განაჩენი

სისხლის სამართლის 26.04.2018
საქმის ნომერი
010141318700057621
ინსტანცია
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057621

საქმე №1/ა.გ.314-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

შორენა ყაველაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ---------–------ის (პირადი N 07001001376, დაბადებული 1979 წლის 17 მარტს) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით გ---------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ---------–------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ---------–------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენით გ---------–------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელ შეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ---------–------ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისგან. მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ---------–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განაჩენში გ---------–------ის მიმართ, შევიდეს ცვლილება.

მსჯავრდებული გ---------–------ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისგან.

მასვე აღუდგეს, ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

შ. ყაველაშვილი