს განეკუთვნება ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს და შრომის დისციპლინის წესის დარღვევა.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება“ გარდა დისციპლინური გადაცდომებისა განსაზღვრავს დისციპლინურ სახდელთა ჩამონათვალს, კერძოდ: წესდების მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
დისციპლინური გადაცდომისა და პასუხისმგებლობის სახეები დარეგულირებულია, ასევე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (როგორც 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაცია, ასევე, მის შემდგომ), რომლის 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს
მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი თვალისწინებს, რომ სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. დისციპლინური სახდელის არ არსებობის პირობებში, კონონმდებლობით აკრძალულია პირის სამსახურიდან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მის მიერ ჩადენილი გადაცდომა წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოხელისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვლიოს და დაასაბუთოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, ხოლო შემდგომ კვალიფიციური დასაბუთების გზით შეუფარდოს ასეთი ქმედებისათვის ყველაზე უფრო ადეკვატური სახდელი.
დადგენილია, რომ მ-----ა გ-------ძის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“, ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა ქმედება, რომელიც მიმართული იყო სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, ასევე, მის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება და დაირღვა შრომის დისციპლინა.
მ-----ა გ-------ძის დისციპლინური გადაცდომა გამოვლენილ იქნა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების შედეგად. კერძოდ, დადგინდა, რომ ხ-–-----ს რაიონული სამმართველოს უბნის ი---------რ- გ-----------– მ-----ა გ-------ძეს საწვავის ბარათზე სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი ერიცხებოდა, პირად საკუთრებაში არსებულ ,,ო---–---------ა“-ს მარკის ავტომანქანის ს------------- სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ბარათით ლიმიტის განაღდების დროს ჩამსხმელ-ოპერატორებად მუშაობდნენ მოქალაქეები გ--–----------ე და ლ--------–--ე, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ 2016 წლის იანვარში მ.გ-------ძემ მიმართა თხოვნით საწვავის ბარათიდან მოეხსნათ სამსახურებრივი საწვავის ლიმიტი და ამავდროულად დახმარებოდნენ საწვავის გაყიდვაში. ჩამსხმელ- ოპერატორებმა მ.გ-------ძეს საწვავის ბარათიდან გაუყიდეს დაახლოებით 90 ლიტრი სამსახურებრივი ბენზინის საწვავი. მ.გ--------ემ გამოკითხვისას განმარტა, რომ ბარათი მან პირადად გაანაღდა, ჩაასხა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში და გახარჯა სამსახურებრივი საჭიროებისათვის. გენერალურმა ინსპექციამ მიიჩნია, რომ ვერ დგინდებოდა 2016 წლის იანვარში ,,ო---–---------ას“ მარკის ავტომანქანაზე სახ. N M------ გამოყოფილი ბენზინის საწვავის სრულად ამავე ავტომანქანაში ჩასხმის და აქედან გამომდინარე შემდგომში სამსახურებრივი მიზნით გამოყენების ფაქტი.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ-----ა გ-------ძე სამსახურებრივი მიზნით იყენებდა საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას ს-------------, რომელზეც სამსახურის მიერვე ხდებოდა საწვავის ბარათის გამოწერა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ, მ-----ა გ-------ძემ სამსახურებრივი შემოწმებისას ჩატარებული გამოკითხვისას განმარტა რომ ბარათი პირადად გაანაღდა, ბენზინი ჩაასხა მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში და გახარჯა სამსახურებრივი საჭიროებისათვის. სამსახურეობრივი შემოწმების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბენზინგასამართი სადგურიდან. ვიდეო მასალაზე არსებული ინფომაცია შედარდა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან. კერძოდ, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, როდესაც ფიქსირდებოდა საწვავის ჩამოჭრა ბარათიდან იმყოფებოდა თუ არა მ-----ა გ-------ძის კუთვნილი ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე. აღნიშნული მასალებზე დაყრდნობით სამსახურებრივი მოკვლევით დადასტურდა, რომ საწვავის ჩასხმა სამინისტროს მიერ გამოყოფილი საწვავის ბარათიდან განხორციელდა სხვა ავტომანქანაზე და არა მ-----ა გ-------ძის კუთვნილ ავტომანქანაში.
საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე/აპელანტმა განმარტა, რომ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც იყენებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გააჩნია როგორც ბენზინის ავზი, ასევე, ბუნებრივი აირის. ამდენად, ავტომანქანას გააჩნია ალტერნატიული საწვავის საშუალება. 2016 წლის იანვარში მანქანას დაუზიანდა დეტალი, რომლის შეკეთების გარეშე შეუძლებელი იყო ბენზინზე მუშაობა. იმისათვის, რომ არ მომხდარიყო სამსახურებრივი მოვალეობის შეფერხება, მან სამსახურებრივი საჭიროებისათვის მის საკუთრებაში არსებული მანქანისთვის განკუთვნილი საწვავი შპს ,,რ------------–------------–--ს“ თანამშრომელთა დახმარებით გაყიდა და მიღებული თანხით მოახდინა მანქანის ბუნებრივი აირით მომარაგება.
საპელაციო პალატა მიუთითებს აპელანტის- შსს სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციაზე, რომელმაც განმარტა რომ მ. გ-------ძეს მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანის დაზიანების შესახებ სამსახურისათვის არ უცნობებია და მოსარჩელეს მართლაც რომ განეხორციელებინა გაზის შეძენა და აღნიშნულის შესაბამისად სამსახურეობრივი მიზნებისათვის გამოყენება, სამინისტროს მიაჩნია, რომ ამგვარი ფაქტის თაობაზე სულ მცირე ინფორმაცია მაინც უნდა მიეწოდებინა მისი ხელმძღვანელობისათვის. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი იმპერატიულად მოითხოვს სამინისტროს თანამშრომლებისაგან კანონიერებისა და სუბორდინაციული პრინციპის დაცვას, რაც სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.
იმ გარემოების გათვალისწინებით რომ, საქმის გარემოებებით დადასტურებულად იქნა დადგენილი მ.გ-------ძის მიერ სამსახურის მიერ გამოყოფილი საწვავის გაყიდვის ფაქტი, რაც წარმოადგენდა მოხელის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას, სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ აღნიშნულით, დასტურდება მ. გ-------ძის მიერ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსაურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქის „გ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის-საქართველოს შსს სამინისტროს პოზიციას რომ, იმ პირობებში როდესაც სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელდა საწვავის უკანონო გასხვისება, ამის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, აღებული ფულით მ. გ-------ძის მიერ ნამდვილად შეძენილი იქნა თუ არა ავტომანქანისათვის გაზი, არსებითად ვერ შეცვლიდა მის მიერ განხორციელებული ქმედების უკანონო ხასიათს და შესაბამისად, სამინისტროს მიერ მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასაც.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე # ბს-161-158 (კ-15) „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით... სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა (საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი)...მოხელე შეიძლება გათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი), თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეგნებულ უგულვებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვ“...
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პოლიციელისადმი არსებობს მისი საქმიანობის შეფასების მაღალი სტანდარტები, რამდენადაც იგი ასრულებს საზოგადოებაში სამართალდაცვით ფუნქციას და ამ თვალსაზრისით იგი უნდა განამტკიცებდეს და იცავდეს მართლწესრიგს, ხოლო ეს შეუძლებელია თვით პოლიციელის მიერ მაღალი ზნეობრივი თვისებების გამოვლენისა და დაცვის, კეთილსინდისიერად ქცევის გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული პირობების განზრახ დაუცველობა და უხეშად დარღვევა შეუთავსებელს ხდის პირს პოლიციელის თანამდებობასთან.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია და არ შეუფასებია არსებობდა თუ არა მ. გ-------ძის მიერ რაიმე სახის დისციპლინარული დარღვევა და ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების კანონიერი საფუძველი. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის - შსს სამინისტროს პოზიციას რომ მ. გ-------ძის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, შსს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მ. გ-------ძეს უარი უნდა ეთქვას მისი სასარჩელო მოთხოვნის/ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვვეპუნქტის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულია არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----ა გ-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
4. მ-----ა გ-------ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი