განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.03.2018
საქმის ნომერი
240310017002176844
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 240310017002176844 (3/ბ-44-2017 წ.)

განჩინება

საქართველოს სახელით

06 მარტი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი-----–--- შ----ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სენაკის რაიონული პროკურატურა, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, აღმასრულებელი რ----- ს-----

დავის საგანი სააპელაციო სასამართლოში - სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონშესაბამისობა

გასაჩივრებული განჩინება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

2017 წლის 16 ნოემბერს ი-----–--- შ----ემ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სენაკის რაიონული პროკურატურის მიმართ და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ი-----–--- შ----ეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე. ამავე განჩინებით მოსარჩელეს დაუბრუნდა სასარჩელო განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად და განემარტა, რომ იმ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა, მას შეუძლია კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესების დაცვით.

ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან იმავე სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით კერძო საჩივარი შეიტანა ი-----–--- შ----ემ, რაც საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სარჩელი სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე სრულად იყო წარმოდგენილი დოკუმენტები, განსაზღვრული იყო დავის საგანი, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, ამასთან თუ რამ დასაზუსტებელი იქნებოდა სასამართლოს შეეძლო მოეწვია მოსამზადებელი სხდომა, რომელზედაც მოხდებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განჩინება მიიღება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის (კერძო საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით, ხოლო 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსამართლე გამოარკვევს, რომ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილში ან/და 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არარის წარდგენილი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა, ან/და სარჩელს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მოსარჩელისათვის მისი დაბრუნების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” და ”ვ” ქვეპუნქტებით, სხვა გარემოებებთან ერთად სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში.

საქმეში დაცული მასალით ირკვევა, რომ 2017 წლის 16 ნოემბერს ი-----–--- შ----ემ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სენაკის რაიონული პროკურატურის მიმართ და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ი-----–--- შ----ეს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც მოსარჩელეს უნდა დაეზუსტებინა მოპასუხე სუბიექტი და მათი რეკვიზიტები, ხოლო სარჩელის იურიდიული პირის მიერ ან მის მიმართ აღძვრის შემთხვევაში, სარჩელში უნდა მიეთითებინა მათი სახელწოდება, მისამართი, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათშორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის მისამართი, ასევე იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს დავის საგნის გრაფაში მითითებული ჰქონდა - ქმედების განხორციელების დავალდებულება; სენაკის რაიონული პროკურატურის მიერ კანონის უხეში დარღვევა, ტყუილი, სამსახურეობრივი უპასუხისმგებლობა, უფლებამოსილების გადამეტება, გულგრილობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თუმცა მითითებული ფორმით ფორმულირებული მოთხოვნა ადმინისტრაციული დავის წარმოების ფარგლებში არ იძლეოდა რა მოთხოვნის რეალური შინაარსის გარკვევის საშუალებას, მოთხოვნები იყო ბუნდოვანი, რაც საჭიროებდა დაზუსტებას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დავის საგნის გრაფაში მოპასუხეს ზუსტად უნდა მიეთითებინა რაზე მიმდინარეობდა მხარეებს შორის დავა და რას მოითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისგან, რაც უნდა ასახულიყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის მოთხოვნის გრაფაში. ამდენად, მოსარჩელეს სარჩელში უნდა დაეზუსტებინა დავის საგანი და მიეთითებინა სარჩელის აღძვრის წინაპირობებზე. მოთხოვნა უნდა ჩამოყალიბებულიყო გარკვევით, იმ ფორმით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების გზით საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილება ყოფილიყო აღსრულებადი და მის აღსრულებას არ გამოეწვია ბუნდოვანება.

განჩინების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად (აღმოსაფხვრელად) მოსარჩელეს განესაზღვრა შვიდი დღე, მისთვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2017 წლის 19 დეკემბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე ი-----–--- შ----ემ და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარადგინა სარჩელი, რომელშიც დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, მოპასუხეებად მიუთითა:

- სენაკის რაიონული პროკურატურა

- სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი რ----- ს-----

დავის საგანის გრაფაში მოსარჩელემ მიუთითა - ქმედების განხორციელების დავალდებულება, სენაკის რაიონული პროკურატურის მიერ კანონის უხეში დარღვევა, ტყუილი, სამსახურეობრივი უპასუხისმგებლობა, უფლებამოსილების გადამეტება, გულგრილობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება; ასევე, განსხვავებით თავდაპირველი სარჩელისა, მიუთითა - აღსრულების ბიუროს აღმასრულებლის ქმედების განხორციელების დავალდებულებაზე, აღასრულოს საქმეზე 3/ა-14-2007 წ. აბაშის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება; ასევე სენაკის აღმასრულებლის და სენაკის პროკურატურის უარი სამუშაოზე აღდგენაზე. მოსარჩელემ დავის არსის მოკლე მიმოხილვაში ისევ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომელზედაც ჰქონდა საუბარი სასამართლოში წარმოდგენილ თავდაპირველ სარჩელში, იმ დამატების გათვალისწინებით, რომ მიუთითა მოპასუხეების მიერ ტყუილის თქმაზე და იმ გარემოებაზე, რომ დღემდე არის უმუშევარი.

დაზუსტებულ სარჩელში დავის ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მიერ უცვლელად იქნა შემოთავაზებული, იმ გამონაკლისით, რომ დაზუსტებულ სარჩელში ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელემ ასევე, მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზეც და 2010 წლის 1--------ის აბაშის მუნიციპალიტეტის N90 ბრძანებაზე, 2009 წლის 3--------ის N-- ბრძანებაზე, 2016 წლის 30 სექტემბრის ადმინისტრაციულ საჩივარზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2016 წლის 0--------–ის პასუხზე;

მოსარჩელის განმარტებით, ბრძანებებში უნდა შესულიყო ცვლილებები, თუმცა ახალი ბრძანებები მისთვის არ გაუგზავნიათ, მან ასევე მიუთითა, რომ საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ საჩივარი დარჩა განუხილველი.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, თავდაპირველ მოთხოვნას დაემატა ახალი სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ მოითხოვა 2006 წლიდან აღდგენილ იქნას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მანვე მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2007 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება არ აღსრულებულა, ცვლილებები არ შესულა იმ ბრძანებაში, რომლითაც განთავისუფლდა სამსახურიდან, კერძოდ, სპეციალისტის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო უფროსი სპეციალისტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალოს 2007 წლის 31 მაისის აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინების აღსრულება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. იმავე კოდექსის 281 მუხლის შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სრულად მოქმედებს სსსკ-ის 85-ე მუხლის დანაწესი (არასათანადო მოპასუხის შეცვლა), რომლის მიხედვითაც თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არარის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, ი-----–--- შ----ის სარჩელი აკმაყოფილებდა სსკ-ის 177-178-ე მუხლების მოთხოვნებს, რაც სარჩელის წარმოებაში მიღების საფუძველს ქმნიდა. ამასთან საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით სასამართლოს შეეძლო დახმარებოდა მხარს მოთხოვნის დაზუსტებაში ან/და ტრანსფორმირებაში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, არასათანადო მხარის სათანადოთი შეცვლაში.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით პალატა აუქმებს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებას სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ და ი-----–--- შ----ის სარჩელს განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–--- შ----ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება ი-----–--- შ----ის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. ი-----–--- შ----ის სარჩელი, წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

4. კერძო საჩივართან დაკავშირებით მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე