განაჩენი

სისხლის სამართლის 27.04.2018
საქმის ნომერი
010141318700057178
ინსტანცია
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057178

საქმე №1/ა.გ-301-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ-----------–---–-ს (პ.ნ 5----------) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, დამტკიცდა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----–-------–---–სა და ბრალდებულ თ-----------–---–- შორის საპროცესო შეთანხმება;

 

თ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე 64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

თ-----------–---–-, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

2018 წლის 10 აპრილს მსჯავრდებულმა თ-----------–---–-- შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვები „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

 

მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით თ-----------–---–-- უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ექვსი ძირი ნედლი, ჩვეულებრივი (სათესი)კანაფის მცენარე საერთო წონით 123,5 გრამი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე 64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ თ-----------–---–-ს საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - მის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს და თ-----------–---–- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათავისუფლდეს ძირითადი სასჯელისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ-----------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მსჯავრდებული თ-----------–---–- გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელისაგან - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადისაგან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ-----------–---–-ს მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე;

 

პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ.ისაევი

 

მოსამართლეები: მ.ხოლოაშვილი

 

მ.კაპანაძე